მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე

საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ბათუმში მიმდინარე მოვლენებზე ტელეფონით ისაუბრეს - ვრცელდება საუბრის ნაწილის ჩანაწერი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგას მუსტაფა ჩიფთჩის სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ ქართულ მხარეს სურს, ბათუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ ყველაფერი კარგად დამთავრდეს.

თურქული მედიის თანახმადვე, სატელეფონო საუბარი შედგა შინაგან საქმეთა მინისტრებს, მუსტაფა ჩიფთჩისა და სულხან თამაზაშვილს შორის.

მედიაში გავრცელდა საუბრის ვიდეოჩანაწერიც, სადაც ჩანს მინისტრი ჩიფთჩი და ისმის ასევე სულხან თამაზაშვილისა და თარჯიმნის ხმა.

„პალესტინის დროშის ეპიზოდი“

„ბატონი მინისტრი ამბობს, რომ ამ კადრებს თურმე თურქეთშიც აჩვენებენ ამ წუთში და ძალიან დიდი რეაქცია გამოიწვია ქვეყანაში. აი, განსაკუთრებით იმან, პალესტინის დროშას ხელიდან რომ ართმევენ“, - უთარგმნის თარჯიმანი თამაზაშვილს კოლეგის ნათქვამს.

„ძალიან გვინდა გთხოვოთ ჩვენს კოლეგებს საქართველოში, ისინი იქ სტუმრად არიან საქართველოში და შეძლებისდაგვარად კარგად მოეპყრონ და კარგად დასრულდეს ეს მატჩი და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, - ამბობს თურქეთის შს მინისტრი.

თურქეთის შს მინისტრი ქართველ კოლეგას ურეკავს

  • თურქული TRT SPOR-ის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოედნის ტრიბუნებზე ორმა გულშემატკივარმა პალესტინის დროშა გაშალა, რის შემდეგაც მათკენ პოლიციელები დაიძრნენ.
  • მათ დროშა წაართვეს. ამ ეპიზოდშიც ჩანს შეხლა-შემოხლა - თუმცა ჯერ უცნობია, დააკავეს თუ არა ისინი. რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სგან მიიღო ინფორმაცია დაკავებულთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ.

გავრცელებულ კადრებში ეს არ ისმის, თუმცა Anadolu-ს ცნობით, თამაზაშვილმა თქვა, რომ ინდივიდები, რომელთაც დროშის კონფისკაცია მოახდინეს, UEFA-ს წარმომადგენლები იყვნენ და არა საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ“ - თამაზაშვილი

ვიდეოში ისმის, რომ სატელეფონო ხაზზე მყოფი სულხან თამაზაშვილი კოლეგას უპასუხებს:

„რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. კოლეგას უთხარით, რომ სწორედ ამიტომ მყავს იქ პირადად ჩემი მოადგილე მივლენილი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაწყნაროთ და პოლიციური ძალების გამოყენება არ დასჭირდეს“.

„თუმცა კიდევ ხაზს ვუსვამ, რომ სპორტულ ქომაგებს ეს აგრესია და გადაჭარბებული ემოციები, ცნობილია ყველასთვის, რომ აქვთ. და შესაბამისად ვიყენებთ ისეთ ძალას, რომელიც დაგვჭირდება მინიმალურად ამ აგრესიის მართვისთვის“, - ამბობს ის.

ასევე ნახეთ

თურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა - Anadolu
  • თურქული მედიასაშუალებები თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერენ, რომ მინისტრი ჰაკან ფიდანი ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ.
  • თურქეთის მთავრობის ახალი ამბების სააგენტო Anadolu-ს ცნობითვე, ბათუმის მოედანზე იმყოფებიან საქართველოში თურქეთის საელჩოსა და ბათუმში გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები;
  • „მიიღება ყველა საჭირო ზომა მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად“;
  • „ყურადღებით ხდება თურქეთის იმ მოქალაქეების მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებიც ბათუმში იმყოფებიან“.

მცირე ხნით ადრე თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პრესსპიკერი ომერ ჩელიქი გამოეხმაურა ბათუმში ბეშიქთაში-ჰაპოელის მატჩის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ქართველი სამართალდამცავები გააკრიტიკა.

ასევე ნახეთ

ერდოანის პარტიის სპიკერი ბათუმში მომხდარზე: პალესტინის დროშის გამო „ბეშიქთაშის“ გულშემატკივარზე ძალადობა მიუღებელია