მოკლედ
- რა უნდა შეამოწმოთ, სანამ გაზის გამათბობელს ჩავრთავთ?
- ვინ არის პასუხისმგებელი გაზგაყვანილობის უსაფრთხოებაზე?
- როგორ შეამოწმოთ უსაფრთხოება და ვის მიმართოთ?
- რა შეცდომებს უშვებთ ყოველდღე?
- როგორ დაიცვათ თავი საფრთხისგან, რომელიც შესაძლოა მეზობლის ბინიდან მოდიოდეს?
- ეფექტიანია თუ არა გაზის დეტექტორები და როგორ შეარჩიოთ ისინი?
- ვის მიმართავთ მონტაჟისთვის?
- რას აკეთებთ, თუკი გაზის სუნს იგრძნობთ?
„წინა ზამთარს, ლამის მთელ თბილისს რამდენიმე დღით გაუთიშეს გაზი, ჩართვის დროს კი მოსახლეობა გაგვაფრთხილეს, რომ გაზის წყაროები ყველას დაკეტილი გვქონოდა. მაგრამ შემოწმების დროს გამოგვიცხადეს, რომ გაზს ვერ გაუშვებდნენ, რადგან კორპუსში, სადღაც გაზის წყარო ღია იყო და ჩართვის შემთხვევაში, აფეთქება გარდაუვალი იქნებოდა...
ყველა მოსახლე ჩამოვიარეთ და სამ ოჯახში აღმოჩნდა, რომ გაზქურის „კამფორები“ ღია ჰქონდათ დატოვებული... სამივემ გვითხრა, რომ მათი გათბობის წყარო გაზქურაზე ანთებული კამფორები იყო და ამიტომ დატოვეს ღია - ჩართვის დროს „ქშუტუნის“ ხმაზე მიხვდებოდნენ, რომ გაზი ჩაირთო“, - შარშან ზამთარს მომხდარი ეს ამბავი ფეისბუკში თინა ღვინიაშვილმა 19 ნოემბერს გაიხსენა - იმ დღეს, როცა ფონიჭალაში ძლიერმა აფეთქებამ სახლის ორი სადარბაზო ჩამოანგრია და ექვსი ადამიანის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე შეიწირა.
„დეტექტორს დავაყენებ თუ ჩემს საცხოვრებელში მაქსიმალურად ყურადღებით ვიქნები, რითი ვარ დაცული, რომ იგივე ჩემს თავს არ მოხდება?“ - თინას მსგავსად, ეს კითხვა და დაუცველობის განცდა სხვებსაც გაუჩნდათ.
სამაშველო ოპერაცია ფონიჭალაში, სადაც 2026 წლის 19 ნოემბერს, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას ნრევა მოჰყვა.
„წლიდან წლამდე ვიმეორებთ - შეამოწმეთ გაზგაყვანილობის სისტემები“
გამოძიებას ჯერ არ უთქვამს საბოლოო და ზუსტი მიზეზი, რატომ მოხდა ფონიჭალაში აფეთქება, თუმცა წინასწარი, სავარაუდო მიზეზი, რაც კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ დაასახელა, „დახურულ სივრცეში დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირის დაგროვებაა“.
სპეციალისტმა იქვე განმარტა, რომ ამ სიმძლავრის აფეთქება ხდება მაშინ, როცა დახურულ სივრცეში „ჟანგბადს 5-15%-მდე ბუნებრივი აირი ერევა“.
აფეთქების გარდა, სიკვდილს მხუთავი აირით (CO - უფერო, უსუნო და უგემო მომწამვლელი გაზი, რომელიც წარმოიქმნება საწვავის არასრული წვის შედეგად) ინტოქსიკაციაც იწვევს. საფრთხე განსაკუთრებით დიდია ღია წვის გამათბობლების შემთხვევაში და მაშინაც, თუ გაზის გამათბობელი კუსტარულად არის დამონტაჟებული.
„სადაც ვაწყდებით ასეთ დარღვევას, ადგილზევე ვუჭრით ხოლმე ჯერ დანადგარს, ხოლო განმეორებით, თვითნებურად ისევ დაერთების შემთხვევაში, გაზსაც“, - ამბობს კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე.
ასევე ნახეთ
გაზით სიკვდილი ნაქირავებ სახლებშითბილისში, „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, უსაფრთხოება ყველაზე ხშირად ბოლო წელს ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში დაირღვა.
ექსპერტების აზრით, ყველაზე ეფექტიანი დაცვა, რამაც მოსახლეობა შეიძლება აფეთქებას გადაარჩინოს, გაზის გაჟონვის დეტექტორებია. ეს სისტემა, მისი თქმით, თბილისში დაახლოებით 150 000 – 200 000 მცხოვრებს უყენია.
კანონით, „თბილისი ენერჯი“ ვალდებულია, წელიწადში ერთხელ შეამოწმოს თავისი ყველა აბონენტი. თუმცა თავად აბონენტებსაც შეუძლიათ მიმართონ „თბილისი ენერჯის“ და მოითხოვონ გაზგაყვანილობის სისტემის შემოწმება.
ეს მომსახურება „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის უფასოა. "ცხელი ხაზის" ნომერია - 2 40 40 04.
„გაზგაყვანილობა შეამოწმებინეთ, სანამ ზამთარში გამათბობელს ჩართავთ“, - ამბობს გიორგი ლეფსვერიძე.
აფეთქება სამტრედიის ქუჩის №2 კორპუსში. 2024 წლის მარტი
მკვლელი სტატისტიკა
ენერგოომბუდსმენი ნინო გულეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ზამთრის სეზონზე არცერთი წელი არ ჩაივლის ხოლმე მსხვერპლი გარეშე.
თუმცა, მისივე თქმით, წინა წლებთან შედარებით, ფატალური შემთხვევების რიცხვი მაინც მცირდება. იკლო საშიში დანადგარების რიცხვმაც, თუმცა მთელ საქართველოში, სავარაუდოდ, ასეთ რამდენიმე ათას გამათბობელს ისევ იყენებენ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) ბოლო ათი წლის ანგარიშების თანახმად, ყოველ წელს საქართველოში გაზის აფეთქებას და ინტოქსიკაციას ათობით ადამიანი ეწირება.
მაგალითად,
- 2016 წელს 32 ასეთი აფეთქება მოხდა, რასაც 26 ადამიანი შეეწირა;
- 2017 წელს გაზის გაჟონვას 18 ადამიანი ემსხვერპლა.
- 2025 წელს თბილისში ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სავარაუდოდ, მხუთავმა აირმა (CO) კი ოთხი ადამიანი სასიკვდილოდ მოწამლა.
- 2025 წელს საქართველოს რეგიონებში გაზით მოწამვლისგან გარდაიცვალა 11 ადამიანი. აფეთქების გამო დაიღუპა ერთი ადამიანი.
ასე გამოიყურება კორპუსი ფონიჭალაში აფეთქების შემდეგ.
უბედური შემთხვევები ძირითადად გამოწვეული იყო ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო დანადგარების (ღია წვის წყალგამაცხელებლების, ასევე სხვა დანადგარების) თვითნებური ან არასწორი მონტაჟის შედეგად.
უსაფრთხოების დარღვევის უმეტესი შემთხვევები რეგიონებში ხდება:
„ამის მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ თბილისში ჩახსნილი ძველი გამათბობლები სოფლებში წაიღეს“, - ამბობს ენერგოომბუდსმენი.
ბუნებრივი აირის აფეთქების თუ გაჟონვის მხრივ ყველზე დიდი რისკჯგუფი გაქირავებული ან გადაკეთებული ბინებია. მათ შორისაა „ძველი თბილისური ეზოების“ ბინებიც, რომლებსაც ხშირად გადააკეთებენ ხოლმე.
რაც არ უნდა დაგავიწყდეთ
უსაფრთხოების ექსპერტები ამ რჩევებს ყოველ წელს იმეორებენ - მათგან პირველი და მთავარი რჩევაა უარი კუსტარულ გამათბობელ აპარატებსა და ღია კამერიან გამათბობლებზე, რომელთა მეშვეობით CO ოთახში შეუმჩნევლად გროვდება, რადგან ეს უსუნო, უფერო და უგემო აირია.
ასევე ნახეთ
„მკვლელი“ გამათბობლები - როგორ ავირიდოთ გაზის გაჟონვა და მოწამვლა ზამთარშიაფეთქებისა და ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად კიდევ რამდენიმე შეუცვლელი რჩევაა:
- გამათბობელი, თუნდაც ქარხნული და ხარისხიანი, ბინის ფართს უნდა მოერგოს. ყველანაირი აპარატი არ გამოგადგებათ.
