უახლეს სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე რაიონებში მშენებარე სოფლები და ქალაქები. ომის გამო დევნილი ბევრი ადგილობრივი კი მშობლიურ მხარეში დაბრუნებას არ ჩქარობს.
მარცხნივ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსები ჯაბრაილში, 2026 წლის ნოემბერში. 2021 წლის აგვისტოს ფოტოზე (მარჯვნივ) იმავე ადგილას დანგრეული შენობები ჩანს.
2023 წელს აზერბაიჯანმა სამხედრო შეტევების შედეგად სრულად დაიბრუნა ტერიტორიები, რომლებსაც მანამდე ეთნიკური სომხების შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ. ბაქომ ამ ტერიტორიების აღსადგენად დაახლოებით $15 მილიარდი დოლარი დახარჯა. ამით დაიწყო „დიდი დაბრუნების“ პროგრამა იმ აზერბაიჯანელებისთვის, რომლებმაც სახლების ყარაბაღის პირველი ომის დროს, 1988–1994 წლებში, დატოვეს.
2026 წლის აგვისტოს ფოტოზე ჩანს, როგორ შენდება აღდამი. მეორე ფოტოზე (2021 წლის თებერვალი), ქალაქის ნანგრევებია. ყარაბაღის პირველ ომამდე აღდამში 28 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ეთნიკური სომხების შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქის დაკავების შემდეგ აღდამი ნანგრევებად იქცა.
„დიდი დაბრუნების“ პროგრამით, 2026 წლის ბოლომდე ამ ტერიტორიებზე 140 ათასი დევნილი უნდა დასახლებულიყო. ვადა იწურება, ბაქოს ცნობით კი ჯერჯერობით მხოლოდ 41 ათასი ადამიანი დაბრუნდა. რადიო თავისუფლებამ ამ მონაცემის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო - უცხოელ ჟურნალისტებს რეგიონში დამოუკიდებლად ჩასვლა კვლავ უჭირთ.
მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები ფიზულიში, 2025 წლის დეკემბერში. 2019 წლის ნოემბრის ფოტოზე იმავე ადგილას მცენარეულობით დაფარული ნანგრევები ჩანს.
დუბაის ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ასოცირებული პროფესორი ფარიდ გულიევი ყარაბაღის პირველი ომის დროს დევნილ რამდენიმე აზერბაიჯანელს ესაუბრა. მისი აზრით, ბაქომ, სავარაუდოდ, ზედმეტად ამბიციური მიზანი დაისახა, როცა წლის ბოლომდე 140 ათასი ადამიანის დაბრუნება დაგეგმა. დაბრუნებას დღემდე ხელს უშლის როგორც ტერიტორიაზე დარჩენილი ნაღმები, ისე სოციალური მიზეზები. ფარიდ გულიევი
ახალი სახლების რიგები ხიდირლიში, აღდამის რაიონის სოფელში, რომელიც ყარაბაღის ქედის მთისწინეთში მდებარეობს. ფოტო 2026 წლის ივლისში გადაიღეს. 2023 წლის აგვისტომდე ეს ადგილი მიტოვებული იყო.
„ამ მიზნების დასახვისას ბოლომდე ვერ გაითვალისწინეს, რამდენად შეიცვალა დევნილების ცხოვრება ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში“, - უთხრა გულიევმა რადიო თავისუფლებას. „ბევრი დევნილი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ბაქოსა და სხვა ქალაქებში უკვე შეეჩვია ქალაქურ ცხოვრებას და შესაძლოა, სხვაგან გადასვლა აღარ უნდოდეს“.
ახლად აშენებული სოფელი აზერბაიჯანის აღდამის რაიონში, 2026 წლის აგვისტოში. 2021 წლის ნოემბრის ფოტოზე იმავე ადგილას დანგრეული შენობები და სამხედრო სანგრები ჩანს.
