გათავისუფლდნენ ბურჭულაძე და სხვა პოლიტპატიმრები - ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი

პაატა ბურჭულაძე

რადიო თავისუფლება გაეცნო ევროპარლამენტის რეზოლუციის შეთანხმებულ პროექტს, რომელიც პაატა ბურჭულაძის საქმესა და საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხს ეხება.

დოკუმენტში შეტანილია ყველა პოლიტპატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნა, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. მათ შორის დასახელებული არიან პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე.

პროექტზე დებატები ევროპარლამენტში 25 ნოემბერს გაიმართება, კენჭისყრა კი 26 ნოემბერსაა დაგეგმილი.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს „ჩალის ფასი“ აქვს.

ბურჭულაძის საქმე და პატიმრობის პირობები

პროექტის ავტორები პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც 71 წლის საოპერო მომღერალსა და სამოქალაქო აქტივისტ პაატა ბურჭულაძეს 2026 წლის მაისში შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ საქმე 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირდება. ბურჭულაძე ბრალდებებს უარყოფს.

ასევე ნახეთ

რამდენი გამოვიდა ციხიდან და რამდენი დარჩა - საპროცესოს ეფექტი „4 ოქტომბრის აქციის“ საქმეში

ავტორები ეჭვქვეშ აყენებენ სასამართლო პროცესის სამართლიანობასა და სასჯელის თანაზომიერებას. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ბურჭულაძის ხანგრძლივ იზოლაციაზე, გარე სამყაროსთან კონტაქტის მკაცრ შეზღუდვასა და არასაკმარის სამედიცინო დახმარებაზე.

პროექტის ავტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს ბურჭულაძისთვის სათანადო სამედიცინო და იურიდიული დახმარება და მისცეს მას ოჯახთან რეგულარული ურთიერთობის შესაძლებლობა. დოკუმენტის თანახმად, ბურჭულაძეს, რომელიც საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქეა, საკონსულოს წარმომადგენლებთან დაუბრკოლებლად შეხვედრის საშუალებაც უნდა ჰქონდეს.

ვისთვის ითხოვენ სანქციებს

პროექტის ავტორები ევროკავშირს კვლავ მოუწოდებენ, მიზნობრივი სანქციები და სავიზო აკრძალვები დაუწესოს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებს. დოკუმენტში დასახელებული არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე. მოწოდება ეხება სხვა მაღალი თანამდებობის პირებსაც, ასევე მოსამართლეებს, პროკურორებსა და სამართალდამცველებს.

ასევე ნახეთ

გმირები არიან, თუმცა ტყვეობაში არ უნდა დარჩნენ - ბურჭულაძე მათზე, ვინც საპროცესო შეთანხმებას აფორმებს

ავტორების შეფასებით, ბურჭულაძის საქმე უნდა განიხილებოდეს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შესუსტებისა და რუსეთის მზარდი გავლენის ფონზე. მათი თქმით, „ქართული ოცნება“ სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს.

ავტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. ისინი ასევე მოითხოვენ, დამოუკიდებლად გამოიძიონ ცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების, მათი დაშინებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის აუცილებელია კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ძირითადი უფლებების დაცვა.

ასევე ნახეთ

ევროკომისიას ყულევის სანქციებიდან ამოღება სურს, კობახიძე მიესალმება
  • სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა. ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
  • ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.