თურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა - Anadolu

ერდოანის პარტიამ საქართველოს პოლიციის ქმედებები გააკრიტიკა

თურქული მედიასაშუალებები თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ მინისტრი ჰაკან ფიდანი ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ამ ინფორმაციას, მათ შორის, თურქეთის ახალი ამბების სამთავრობო გამოცემა Anadolu ავრცელებს. რადიო თავისუფლება ცდილობს საგარეო უწყების პრესცენტრისგან ინფორმაციის მიღებას - ამ ეტაპზე უშედეგოდ.

თურქული მედიის თანახმადვე, სატელეფონო საუბარი შედგა შინაგან საქმეთა მინისტრებს, მუსტაფა ჩიფთჩისა და სულხან თამაზაშვილს შორის. ვრცელდება ამ საუბრის ამსახველი კადრებიც.

სააგენტოს ცნობითვე:

  • ბათუმის მოედანზე იმყოფებიან საქართველოში თურქეთის საელჩოსა და ბათუმში გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები;
  • „მიიღება ყველა საჭირო ზომა მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად“;
  • „ყურადღებით ხდება თურქეთის იმ მოქალაქეების მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებიც ბათუმში იმყოფებიან“.

არსებული ცნობებით, არიან დაშავებულებიც.

მცირე ხნით ადრე თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პრესსპიკერი ომერ ჩელიქი ეხმაურება ბათუმში ბეშიქთაში-ჰაპოელის მატჩის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ქართველი სამართალდამცავები გააკრიტიკა.

ასევე ნახეთ

ერდოანის პარტიის სპიკერი „ბათუმი არენაზე“ პოლიციის ქმედებებს აკრიტიკებს

ამასთან, 6-მა თურქულმა საფეხბურთო კლუბმა „ბეშიქთაშის“ მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა და „პოლიციის არაპროპორციული ჩარევა“ დაგმო.


ბათუმის ქუჩებში თურქეთიდან ჩამოსულ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოედანზე, „ბათუმი არენაზეც“ გაგრძელდა.

საფეხბურთო მატჩი თურქულ და ისრაელურ კლუბებს შორის დროებით შეაჩერეს და 22:45 საათზე კვლავ განახლდა.

  • გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე სკამები დაამტვრიეს. პოლიციამ აქაც გამოიყენა წიწაკის სპრეი.
  • დაპირისპირება უშუალოდ მოედანზეც გადავიდა.
  • გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.
  • სავარაუდოდ, არიან დაკავებულები - რადიო თავისუფლება ცდილობს მათი საერთო რაოდენობის დაზუსტებას შსს-სთან.

ასევე ნახეთ

„გალათასარაი“ და 5 თურქული კლუბი ბათუმში „პოლიციის ქმედებს გმობს“