შვეიცარიელებმა რეფერენდუმში მხარი დაუჭირეს იარაღის ექსპორტის ლიბერალიზაციას

იარაღის მწარმოებელი შვეიცარიული სახელმწიფო კომპანია RUAG-ის შენობა თუნში. 27 მარტი, 2018.

კვირას, 29 ნოემბერს, გამართულ რეფერენდუმზე შვეიცარიის მოქალაქეთა 54,9%-მა მხარი დაუჭირა შეიარაღების ექსპორტზე მოქმედი შეზღუდვების შერბილებას, წინააღმდეგი იყო 41,1%. ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება.

პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შარშან დეკემბერში დაამტკიცა, თუმცა ოპონენტებმა, მათ შორის სოციალ-დემოკრატებმა და „მწვანეებმა“, საკითხი რეფერენდუმზე გაიტანეს. მომხრეები მიიჩნევენ, რომ რეფორმა ქვეყნის თავდაცვითი მრეწველობის კონკურენტუნარიანობას გაზრდის, მოწინააღმდეგეები კი შიშობენ, რომ ის საფრთხეს შეუქმნის შვეიცარიის ნეიტრალიტეტის პრინციპს.

ახალი კანონი გაამარტივებს იარაღის ექსპორტს 36 პარტნიორ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. თუკი აქამდე შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩართულ ან ადამიანის უფლებების დამრღვევ ქვეყნებში იარაღის გატანა სრულად იკრძალებოდა, ცვლილებები ამგვარ გარიგებებს დაუშვებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება შვეიცარიის ნეიტრალიტეტსა და საგარეო უსაფრთხოების ინტერესებს. გარდა ამისა, ხელისუფლებას განსაკუთრებულ შემთხვევებში შეზღუდვებიდან გადახვევის უფლება ეძლევა, მყიდველ ქვეყნებს კი მესამე სახელმწიფოსთვის იარაღის გადაცემაზე ბერნის სავალდებულო თანხმობა ყველა შემთხვევაში აღარ დასჭირდებათ.

ხელისუფლების განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის პირდაპირი მიწოდება კვლავაც აკრძალული რჩება. კიევისთვის შეიარაღების რეექსპორტი შუამავალი ქვეყნის გავლით თეორიულად მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუკი ეს იარაღი თავდაპირველად თავად ამ სახელმწიფოს კონკრეტული საჭიროებებისთვის იქნება შეძენილი.

ასევე ნახეთ

ბერლინში გაიმართება უკრაინის მხარდამჭერი „მოსურნეთა კოალიციის“ შეხვედრა