ხადიჯა ისმაილოვა ციხიდან გამოუშვეს

ხადიჯა ისმაილოვა

აზერბაიჯანიდან იუწყებიან, რომ ციხიდან გამოუშვეს გამომძიებელი ჟურნალისტი, ხადიჯა ისმაილოვა.

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ დღეს განიხილა მისი სარჩელი და მიიღო გადაწყვეტილება ისმაილოვასთვის მისჯილი 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთის 3,5 წლით პირობითი პატიმრობით შეცვლის შესახებ. ისმაილოვამ გაასაჩივრა პატიმრობა ბრალდებებით, რომლებიც ბევრს მიაჩნია ანგარიშსწორებად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის კორუფციაში მამხილებელი რეპორტაჟებისათვის. ისმაილოვა 2014 წლის დეკემბერში დააკავეს და პატიმრობა 2015 წლის სექტემბერში მიუსაჯეს ფინანსურ დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ დასავლეთის მთავრობები და უფლებადამცველი ორგანიზაციები. 27 მაისს ხადიჯა ისმაილოვას 40 წელი უსრულდება.