ფინეთის ყურის ნეიტრალურ წყლებში უკრაინის ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია კალინინგრადისკენ მიმავალ სატვირთო გემს, იუწყება ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკო.
მისი თქმით, თავდასხმა მოხდა რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით ექვს კილომეტრში, განხორციელდა ეკიპაჟის ევაკუაცია.
დროზდენკოს არ დაუსახელებია გემის სახელწოდება, თუმცა ის ესტონეთის სასაზღვრო სამსახურში დაასახელეს, წერენ Delfi და Postimees. საუბარია სატვირთო გემ Sparta II-ზე, რომელიც რუსეთის დროშით დაცურავს და მას სანქციები აქვს დაწესებული იარაღის გადაზიდვის გამო.
ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის (PPA) მონაცემებით, გემზე გაჩნდა ხანძარი და მოხდა აფეთქებები. „ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას ჩვენს ფინელ კოლეგებთან ერთად. რეაგირებას მოვახდენთ, თუ რუსეთი საერთაშორისო დახმარებისთვის მოგვმართავს“, - განაცხადა PPA-ს წარმომადგენელმა ანდრეს ტიიკმა. ცოტა მოგვიანებით ცეცხლმოკიდებული გემის ფოტო გამოაქვეყნა ფინეთის სასაზღვრო სამსახურმა.
როგორც გამოცემა The Insider-მა დაადგინა, სატვირთო გემი Sparta II ფინეთის ყურეში აღმოსავლეთ ევროპის დროით დაახლოებით დილის ცხრა საათზე გაქრა რადარებიდან. სავარაუდოდ, სწორედ ამ მომენტში განხორციელდა მასზე თავდასხმა.
Sparta II 2022 წლიდან იმყოფება აშშ-ის სანქციების სიაში. მას რუსეთის ინტერესებისთვის იარაღის გადაზიდვას უკავშირებდნენ. მაგალითად, 2022 წლის აგვისტოში ის შეამჩნიეს სირიის პორტ ტარტუსიდან გამოსვლისას ბორტზე განთავსებული S-300 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით. გემის ოპერატორია რუსული შპს „სკ-იუგი“, რომელიც არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთადერთი ოფიციალური გადამზიდავის, „ობორონლოგისტიკის“ შვილობილი სტრუქტურა.
21 ნოემბრის ღამეს ლენინგრადის ოლქი უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის სამიზნე გახდა. გუბერნატორ დროზდენკოს ბოლო განცხადებებით, რეგიონის თავზე მთლიანობაში ჩამოაგდეს 80 დრონი.