„ცვლილება არის აქ, ჰაერში, და როგორც კი ვიქნებით უფრო მეტი, ცვლილება მოხდება“ - პროევროპული აქცია თბილისში

„ჩვენ უბრალოდ შევაწყვეტინეთ შანტაჟი 4 წლის განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიას, რითაც დავამშვიდეთ ჩვენი ქვეყანა“ - თქვა დღეს, 28 ნოემბერს, TV იმედის ეთერში ირაკლი კობახიძემ - იმ დროს, როცა მან ეს განცხადება გააკეთა, თბილისის ქუჩებში კვლავ ათასობით ადამიანი იყო გამოსული.

მოკლედ

  • საპროტესტო მარშები, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების მეორე წლისთავს მიეძღვნა, თავისუფლების მოედანზე გამოსვლებით გაგრძელდა.
  • შეკრებილებს პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა და „სინდისის პატიმრების“ ოჯახის წევრებმა მიმართეს.
  • გამომსვლელებმა თანამებრძოლებს განვლილი ორი წლისთვის მადლობა გადაუხადეს და „ქართულ ოცნებას“ უთხრეს, რომ აქციის მონაწილეთა გამარჯვება გარდაუვალი იყო.
  • 28 ნოემბრის აქცია, სავარაუდოდ, ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაცია იყო 2025 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ.
  • აქციის პარალელურად ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ამბობდა, რომ ორი წლის წინ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო.
თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლები დაიწყო მათე დევიძის დამ, ელენე დევიძემ. აქციამდე გავრცელდა მათე დევიძის წერილი ციხიდან, სადაც ის თხოვდა საზოგადოებას, მარტო არ დაეტოვებინათ მისი მეგობრები და ოჯახის წევრები.

„ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ ვნახეთ, ვნახეთ როგორ ექცევიან საკუთარ მოქალაქეებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი განსხვავებულ აზრს გამოხატავენ, ვნახეთ როგორ სჯიან ადამიანებს თავისუფლების მოთხოვნისთვის, ვნახეთ მშობლების ცრემლები, ოჯახების ტკივილი და ახალგაზრდების ცხოვრება, რომელიც ე.წ. პოლიტიკურმა ანგარიშსწორებამ გააჩერა და განვითარების საშუალებას აღარ აძლევს.

და ამ ყველაფრის ფონზე მინდა დავსვა ერთი მარტივი კითხვა: ვისთვის არის ეს ხელისუფლება?

26 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსი ხალხი ჩვენთვის ძვირფასი ხალხია. მინდა შევახსენო არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრს და მის კრიმინალურ დაჯგუფებას, რომ ჩვენთვის ძვირფასი ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი მიწაა, ჩვენი თავისუფლებაა, ჩვენი ისტორიაა და ჩვენი მომავალია.

ორი წლის შემდეგაც აქ ვართ, არა იმიტომ რომ არ დავიღალეთ, არამედ იმიტომ, რომ დანებება გაცილებით ძვირი დაგვიჯდება“ - თქვა მან.

ელენე დევიძის შემდეგ სცენაზე ავიდა ნიკა გვარამია, პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი და კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი. საკონსტიტუციო სასამართლო ახლა სხვა ოთხ პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად კოალიციის აკრძალვის საკითხსაც განიხილავს. გვარამიამ თქვა, რომ ის და თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხი სცემს პასუხს მათე დევიძის წერილს და ისინი არავის დატოვებენ მარტო, არც ციხეში და არც ციხის გარეთ.

„ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა - გამოცდა რაოდენობაზე. შემდეგი გამოსვლა იქნება და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი რაოდენობა და ცვლილება არის აქ, ჰაერში და როგორც კი ვიქნებით უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია.

ჩვენ შეიძლება ჩაგვამწყვიონ ციხის საკნებში, როგორც ძვირფასი ელენეს ძმა, რომელმაც დღეს დაწერა, ნუ მიატოვებთ ჩემს მეგობრებს და ჩემს ოჯახის წევრებსო და მე მინდა ვთქვა, არასდროს არ მიგატოვებთ არც ერთ, ვინც ციხეში ხართ - თქვენ ხართ უხილავი დამსწრეები და მთავარი ხალხი აქ.

ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა მათი, ვინც იქ დატოვეს. აი ამ ხალხს შეხედოს ყველამ და დაიმახსოვროს, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი წინაპრების ანდერძის შესულებისთვის ბრძოლას - ჩვენ ვერ აგვიკრალავენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლას, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას, საქართველო ჩვენი დიდი წინაპრების ანდერძის მსგავსად ევროპული ცივილიზაციის აკვანში უნდა დაბრუნდეს და ამაში წინ ვერავინ აღგვიდგება“ - თქვა ნიკა გვარამიამ.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მიმართა ლუკა მიშველაძემაც, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“. მისი მიმართვის ადრესატები ახალგაზრდები იყვნენ.

„კი, მესმის, რომ რთულია, მესმის რომ არ არის მარტივი ამხელა დროის განმავლობაში, იყო ამ პროტესტის ნაწილი, მაგრამ მინდა იცოდეთ რომ ეს ხალხი თქვენს გვერდითაა - შემოგვიერთდით და ჩვენთან ერთად მოიპოვეთ თავისუფლება“, - თქვა 21 წლის პოლიტიკოსმა.

სცენაზე ავიდა გიგა ლემონჯავაც, პარტია დროადან. ამ პარტიის ლიდერი, ელენე ხოშტარია გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობით წელიწადზე მეტია ციხეშია თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო შტაბის ფანჯარაზე გაკრულ ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერის გამო.

„2024 წლის ნოემბრის შემდეგ ჩვენ საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოვიარეთ - მძიმე პერიოდი იყო იმდენად, რამდენადაც ივანიშვილის რეჟიმმა იკადრა საკუუთარი მოქალაქეების სისტემური წამება, ღირსებისშემლახავი მოპყრობა, აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, პოლიტიკური პატიმრობა და ყველაფრის კადრება, რისი კადრებაც რეჟიმს შეეძლო და ხანდახან შემოგვიტევს ხოლმე იმედგაცრუება ან ფიქრი იმის შესახებ, ამ ბრძოლას აქვს თუ არა დასასრული, შეგვიძლია თუ არა გამარჯვება“, - თქვა გიგა ლემონჯავამ და შემდეგ ჩამოთვალა, პირადად მას რა აძლევს გამარჯვების იმედს და რწმენას.

„როცა ეს ფიქრი შემოგვიტევს, ყოველთვის უნდა გავიხსენოთ, რომ აქ დგას ხალხი, ვინც რეჟიმისგან განწირულ ახმეტელ ექიმს 53 წუთში 50 000 ლარი შეუგროვა და გადაარჩინა, ჩვენთან ერთად დგას ხალხი, ილიაუნის სტუდენტები, ვინც ბავშვების წამლისთვის 2 მილიონი ლარი შეაგროვა. ჩვენთან ერთად დგას ხალხი, ვინც საქართველოს კონსტიტუციის დაცვისთვის სამსახურიდან გამოყარეს, მაგრამ აქ დგანან და აქ იცავენ საქართველოს ევროპულ კურსს. დღეს აქ ჩვენთან ერთად დგანან პროფესორები, მასწავლებლები, რომლებსაც თავისუფალი აზრის გამო დევნიდნენ და დღესაც დევნიან, მაგრამ ვერ შეაჩერეს და ვერც შეაჩერებენ. დღეს აქ ჩვენთან ერთად დგანან პოლიტიკური პატიმრები, რომლებსაც ცხოვრების წლები წაართვეს, მათ დატოვეს ციხეები და დღეს აქ დგანან ჩვენთან ერთად და აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ მზისა გაბეშიას თანამებრძოლები ვართ, რომელმაც მარტომ შეინარჩუნა მარტვილში საპროტესტო კერა და ყოველთვის, როცა უიმედობა შემოგიტევთ, გავიხსენოთ, რომ ჩვენ ეს ხალხი ვართ. ჩვენ ვართ ხალხი, ვინც გაუძლო იმას, რასაც ვერ გაუძლო ვერც ერთმა ხალხმა ამ რეგიონში და გამარჯვება გარდაუვალია“.

ასევე ნახეთ

რეპრესიები დღეს ქართული საზოგადოების ქსოვილში ღრმად არის გამჯდარი - Amnesty International

შეკრებილებს მიმართა თამარ ჩერგოლეიშვილმაც, პარტია „ფედერალისტებიდან“. მან თქვა, რომ არასოდეს დაუკარგავს ქართველი ხალხის იმედი და იცის, რომ თავის გათავისუფლება შესაძლებელია.

„გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა. გამარჯვებამდე უნდა გავცეთ პასუხი კითხვას, როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე არის საქართველო, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, სადაც გაჭირვებული არ მათხოვრობს, სადაც დამნაშავე დასჯილია, კანონმორჩილი უსაფრთხოა და სადაც ძლიერი სუსტს ვერ ჩაგრავს" - თქვა ჩერგოლეიშვილმა და გამოსვლის ბოლოს აღნიშნა, რომ "საქართველო რესპუბლიკა იქნება მაშინვე, როცა ივანიშვილი დამარცხდება“.

გამომსვლელთა შორის იყო ლევან ცუცქირიძეც, პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი.

„როგორი პარტიაა „ქართული ოცნება“?!

დაუკვირდით, წლების განმავლობაში, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იყო მიმართული შუღლის, მტრობის, სიძულვილის, უნდობლობის დასათესად. ისინი ბევრს ლაპარაკობენ “გლობალური ომის პარტიაზე”, მაგრამ თვითონ არიან “ქაოსის პარტია” ამ ქვეყანაში, თვითონ არიან ნამდვილი “ომის პარტია”, იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ დათესეს მხოლოდ სიძულვილი, მხოლოდ უნდობლობა, ნაცვლად იმისა, დაეთესათ სიყვარული, სიკეთე და სოლიდარობა ამ ქვეყანაში.

ახლა სოლიდარობის, ერთად დგომის და თავისუფლების დროშა უჭირავს ჩვენ ხალხს, იმიტომ, რომ მართლაც მას ეკუთვნის ძალაუფლება“, - თქვა ცუცქირიძემ გამოსვლისას.

თბილისში საპროტესტო აქციის პარალელურად TV IMEDI-ს ეთერში ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ცდილობდა საზოგადოებისთვის აეხსნა, რომ მის მიერ ორი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო და მისმა ამ ნაბიჯმა საქართველოს მშვიდობა მოუტანა. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრაციების სასტიკი დარბევა, რაც არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, წამებად არის კვალიფიცირებული, მან 5 დღიან არეულობად მოიხსენია და თქვა, რომ ამის გაძლება მარტივი არ იყო, მაგრამ ღირდა იმ შედეგად, რაც ქვეყანამ მიიღო.

„მთლიანობაში რომ ავიღოთ ბოლო 2 წელი, ეს ორი წელი იყო ბევრად უფრო მშვიდი, ვიდრე 2020, 2021, 2022, 2023, 2024 წლის პერიოდი. ქვეყნის დამშვიდება იყო ჩვენი ამოცანა, შანტაჟის შესაძლებლობის არმიცემა იყო ჩვენი ამოცანა და ორწლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენმა ნაბიჯმა გაამართლა და ჩვენ მივიღეთ ეს შედეგი“, - თქვა კობახიძემ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ბრიუსელის შეფასებით, მხოლოდ ფურცელზეა, შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, დასანქცირდა ქართული ოცნების ათობით არაერთი საყრდენი, მათ შორის მოსამართლეები და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები.

ასევე ნახეთ

„საქართველო ევროპაა! გამარჯვებამდე!“ - თბილისში ხალხი კვლავ გამოვიდა ხელისუფლების წინააღმდეგ

ამავდროულად საქართველოში პოლიტიკურ პატიმრად მიჩნეული ადამიანების რიცხვი უპრეცედენტოდ გაიზარდა, რუსეთთან ურთიერთობები უფრო მჭიდრო გახდა პირდაპირი ფრენების აღდგენით და ფაქტობრივად აღდგენილი დიპლომატიური ურთიერთობებით, მითებულ იქნა ათობით რეპრესიული კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, ასობით ადამიანი გასამართლდა პროტესტში მონაწილეობისთვის, ტროტუარზე დგომისთვის თუ ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსისთვის - საკონსტიტუციო სასამართლო ჯერაც განიხილავს 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას.