სომხეთის ხელისუფლებამ 23 ნოემბერს გამოაქვეყნა ქვეყნის კონსტიტუციის ახალი პროექტი. მთავარი კანონის შეცვლა არის აზერბაიჯანის ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნა, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის და ორ სახელმწიფოს შორის ურთირთობის საბოლოო მოგვარებისთვის. კონსტიტუციის შეცვლის ინიციატორი იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენად მოხერხდება პროექტის რეფერენდუმზე გატანა - ეს დამოკიდებულია პარლამეტში ოპოზიციის ხმებზე.
პროექტი გამოქვეყნდა საგანგებო საიტზე, რომლის ბმულიც ფაშინიანმა გაავრცელა. მოქალაქეებს მოუწოდებენ გამოთქვან მოსაზრებები და წინადადებები.
ახალი კონსტიტუციის პრეამბულაში არ არის ნახსენები სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია - აღნიშნავს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური. 1990 წელს მიღებულ კონსტიტუციაში - რომლის ასპექტები სომხეთში ამჟამად მოქმედ კონსტიტუციაშიცაა - ნახსენები იყო მთიანი ყარაბაღი, ანუ ტერიტორია, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით აზერბაიჯანის ფარგლებში მდებარეობდა, თუმცა წლების განმავლობაში წარმოადგენდა დავის საგანს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. 2023 წელს აზერბაიჯანმა ძალის გამოყენებით დაამყარა კონტროლი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე. ფაშინიანს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ შეცდომად მიიჩნევს ყარაბაღის სომხეთთან მიერთების მოძრაობას და აპირებს აზერბაიჯანთან ურთიერთობაში იხელმძღვანელოს ორი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით. "საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია" ნახსენებია კონსტიტუციის ახალ პროექტშიც.
პროექტის რეფერენდუმზე გასატანად საჭიროა ეროვნული კრების სულ მცირე 70-მა დეპუტატის მხარდაჭერა. ფაშინიანის პარტიას მხოლოდ 64 მანდატი აქვს. ოპოზიციამ უკვე გამოაცხადა, რომ რეფერნდუმს მხარს არ დაუჭერს - იმის მიუხედავადაც, რომ ფაშინიანმა გადადგომის პირობა დადო იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის მოქალაქეები რეფერენდუმზე პროექტს უარყოფენ. ფაშინიანი ასევე აცხადებს, რომ პროექტის მიღების შემთხვევაში ის შემდგომ არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობას აღარ დააპირებს.
თუ ოპოზიციის დარწმუნება არ მოხერხდება, ფაშინიანს შეუძლია ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები - სადაც მისი მომხრეები შეეცდებიან საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას.
ბაქოში ახალ პროექტს მიესალმნენ. "ჩვენთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი მომენტია ახალ კონსტიტუციაში აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობა. გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, ამჟამად ამგვარი პრეტენზიები არ არის. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ" - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა.