შეწყალების შემდეგ საპატიმრო დატოვეს პროევროპულ აქციებზე დაკავებულმა დემონსტრანტებმა

გიორგი მინდაძე დედასთან ერთად, 2026 წლის 23 ნოემბერი. ფოტო - Mo Se.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული აქციების მონაწილეებმა - გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმა - საპატიმრო დატოვეს. ისინი იმ 232 ადამიანს შორის არიან, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობასთან დაკავშირებით შეიწყალა.

გიორგი მინდაძე 2024 წლის 1 დეკემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პროკურატურა მას 29 ნოემბრის აქციაზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. საქმეში დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა სასამართლოში თქვა, რომ პიროტექნიკის ნამწვი ფეხზე მოხვდა და დამწვრობა მიიღო. მინდაძის ადვოკატის თქმით, საქმეში არ იყო მტკიცებულება, რომ პოლიციელს სწორედ მინდაძის ნასროლი პიროტექნიკა მოხვდა. 2025 წლის 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მინდაძეს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

„სახლში მინდა ძალიან“, - უთხრა ჟურნალისტებს მინდაძემ გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურა მას ედავებოდა, რომ 1 დეკემბრის აქციაზე შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა. დაზარალებულად ცნობილმა ორმა თანამშრომელმა სასამართლოში თქვა, რომ ნასროლი მათ არ მოხვედრიათ. დაცვის მხარე სადავოდ ხდიდა ვიდეოჩანაწერში მსროლელის იდენტიფიცირებას.

გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია

ასევე ნახეთ

რა დაინახა შეუიარაღებელი თვალით მოსამართლე ნაჭყებიამ? - ანრი კვარაცხელიას განაჩენი

2025 წლის 18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კვარაცხელიას ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ნიკოლოზ ჯავახიშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. მისი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ შვიდი დემონსტრანტის საქმესთან ერთად განიხილა. 2025 წლის 2 სექტემბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა და ჯავახიშვილი საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევ ჯგუფურ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო. მას ორი წლით პატიმრობა მიესაჯა.

ნიკოლოზ ჯავახიშვილი

დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პოლიციამ 2024 წლის 1 დეკემბერს აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა. მოგვიანებით ორივეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალი წაუყენეს. პროკურატურა მათ რუსთაველის გამზირზე შსს-ის თანამშრომლების მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას ედავებოდა.

დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი

ბრალს არცერთი მათგანი არ აღიარებდა. 2025 წლის 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ორივეს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საპატიმრო დატოვა რეჟისორმა და სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელმა გიორგი ოკმელაშვილმაც.