ევროკავშირი მოუწოდებს ბაქოს გადახედოს ხადიჯა ისმაილოვას საქმეს

ხადიჯა ისმაილოვა

ევროკავშირის საგარეო უწყების ლიდერი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანსი მოუწოდებენ აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადახედოს ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ მიღებულ განაჩენს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტ ხადიჯა ისმაილოვას სასამართლომ 7,5 წლით აღუკვეთა თავისუფლება.

პოლიტიკოსების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სასამართლო პროცესი ფუნდამენტურ შეკითხვებს ბადებს სასამართლოს მიუკერძოებლობასთან და ბრალდების კანონიერებასთან დაკავშირებით.“ სასამართლომ ჟურნალისტი დამნაშავედ ცნო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და გადასახადების დამალვის გამო.

ადამიანის უფლებების დამცველები ხადიჯა ისმალიოვას დაპატიმრებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას, კერძოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საოჯახო ბიზნესის შესახებ პუბლიკაციების გამოქვეყნებას უკავშირებენ.