- დააყენებინეთ გამათბობელი სპეციალისტს.
- დააყენეთ დეტექტორიც, რომელიც გაზის გაჟონვას შეგატყობინებთ. ისიც სპეციალისტს ან კომპანიას უნდა დააყენებინოთ.
- თუ გაზის ქსელი გათიშულია, სპეციალისტის გარეშე ნუ ჩართავთ.
- არ შეიძლება გაზის ქსელის და გაზზე მომუშავე დანადგარების დაყენება სარდაფებში ან სხვა ისეთ სივრცეში, რომელიც არ ნიავდება.
- გაანიავეთ ოთახები დღეში რამდენჯერმე.
- ეცადეთ ფანჯარა ოდნავ მაინც ყოველთვის გამოღებული გქონდეთ, ეს მოწამვლისგანაც გიხსნით და აფეთქებისგანაც.
- არ დააერთოთ გამათბობლის ან წყლის გამაცხელებლის გამწოვი მილი კორპუსის სავენტილაციო არხზე, ამით მეზობლებს შეუქმნით საფრთხეს.
- თავზე დაადექით ყავას... და სხვა ყველაფერსაც, რასაც გაზზე ამზადებთ. ყავა შეიძლება გადმოვიდეს და ცეცხლი ჩააქროს, ამის შემდეგ ბუნებრივი აირი ოთახში დაგროვდება.
- თუ სახლიდან გადიხართ, გადაკეტეთ გაზის ონკანები. „თბილისი ენერჯი“ ირწმუნება, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ბინაში გაჟონილი გაზი კორპუსს საფრთხეს უქმნის, ამ დროს კი ბინის მეპატრონე რამდენიმე დღით არის ქალაქიდან გასული.
- თუ დიდი ხნით გადიხართ სახლიდან, შეგიძლიათ გაზის კომპანიას დაურეკოთ და მოითხოვოთ, გაზის მიწოდება დროებით შეგიწყვიტონ.
- შეამოწმებინეთ გაზის ქსელი მაშინაც, როდესაც სახლს ან ოფისს ქირაობთ.
- რემონტის დროს ყურადღება მიაქციეთ ხელოსნებს. ისინი ხშირად აზიანებენ გაზის შიდა ქსელს.
„თბილისი ენერჯის“ მონაცემებითაც, CO-თი მოწამვლისა თუ სიკვდილის 70% დაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, რადგან მეპატრონეები გასაქირავებელ ბინებზე ფულს ზოგავენ და იქ იაფფასიან გაზის დანადგარებს ამონტაჟებენ.
ორთაჭალაში, ნიკოლოზ ჩხეიძის 17 ნომერში, აფეთქების ხმა 2025 წლის 14 იანვარს, ღამის პირველის ათი წუთისთვის გაისმა.
„წნევა - აი, რას უნდა მიექცეს ყურადღება“
„ქსელში მაღალი წნევა არის ის, რაც იწვევს აფეთქებას“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ენერგეტიკოსი, გაზმომარაგების უსაფრთხოების მკვლევარი გიორგი ჭაღიაშვილი.
„ამ წნევის ქსელში დაშვებული ნორმა სემეკის დადგენილებით არის გაწერილი და ის „თბილისი ენერჯიმ“ უნდა აკონტროლოს. მაგრამ რაც მხოლოდ მე მაქვს გაზომილი ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, ღამის საათებში, არაპიკური მოხმარების დროს, ქსელში კრიტიკულად მაღალი წნევა ფიქსირდება“, - გიორგი ჭაღიაშვილი განმარტავს, რომ დაბალი წნევა არ იქნებოდა დამანგრეველი და აგვარიდებდა აფეთქებას, - „ეს მხოლოდ აალებას გამოიწვევდა, მაქსიმუმ ხანძარს, რაც შუშებს ჩაამტვრევდა“.
ექსპერტი გვეუბნება, რომ საქართველოში არც სხვა სტანდარტებია დაცული ბოლომდე - მაგალითად, ის, რომ ფანჯარა გარეთ უნდა იღებოდეს, იქ, სადაც გამათბობელი დგას, ფანჯარას უნდა ჰქონდეს სარკმელი. მუშაობდეს გამწოვი.
