ვინ ითხოვს მედეა მეზვრიშვილის სახელის უკვდავყოფას და ამისთვის თანახმაა კანონიდან გამონაკლისიც კი გააკეთოს?
მოქმედი წესით, ქუჩას, სკვერს ან სხვა გეოგრაფიულ ადგილს რომელიმე სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის სახელი მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 20 წლის შემდეგ შეიძლება მიენიჭოს. წესში არ არის დაკონკრეტებული, რა შემთხვევაში შეიძლება გამონაკლისის დაშვება, თუმცა დადგენილია, რომ საკრებულოს ამის მიზანშეწონილობის გადაწყვეტა შეუძლია.
მედეა მეზვრიშვილი
6 ნოემბერს თელავის საკრებულომ მართლაც საგანგებოდ განიხილა ეს საკითხი და უმრავლესობის გადაწყვეტილებით მედეა მეზვრიშვილისთვის გამონაკლისი დაუშვეს - ანუ ახლა შეუძლიათ იმსჯელონ მიენიჭოს თუ არა მეზვრიშვილის სახელი სკვერს.
„ჩემი პოზიცია იყო, რომ რადგან 20 წელი არ გასულა, არც გამონაკლისი დაეშვათ. თან ამ საკითხმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორც თელაველებში, ისე ზოგადად საზოგადოებაში. ვფიქრობ, რომ ამის ნაადრევად გადაწყვეტა არ იქნება მიზანშეწოლილი. დაჩქარებული წესით განიხილეს. როგორც ჩანს, უნდათ, რომ გაიტანონ, - ამბობს ლევან ბერძენაშვილი, - მედეა მეზვრიშვილს, მართალია, რაღაც დამსახურება ჰქონდა, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია, მისი სახელი სკვერს დაარქვან? თელავს იმდენი გამოჩენილი ადამიანი ჰყავს… სჯობდა სხვაზე გვეფიქრა და მისი სახელობის სკვერი დაგვეფუძნებინა“, - ყვება თელავის საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“ ლევან ბერძენაშვილი.
მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, აქტივისტი არჩილ მჭედლიშვილი კი ამბობს: „წლებია საკრებულოს სხდომებს ვესწრები და ძალიან იშვიათად დაუშვიათ ასეთი გამონაკლისი“.
თელავი, ერეკლე II-ის მოედნის მიმდებარე ტერიტორია
მედეა მეზვრიშვილი1960-იან წლებში ჯერ თელავის რაიკომის მდივანი იყო, შემდეგ კი საგარეჯოსი. საქართველოს დამოუკიდებლობის მერე ის თელავის გამგებელი და კახეთში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის რწმუნებული გახდა. გარდაიცვალა 2009 წელს, 79 წლისა.
იმ პერიოდის საქართველოში მედეა მეზვრიშვილი გავლენიან ადამიანად ითვლებოდა. დღემდე საზოგადოების ერთი ნაწილი მას „ბევრი კარგი საქმის“ გამო ემადლიერება, მეორე კი პირიქით - „კორუფციისა და კლანურობის“ გამო ემდურის.
ვარდების რევოლუციის შემდეგ მედეა მეზვრიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ გამორჩენილა.
მედეა მეზვრიშვილი
მედეა მეზვრიშვილის სახელის სკვერისთვის მინიჭების ინიციატორი თავად თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე იყო - წლებია, რაც ამ მოთხოვნით სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები საკრებულოს მიმართავენო .
„თავისი მოღვაწეობის პერიოდში მან [მედეა მეზვრიშვილმა - რ.თ.] დიდი წვლილი შეიტანა ქ. თელავის ზრდა-განვითარების საქმეში, რაიონის ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ განვითარებაში“ - წერია 2018 წელს დაარსებულ ორგანიზაცია „ჩემი თელავის“ განცხადებაში, რომელიც ქალაქის საკრებულოს მეზვრიშვილის წვლილის დაფასებას სთხოვს.
„ერეკლეს სასახლის ეზოში ციხე იყო და ერთ დღეში გააუქმა. მისი ინიციატივა იყო ერეკლეობის დაწესებაც, ერეკლე მეორეს ძეგლის დადგმაც. სტადიონს რომ აკეთებდნენ, ყოველდღე იქ იყო. სახელმწიფო თეატრის მშენებლობაც მას უკავშირდება. გიგოს გორაზე ეკლესია ააშენა“, - ჩამოთვლის ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნოშრევან კაციტაძე, - „გაჭივებულებს ხელს უწყობდა. უპატრონო მიცვალებულების პატრონიც ეგ იყო. ეს ქალი ღირსია, რომ მისი სახელი რომელიმე ობიექტს ეწოდოს“.
საკრებულოს ფეისბუქ-გვერდზე წერია, რომ: „მედეა მეზვრიშვილის სახელს უკავშირდება მრავალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი.
ამ პოსტის ქვეშ ასზე მეტი კომენტარია, თითქმის ყველა უარყოფითი.
„მის სახელს უკავშირდება არაერთი კორუფციული გარიგება, „სძელკა“ და „რაზბორკა“. ეგრე გააგრძელეთ, ეგრე“.
„მაინც ჩავხედე კალენდარს - არადა, არაა 1 აპრილი“.
„თელავს რომ დაარქვათ მისი სახელი? სკვერი ცოტაა“.
„კაი ქალი იყო მედეა მეზვრიშვილი, ჩემო ძმაო, მაგრამ მანამდე სხვას ჰქონდა მაგაზე დიდი წვლილი შეტანილი“…
ახლა საკითხი შესასწავლად საკრებულომ ინფრასტრუქტურის კომისიას გადასცა. როდესაც კომისია თავის სიტყვას იტყვის, საკრებულო საბოლოოდ გადაწყვეტს, მიენიჭოს თუ არა ერეკლეს მოედანთან სკვერს (1400-მდე კვ.მ.) მედეა მეზვრიშვილის სახელი.