აითაჯ ამირჯანლი, დევნილი, რომელიც ცოტა ხნის წინ მთიან ყარაბაღში დაბრუნდა, სექტემბერში რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს უყვებოდა, რომ დაბრუნებულთაგან ბევრმა სამუშაო ვერ იპოვა და უკან ბრუნდება.
„ჩვენი ლტოლვილები და დევნილები ყველანი უმუშევრები არიან. უმეტესობამ სახლი უკვე ჩაკეტა და ბაქოში დაბრუნდა“, - თქვა მან და დასძინა: „იქ ოჯახი თუ ვერ ვარჩინე, რა ვქნა?“
აღალი, „ჭკვიანი სოფელი“ ზანგილანის რაიონში, 2026 წლის მაისში. 2020 წლის ოქტომბრის ფოტოზე, ამ მასშტაბური მშენებლობის დაწყებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწები და რამდენიმე სახლი ჩანს.
გულიევის თქმით, ბევრ დევნილს შესაძლოა სახელმწიფო დახმარების დაკარგვაც აფიქრებდეს. ამ დახმარების ნაწილია კვების ყოველთვიური შემწეობა - დაახლოებით $35 დოლარი ერთ ადამიანზე.
„დაბრუნების შემთხვევაში დევნილებმა შესაძლოა დახმარების ნაწილი დაკარგონ, მაშინ როცა ჯერაც გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა დაბრუნებულ ტერიტორიებზე სამუშაოს პოვნას“, - ამბობს გულიევი.
მარცხნივ, 2026 წლის აგვისტოს ფოტოზე, „გამარჯვების პარკი“ ჩანს. ეს პარკი უდიდესი ქალაქის, ხანქენდის (სომხურად: სტეფანაკერტი), გარეუბანში გააშენეს. 2020 წლის ფოტოზე, ქვედა მარჯვენა კუთხეში, ღვთისმშობლის ტაძრის კონტური იკვეთება. აზერბაიჯანმა ტაძარი 2026 წლის აპრილში დაანგრია.
2023 წლის სექტემბერში, ბაქოს სამხედრო შეტევის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის თითქმის მთელი სომხური მოსახლეობა სომხეთში გაიქცა. ამ შეტევის შედეგად სეპარატისტულ რეგიონზე კონტროლი აზერბაიჯანმა დაამყარა. საერთაშორისო თანამეგობრობა მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს. 2023 წლამდე იქ დაახლოებით 100 ათასი ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა.
მეჩეთი ყოფილი სოფლის, დაშალთის, ადგილას, 2025 წლის ივლისში. სოფელში ისტორიული ეკლესია იდგა. 2020 წლამდე, სანამ სოფელს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები დაიბრუნებდნენ, იქ რამდენიმე სომხური ოჯახი ცხოვრობდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, დაბრუნებულ ტერიტორიებზე, სხვა მასშტაბურ პროექტებთან ერთად, 1,500 კილომეტრიანი ახალი გზა აშენდა, ტერიტორიის დაახლოებით 22 პროცენტი კი ნაღმებისგან გაიწმინდა. ამავე დროს, აღშფოთება გამოიწვია ისტორიული ეკლესიების, ხანქენდის საკათედრო ტაძრისა და მთელი სოფლების დანგრევამ.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა სოფელ დაშალთის უკავშირდება. 2023 წლის დასაწყისში სოფელი მთლიანად მიწასთან გაასწორეს. დღეს მის ადგილას მეჩეთი დგას. სომხები სოფელს კარინტაკს უწოდებდნენ.
აღდგენილი უბანი მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაში. ფოტო ბაქომ 2026 წლის ივლისში გაავრცელა.
2026 წლის დასაწყისში ხანქენდის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის დანგრევის შესახებ გავრცელებულ ცნობებს აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი ელნარა აქიმოვა გამოეხმაურა. მან რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს უთხრა: „საკუთარ ტერიტორიაზე რელიგიური და ისტორიული ძეგლების დაცვა აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკაა. ბაქოს არასოდეს ჰქონია რელიგიური მემკვიდრეობის განადგურების განზრახვა“.