დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა 7 ივლისს, „გლობალური მედიის ფორუმზე“, გერმანიის ქალაქ ბონში, სადაც DW-ის სათავო ოფისი მდებარეობს.
თამარ კინწურაშვილმა განაცხადა, რომ ჯილდის მიღება მისთვის და მისი გუნდისთვის - ჟურნალისტებისთვის, დეზინფორმაციის ექსპერტებისთვის და მკვლევრებისთვის - საპატიოა და ეს პატივი „ეკუთვნის თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს საქართველოში“.
„[ეს პატივი ეკუთვნით] მათ, ვისაც სჯერა თავისუფალი საზოგადოებისა და დემოკრატიის და უკვე შვიდ თვეზე მეტია, ქუჩაში აპროტესტებს ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადადებას“, - განაცხადა მან.
MDF-ის დირექტორმა ასევე ისაუბრა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე და გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების და ანტიდასავლური ნაბიჯების გამო.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“, - რომელსაც კინწურაშვილი ხელმძღვანელობს, - ერთ-ერთია იმ რვა ორგანიზაციას შორის, რომლებსაც 2025 წლის ივნისში მიუვიდათ წერილი „ანტიკორუფციული ბიუროდან“ პერსონალური მონაცემების გაცემის მოთხოვნით. თამარ კინწურაშვილმა დღეს სიტყვით გამოსვლაში ამ საკითხზეც ისაუბრა.
19 ივნისს MDF-მა განაცხადა: „იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტების საფუძველზე საქმის წარმოების და პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად და რეპრესიული კანონმდებლობის განხორციელების შესაზღუდად“.