მიტოვებული მანქანები თბილისის საპარკინგე ადგილებზე - რატომ ვერ გააქვთ ისინი?

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ავტომობილი შეიძლება მიტოვებულად ჩაითვალოს, თუ ის გზაზე უსაფრთხო მოძრაობისთვის გამოუსადეგარია და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იმავე ადგილას სულ მცირე სამი თვეა დგას.

თბილისში, სადაც მძღოლები თავისუფალი საპარკინგე ადგილის ძებნაში ზოგჯერ საათზე მეტსაც ხარჯავენ, ქუჩებსა და საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში თვეებისა და წლების განმავლობაში მიტოვებული ავტომობილები დგას. ზოგიერთს საბურავები ან საქარე მინები აკლია, ზოგი ნაწილობრივ ან მთლიანად დაშლილია.

რამდენი ასეთი მანქანა იკავებს საპარკინგე სივრცეებს, უცნობია. მათი გატანის უფლებამოსილება რამდენიმე უწყებას შორისაა განაწილებული, ხოლო საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში მიტოვებული მანქანების პრობლემის გადაჭრა კიდევ უფრო რთულია.

„სამ-ოთხ წრეს ვარტყამ კორპუსს, რომ სადმე გავაჩერო და ამ დროს თვეებია, ვიღაცის მანქანა ლპება ჩემს კორპუსთან“, - გვწერს ერთ-ერთი მძღოლი.

„ნაგავსაყრელი უნდა გამოიყოს სადმე და დაგვასვენონ ჯართებმა“, - ამატებს მეორე.

თუმცა რომელ უწყებას მიმართონ ამ ჩივილით, არცერთმა არ იცის.

რადიო თავისუფლების კამერამ ერთ დღეში გურამიშვილის გამზირზე, ბელიაშვილის ქუჩასა და დიდუბის მახლობლად არაერთი ასეთი მანქანა გადაიღო - როგორც საპარკინგე სივრცეებში, ასევე სახლების ეზოებში. გადაღებული ავტომობილების უმეტესობას მოხსნილი აქვს სანომრე ნიშნებიც.

როდის ითვლება ავტომობილი მიტოვებულად და ვის შეუძლია მისი გადაყვანა?

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ავტომობილი შეიძლება მიტოვებულად ჩაითვალოს, თუ ის გზაზე უსაფრთხო მოძრაობისთვის გამოუსადეგარია და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იმავე ადგილას სულ მცირე სამი თვეა დგას.

ასეთ შემთხვევაში, კანონით, მერიას აქვს უფლება 100-ლარიანი ჯარიმა გამოწეროს და ავტომობილი სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს.

თუმცა, ეს წესი ყველა მიტოვებულ ავტომობილზე არ ვრცელდება.

„ეს წესი გზაზე მდგომ მანქანას ეხება და კორპუსის ეზოში გაჩერებულ ავტომობილზე ავტომატურად არ ვრცელდება“, - გვეუბნება ეკა ლალიაშვილი, ორგანიზაცია „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე.

დაზიანებული ავტომობილი დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე

მისი თქმით, „სირთულე შეიძლება იყოს ამ კრიტერიუმების დადასტურება და გადაყვანილი მანქანებისთვის საკმარისი სადგომის უზრუნველყოფა“.

ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, რამდენი მიტოვებული ან დაზიანებული ავტომობილი დგას თბილისის ქუჩებსა და ეზოებში, არ არსებობს.

მათზე რეაგირებასა და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები სამ უწყებას შორისაა განაწილებული: თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, მუნიციპალურ ინსპექციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის.

რადიო თავისუფლებამ სამივე უწყებას მიმართა იმის გასარკვევად, რა შემთხვევაში შეუძლიათ მიტოვებული ავტომობილის დაჯარიმება ან გადაყვანა.

თუ მანქანა საპარკინგე ადგილზე დგას

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განმარტებით, თუ მიტოვებულ ავტომობილს სანომრე ნიშანი აქვს, საპარკინგე ადგილზე დგას და პარკირების წესებს არღვევს, მფლობელი შეიძლება დააჯარიმონ.

თუ დაჯარიმებიდან 12 საათის განმავლობაში ავტომობილს არ გაიყვანენ, შეიძლება მფლობელი განმეორებით დააჯარიმონ და ავტომობილი სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანონ.

თუ ავტომობილს სანომრე ნიშნები მოხსნილი აქვს და ისეთ წესს არღვევს, რომელიც ევაკუაციის საფუძველია, მას დაცულ სადგომზე გადაიყვანენ. ამის შემდეგ საპატრულო პოლიციამ უნდა დაადგინოს მფლობელი და შეადგინოს საჯარიმო ქვითარი.

„სხვა სივრცეში, სადაც მიტოვებული ავტომობილი დგას ისე, რომ არ არღვევს კანონით გათვალისწინებულ რომელიმე პუნქტს ან ქვეპუნქტს, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება არ ექვემდებარება დაჯარიმებას, მათ შორის, კერძო საკუთრებაში ან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში“, - განმარტავს სააგენტო.

ამასთან, თუ მიტოვებულ ავტომობილს ძველი ფორმატის სანომრე ნიშანი აქვს, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს არ აქვს მისი დაჯარიმების ან ევაკუაციის უფლებამოსილება.

დაზიანებული ავტომობილი

რადიო თავისუფლებამ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დამატებით ჰკითხა, აღრიცხავს თუ არა მიტოვებულ და დაზიანებულ ავტომობილებს, რამდენ საპარკინგე ადგილს იკავებენ ასეთი ავტომობილები და რამდენი გადაჰყავთ ყოველწლიურად სპეციალურ სადგომზე.

პასუხის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.

თუ მანქანა საცხოვრებელი კორპუსის ეზოშია მიტოვებული

საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში მდგომარეობა განსხვავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ „საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სატრანსპორტო საშუალების მიტოვება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არ არის, თუმცა, თუ აღნიშნული ავტომანქანა ხელს უშლის სხვა ავტომანქანების გადაადგილებას, უნდა მოხდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-თან დაკავშირება“.

შსს-ს განმარტებითვე, სანომრე ნიშნის გარეშე გაჩერებულ ავტომობილზე რეაგირება შეუძლია როგორც საპატრულო პოლიციას, ისე მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს.

თუ ადგილზე ვერ არკვევენ, ვინ ფლობს ავტომობილს, დაუყოვნებლივ გადაჰყავთ დაცულ სადგომზე, სადაც მფლობელს ადგენენ და აჯარიმებენ.

რას აკეთებს მუნიციპალური ინსპექცია?

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განმარტავს, რომ „კომპეტენციის ფარგლებში ახდენენ რეაგირებას ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების განთავსება-რეალიზაციაზე“.

თუმცა ინსპექციას ექსპლუატაციიდან გამოსული ავტომობილები და მათი ნაწილები ადგილიდან თავად არ გადააქვს. თუ მფლობელის დადგენას მოახერხებენ, გატანას სწორედ მას დაავალებენ.

მიტოვებულ ავტომობილზე რეაგირება დამოკიდებულია იმაზე, სად დგას მანქანა, აქვს თუ არა სანომრე ნიშანი და არღვევს თუ არა კონკრეტულ წესს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ავტომობილი თვეების განმავლობაში ერთ ადგილას დგას და საპარკინგე სივრცეს იკავებს, ყოველთვის არ არის საკმარისი მისი გადაყვანისთვის.

ხუთ წელიწადში 442 ათასით მეტი ავტომობილი

მიტოვებული ავტომობილები თბილისის პარკირების უფრო ფართო პრობლემის ნაწილია.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს თბილისში 541 598 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, 2026 წლის მონაცემებით კი, თითქმის 82%-ით მეტი- 984 369. ამ ხუთ წელიწადში დედაქალაქში 442 771-ით მეტი მანქანა დარეგისტრირდა.

დაზიანებული ავტომობილი

რამდენი საპარკინგე ადგილი ჰყოფნის ქალაქს, სადაც თითქმის მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული?

ოფიციალურად დედაქალაქში 28 668 საპარკინგე ადგილია, თუმცა თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ეს მონაცემი სრულად არ ასახავს ქალაქის საპარკინგე ადგილების რაოდენობას.

ზონალურ-საათობრივი პარკირების გარდა, თბილისში სტანდარტული მუნიციპალური საპარკინგე სივრცეებიც არსებობს. ამას ემატება კერძო ავტოსადგომები, ავტოფარეხები, საცხოვრებელი კორპუსებისა და დაწესებულებების ეზოები და სხვა ადგილები, სადაც ავტომობილის გაჩერება შეიძლება.

ამ ადგილების საერთო რაოდენობის შესახებ სრულყოფილი მონაცემები არ გვაქვს.

„საათი და 40 წუთიც მივლია ვაკეში ადგილის საძებნელად“

თბილისში საცობიდან თავის დაღწევა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ დანიშნულების ადგილამდე დროულად მიხვალთ. შესაძლოა, დარჩენილი დრო პარკირების ადგილის ძებნაში დაკარგოთ.

რამდენიმე ქუჩის შემოვლა, ერთსა და იმავე ადგილას არაერთხელ დაბრუნება და თავისუფალი ადგილის ლოდინი - ეს იმ სირთულეების ნაწილია, რომლებსაც თბილისში მძღოლები ყოველდღე აწყდებიან.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რამდენ დროს კარგავენ მძღოლები პარკირების ადგილის ძებნაში, დედაქალაქის რომელ უბნებში უჭირთ მანქანის გაჩერება ყველაზე მეტად და როგორ ცვლის ეს მათ ცხოვრებას.

ფეისბუკში მძღოლების ორ დიდ თემატურ ჯგუფში გამოცდილების გაზიარება ვითხოვეთ. 80-მდე ადამიანი გამოგვეხმაურა.

უმრავლესობამ დაწერა, რომ თავისუფალი ადგილის პოვნა უჭირს. ზოგი ამისთვის 20-30 წუთს ხარჯავს, ზოგს კი მანქანის გაჩერების უშედეგო მცდელობის შემდეგ დანიშნულების ადგილიდან უკან გაბრუნებაც უხდება.

გამოხმაურებებში თბილისის სხვადასხვა უბანია ნახსენები.

„ვაკეში 10 კილომეტრი გავიარე წრეების რტყმაში და წამოვედი მერე სხვაგან. საათი და 40 წუთიც მივლია ვაკეში ადგილის საძებნელად“.

„მედიქლაბთან, ტაშკენტის ქუჩაზე რომ უნდა გამეჩერებინა, 2 წრე გავაკეთე და რაღაცნაირად, სადღაც გავაჩერე. 800 მეტრის გავლა მომიწია ერთი გზა. ყავარჯნებით ვიჩახუნე ნაწვიმარზე“.

„რაფიელ აგლაძის ქუჩაზე, გამოფენის უკანა მხარეს მქონია შემთხვევა, ჩემს ეზოში 40 წუთი ვტრიალებდი, სადმე ადგილი რომ მენახა“.

გამოხმაურებები კითხვაზე, საშუალოდ რამდენი დრო სჭირდებათ თბილისში პარკირების ადგილის მოსაძებნად.

ზოგიერთმა მძღოლმა კი გვითხრა, რომ ბოლო დროს სახლიდან ჩვეულებრივზე ადრე გადის - ბავშვები სკოლაში რომ დროულად მიიყვანოს და თან სამსახურში არ დააგვიანდეს.

„მანქანა წაყვანილი დამხვდა და ჯარიმის გადახდა მომიწია“

მძღოლების აღწერილი სიტუაციები ნაცნობია შაკოსთვისაც. ის ყოველდღე, სამსახურის შემდეგ, კახეთის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნისკენ მიდის. უნივერსიტეტში სწავლობს და ლექციების დროს მანქანის გაჩერება ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში უწევს.

„რომ გამოვედი უნივერსიტეტიდან, მანქანა წაყვანილი დამხვდა და ცალკე ჯარიმის გადახდა მომიწია“, - ის იხსენებს შემთხვევას, როდესაც უნივერსიტეტთან ადგილის უშედეგო ძებნის შემდეგ მანქანა ისეთ ადგილზე გააჩერა, სადაც აკრძალული იყო.

ამ შემთხვევის შემდეგ შაკო უნივერსიტეტში სხვანაირად დადის.

„სამგორის ან ისნის მეტროსთან ვტოვებ მანქანას, მერე თავისუფლებამდე მივდივარ მეტროთი და იქედან ჩავდივარ ფეხით კოლმეურნეობაზე“.

თუმცა თავისუფალი ადგილის პოვნა არც ისნის მეტროსთანაა მარტივი - ზოგჯერ ამისთვის სულ მცირე ორი წრის დარტყმა უწევს.

პარკირებაში გადახდილი ფული გარანტია არ არის

თბილისში მანქანის გასაჩერებლად ორი სახის მუნიციპალური პარკირება მუშაობს.

  • სტანდარტული, გრძელვადიანი პარკირება: ამ შემთხვევაში საშვი ერთი კვირის განმავლობაში 4 ლარი ღირს, ექვსთვიანი - 25, ხოლო მთელი წლისთვის - 50 ლარი. ამ საშვით შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ მუნიციპალური საპარკინგე ადგილებით, სადაც ზონალურ-საათობრივი სისტემა არ მოქმედებს.
  • ზონალურ-საათობრივი პარკირება: ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე კი პარკირებისთვის საათობრივად იხდით ფულს. ასეთ ადგილებს სპეციალური ნიშნულებით ამოიცნობთ. აქ თანხას იმის მიხედვით იხდით, რომელ ზონაში აჩერებთ და რამდენ ხანს ტოვებთ მანქანას. ამისთვის სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვაა საჭირო. თუმცა პარკირების საფასურის გადახდა არ ნიშნავს, რომ თავისუფალი ადგილი გარანტირებულად დაგხვდებათ.

რას ამბობდა კალაძე პარკირების პრობლემაზე?

პარკირების პრობლემა თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებებს შორისაც იყო.

2017 წელს, მერობის კანდიდატობისას, კალაძე პარკირებას დედაქალაქის სამ მთავარ პრობლემას შორის ასახელებდა და თბილისელებს მის მოგვარებას ჰპირდებოდა.

შვიდი წლის შემდეგ კი, 2024 წლის ივლისში, უკვე თბილისის მერის თანამდებობაზე მყოფმა კალაძემ განაცხადა, რომ „ქალაქში არსებობს საპარკინგე სივრცეები და პარკირების პრობლემა არ არის“.

თუმცა მძღოლები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, განსხვავებულ გამოცდილებას აღწერენ. მათი მონათხრობიდან ჩანს, რომ თბილისში პარკირების ადგილის ძებნას ხშირად დიდი დრო სჭირდება, ზოგჯერ კი ეს იმის გამო ხდება, რომ თავისუფალ სივრცეს მიტოვებული „ჯართი იკავებს“.

ასევე ნახეთ

ჯართი ქალაქის პარკინგზე