რა ვიცით ირანის მტკიცებაზე, რომ აშშ-მ საქორწილო წვეულებას დაარტყა

ირანის "წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების" მიერ 2026 წლის 2 სექტემბერს გამოქვეყნებული ვიდეოდან კადრი, რომელზეც, ორგანიზაციის თქმით, აშშ-ის სავარაუდო თავდასხმის შემდეგაა გადაღებული - სახლს, სადაც ქორწილი იმართებოდა, ნამსხვრევები მოხვდა.

ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ათობით ადამიანი დაიჭრა 1 სექტემბერს ჰორმუზის სრუტის სანაპიროზე მდებარე ქუჰესთაქზე განხორციელებული დარტყმის შედეგად.

ეს არეალი ირანის წინააღმდეგ ამჟამად მიმდინარე საომარი მოქმედების და დაპირისპირების მთავარი ცხელი წერტილია.

აშშ-ის სამხედრო უწყებას პირდაპირი განცხადება ამ დარტყმაზე არ გაუკეთებია.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) სპიკერმა ტიმ ჰოუკინსმა თქვა, რომ მათთვის ცნობილია ამ გავრცელებული ცნობების შესახებ და დასძინა: „აშშ-ის სამხედროები არასდროს უმიზნებენ მშვიდობიან მოსახლეობას, განსხვავებით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისგან (IRGC)“.

ირანულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია ნანგრევები და დარტყმის კვალი იმ ადგილას, სადაც, მათი მტკიცებით, ქუჰესთაქში ქორწილი იმართებოდა.

რადიო თავისუფლებამ (RFE/RL) ამ კადრების დამოუკიდებლად გადამოწმება ამ ეტაპზე ვერ შეძლო.

ირანის “წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ" განაცხადა, რომ აშშ-ის სავარაუდო თავდასხმის დროს ნამსხვრევები მოხვდა საცხოვრებელ სახლს, სადაც საქორწილო წვეულება იმართებოდა. ჰუმანიტარული ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულთა შორის იყო 4 წლის ბავშვი, სახელად ამირალი ქარიმი.

ადგილი, სადაც ქორწილი იმართება, მდებარეობდა სატელეკომუნიკაციო კოშკის სიახლოვეს, რომელიც განადგურდა დარტყმის შედეგად, განაცხადა მოინ არჯმანდმა, საზღვარგარეთ მოქმედი სამეთვალყურეო ჯგუფის, „ბელუჯისტანის ადამიანის უფლებათა დოკუმენტაციის ქსელის“ დირექტორმა, რომელიც აღნუსხავს ადამიანის უფლებათა დარღვევებს ირანში.

„სატელეკომუნიკაციო კოშკი რაკეტის მოხვედრის შემდეგ ძირს დაეცა და მთლიანად გადაკეტა ქუჩა“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს - რადიო ფარდას.

მან დასძინა, რომ ამის შემდეგ რეგიონში ინტერნეტი და სატელეკომუნიკაციო კავშირი გაითიშა.

ახალი ესკალაცია

აშშ-ის სამხედროებმა 1 სექტემბერს განაცხადეს, რომ ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თავდასხმების საპასუხოდ განახორციელეს დარტყმების ახალი ტალღა.

საწვავით მსოფლიო ვაჭრობის მნიშვნელოვანი სატრანზიტო საზღვაო გზა გადაკეტილია ირანის მიერ თებერვლიდან მოყოლებული - მისი წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის ომის დაწყების შემდეგ.

CENTCOM-ის ცნობით, აშშ-ის ძალების სამიზნე იყო „საჰაერო თავდაცვის პოზიციები, რადარები, საზღვაო ობიექტები, ნაღმების განთავსების შესაძლებლობები და საკომუნიკაციო ობიექტები“.

ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, 1 სექტემბერს ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ხუზესტანის პროვინციის სამ დასახლებაში აშშ-ის დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

ირანმა ამ დარტყმებს 2 სექტემბერს იორდანიაში, ერაყსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამიზნეებისთვის ცეცხლის გახსნით უპასუხა.

საომარი მოქმედების ამჟამინდელი გამწვავება ყველაზე სისხლიანი და ინტენსიური იყო ივლისის შემდეგ, როდესაც არ შესრულდა ერთი თვით ადრე ხელმოწერილი იმ ურთიერთგაგების მემორანდუმი პირობები, რომელიც ომის დასრულებას ისახავდა მიზნად.

Your browser doesn’t support HTML5

Iran Fires Drones, Missiles At US Allies In Middle East

ირანული მხარე გმობს მომხდარს

საქორწილო წვეულებაზე განხორციელებული სავარაუდო დარტყმა მკაცრად დაგმეს ირანელმა ოფიციალურმა პირებმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაღაეიმ მას „ომის დანაშაული“ უწოდა და პირობა დადო, რომ თეირანი „მძაფრად“ უპასუხებდა.

შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში ირანის მთავარმა წარმომდგენელმა, მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა, თავდასხმის შემდეგ ვაშინგტონს „დიდი სატანა“ უწოდა - ეს ტერმინი ათწლეულების განმავლობაში ხშირად გამოიყენება ირანელი ოფიციალური პირების მიერ შეერთებული შტატების მიმართ.

ირანმა შეერთებული შტატებს ომის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე სისხლიან თავდასხმაში დასდო ბრალი.

თეირანის თანახმად, ყველაზე სისხლიანი ინციდენტი იყო საჰაერო დარტყმა ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ მინაბის გოგონათა დაწყებით სკოლაზე.

ამ თავდასხმას 165-მდე მოსწავლე გოგონა და მასწავლებელი ემსხვერპლა.

გაეროს ექსპერტებმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ამ თავდასხმის გამო.

გადაღებული კადრები და საგამოძიებო ანგარიშები მიუთითებდა, რომ სკოლას „ტომაჰოკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა მოხვდა. ისინი აშშ-ის ძალებს აქვს შეიარაღებაში. მას ირანზე აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმების საწყისი ფაზის დროს მოიხმარდნენ.

პენტაგონმა გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა, რომელსაც ჯერ არ წარუდგენია თავისი დასკვნები.

აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათი ოპერაციების სამიზნე იყო ირანის სარდლობისა და მართვის ცენტრები, სარაკეტო ბაზები და სხვა სამხედრო თუ სახელმწიფო ობიექტები. თუმცა უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ კონფლიქტის დროს სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის საავადმყოფოები და სპორტული ნაგებობებიც დაზიანდა.

ასევე ნახეთ

ირანის წითელი ნახევარმთვარე: აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა