რუსეთი სამხედრო გარნიზონს აფართოებს ფინეთთან საზღვრიდან 60 კილომეტრში

რუსეთი სამხედრო გარნიზონს აფართოებს ფინეთთან საზღვრიდან 60 კილომეტრში, 2026 წლის ნოემბერი (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფართოებს გარნიზონ "კამენკას", რომელიც ლენინგრადის ოლქში მდებარეობს, ფინეთთან საზღვრიდან 60 კილომეტრში. ამ დასკვნამდე მივიდნენ ფინეთის მედიაკომპანია "იულეს" ჟურნალისტები, რომლებმაც თანამგზავრის სურათები შეისწავლეს.

ჟურნალისტების მონაცემებით, აქტიურად მიმდინარეობს გარნიზონის მოდერნიზაცია, ანგრევენ ძველ ნაგებობებს და აშენებენ თანამედროვე კონსტრუქციებს, სამ ადგილას მიმდინარეობს ახალი მშენებლობა. გარნიზონზე ახალი პოლიგონების მშენებლობაზე და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე იუწყება ფინეთის სხვა გამოცემაც - Iltalehti.

სამხედრო ანალიტიკოსი და ფინეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, მარკო ეკლუნდი მიიჩნევს, რომ ახალი ყაზარმების გარდა, კამენკაში აშენებენ ახალ სასწავლო ცენტრს სროლის უნარების დახვეწისთვის, ასევე სამხედრო ნაწილის ახალ ინფრასქტუქტურას, მართლმადიდებლური სამლოცველოს ჩათვლით. ეს, შესაძლოა, მიუთითებდეს გარნიზონის პერსონალის მნიშვნელოვანი გაზრდის გეგმაზე.

კამენკა რუსეთის სამხედროების დისლოცირების ყველაზე მსხვილი ადგილია ფინეთის საზღვართან. იქ განთავსებულია 69-ე გვარდიული მოტომსროლელი დივიზია. 1990-იანი წლების ბოლოდან კამენკის გარნიზონის რიცხოვნობა შეადგენდა 4400-მდე სამხედრო მოსამსახურეს. ახლა, როგორც მედიაკომპანია "იულე" იუწყება, მათი რიცხვი შესაძლოა 11 ათასამდე გაიზარდოს.

ფინეთი, რომელიც უწინ ბლოკთა მიღმა სტატუსს ინარჩუნებდა, ნატოში ოფიციალურად გაწევრიანდა 2023 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე.

არაერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, აბუ-დაბიში 12 ნოემბერს გამართულ, სამმხრივ მოლაპარაკებებზე რუსეთის მხარე მათ შორის მოითხოვდა ნატოს ძალების გაყვანას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსიდან ფინეთის გასვლას. მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ უკრაინა, რუსეთი და აშშ, განიხილებოდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასრულების პერსპექტივები და ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურა.

ასევე ნახეთ

რიუტე: მიუღებელია ნატოს დაბრუნება 1997 წლის საზღვრებთან