მზარდი ვალები რომ დაეფარა და შვილები გამოეკვება, სასოწარკვეთილი ზაჰირა იძულებული გახდა, უკიდურეს გზას დასდგომოდა: ორი შვილის დედამ გასულ წელს შავ ბაზარზე ერთი თირკმელი გაყიდა. ამის შემდეგაც კი, ამ გადაწყვეტილებას ოჯახი გამანადგურებელი სიღარიბისგან არ უხსნია და იგი ახლა თავისი შერყეული ჯანმრთელობის შედეგებს ებრძვის. ეს ავღანეთში ხდება.
„ჩემი თირკმელი უკიდურესი სასოწარკვეთილების დროს გავყიდე“, – უამბო ზაჰირამ რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს (რადიო „აზადი“). - „არაფერი აღარ გვქონდა და ვალებში ვიხრჩობოდით. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ახლა კი ჩემი დარჩენილი თირკმელიც გამოდის მწყობრიდან.“
ის ერთადერთი არ არის. დაახლოებით 40-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ომით განადგურებულ მთელ ქვეყანაში, გაღატაკებული ავღანელები ყიდიან საკუთარ ორგანოებს, განსაკუთრებით თირკმელებს, რათა შიმშილით სიკვდილს გადაურჩნენ. ადამიანების უმეტესობას მხოლოდ ერთი თირკმლით ცხოვრება შეუძლია.
თალიბანის მიერ 2021 წელს ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. საგარეო დახმარების გარეშე ავღანეთის ეკონომიკა კიდევ უფრო დასუსტდა, ხოლო უმუშევრობამ და სიღარიბემ იმატა. მილიონობით ავღანელი სურსათით დახმარებაზეა დამოკიდებული. ჰუმანიტარული ორგანიზაციები ავრცელებენ ცნობებს მზარდი შიმშილისა და სურსათის ნაკლებობის შესახებ.
Your browser doesn’t support HTML5
Deep Debt, Failing Health: Afghans Desperate To Escape Poverty Sell Kidneys To Survive
ავღანეთში ზოგიერთმა, ყველაზე დაუცველმა ადამიანმა, უკიდურეს ზომებს მიმართა ოჯახების გამოსაკვებად. ისინი იძულებული არიან გაყიდონ ორგანოები და, ზოგ შემთხვევაში, საკუთარი შვილებიც.
ბრძოლა გადარჩენისთვის
ზაჰირამ, რომელიც ჰერათის დასავლეთ პროვინციაში ცხოვრობს და, მრავალი ავღანელის მსგავსად, მხოლოდ ერთ სახელს იყენებს, უამბო რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უამბო, რომ მან თავისი თირკმელი 100 000 ავღანად ($1 550) გაყიდა. ოჯახის ვალების ნაწილი დაიფარა, მაგრამ „მთელი ფული წავიდაო“, ამბობს.
35 წლის ქალის ქმარი ასაკშია და მუშაობა არ შეუძლია. მისი 16 წლის ვაჟი არალეგალურად გადავიდა მეზობელ ირანში, სადაც სამუშაოს პოვნას ცდილობს. ამის გამო ზაჰირა ოჯახის ერთადერთ მარჩენლად დარჩა.
„ახლა სახლში მხოლოდ მე და ჩემი ორი ქალიშვილი ვართ“, – ამბობს ზაჰირა, რომელიც დღეში ერთადერთი ულუფის მოსაპოვებლად დამლაგებლად მუშაობს.
ბისმილამ, მეზობელი ფარას პროვინციის მცხოვრებმა კი გვიამბო, რომ სცადა, თუმცა ვერ შეძლო ერთი თირკმლის გაყიდვა.
„არჩევანი, რაც მაქვს, ის არის, რომ ან ჩემი შვილი გავყიდო, ან თავი მოვიკლა ან ვიქურდო“, – უთხრა ბისმილამ რადიო „აზადის“ და დასძინა, რომ სამუშაოს საძებნელად იგი რეგულარულად დადის თავისი სოფლიდან პროვინციის ცენტრში, ქალაქ ფარაში.
„ხუთი დღით წავედი სამუშაოს საძებნელად და ვერაფერი ვიპოვე“, – თქვა მან. - „ექვსი თვეა სახლში ვზივარ. ირანში გადასვლასაც რომ შევეცადოთ, უბრალოდ უკან გამოგვაძევებენ.“
ათიათასობით ავღანელი არალეგალურად ჩადის და ცხოვრობს მეზობელ ირანში უკიდურესი სიღარიბისა და თალიბანის რეპრესიული მმართველობისგან თავის დაღწევის მიზნით 2021 წლის შემდეგ. თუმცა ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ისრაელის ომმა, ისევე როგორც თეირანის მიერ საბუთების არმქონე ავღანელების გაძლიერებულმა დეპორტაციამ, ბევრისთვის ეს კარი კიდევ უფრო ჩაკეტა.
ასევე ნახეთ
როგორ დაკარგეს ქალებმა უფლებები ავღანეთში„ცალთირკმელიანების სოფელი“
ავღანელები ხშირად ყიდიან თავიანთ თირკმელებს ორგანოებით უკანონო ვაჭრობის შავ ბაზარზე.
ადგილობრივი შუამავლები მიმართავენ იმ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გაყიდონ თავიანთი თირკმელი, და მათი სისხლის ჯგუფის შესაბამისად შეურჩევენ მყიდველს, რომელთა უმეტესობა მდიდარი ავღანელი ან “სამედიცინო ტურისტია” ირანიდან, პაკისტანიდან და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებიდან.
შუამავლები შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს ხშირად მიითვისებენ ხოლმე და გამყიდველებს შეთანხმებული ფასის მხოლოდ მცირე ნაწილს უტოვებენ, ამბობს საიდ აშრაფ სადათი, ავღანეთის დამხობილი პროდასავლური მთავრობის ოფიციალური პირი, რომელიც იძიებდა ორგანოებით უკანონო ვაჭრობის საქმეებს.
გამყიდველები, ჩვეულებრივ, იღებენ „ორგანოს რეალური ღირებულების მხოლოდ 20-დან 30 პროცენტამდე“, თქვა სადათმა და დასძინა, რომ დანარჩენს „ითვისებენ შუამავლები და მაკლერები, რომლებიც სარგებლობენ მათი სასოწარკვეთილებით“.
ოპერაციები ხშირად კერძო საავადმყოფოებსა თუ იატაკქვეშა კლინიკებში ტარდება, რომლის კორუმპირებული სამედიცინო პერსონალი ამაზე თვალს ხუჭავს.
ჰერათის პროვინციაში თირკმელებით ვაჭრობა იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ ერთ-ერთ დასახლებას მეტსახელად „ცალთირკმელიანების სოფელი“ შეარქვეს.
როგორც ჩანს, ავღანეთში ორგანოებით ვაჭრობის ბუმის საპასუხოდ, თალიბანმა 2024 წელს აკრძალა ადამიანის ორგანოების ყიდვა-გაყიდვა, ისევე როგორც ორგანოების გადანერგვა. მებრძოლმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ისეთი სასიცოცხლო ორგანოების გადანერგვა, როგორიცაა გული, თირკმელები და ფილტვები, „არაისლამური“ იყო.
ამ ნაბიჯმა აღაშფოთა პაციენტები და ექიმები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება იმოქმედებდა ათასობით ავღანელ პაციენტზე, რომლებსაც სამედიცინო ჩვენებით სჭირდებათ ტრანსპლანტაცია.
ორგანოების გადანერგვა ფართოდ გამოიყენება, როგორც მკურნალობის მეთოდი მთელ მსოფლიოში, მათ შორის ისლამურ ქვეყნებშიც.
ასევე ნახეთ
ავღანელების მასობრივი დეპორტაცია მეზობელი ქვეყნებიდან უკან, თალიბანის „ისლამურ საამიროში“„ცხოვრება შეუძლებელია“
ავღანეთში უკანონოდ გაყიდული თირკმელების რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. თუმცა აღნუსხული შემთხვევები გაიზარდა თალიბანის მიერ ძალაუფლების დაბრუნების შემდეგ, რასაც ეკონომიკური კოლაფსი მოჰყვა და ისედაც მძიმე ჰუმანიტარული კატასტროფა კიდევ უფრო გააღრმავა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მესამე ავღანელი, მწვავე შიმშილის წინაშე დგას; ორგანიზაციის ცნობით, ბავშვთა კვების ნაკლებობამ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია ავღანეთის 34 პროვინციიდან 12-ში.
გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამამ აგვისტოში განაცხადა, რომ კონფლიქტი, ფართომასშტაბიანი უმუშევრობა, სურსათის ფასების მკვეთრი ზრდა, შემცირებული ჰუმანიტარული დაფინანსება და მომარაგების მარშრუტების შეფერხება კიდევ უფრო ამწვავებს შიმშილის კრიზისს.
ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია ბადღისის ტომის უხუცესმა, აბდულამ განაცხადა, რომ ადგილობრივები საკუთარ ორგანოებს „სრული სასოწარკვეთილებისა და სიღატაკის გამო“ ყიდიან.
„ღმერთმა შეგვიწყალოს და შვების რაიმე კარი გააღოს, რადგან ასე ცხოვრება შეუძლებელია“, – უთხრა მან რადიო „აზადის“.
ხანდაზმულმა მამამ, გულ აჰმადმა განაცხადა, რომ მთელი ოჯახის გამოკვების მიზნით, თავისი ვაჟის ერთ-ერთი თირკმლის გაყიდვას ფიქრობს.
„რად გადაიქცა ეს სამყარო, როცა კაცი მზადაა, საკუთარი ვაჟის თირკმელი გაყიდოს და მყიდველსაც კი ვერ პოულობს? ყველანი შიმშილით ვიხოცებით“, – უთხრა მან რადიო „აზადის“. - „რა არჩევანი მაქვს? არც დახმარებაა, არც ქონება და არც სამუშაო. ვის მივმართო?“