The Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე იერიშები დაიწყეს, ირანი აშშ-ის სამხედრო ძალებზე თავდასხმებისთვის კომპანია SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის სერვისს.
გამოცემის ინფორმაციით, SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი აღშფოთდა, როდესაც Starlink-ის უნებართვოდ გამოყენების ორი შემთხვევის შესახებ შეიტყო.
კომპანიის თანამშრომლების დასკვნით, ორივე შემთხვევა აშშ-ის სამხედრო ძალების წინააღმდეგ ირანის მოქმედებებს უკავშირდებოდა.
გამოცემის თანახმად, ირანის სამხედრო ძალების მიერ Starlink-ის გამოყენების შესახებ საუბარია აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთისთვის მომზადებულ გასაიდუმლოებულ ანგარიშშიც.
როგორც სააგენტო Reuters-ის წერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში მათ განუცხადეს, რომ ამ საკითხზე თავდაცვის მინისტრის ოფისისთვის მომზადებული ანგარიშის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
კომპანია SpaceX-სა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში Reuters-ის კითხვებისთვის ჯერჯერობით არ უპასუხიათ.
უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომების ფონზე განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა კონფლიქტის ზონებში Starlink-ის გამოყენება, აშშ-ის მთავრობის მიერ სერვისის კონტროლის საკითხი და სანქცირებული სუბიექტების მიერ მისი არალეგალურად გამოყენება.
Starlink-ს ირანში საქმიანობის ლიცენზია არ აქვს, თუმცა ილონ მასკს მანამდე არაერთხელ უთქვამს, რომ სერვისი ქვეყანაში ხელმისაწვდომია.
ირანის ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლების დროს მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომას უზღუდავდა, მათ შორის, იანვარში ქვეყნის მასშტაბით გამართული აქციების დროს, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამ მოვლენების შემდეგ აშშ-ის მთავრობამ ირანში ფარულად შეიტანა Starlink-ის ათასობით ტერმინალი.
ირანის ხელისუფლება ინტერნეტზე წვდომას მკაცრად აკონტროლებს თებერვლის ბოლოდან, როდესაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყეს.