რუსეთში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს მურმანსკის ოლქის გუბერნატორს

ფოტო არქივიდან. მურმანსკის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ჩიბისი

რუსეთის მურმანსკის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ჩიბისს, რომელიც გაფლანგვასა და ქრთამის აღებაშია ბრალდებული, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, გადაწყვეტილება 25 ნოემბერს მიიღო მოსკოვის მეშჩანის რაიონის სასამართლომ. ორი დღით ადრე, 23 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ 47 წლის ანდრეი ჩიბისი მოსკოვში დააკავეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაკითხვის შემდეგ.

გამოძიების ვერსიით, მურმანსკის ოლქის გუბერნატორის მონაწილეობით ბიუჯეტიდან მოპარულია 39 მილიონ რუბლზე მეტი, რომელიც რეგიონის მშენებლობის სამინისტროსთვის იყო გამოყოფილი და გაფლანგულია ერთ-ერთი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხა - მილიარდ რუბლზე მეტი.

რუსული მედიასაშუალებების ცნობით, დაკითხვისას ჩიბისი დანაშაულის ჩადენას უარყოფდა. ამასთან, გამოცემა „კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ანდრეი ჩიბისი გამოთქვამდა მზადყოფნას გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომისა და უკრაინაში ფრონტზე წასვლის შესახებ.

  • რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერი პარტიის, „ედინაია როსიას“ წევრი ანდრეი ჩიბისი მურმანსკის ოლქის გუბერნატორად პირველად 2019 წელს აირჩიეს. 2024 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად ჩიბისი მეორე ვადით გახდა რუსეთის ამ რეგიონის გუბერნატორი.