დაცვის მხარე 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით თავიდანვე პატიმრობა მოითხოვა. პროკურორმა განაცხადა, რომ გელა არობელიძე მანამდეც არაერთხელ არის ნასამართლევი და საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ნაპოვნი არ არის დანაშაულის იარაღი - დანა, რომელიც, სავარაუდოდ, ბრალდებულმა გადააგდო.
არობელიძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმე დანაშაულისთვის არ არის ნასამართლევი.
წინასწარი ინფორმაციით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული და მისი მსხვერპლი წარსულში ერთმანეთს არ იცნობდნენ; თუმცა მანამდე იყო კიდევ ერთი შეხვედრა - მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, რა დროსაც, სავარაუდოდ, მათ ერთმანეთი გაიცნეს. ამ ორი შეხვედრის მიზნები და მკვლელობის მოტივი დადგენილი არ არის.
„ვახტანგ ჩიქოვანის ოჯახი გელა არობელიძეს არ იცნობდა. პირველად გაიგეს ეს სახელი და გვარი მკვლელობის შემდეგ“, - გვეუბნება გარდაცვლილის ნათესავი.
გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს და არ არის ცნობილი ექსპერტიზის შედეგი. ოჯახის ადვოკატის თანახმად, დაზარალებულის სტატუსს ვახტანგ ჩიქოვანის შვილი მიიღებს.
გელა არობელიძეს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რადიო თავისუფლებამ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ამ ეტაპისთვის ცნობილი გარემოებები და დეტალები დაადგინა - რაც გამოძიების წინასწარ შედეგებსა და მხარეთა ვარაუდებს ეყრდნობა.
რა მოხდა ყიფშიძის ქუჩაზე?
საბედისწერო დღეს, 18 ნოემბერს, ბრალდებული და მისი მსხვერპლი ერთმანეთს რესტორან „პულმანთან“ შეხვდნენ, ისაუბრეს და ბრალდებულის ავტომანქანით გაემართნენ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსისკენ, რომლის მიწისქვეშა სივრცეშიც მკვლელობა მოხდა. ამ კორპუსში ცხოვრობს ბრალდებული არობელიძე. რესტორანი ამ კორპუსიდან ძალიან ახლოს, რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს. გარდაცვლილი ჩიქოვანი საბურთალოზე ცხოვრობდა.
ჩიქოვანის ოჯახის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის თქმით, დადგენილი ფაქტია, რომ ავტომობილში იჯდა მხოლოდ ეს ორი ადამიანი; მაგრამ არ არის დაზუსტებული, იყვნენ თუ არა ისინი მარტო იმ სივრცეში, სადაც მკვლელობა მოხდა.
შემთხვევის ადგილი ყიფშიძის ქუჩაზე
სვიმონიშვილი გვეუბნება, რომ მკვლელობა კორპუსის უსაფრთხოების სამსახურის [დარაჯის] მოსასვენებელ ოთახში მოხდა, რომელიც ავტოფარეხების სიბრტყეზე მდებარეობს. შესასვლელს რკინის კარი აქვს.
„ყიფშიძის ქუჩაზე მიყვანისა და საუბრის ინიციატორი იყო ბრალდებული - მან სთხოვა დარაჯს, რომ დაეთმო მათთვის ეს სივრცე სასაუბროდ“, - გვეუბნება ადვოკატი. საუბრის შინაარსი არავინ იცის.
გარდაცვლილის ნათესავი ირაკლი ღლონტი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არაფრით დასტურდება წინასწარ გახმაურებული ინფორმაცია, რომ თითქოს ვახტანგ ჩიქოვანი გელა არობელიძეს ძველ ვალს - 500 000 ლარს - სთხოვდა.
ოთახში, სადაც მკვლელობა მოხდა, პატარა სამზარეულოა მოწყობილი; თუმცა დანა - მკვლელობის იარაღი - დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბრალდებულს სამზარეულოში არ დახვედრია.
„დანა მას [არობელიძეს] თან ჰქონდა - მისივე სიტყვებია ეს, როგორც გავიგეთ. ამ ეტაპზე გამოკითხვის ოქმი ნანახი არ გვაქვს“, - გვეუბნება ადვოკატი სვიმონიშვილი.
20 ნოემბერს სასამართლოზეც დადასტურდა, რომ დანა ამ ეტაპზე ნაპოვნი და ამოღებული არ არის.
ნათესავის, ირაკლი ღლონტის, თანახმად, რომელიც ცხედრის დათვალიერებას ესწრებოდა, ვახტანგ ჩიქოვანს დანით 5 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული - „მუცელთან ახლოს, ქვედა კიდურზე“ - რამაც, სავარაუდოდ, არტერიის დაზიანება გამოიწვია.
„გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ექსპერტიზის შედეგების შესწავლამდე უხერხული მგონია საუბარი რომელიმე მხარის პერსონალურ პასუხისმგებლობაზე... თუმცა ფაქტი სახეზეა - ადამიანი მოკლულია. ბატონი ჩიქოვანი უიარაღოდ იყო“, - გვეუბნება ირაკლი ღლონტი - იურისტი, ყოფილი პოლიტიკოსი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც.
ასევე ნახეთ
ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის კაცი მოკლესკიდევ რამდენიმე ფაქტი შემთხვევის ადგილიდან:
- ბრალდებული თავად დაუკავშირდა 112-ს, სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოსაძახებლად და ბუნებრივია, სასწრაფოს მოჰყვა პოლიციაც;
- პოლიციას ბრალდებული ადგილზე დახვდა;
- სასწრაფოს მოსვლის დროს ჩიქოვანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ადგილზე, მალევე გარდაიცვალა.
„როდესაც სასწრაფო მოვიდა და უტარებდა რეაბილიტაციას აწ გარდაცვლილ ბატონ ვახტანგს [ჩიქოვანი], მის ტელეფონზე დარეკა მისმა შვილმა და ბრალდებულმა უთხრა, რომ ტელეფონის პატრონი არის ცუდად და გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღებაო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი სვიმონიშვილი. ბრალდებულის მხარესთან ამ ინფორმაციის გადამოწმება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
გელა არობელიძე სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს, რის შემდეგაც კლინიკაში აღმოჩნდა. მისმა ადვოკატმა თამარ მერლანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს „ოპერაცია ხელზე ჩაუტარდა, გარდაცვლილის მხრიდან ტაფით მიყენებული დაზიანების შედეგად“.
ვახტანგ ჩიქოვანის მხარე ვარაუდობს, რომ ტაფით ის შესაძლოა თავს იცავდა - დანით თავდასხმის მოგერიების დროს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაპირისპირების ხმა გაიგო დარაჯმა.
მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს.
როგორც სვიმონიშვილი და ღლონტი ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, მომხდარის შემდეგ მალევე დაათვალიერეს მიმდებარე ტერიტორია და ვერცერთ ვიდეოსამეთვალყურეო კამერას ვერ მიაგნეს. „კამერები არც მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობებს აქვთ“, - გვეუბნება ირაკლი ღლონტი.
„მან [არობელიძემ] კარგად იცოდა, რომ აღნიშნულ ფარეხში არ იყო ვიდეოსამეთვალყურეო კამერები“, - ამ გარემოებას ხაზს უსვამს ადვოკატი სვიმონიშვილი.
რას ამბობს ბრალდებულის ადვოკატი?
“საქმის მასალები ახლა გადმოგვეცა - საკმაოდ მოცულობითია, ვეცნობი და დროს მოითხოვს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბრალდებულის ადვოკატმა თამარ მერლანმა 20 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც გელა არობელიძეს ბრალი წაუყენეს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ დეტალებზე საუბარი მოგვიანებით იქნება შესაძლებელი, თუმცა ჩვენს რამდენიმე შეკითხვას მაინც პასუხობს.
გვიდასტურებს, რომ არობელიძესა და ჩიქოვანს წარსულში ერთმანეთთან მეგობრობა, ბიზნესპარტნიორობა ანდა ნაცნობობა არ აკავშირებდათ.
მერლანის თქმით, შემთხვევის ადგილას, იმ ოთახში “ორნი იყვნენ - გარდაცვლილი და ბრალდებული - მეტი იქ არავინ არ ყოფილა”, თუმცა ჯერჯერობით არაფერს გვეუბნება შემთხვევის ადგილამდე ავტომობილით მგზავრობის ეპიზოდზე და ამ ავტომობილში მსხდომთა რაოდენობაზე.
რადიო თავისუფლებას გარდაცვლილის მხარისგან მოსმენილი ყველა ინფორმაციის გადამოწმება სურდა, თუმცა ადვოკატი თამარ მერლანი მუდმივად გვიმეორებდა, რომ საქმის მასალებს ჯერჯერობით არ იცნობს.
ადვოკატმა გვითხრა, რომ გელა არობელიძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს, რაც სასამართლო სხდომაზეც დადასტურდა.
რა ვიცით მოკლულის შესახებ?
ნათესავების მონათხრობით, გარდაცვლილი 77 წლის იყო, წარსულში სპირტის ბიზნესში იყო ჩართული, ხოლო ბოლო წლებში ოჯახზე, შვილიშვილებზე მზრუნველობით იყო დაკავებული.
ვახტანგ ჩიქოვანს მეუღლე, ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ჰყავს. მისი ერთი შვილი გარდაცვლილია.
ვახტანგ ჩიქოვანი ოჯახთან ერთად
რადიო თავისუფლებამ შეიტყო, რომ ვახტანგ ჩიქოვანმა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დარეკა ოჯახში და შვილიშვილებს გადასცა, რომ მალე მივიდოდა მათთან.
“ძალიან სამართლიანი ადამიანი იყო თავისი ბუნებით, ძალიან მშვიდი, ძალიან გაწონასწორებული. ყველა ამას ამბობს, ვინც მოდის სამძიმარზე. არავის ახსოვს მისი აწეული ხმა, ყვირილი. საყვედურის თქმაც მშვიდად იცოდა - ეს იყო მისი მთავარი იარაღი”, - ეუბნება ირაკლი ღლონტი რადიო თავისუფლებას.
რა ვიცით ბრალდებულზე?
ღია წყაროებში მოძიებული ინფორმაციით, ბრალდებული 60 წლის გელა არობელიძეა - ბიზნესმენი - ამჟამად “ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მის სახელთან ასევე სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობაა დაკავშირებული - წარსულში თუ აწმყოში.
ღია წყაროებით, არობელიძე წარსულში კომპანია Martin Bauer-ის ცენტრალური ოფისის დირექტორის პოსტსაც იკავებდა.
მისი სახელი იძებნება “ქართული ოცნების” შემომწირველთა შორის: 2021 წლის სექტემბერში - 30 000 ლარი.
პროკურატურის თანახმად, გელა არობელიძე წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი; თუმცა 20 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე კონკრეტული საქმეები არ დასახელებულა.
თავად ბრალდებულმა თქვა, რომ პატიოსნად იცხოვრა და დანარჩენს გამოძიება დაადგენს.
წინასასამართლო სხდომა 12 იანვარს, 13:00 საათზე დაინიშნა.