პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ნაცვლად დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობდა „ბათუმელების“ წარმომადგენელი ირმა დიმიტრაძე - ჯილდო მას საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გადასცა.
ამაღლობელს ეს ჯილდო, რომელიც პოლონელი ანტი-საბჭოთა დისიდენტის სახელობისაა, გადაეცა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის აღიარების ნიშნად.
„ნეტგაზეთი“ წერს, რომ დაჯილდოების ცერემონიას 30 სექტემბერს ესწრებოდა თავად ლეხ ვალენსაც, 83 წლის ნობელიანტი ექსპრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა:
„ახლა საქართველოს დახმარების ჯერია. ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო - მზია ამაღლობელს. ის არის კორუფციასთან მებრძოლი ქართველი ჟურნალისტი, ორი დამოუკიდებელი ქართული მედიასაშუალების დამფუძნებელი“.
ლეხ ვალენსას განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2025 წელს მზია ამაღლობელს პოლიტიკური მოტივით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, „რითაც იგი დამოუკიდებელ საქართველოში პირველი ქალი პოლიტპატიმარი გახდა“.
ასევე ნახეთ
ველოდები საერთაშორისო მართლმსაჯულებას. თქვენც დაელოდეთ, ბატონო პაპუაშვილო - ამაღლობელის წერილი ციხიდან„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (თავდასხმა პოლიციელზე).
- 2025 წლის 6 აგვისტოს მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ამით მან ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილად;
- იმავე წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით, გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე აღარ განიხილა.
- პატიმრობის პირობებში, 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.