Covid-19-ით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა შიმშილობას იწყებს

ვახტანგ ჩარკვიანი

„ამ წუთიდან ვაცხადებ შიმშილობას…“ - განაცხადა დღეს, 22 სექტემბერს, პროკურატურასთან გამართულ აქციაზე Covid-19-ით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა.

გაიოზ ჩარკვიანის მოთხოვნაა, სათანადოდ გამოიძიონ მისი შვილის გარდაცვალების ფაქტი და პასუხი აგოს ყველა იმ მედიკოსმა, რომელთა დაუდევრობასაც, ოჯახის განცხადებით, 20 წლის ფეხბურთელი ემსხვერპლა.

ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკაში ის 11 აგვისტოს კოვიდ-სასტუმროდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ჩანაწერების თანახმად, ბიჭს ნახველში სისხლი ჰქონდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად შეფასდა დამაკმაყოფილებლად. თუმცა ექიმების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მალევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მიენიჭა „საყურადღებო“ სტატუსი.

პროკურატურა გამოძიების შედეგებს იმეორებს

გაიოზ ჩარკვიანის მიერ აქციის გამართვისა და შიმშილობის დაწყების შესახებ განცხადებებს პროკურატურის პრესცენტრი 22 სექტემბერსვე გამოეხმაურა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქმეზე ჩატარდა ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დაინიშნა და ჩატარდა სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, გამოიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის შესაბამისი დარგის სპეციალისტები და სხვა“, რის შედეგადაც პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელა სამი პირის მიმართ, გამოძიების მსვლელობის შესახებ კი „სისტემატურად“ აწვდიან ინფორმაციას გარდაცვლილის მამას.

ასევე ნახეთ

რაში ადანაშაულებს კლინიკას კოვიდით გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი? 

„გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების უფროსმა - ქეთევან ცერცვაძემ და ამავე განყოფილების ექიმმა - ქეთევან ლობჟანიძემ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და დაარღვიეს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის წესი, რამაც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია“ , - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, 2021 წლის 14 აგვისტოს პაციენტის ანტიბიოტიკოთერაპია დაიწყეს ისე, რომ არ ჩაუტარებიათ ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო მაშინ მოქმედი წესების მიხედვით.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გარდაცვლილ ფეხბურთელს ისე დაუწყეს ანტიბიოტიკებით მკურნალობა, რომ ექიმებისთვის უცნობი იყო, ჰქონდა თუ არა მას ბაქტერიული ინფექცია. ასევე, არ იყო დადგენილი, რომელი ანტიბიოტიკები მოქმედებდა ამ ბაქტერიაზე, რამაც მისი მკურნალობა მოგვიანებით გაართულა.

ასევე ნახეთ

კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე: ბრალი წარუდგინეს კლინიკის განყოფილების ხელმძღვანელს