საქართველოში, ბინების უმრავლესობაში ფანჯრები შიგნით იღება:
„იცით, ეს რას ნიშნავს? როცა მეთანი დაგროვდება და აფეთქების ზღვრამდე მიდის, ეს ტალღა აწყდება ფანჯარას, რომელიც გარეთ არ იღება - შიგნით შეიძლება ამან მოახდინოს განტვირთვა და რომელიმე კედელი გაანგრიოს... სამზარეულოს კარიც კი, სადაც დგას გაზქურა, გარეთ უნდა იღებოდეს, შენკენ გამოღება უნდა შეგეძლოს, რომ დარტყმის ტალღამ სხვა ოთახში გადაინაცვლოს“.
2019 წლის 16 იანვარს ბუნებრივი აირის აფეთქებით დაზიანებული კორპუსი დიდ დიღომში
„დღეს რა ყველა დეტექტორს ეძებს“
ასე გვიპასუხეს საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სამშენებლო მასალების ერთ-ერთ ქსელურ სუპერმარკეტში, სადაც ვიკითხეთ, ყიდდნენ თუ არა ამ მოწყობილობას.
ქართულ ბაზარზე განსხვავებული ფასის და მონაცემების გაზის დეტექტორები იყიდება. მათი ფასი 40-45 ლარიდან (ფასდაკლების შემთხვევაში 25-29 ლარადაც იშოვით) იწყება და 120 ლარამდე ადის.
გაზის დეტექტორები სამიზნე აირის არსებობას და კონცენტრაციას ელექტრულ სიგნალად გარდაქმნის, ის ეკრანზე აისახება. საფრთხის ზღვრის მიღწევისას განგაში ირთვება.
პორტატიული (ხელის) გაზის ინდიკატორები, რომლებიც საშუალოდ 45 ლარი ღირს, გაზის მილებსა და დანადგარებთან გაჟონვის წერტილის დასადგენად გამოიყენება.
ხოლო ე.წ. სმარტ და უსადენო დეტექტორების მოდელები „ჭკვიანი სახლის სისტემებს“ უკავშირდება და გაჟონვის შემთხვევაში შეტყობინებას სმარტფონზეც გზავნის.
გაზის დეტექტორები
ზოგიერთი დეტექტორი არა მხოლოდ გაფრთხილებს, არამედ გაზის მიწოდებასაც ავტომატურად კეტავს.
განსხვავდება გაზის დეტექტორის მონტაჟის ფასებიც.
ერთ-ერთ კომპანიაში გვითხრეს, რომ დეტექტორის ქონის შემთხვევაში, დამონტაჟება 80 ლარი ჯდებოდა. დეტექტორიანად - 150 ლარი.
350 ლარია იმ დეტექტორის ყიდვის და დამონტაჟების ფასი, რომელიც მრიცხველზე ერთდება და გაჟონვის შემთხვევაში გაზს ავტომატურად თიშავს.
ჩვენ „თბილისი ენერჯიშიც“ ვიკითხეთ, მათ თუ აქვთ მსგავსი მომსახურება. გვითხრეს, რომ თუ დეტექტორი ნაყიდი გაქვთ, მისი დამონტაჟების ფასი 80 ლარია, ხოლო თუ თავად მოიტანენ და დაამონტაჟებენ მას, ეს მომსახურება 190 ლარი დაჯდება.
და ბოლოს, თუ გრძნობთ გაზის სუნს:
არ აანთოთ გაზი, არც ნათურა, გამოაღეთ ფანჯარა, გადაკეტეთ გაზი, დატოვეთ შენობა და დარეკეთ:
თუ „თბილისი ენერჯის“ მომხმარებელი ხართ 114-ში, თუ „სოკარ ჯორჯიის“- 16 114 ან, ზოგადად, 112-ზე და შეატყობინეთ გაზის გაჟონვის შესახებ.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, თუ ბინაში გაზი არასოდეს ყოფილა და პირველად უნდა ჩაირთოს:
- მესაკუთრეს ან დეველოპერს აუცილებლად მოსთხოვეთ შიდა ქსელის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ამ დოკუმენტის გარეშე გაზს ვერ ჩაგირთავენ.
თუ ქსელი „თბილისი ენერჯიმ“ მოაწყო, დოკუმენტი არ დაგჭირდებათ.