„რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ“ - ოპოზიციონერმა აქტივისტმა გელა ხასაიამ საპატიმრო დატოვა

გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, საპროცესო გაფორმების საფუძველზე, ციხე დატოვა.

ოპოზიციონერმა აქტივისტმა, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრმა, 29 წლის გელა ხასაიამ, - რომელსაც მაისში საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, - სამშაბათ დილას, 2026 წლის 29 სექტემბერს, საპატიმრო დატოვა.

დილის 10 საათისთვის გამოსულ გელა ხასაიას დახვდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები, რომლებიც დილის 7 საათიდან ელოდნენ მის გამოსვლას. მან ციხეში ზუსტად ერთი წელიწადი გაატარა.

გელა ხასაია, - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან, გალიდან დევნილი აქტივისტი, რომელიც მოგვიანებით გაწევრიანდა კოალიციაში „ცვლილებისთვის“, - 2025 წლის 29 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით.

„რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ“

„დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან. არაფრის შეცვლას, არაფრის კორექტირებას არ ვაპირებ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

„მიუხედავად იმისა, რომ პირობითი მსჯავრი მაქვს და ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ შემაბრუნონ. არ მინდა ციხის რომანტიზება, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანია რასაც ვაკეთებ, ამის გამო არ ვაპირებ, რომ ქვეყნიდან წავიდე, სახლში დავიმალო ან სხვა საქმე მოვძებნო“, - თქვა მან.

„უფრო დასვენებული რახან ვარ, ვფიქრობ, უფრო ეფექტური ვიქნები“, - უთხრა მან რეპორტიორებს.

იქვე მადლობა გადაუხადა პროევროპული აქციებისას დაკავებულებს, - „სინდისის პატიმრებს, ყველას, ვინც გარეთ არის თუ შიგნით, დიდი მადლობა“.

ხასაიამ საპროცესოს გაფორმების მიზეზებზე ისაუბრა

„სათქმელი მაქვს ძალიან ბევრი, თუმცა ახლა ემოციებთან გამკლავება რთულია. მექნება შესაძლებლობა, როდესაც ვრცლად ვისაუბრებ“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

თუმცა ერთ-ერთი საკითხი, რაზეც რეპორტიორებს ციხესთანვე ელაპარაკა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება იყო.

„სიმართლე გითხრათ, დიდად არავისი აზრი არ მაინტერესებდა. მხოლოდ ჩემს თავთან დავსვი შეკითხვა“, - თქვა მან. საპროცესო შეთანხმების წინაპირობა ბრალის აღიარებაა.

მისი თქმით, საბოლოოდ, რამაც გადაწონა საპროცესო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილებისკენ, იყო ის, რომ - მისი შეფასებით - იმის აღიარება, რასაც ედავებოდნენ, პროტესტს ვერ დააზიანებდა.

„პიროვნულად თუ იტყვიან, რომ მოძალადე ვარ, არცერთი წამით არ ვდარდობ მაგაზე. თუმცა მე ვერ გამომიყენებენ თავისი პროპაგანდისთვის. ვერ იტყვიან, რომ ჩემი ქმედება აქციის ფორმატი იყო, „პოლიციელი ცემა“ და ეს აღიარაო“, - თქვა მან.

ხასაიას კიდევ ერთ მოქალაქესთან ერთად ედავებოდნენ „ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ, ნაკლებად მძიმედ დაზიანებას“ სადგურის მოედანზე მომხდარი ინციდენტისას, რასაც ხასაია უარყოფდა.

ასევე ნახეთ

ბრალდება ბუნდოვანი მოტივით: ხასაიას საქმის მთავარი კითხვა