- „გაძევებული ხართ, თქვენი ადგილი არ არის სხდომათა დარბაზში“, - უთხრა ნადარაიამ გვარამიას.
- „თქვენი ადგილი სასამართლო სხდომათა დარბაზში კი არა, სასამართლო სისტემაში არ არის!.. სამარცხვინო კაცი ხარ! მოვა დრო, პასუხს მოგთხოვ ამაზე“, - უპასუხა გვარამიამ.
- „უზრდელი!.. ემუქრები სასამართლოს“? - თქვა ნადარაიამ.
ნიკა გვარამი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში.
ამ კონფლიქტის შემდეგ ნიკა გვარამიას თანაგუნდელმა თენგო თევზაძემ ტექნიკური შესვენების გამოცხადება მოითხოვა.
„ყველანი ხართ თანასწორები, მაგრამ არ უნდა ბატონ გვარამიას თანასწორობა. ყველაფერთან აქვს [პრობლემა]: ზრდილობის; სასამართლოსთან ქცევის, საუბრის...“ - უთხრა ნადარაიამ თევზაძეს და შემდეგ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
როგორ დაიწყო კონფლიქტი?
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვის მე-18 დღეს, 24 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც კითხვების დასმა დაასრულეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ჯერი დადგა.
პარტიის ლიდერები, თენგო თევზაძე და ნიკა გვარამია კითხვებით ცდილობდნენ მოსარჩელე „ქართული ოცნებისგან“ გაერკვიათ, კონკრეტულად რას ედავებიან მათ:
- კანონიერი იყო თუ არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიღებულ მანდატების გაუქმების მოთხოვნა;
- არსებობს თუ არა რომელიმე სახელმწიფო უწყების დასაბუთება, სარჩელში ნახსენები ოპოზიციური პარტიებისგან მომდინარე რისკების შეფასებაზე.
„კარგად გაიაზარეთ, რომ სასამართლოს წინაშე ბრძანდებით და შეკითხვების გამეორებას ძალიან კარგად ვხვდებით...“ - თქვა რევაზ ნადარაიამ.
კითხვა, რომლის შემდეგაც სხდომათა დარბაზში სიტუაცია დაიძაბა, „ქართულ ოცნებას“ ნიკა გვარამიამ დაუსვა:
„რაში არის ჩემი პარტია დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგი? კონკრეტიკა, თუ შეიძლება!“
„ამ კითხვაზეც არაერთხელ გვაქვს პასუხი გაცემული და გავიმეორებ... როდესაც ცდილობთ, რომ კანონიერად არჩეული თანამდებობის პირები არალეგიტიმურად გამოაცხადოთ, ამით ქმნით ნიადაგს, რომ ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციები იქნება თუ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა - ამისთვისაც იქნას გამოყენებული“, - უპასუხა მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გაგა კახიანმა.
მასალა განახლდება