მოკლედ
- იტალიის პატარა ქალაქ უდინეში, 10-ევროიანმა ლატარიის ბილეთმა 2 მილიონი მოიგო და მეგობრები და თანამოსახლე ემიგრანტები საქართველოდან, ერთმანეთის მტრებად აქცია.
- ამბავს ორივე მხარე სხვაგვარად ჰყვება - ვინ და ვისთვის იყიდა იღბლიანი ლატარიის ბილეთი? როგორი იყო ზეპირი შეთანხმება? რატომ მოაწერეს ხელი ორმხრივ ხელშეკრულებას? როგორ გაჩნდა „შინამოსამსახურის ხელშეკრულება“ სასამართლო გადაწყვეტილებაში?
- დღეს ერთი ქალის ქონება დაყადაღებულია, მეორემ საქართველოში სამოქალაქო დავა მოიგო; წაგებული შსს-სა და პროკურატურაში ჩივის და ამბობს, რომ სამართლის ძიებაში სახელმწიფო მანქანის წინაშე მარტოა დარჩენილი.
2021 წელს ლატარიაში მოგებულმა ორმა მილიონმა ევრომ იტალიაში ერთ სახლში მცხოვრები ორი ემიგრანტი ქალი ჯერ ერთმანეთს გადაჰკიდა და შემდეგ ქართულ სასამართლოში შეახვედრა.
დავა ლელა ჩოქურმა წააგო, ქალმა, რომელიც ამბობს, რომ იმხანად უმუშევარ ნინო გოდერძიშვილს მან მისცა 50 ევრო და ლატარიის ბილეთების შეძენა სთხოვა.
დღეს ლელა ჩოქური, თავისი 4 წლის შვილით, შესაძლოა უსახლკაროდ დარჩეს - მისი ქონება საქართველოში დაყადაღებულია. ნაწილი - გაყიდული. აღსრულების სამსახური დარჩენილ ქონებას დღე-დღეზე გაასხვისებს და თანხას სასამართლოში მოგებულ მხარეს მიაკუთვნებს.
ნინო გოდერძიშვილმა საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლო დაარწმუნა, რომ იღბლიანი ბილეთი საკუთარი შემოსავლით შეიძინა, ხოლო ლელა ჩოქურს, რომელიც იტალიაში ლეგალურად მუშაობდა, მხოლოდ ბანკში თანხის განაღდებაში დახმარება სთხოვა.
იღბლიანი ბილეთი, რომელმაც 2 მილიონი ევრო მოიგო.
ლელა ჩოქური და მისი ადვოკატი დავით კორტავა ამბობენ, რომ მტკიცებულება, რასაც ქართული სასამართლო დაეყრდნო, ყალბია.
ლელა ჩოქური წელიწადზე მეტია პროკურატურასა და შსს-ის რეაგირებას, დოკუმენტების ფალსიფიკაციის გამოძიებას სთხოვს. დავით კორტავა შსს-ს და პროკურატურას უმოქმედობაში სდებს ბრალს.
ნინო გოდერძიშვილის ინტერესების დამცველი დავით მეცხოვრიშვილი ამბობს, რომ ხელახლა გამოსაძიებელი არაფერია, რადგან სიმართლე მარტივი და ბანალურია - ფული ნინომ მოიგო.
პროკურატურა დუმს. შსს-ში მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ საქმე აღძრული არ არის და არც ხელახალი გამოძიება არ დაწყებულა.
ამ სტატიაში გაიგებთ, როგორ მივიდა საქმე აქამდე.
ქალაქ უდინეს ადგილობრივ გაზეთში დაბეჭდილი ცნობა ორი მილიონის მოგების შესახებ
იღბლიანი ბილეთი - უდინე, იტალია
2021 წლის აგვისტოს ბოლოა. იტალიის პატარა ქალაქ უდინეში, ლელა ჩოქურის მიერ დაქირავებულ ბინაში რამდენიმე ემიგრანტი ქალიც ცხოვრობს. მათ შორისაა ნინო გოდერძიშვილი. ქალები ლელასგან ოთახებს შეღავათიან ფასად ქირაობენ და ეს ლელას ბინის საერთო ქირის დაფარვაში ეხმარება.
დროდადრო ამ ბინას სხვა ემიგრანტი ქალებიც აფარებენ თავს, რომლებიც დროებით უმუშევარი რჩებიან ან დახმარება სჭირდებათ:
„წამალი უნდოდათ თუ სხვა რამ, ყველას ვეხმარებოდი. მათ შორის, ნინოსაც“, - იხსენებს ჩოქური.
ნინო გოდერძიშვილი აზარტული ქალია - მას უყვარს ლატარიის თამაში და არაერთხელ მოუგია კიდეც - ერთხელ 1000 ევროც. თანამოსახლეები მას „იღბლიანსაც“ უწოდებდნენ. ყოფილა შემთხვევები, რომ ნინოს თანხის განაღდება იმ მეგობარი ემიგრანტი ქალებისთვის უთხოვია, რომლებსაც „საბუთები წესრიგში ჰქონდათ“. ამას მისი ადვოკატი დავით მეცხოვრიშვილიც გვეუბნება.
ლელა და ნინო ერთმანეთს 2012 წლიდან იცნობენ.
ლელა ჩოქურმა საქართველო მეუღლესთან ერთად 2010 წელს დატოვა და მას შემდეგ ორივე ემიგრაციაშია. ემიგრაციაში წლები გაატარა ნინო გოდერძიშვილმაც.
„კარგი ცხოვრების გამო იქ არავინ მიდიოდა“, - ამბობს ლელა.
ნინო ჟურნალისტებთან არ ლაპარაკობს.
ლელა ჩოქური ჰყვება, რომ 2021 წლის 23 აგვისტოს ნინო გოდერძიშვილმა მას 320 ევროს სესხება სთხოვა.
„ვასესხე და ჩემი 50 ევროც მივაყოლე, იქნებ ლატარიის ბილეთები მიყიდო და თუ მომგებიანი აღმოჩნდება, პატივს გცემ-მეთქი. ერთი ბილეთი 10 ევრო ღირდა“. ლელა ჩოქური გვიამბობს, რომ ამ სცენას მოწმეც ჰყავს - მათთან მცხოვრები სხვა ემიგრანტი ქალი.
ორი დღის შემდეგ, 25 აგვისტოს, ისევ ლელას მონათხრობით, ნინო გოდერძიშვილი შინ შესამჩნევად აღელვებული დაბრუნდა. ჯიბიდან ლატარიის უკვე გადაფხეკილი ბილეთი ამოიღო და ლელას უთხრა, რომ ამ ბილეთმა ორი მილიონი ევრო მოიგო.
„ის, რომ ბილეთის თანხა ნამდვილად ლელასი იყო, ხოლო ნინო გოდერძიშვილი იმ პერიოდში საერთოდ არ მუშაობდა, ამას ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებით ადასტურებს კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ქალი. ცხადია, ჩვენ დადასტურებულად არ ვიცით, გოდერძიშვილმა ეს ბილეთი თავად შეიძინა თუ ქუჩაში იპოვა. მან გადაფხიკა თუ გადაფხეკილი ნახა, მაგრამ ფაქტი, რაც ვიცით, არის ის, რომ ეს ბილეთი მან ლელა ჩოქურს მიუტანა. იტალიამ კი მომგებად სწორედ ის გამოაცხადა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი დავით კორტავა.
„არ არსებობს, ჩვენ ვინ რას მოგვაგებინებს, არ იქნება-მეთქი მომგებიანი ეგ ბილეთი, ვერ ვიჯერებდი“, - ჰყვება ლელა.
Your browser doesn’t support HTML5
ლატარიის მოგების ამბავი - ლელა ჩოქურის ვერსია
ლატარიის იღბლიანი ბილეთი
ბანკში ლელას მალევე დაუდასტურეს, რომ ლატარიის ეს ბილეთი ნამდვილად მომგებიანი იყო. ამ დროს მას ნინო და კიდევ ერთი ემიგრანტი ქალი ახლდა.
ახლა თანხის განაღდება იყო საჭირო. მეორე დღეს ლელა და ნინო ისევ ერთად მიდიან ბანკში - ამჯერად მოწმეების გარეშე.
ორი მილიონი ევრო იტალიის საგადასახადო სამსახურის მხრიდან 400 000 ევროთი დაიბეგრა. ხოლო დანარჩენი 1 600 000 ევრო ლელა ჩოქურის ანგარიშზე დაჯდა.
ლატარიაში ორი მილიონი ევროს მოგების ამბავი მაშინ ადგილობრივ გაზეთშიც დაიწერა. გამოცემა წერდა, რომ 25 აგვისტოს დაახლოებით 50 წლის ასაკის არაევროპული წარმოშობის ქალმა, თამბაქოს ჯიხურში ნაყიდი 10-ევროიანი Gratta e vinci-ის ლატარიის ბილეთით ორი მილიონი ევრო მოიგოო.
„მაგ დღეს პირველად ახსენა ნინომ, რომ მოგებული თანხიდან 600 000 ევროს ითხოვდა. ცხადია, უარი არ მითქვამს და შევთანხმდით, რომ რადგან ერთბაშად, გარკვეული საბანკო შეზღუდვების გამო, ამხელა თანხის გადარიცხვას ვერ შევძლებდი, ნაწილ-ნაწილ, ყოველთვე 60-60 ათას ევროს გადავურიცხავდი. ასეც ვიქცეოდი“.
2021 წლის ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით, ნინო გოდერძიშვილის ოჯახის წევრების ანგარიშზე ლელა ჩოქურისგან ყოველთვე მართლაც ირიცხება 60-60 ათასი ევრო. სულ 240 ათასი ევრო.
თებერვალში ჩარიცხვა იგვიანებს.
როგორც ლელა ჩოქური ამბობს, ამ დროს მის ცხოვრებაში რთული პერიოდი დგას - დედა უკვდება. მალე უნდა დაიბადოს მისი შვილი - სუროგატი ქალისგან, ხშირად უწევს საქართველოში ჩამოსვლა და გადარიცხვებიც დროებით ფერხდება.
ურთიერთობაც ნელ-ნელა იძაბება.
ნინო გოდერძიშვილი და მისი ადვოკატები ამბავს სხვაგვარად ჰყვებიან. ნინოს ინტერესებს სასამართლოში საქართველოს მთავარი პროკურორი 2012-2013 წლებში და დავით მეცხოვრიშვილი იცავდნენ.
„ბილეთი საკუთარი ფულით შეიძინა, გადაფხიკა და მოიგო მხოლოდ ნინო გოდერძიშვილმა. დანარჩენი მხოლოდ ლელა ჩოქურის მოგონილი ვერსიებია“, - ამბობს დავით მეცხოვრიშვილი.
ადვოკატი გვიყვება, რომ ნინო გოდერძიშვილს მართლაც ხშირად უმართლებდა ლატარიის თამაშისას და ერთხელ ამ გზით მოგებული 1000 ევრო სწორედ ლელა ჩოქურის დახმარებით გაანაღდა.
2021 წლის აგვისტოში, ადვოკატის მონათხრობით, ის მოხუცის მომვლელად მუშაობდა. 24 აგვისტოს ხელფასიც დაერიცხა - ოღონდ სხვა, მეგობარი ემიგრანტის საბანკო ანგარიშზე. ასეთი რამ, როგორც თავად ემიგრანტები განმარტავენ, არ არის იშვიათი ამბავი. იმ დღესვე იყიდა ბილეთი, მაგრამ ვერ მოიგო. მეორე დღესაც, 25-შიც, სცადა ბედი და „როგორც თავად ჰყვება, პირველი გადაფხიკა და არაფერი. და მეორე გადაფხეკილ ბილეთში ამოვიდა გამარჯვებული ციფრი - 56. შოკირებულმა მაღაზიის გამყიდველსაც ჰკითხა, ხომ არ ეჩვენებოდა, რომელმაც დაუდასტურა, მოგებული ხართო“.
ნინო გოდერძიშვილი უარყოფს როგორც ლელა ჩოქურისგან ფულის სესხების, ისე ფულის გატანების და ასევე 600 000 ევროს მოთხოვნის ფაქტსაც და ამბობს, რომ მან ლელას თანხის განაღდებაში დახმარება სთხოვა.
საჩუქრად კი თავად შესთავაზა 200 000 ევრო.
რაში სჭირდებოდა ნინო გოდერძიშვილს ლელა ჩოქურის ან სხვა ემიგრანტების დახმარება მსგავს შემთხვევებში?
ადვოკატი განმარტავს, რომ ემიგრანტ ქალს საბუთები არ ჰქონდა წესრიგში. ის იტალიაში ნინა რიმკევიჩის სახელით და პირადობით სარგებლობდა და თანხას თავად ვერ გაანაღდებდა.
ამიტომ სთხოვა დახმარება ჯერ სხვა ემიგრანტ ქალებს, ბოლოს კი - ლელა ჩოქურს.
საბოლოო შეთანხმება, ნინო გოდერძიშვილის ვერსიით, ასეთი იყო: მისი მოგებული თანხა თავიდან დაჯდებოდა ლელას ანგარიშზე, დაბეგვრის შემდეგ ლელას დარჩებოდა 200 000 ევრო, „დანარჩენი კი გადაერიცხებოდა მოგებულს“.
დავით მეცხოვრიშვილის თქმით, ლელა ჩოქურს მილიონ ექვსასი ათასი ევრო ჩაერიცხა სექტემბრის შუა რიცხვებში და ამ თანხიდან 700 000 ევრო იმავე თვის ბოლომდე თავად გამოიყენა:
„ნაწილი საქართველოში გადმორიცხა, ნაწილი იტალიის ფონდებში ჩადო და ჯამში, სხვისი ფულით იყიდა საქართველოში 11 ქონება. და როცა ამას აკეთებდა, ნინოს ეუბნებოდა, ფული ჯერ არ დარიცხულაო. ჩვენ მაშინ ეს ამბავი არ ვიცოდით. იმ 60 000 ევროს გადმორიცხვა კი ოქტომბრიდან დაიწყო“.
როცა თებერვალში ლელასგან ნინოსთან ყოველთვიური ჩარიცხვები შეწყდა, ნინომ ლელას დანარჩენი თანხის დროულად ჩარიცხვაც მოსთხოვა. ამას დაემთხვა მისი მეუღლის და შვილის ჯანმრთელობის გაუარესება, რისთვისაც, როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ოჯახს სასწრაფოდ სჭირდებოდა ფული.
Your browser doesn’t support HTML5
ორი მილიონი ევრო იღბლიანი ბილეთით - ნინო გოდერძიშვილის ადვოკატ დავით მეცხოვრიშვილის ვერსია
დავა სმს-ებით
სანამ საქმე სასამართლომდე მივიდოდა, ორ ემიგრანტ ქალსა და მათ ოჯახებს შორის ურთიერთობა ნელ-ნელა გაფუჭდა.
ლელა ჩოქური იხსენებს, რომ სანამ ის საქართველოში თავის პრობლემებს აგვარებდა, იტალიაში მისი ბინა გაქურდეს. ეჭვობს, რომ ეს „მასზე ზეწოლის გზა იყო თანხის გადარიცხვის დროებით შეფერხების გამო“.
იმავე პერიოდში ლელა ჩოქური ხვდება ნინო გოდერძიშვილის აწ გარდაცვლილ მეუღლეს. ამ შეხვედრის შინაარსს ლელა ასე ჰყვება:
„მითხრა, 30 ათასის გამო ქურდებმა აგერ საბერძნეთში კაცი მოკლეს, აქ კი ამხელა თანხაზეა საუბარიო…მე ვუთხარი, მემუქრებით-მეთქი? რას ლაპარაკობ, თქვენ რომ რამე დაგემართოთ, მაშინ თანხას ჩვენ ვინ მოგვცემსო?“
საქმეში დევს სატელეფონო მიმოწერაც ლელა ჩოქურსა და ნინო გოდერძიშვილს, ასევე ლელასა და ნინოს შვილს შორის. ესეც ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რასაც სასამართლო დაეყრდნო.
ერთ-ერთი სმს, რომელშიც საუბარია თანხის დაბრუნებაზე.
ამ მიმოწერაში ნინო გოდერძიშვილი წერს, რომ მისი კუთვნილი ფული დევს ლელას ანგარიშზე. ციტატა ერთ-ერთი სმს-იდან:
„გელოდები ხუთი თვეა მოთმინებით. იმედია, ჩამოხვალ ივნისის ბოლოს და ჩავამთავროთ ეს საქმე.. ჩემი მოგებული ფული მე დამიბრუნდეს და მერე აღარავინ შეგაწუხებს“, - წერს ნინო გოდერძიშვილი საქართველოში მყოფ ლელა ჩოქურს.
ლელა პასუხობს:
„ნინო, მე აქ ჩემი საქმისთვის ვარ.. ვერავისი გულისთვის ამ საქმეს ვერ გადავდებდი... შევწუხდი ჩემს სახელზე რომ არის (ფული - რ.თ.), ეს ჩემთვის პატივი არაა... ისე მწერ, თითქოს ვალი მაქვს შენი. ეს განწყობა ძალიან არ მომწონს“.
ნინო პასუხობს:
„ლელა... ამხელა თანხას მე რომ თქვენ გჩუქნით, არავინ არავის არ მისცემდა. მე მეგონა, რომ პატივი გეცით, მაგრამ შენ თურმე არაფრად მიგაჩნია“...
შემდეგ სმს-ები ლელას და ნინოს შვილს შორის გრძელდება:
ლელა ჩოქური წერს:
„მინდოდა ყველაფერი ნორმალურად დასრულებულიყო და დაგხმარებოდით, ძალიან სულსწრაფები და ემოციურები აღმოჩნდით...“
ნინო გოდერძიშვილის შვილი პასუხობს:
„დედას მოგებული ფულით ჩვენ უნდა დაგვეხმარო? შენ დედას ნდობა ბოროტად გამოიყენე... დადექი და ბინების შეძენა დაიწყე“...
„ასეთ დროს როგორი უნდა იყოს ლოგიკური რეაქცია? რას ამბობთ, რა თქვენი ფული, რა დედაშენის ფული, ეს არის ჩემი ფული და მე გეხმარები - ასეთი უნდა იყოს ლოგიკურად ლელა ჩოქურის პასუხი, ხომ? მაგრამ არა. არსად ის მსგავს რამეს არ ამბობს. პირიქით, ეუბნება, ჩემი დახმარება შეირგეო. თუ მხარე გვაჩვენებს ერთ მესიჯს მაინც, სადაც სადმეა მსგავსი რამ ნათქვამი, ხელები აგვიწევია“, - გვითხრა დავით მეცხოვრიშვილმა.
ლელა ჩოქური ამბობს, რომ ეს მესიჯები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და ტექსტური შეტყობინებების მიღმა იყო ზეპირი საუბრები და შეთანხმებები ლატარიაში მოგებული 2 მილიონის გარშემო.
ხელშეკრულება: 800 ერთს, 800 მეორეს
2022 წლის ივლისის ბოლოს, ლელა ჩოქურმა საქმის სამართლებრივი გზით მოგვარება სცადა და ადვოკატს მიმართა.
მხარეები მოგებული თანხის შუაზე გაყოფაზე შეთანხმდნენ. დაიდო ხელშეკრულებაც, რომლის თანახმად, რვაასი ათასი დარჩებოდა ლელა ჩოქურს, რვაასი ათასიც - ნინო გოდერძიშვილს. ამ თანხას გამოაკლდებოდა მანამდე უკვე გადარიცხული 240 000 ევრო და ლელას გადასარიცხი რჩებოდა 560 000 ევრო.
ნინო გოდერძიშვილმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ასეთი შინაარსის ხელშეკრულება მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო, მაგრამ ხელი მაინც მოაწერა “გამოუვალი ვითარების და თანხის საჭიროების გამო”.
ლელა ჩოქურსა და ნინო გოდერძიშვილს შორის თანხის ორად გაყოფაზე დადებული ხელშეკრულება
აგვისტოდან მომდევნო წლის მაისის ჩათვლით, ლელა ნინოს ანგარიშზე სხვადასხვა ოდენობის თანხას რიცხავს - ჯამში, მას ნინო გოდერძიშვილისთვის გადარიცხული აქვს 740 000 ევრო. ლელა ჩოქურის ადვოკატის, დავით კორტავას თქმით, დარჩენილი თანხის დროულად გადასარიცხად ლელა ჩოქურს თბილისში სესხის აღება მოუწია, რადგან თანხის ნაწილი დახარჯული ჰქონდა, ხოლო იტალიის ფონდებში ჩადებული დაახლოებით 300 000 ევროს დაბრუნებას, როგორც თავად ლელა ჩოქურიც განმარტავს, დრო სჭირდებოდა.
„ვიფიქრე, რომ ნაყიდ ბინებს გავყიდდი, სესხსაც დროულად გადავიხდიდი და როგორღაც ამ საქმეს წერტილი დაესმებოდა, მაგრამ ასე უცებ არც ბინები გაიყიდა და ვერც სესხი გადავიხადე... ამიტომ ჯერ კიდევ ამ მოგებამდე ჩემი ხელფასით ნაყიდი ბინაც და მოგებული თანხით ნაყიდი ბინაც ბანკმა გამიყიდა“...
„წარმოიდგინეთ, ხელშეკრულება 90%-ით არის შესრულებული. გადასახდელია 60 000 ევრო და ამ დროს ნინო გოდერძიშვილი სასამართლოში ჩივილს იწყებს, - გვიყვება დავით კორტავა, - და ის დარჩენილ 60 000-ს კი აღარ ითხოვს, არამედ ითხოვს 660 000 ევროს. ანუ კიდევ 600 000 ევროს ზემოდან. მადა მოუვიდათ ჭამაში“, - ამბობს კორტავა.
სასამართლოში ნინო გოდერძიშვილის დაცვა ამტკიცებდა, რომ ხელშეკრულება, რომლითაც ფული გაიყო, ამორალური იყო და უნდა გაბათილებულიყო.
შეხვედრა სასამართლოში
ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რასაც სასამართლო დაეყრდნო და საბოლოოდ საქმე ნინო გოდერძიშვილის სასარგებლოდ დასრულდა, გამოდგა იტალიიდან საგანგებოდ ჩამოტანილი ე.წ. შინამოსამსახურის ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ დამქირავებელი, ვინმე ჯუზეპე განგარელი, ქირაობს შინამოსამსახურედ ნინოს (ნინა რიმკევიჩიუსის სახელით) თავისი მოხუცი დედის, კურელა ლილიანას მომვლელად.
“ასე მეც შემიძლია შევადგინო ხელშეკრულება ზუსტად იგივე ტექსტით, ავკრიფო ვორდში, რომ მე ვმუშაობდი, მაგალითად, ფრანჩესკო ტოტის სახლში მომვლელად, მაგრამ ეს ხომ რეალობას არ ასახავს? ცრუობდა მათი მოწმეც, მზია ჯიშკარიანი, რომელიც აცხადებდა, ნინოსთან ერთად წავედი დასაქმების სააგენტოში და ეს ხელშეკრულება იქ ამოვაბეჭდვინეთო”.
დავით კორტავა ამბობს, რომ სასამართლომ მათი არცერთი მტკიცებულება სათანადოდ არ შეაფასა. სამაგიეროდ კი, კონტექსტიდან ამოგლეჯილ სმს-ებსა და ფალსიფიცირებულ შინამოსამსახურის ხელშეკრულებას დაეყრდნო.
მოგვიანებით, საქმეში ლელა ჩოქურის იტალიელი ადვოკატიც ჩაერთო, რომელმაც დასაქმების სააგენტოს, ე.წ. გალასებს ჰკითხა, ნამდვილად ასრულებდა თუ არა ესა და ეს პიროვნება აღნიშნულ სამუშაოს და იხდიდა თუ არა სოციალური დაზღვევის შესაბამისად გადასახადს. დასაქმების სააგენტოდან დაბრუნებულ პასუხში წერია, რომ მათ სააგენტოსა და ნინო გოდერძიშვილს შორის არანაირი სამუშაო ურთიერთობა არ ყოფილა.
იტალიიდან მოსული პასუხი
კითხვით მიმართეს იტალიის შემოსავლების სამსახურსაც - რეგისტრირებული იყო თუ არა ნინო გოდერძიშვილი, იგივე ნინა რიმკევიჩიუსი გადასახადის გადამხდელად და გადაიხადა თუ არა მან დასაქმების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადები.
შემოსავლების სამსახურიდან მოვიდა პასუხი, რომ ქალბატონი ნინა რიმკევიჩიუსი, იგივე ნინო გოდერძიშვილი, რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად, თუმცა მისი სახელით არ არის დაფიქსირებული შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახადების გადახდა იმ პერიოდში, როცა ერთმა ლატარიის ბილეთმა ორი მილიონი ევრო მოიგო.
ეს დოკუმენტაცია სააპელაციო სასამართლომ საქმეს არც დაურთო - აქამდე უნდა მოგეტანათო.
საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ხოლო უზენაესმა სასამართლომ საქმე განსახილველად წარმოებაშიც კი არ მიიღო.
“თითქოს ყოველდღე იხილავდეს იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალების მიერ ორი მილიონის მოგების საქმეს”, - დავით კორტავამ სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა სტრასბურგის სასამართლოში. ის მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს ლელა ჩოქურის უფლებების დარღვევა.
Your browser doesn’t support HTML5
ლელა ჩოქურის ადვოკატი დავით კორტავა გამოძიების დაწყების მოთხოვნაზე
რატომ არ იწყება გამოძიება?
სამოქალაქო დავა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როცა ლელა ჩოქურის ადვოკატებმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართეს და მოითხოვეს მტკიცებულების ფალსიფიცირების ფაქტზე გამოძიების დაწყება.
ასევე მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაწყებულიყო გამოძიება მოწმის მხრიდან განზრახ ცრუ ჩვენების მიცემაზე.
ეს ხდებოდა 2025 წლის ოქტომბერში.
მოისმინეს ლელა ჩოქურის ახსნა-განმარტება, თუმცა მას შემდეგ პროცესი წინ არ წასულა.
მას მერე ლელა ჩოქური და მისი ადვოკატები უწყვეტად ითხოვენ რეაგირებას პროკურატურისა და შსს-გან.
მიმართეს სახალხო დამცველსაც, რომელსაც სთხოვეს, რომ მან რეკომენდაციით მიმართოს აღსრულების ბიუროს, გარკვეული ვადით მაინც გადაწიოს ლელა ჩოქურის დაყადაღებული ქონების გასხვისების პროცესი.
“რეაგირება არ არის, საქმე არ იძვრის. დრო კი არ ითმენს”, - ამბობს დავით კორტავა:
“ჩვენი ვარაუდით, გამოძიება არ იწყება იმიტომ, რომ დოკუმენტები იყო ყალბი, ხოლო მოწმის ჩვენება იყო ცრუ და ამას უფრთხის პროკურატურაც და სასამართლოც. არც ლელა ჩოქური და არც მე, მისი წარმომადგენელი, არ ვაპირებთ გაჩერებას, რადგან სახელმწიფო, რომელსაც პირველ რიგში ევალება დაიცვას თავისი მოქალაქე, დუმს. ამ დუმილით ის კლავს ადამიანის ნდობას სახელმწიფოსადმი”, - გვეუბნება ადვოკატი.
“არ გავჩერდები”
„მგონია, რომ მასხრად მიგდებენ“, - ამბობს ლელა ჩოქური და ერთი სამართლის ძიებაში სახელმწიფო მანქანის წინაშე ადამიანის მარტო დარჩენის განცდაზე საუბრობს.
„სულ თავიდან, რომ ჩამოვედი, მეგონა, რაღაც გაუგებრობაა-მეთქი. ბევრი განცხადებები აქვთ და არ სცალიათ, მაგრამ მალე მივხვდი, რომ სადაც კი მივედი, ყველგან ბლოკავენ ჩემს განცხადებებს. შეხვედრის თხოვნებს გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან. საშინელი უსუსურობის განცდა მაქვს და უსამართლობისაც, მაგრამ სულ რომ მთელი ქონება დავკარგო, სანამ სამართალს არ ვიპოვი და დამნაშავე არ დაისჯება სიყალბის გამო, არ გავჩერდები. მე მგონია, ვიპოვი სამართალს“.
ნინო გოდერძიშვილის მხარე კი აცხადებს, რომ დამატებით გამოსაძიებელი არაფერია და ლელა ჩოქურმა ნინო გოდერძიშვილს თანხა სრულად უნდა დაუბრუნოს.