„ეს დეპორტაცია არ უნდა მომხდარიყო“, - აცხადებს ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე გიორგი გოგია.
პარასკევს, 10 აპრილს, გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია „განსაკუთრებით შემაშფოთებლად“ აფასებს დეპორტაციის გარემოებებს, - მათ შორის ნაშუაღამევს გამართულ სასამართლო პროცესს.
ასევე ნახეთ
ერთი დღის შუალედით - ალიევის თბილისური ვიზიტი და ბაქოსთვის მიუღებელი სადიგოვის გაძევება„სადიგოვის დაბრუნება განსაკუთრებით შემაშფოთებელია აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და მთავრობის კრიტიკოსების დევნის ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით“, - მიიჩნევს ორგანიზაცია.
„ხელისუფლებამ არაერთხელ გამოიყენა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული ბრალდებები ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ხოლო კრიტიკოსები ხშირად დაპატიმრების, მოგზაურობის აკრძალვის და შევიწროების სხვა ფორმების წინაშე დგანან“, - ამბობს HRW.
- აზერბაიჯანში დაპატიმრებულ ჟურნალისტებს შორისაა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის რეპორტიორი, ფარიდ მეჰრალიზადა;
- 2026 წლის 7 აპრილს აზერბაიჯანულმა სასამართლომ უარი თქვა მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და 9-წლიანი ვერდიქტი ძალაში დატოვა.
- რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივ კაპუსმა განაცხადა, რომ მეჰრალიზადასთვის არათუ პატიმრობა უნდა მიესაჯათ, არამედ საერთოდ არ უნდა დაეწყოთ სისხლისსამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ.
- „ფარიდის საქმე წამოსწია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა [ჯეი დი ვენსმა] ბაქოში. აზერბაიჯანის ხელისუფლებას აქვს იმის ძალა, რომ ადამიანურად გამოასწოროს ეს უსამართლობა“, - დაწერა სტივ კაპუსმა.
ასევე ნახეთ
ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 7 აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის გამოტანილი ვერდიქტი„კონვენციური ვალდებულებების გვერდის ავლა“
HRW-ი ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სადიგოვის მიმდინარე საქმესა და სასამართლოს გამოცემული დროებითი მექანიზმის შესაძლო უგულებელყოფას:
„სადიგოვის გაძევების გარემოებები სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა და შეთქმულებაში მონაწილეობდა აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებთან ერთად, რათა გვერდი აევლოთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისათვის“, - წერს ორგანიზაცია.
„ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიძიონ საქართველოს ქმედებები და უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება მისი ვალდებულებების ნებისმიერი შესაძლო დარღვევისთვის“, - აცხადებს HRW.
„აუცილებელია, რომ დადგეს პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლების აშკარა თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანთან აფგან სადიგოვის გაძევების ორგანიზებისათვის, მისი უსაფრთხოების წინაშე არსებული აშკარა რისკების მიუხედავად, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა მხრივ მათ საერთაშორისო ვალდებულებებს“, - HRW-ს თანახმად, განაცხადა გიორგი გოგიამ.
ასევე ნახეთ
ევროპული კონვენციის და კანონმდებლობის დარღვევაა - საია ჟურნალისტ სადიგოვის გაძევებაზესადიგოვის სასამართლო, გაძევება და ალიევის ვიზიტი
2026 წლის 5 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან სადიგოვის გაძევების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ, რამდენიმე საათში აღასრულა.
- ჟურნალისტი 4 აპრილის ღამეს დააკავა პოლიციამ - შსს-ის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო;
- ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ;
- სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაშუაღამევს დაინიშნა;
- გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, გამოაცხადა.
სადიგოვის გაძევების მომდევნო დღეს, 6 აპრილს, საქართველოს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან, ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ 2025 წელს საქართველოს მთავრობას აცნობეს, - აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საქართველოდან აზერბაიჯანში არ უნდა გაიყვანონ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე.