რუსეთის იმპერიული წარსულის ახალი კინოპროპაგანდა: პეტრე I-ის განდიდება და სტალინის რეაბილიტაცია

სტალინი და პეტრე I - სერიალ "სტალინიდან" და მხ. ფილმიდან „იმპერიის დაბადება“. ილუსტრაცია

რუსეთში პუტინის ისტორიული შეხედულებების შესაბამისი ორი ახალი კინოპროექტი გამოჩნდა: ფილმი „იმპერიის დაბადება“ პეტრე I-ზე და სერიალი „სტალინი“. ორივე ნამუშევარი რუსეთის იმპერიულ წარსულს ადიდებს, ისტორიული ფაქტების უხეში ინტერპრეტაციითა და პოლიტიკური გზავნილებით.

რუსეთში შემოდგომა-ზამთრის კინოსეზონი გაიხსნა ფილმებით, რომლებიც თითქოს ვლადიმირ პუტინის დაკვეთით გადაიღეს. პუტინს ისტორია უყვარს, თუმცა მხოლოდ იმ ინტერპრეტაციით, რომელიც მის შეხედულებებსა და რწმენას შეესაბამება. პუტინის ერთ-ერთი სტატია საერთოდ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის იდეოლოგიურ საფუძვლად იქცა.

ნოემბერ-დეკემბრის კინოპრემიერებს შორისაა ერთი მხატვრული ფილმი და ერთი სერიალი, რომლებიც რუსეთის იმპერიის ორი მნიშვნელოვანი ფიგურის - პეტრე I-ისა და სტალინის შესახებაა გადაღებული.

მხატვრული ფილმი „იმპერიის დაბადება“ უკვე გამოვიდა კინოეკრანებზე, სერიალ „სტალინის“ პრემიერა კი უახლოეს მომავალში გაიმართება ტელეკომპანია РЕН-TV-ის ეთერში, თუმცა ორივე ნამუშევარმა უკვე გამოიწვია აქტიური დისკუსია სოციალურ ქსელებში.

პოსტერი ფილმისა „იმპერიის დაბადება"

„იმპერიის დაბადება“, რომლის რეჟისორი ანდრეი კრავჩუკია, ხოლო სცენარის ავტორი - ანდრეი ზოლოტარიოვი, რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით გადაიღეს, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ პროდიუსერებს შორის არის ნიკიტა მიხალკოვი - რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზიდენტი და უბრალოდ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი.

„მასშტაბური და სანახაობრივი დრამა პეტრე I-ზე, რომელშიც ისტორიის დიდებულება ადამიანთა ბედისწერებისგან იქმნება. ინტრიგები, ბრძოლები, ღალატი და სიყვარული ეპოქის ცოცხალ მოზაიკად იკვრება. ფილმში პეტრე პირველი სახელმძღვანელოებიდან ნაცნობი პერსონაჟი კი არა, ადამიანია, რომელიც მარცხის გზით იმარჯვებს. მის გვერდით არიან ისინი, ვინც იმპერიის შექმნას შესაძლებელს ხდიან: ერთგული მენშიკოვი, ნიჭიერი დემიდოვი, უბრალო ჯარისკაცი სემიონი და მარტა სკავრონსკაია (მომავალი ეკატერინე I), რომელიც ხელმწიფისთვის სიმშვიდისა და სიხარულის უსაფრთხო კუნძულად იქცა“, - ასე წარადგენს ფილმს რუსეთის ოფიციალური მედია.

ფილმს რეკლამა გაუკეთა პირადად ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც პრემიერის წინ ინტერვიუ მისცა თავის კარის ჟურნალისტს, პაველ ზარუბინს. პუტინმა განაცხადა, რომ ფილმი ნახა და ძალიან მოეწონა. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ „იმპერიის დაბადებას“ ბევრი ადამიანი ნახავს:

„იცით, ყველაფერი ძალიან ხარისხიანად არის გაკეთებული. გაწეული შრომისთვის მინდა მადლობა გადავუხადო მსახიობებსა და შემოქმედებით ჯგუფს, რეჟისორს და ყველას, ვინც ფილმზე მუშაობდა. ასევე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ მას რაც შეიძლება მეტი მაყურებელი ნახავს. დარწმუნებული ვარ, ადამიანები სიამოვნებას მიიღებენ“.

სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ფილმის ფრაგმენტი აჩვენეს სანქტ-პეტერბურგში, სასახლის ხიდის გადასასვლელზე - ეკრანის ნაცვლად პირდაპირ ხიდის კონსტრუქციაზე.

„იმპერიის დაბადების“ რეჟისორია ანდრეი კრავჩუკი, სცენარის ავტორი - ანდრეი ზოლოტარიოვი. პროდიუსერები - ლეონიდ ვერეშჩაგინი, ანტონ ზლატოპოლსკი და ნიკიტა მიხალკოვი. გადაღებები სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში, ლენინგრადისა და ტულის ოლქებში მიმდინარეობდა. პეტრე I-ის როლი ალექსანდრ გორბატოვმა შეასრულა, მისი თანამებრძოლის, ალექსანდრ მენშიკოვისა - მილოშ ბიკოვიჩმა.

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, გაქირავების პირველ უქმეებზე „იმპერიის დაბადებამ“ 236 მილიონი რუბლი შეაგროვა (ფილმის გადაღება დაჯდა 2 მლრდ რუბლი - 24,4 მილიონი დოლარი). თუმცა, როგორც სპეციალისტები ფიქრობენ, ფილმის პოპულარობა მხოლოდ რეკლამას და პროპაგანდას არ გამოუწვევია: ბევრ მაყურებელს ფილმი მართლაც მოეწონა.

„რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (ВГИК) ვნახეთ ახალი ფილმი „იმპერიის დაბადება“! ჩვენების შემდეგ დარბაზი ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს, - დაწერა სოციალურ ქსელში ოლგა არჩაკოვამ, - ვფიქრობ, ეს ბევრ რამეს ამბობს არა მხოლოდ თავად ფილმზე, არამედ პეტრეს პიროვნებაზეც, რომელიც საუკუნეების შემდეგაც განაგრძობს ჩვენს შთაგონებას თავისი ენერგიით, ძალითა და სამშობლოს სიყვარულით“.

მაყურებელთა ნაწილმა „იმპერიის დაბადებაში“ აქტუალური გზავნილებიც დაინახა, როგორც ჩანს, სწორედ ისეთი, როგორიც მის ავტორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული. აი, რას წერს ერთ-ერთი აღფრთოვანებული მაყურებელი:

„ვნახე ფილმი „იმპერიის დაბადება“. შესანიშნავი ფილმია, ყველამ უნდა ნახოს. პირდაპირ დღევანდელ მოვლენებს ეხმიანება. არის ეპიზოდი მაზეპას ღალატზე და იმაზე, როგორ გაიწმინდეს მასზე ფეხები ახალმა პატრონებმა, შვედებმა. ვინც [უკრაინელებთან] დაიჭერს საქმეს, ყოველთვის აგებს. კარმაა“.

როგორ იქცა პეტრე I პუტინის პროპაგანდის პერსონაჟად

ფილმი იწყება 1700 წელს ნარვასთან პეტრეს ჯერ კიდევ გამოუცდელი არმიის განადგურებით. შემდეგ მოქმედება გრძელდება მოვლენებით, რომლებიც წინ უძღოდა ამ ბრძოლას: როგორ ბრუნდება რუსეთის მომავალი იმპერატორი დიდი ელჩობიდან, როგორ გადაწყვეტს რუსეთის ინტენსიური მოდერნიზაციის დაწყებას და როგორ უპირისპირდება ბოიარებს. ფილმში არის სცენა, რომელშიც პეტრე ერთ-ერთ ბოიარს წვერს აჭრის თავისი ეპოქის „ტრადიციული ღირებულებების“ წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, თუმცა უკვე მომდევნო სცენაში პეტრე I პატრიარქის წინაშე მუხლებზე დგას და სთხოვს, დაუთმოს ეკლესიის ზარები გადასადნობად (ქვემეხების ჩამოსხმის მიზნით).

„ეს არა მხოლოდ ისტორიული აქცენტების გადანაცვლებაა, ისტორიის აშკარა გადაწერაა თანამედროვე სახელმწიფოებრივი დღის წესრიგის შესაბამისად, - წერს ბლოგერი ნადეჟდა გინტი, - ცხადია, სინამდვილეში პეტრე I არა მხოლოდ არ დაჩოქილა ეკლესიის იერარქის წინაშე, არამედ ამის გაკეთება, პრინციპში, არც შეეძლო, რადგან ზარების გადადნობის შესახებ განკარგულების გამოცემისას რუსეთს აღარ ჰყავდა მოქმედი პატრიარქი. პატრიარქი ადრიანე მანამდე გარდაიცვალა, პეტრემ კი, როგორც ცნობილია, გააუქმა საპატრიარქო. გასაოცარია, რომ ფილმის ავტორები ისტორიული ფაქტების ამ უხეშ დამახინჯებასაც არ დასჯერდნენ: ფინალში ბრძოლის ველიდან „დაბრუნებულ“ ქვემეხებს ეკლესიებში მიათრევენ, რათა ისინი კვლავ ზარებად გადაადნონ, რაც პრაქტიკული თვალსაზრისითაც კი აბსურდია“.

ბლოგერის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით გადაღებულ ფილმში ისტორიული რეალობა დამახინჯებულია: მიხალკოვის ფილმებშიც მსგავსი ხერხით იცვლებოდა საბჭოთა ეპოქის მოვლენების ნამდვილი ვითარება:

ასევე ნახეთ

უიდეო პუტინი - როგორ მართავს კრემლი ისტორიით

„უფრო მეტად გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ მაინც და მაინც პეტრე I-ის ფიგურის გამოყენება გადაწყვიტეს მიმდინარე პოლიტიკური დღის წესრიგის ფარგლებში. მეფე-მოდერნიზატორი ცუდად „ეწერება“ კონსერვატიზმისა და ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდაში. ძნელია იმის მტკიცება, რომ ფილმი „უბრალოდ ისტორიული დრამაა“: ავტორებმა მისი მაქსიმალური პოლიტიზება მოახდინეს და მთავარ რეცენზენტად ვლადიმირ პუტინი აქციეს“.

ისრაელში მცხოვრები ფილოლოგისა და ლიტერატორის, მიხეილ ედელშტეინის თქმით, „იმპერიის დაბადება“ კინოს საკმაოდ იშვიათი ნიმუშია, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერი ცუდია: სცენარი, მსახიობების თამაში, ოპერატორის ნამუშევარი, ბრძოლის სცენები.

„კრავჩუკმა შეძლო გადაეღო სრულიად უსიცოცხლო ფილმი, რომელშიც, საერთო ჯამში, არცთუ ურიგო მსახიობები ზომბებივით მოძრაობენ სახეზე თითქოს სამუდამოდ მიკრული ერთი და იმავე გამომეტყველებით. ასევე უიმედოა მცდელობა, ჩატენონ რუსეთის ისტორიის 12 წელი 140 წუთში. სიუჟეტი წყდება, კომპოზიცია ირღვევა, კონსტრუქცია საკუთარ სიმძიმეს ვერ უძლებს. ავტორების მიერ ჩაფიქრებული მოვლენების თანმიმდევრული მონახაზის ნაცვლად ვიღებთ შემთხვევითი სცენებისა და პერსონაჟების ქაოსურ გროვას. მეტ-ნაკლებად დაწვრილებით გადმოცემულია მხოლოდ პოლტავის ბრძოლა, რომელსაც თითქმის ნახევარი საათი ეთმობა, თუმცა ეს ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი და დამღლელი ნახევარი საათია“, - ამბობს მიხეილ ედელშტეინი, რომლის თქმითაც, ფილმის გზავნილიც იოლად ამჟღავნებს თავს:

“სახელმწიფო ყველაფერია, ადამიანი კი მხოლოდ იმდენად არის ღირებული, რამდენადაც მზადაა, სახელმწიფოს შესწიროს ყველაფერი. დასავლეთი მტერია. უკრაინელები მოღალატეები არიან. რუსეთის მეფე კი მსოფლიოში ყველაზე ბრძენი და კეთილი მმართველია, რომელიც ძირითადი საქმიანობისგან თავისუფალ დროს წყალდიდობისას გატაცებული ძაღლების გადარჩენითაა დაკავებული”.

„ძაღლის გულიდან“ სტალინამდე

რუსეთში წლებია მიმდინარეობს საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის რეაბილიტაცია. პუტინის რეჟიმის სახელმწიფო პროპაგანდის ამ ძირითად ხაზს გულმოდგინედ მიუყვება ვლადიმირ ბორტკოს ექვსსერიანი მხატვრული სერიალი „სტალინი“, რომლის პრემიერაც ტელეკომპანია РЕН ТВ-ს ეთერში 2026 წლის 6 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

„მთავარი მხატვრული და, მე ვიტყოდი, პოლიტიკური ამოცანა, რომელსაც საკუთარ თავს ვუსახავთ, ამხანაგ სტალინის შესახებ გავრცელებული იმ მითის გაქარწყლებაა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, სკკპ-ის XX ყრილობიდან მოყოლებული ყალიბდებოდა, - ამბობს სერიალის რეჟისორი, - ჩვენ გვინდა, სტალინი წარმოვაჩინოთ არა კარგ ან ცუდ ადამიანად, არამედ ისეთად, როგორიც, ჩემი აზრით, სინამდვილეში იყო“.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმირ ბორტკო სათათბიროს პლენარულ სხდომაზე. მოსკოვი. 2017 წლის 29 სექტემბერი

რეჟისორის თქმით, სტალინი ის პიროვნება იყო, რომელმაც თავისი გავლენა მთელ მსოფლიოზე გაავრცელა:

„სახელმწიფო პრაქტიკულად ნულიდან ააშენა და თავისი მმართველობა ატომური ბომბის შექმნით დაასრულა, რაც იყო ძალიან რთული ტექნიკური თვალსაზრისით. კოსმოსის ეპოქაც იოსებ ბესარიონის ძის დროს დაიწყო და არა ნიკიტა სერგეის ძის დროს, რომელმაც უბრალოდ სხვისი დამსახურების ნაყოფი მოიმკა. ეს უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, აი, ამის გაკეთებას ვცდილობთ ახლა“.

სერიალში მოქმედება ხდება სტალინის მმართველობის ერთ-ერთ ყველაზე პირქუშ პერიოდში, მის ბოლო წლებში - მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან გარდაცვალებამდე. სწორედ ეს პერიოდია დაკავშირებული დასავლეთთან „ცივი ომის“ დაწყებასთან, რეპრესიების ახალ ტალღასთან, 1946-1947 წლების შიმშილობასთან, 50-იანი წლების დასაწყისის ანტისემიტურ კამპანიასთან და ა.შ.

როგორც ექსპერტები ამბობენ, რეჟისორის შეხედულებებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ისტორიული მოვლენები „სტალინში“ მეტ-ნაკლებად ობიექტურად იქნება ასახული. ბევრი იხსენებს რეჟისორის წვლილს რუსეთში არმანდო იანუჩის შავი კომედიის, „სტალინის სიკვდილის“ ჩვენების აკრძალვაში (2018 წ).

ასევე ნახეთ

“ავტოკრატებსა და დიქტატორებს ჭირის დღესავით სძულთ ხუმრობა” - არმანდო იანუჩი

კინოკრიტიკოსები ასევე აღნიშნავენ თავად ვლადიმირ ბორტკოს გასაოცარ ევოლუციას. 80 წლის რეჟისორმა პერესტროიკის წლებში გადაიღო მიხაილ ბულგაკოვის „ძაღლის გული“ - ფილმი, რომელიც, რბილად რომ ითქვას, მკაცრად აკრიტიკებს და დასცინის საბჭოთა რეჟიმს.

“სტალინი პირველად იქნება ნაჩვენები ისე, რომ მაყურებელმა გაიგოს, რატომ იღებდა ბელადი ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. საკუთარ თავზე ვიღებ გამბედაობას, ამის შესახებაც მოვყვე. სტალინი, რომელიც საკუთარ ქმედებებს აანალიზებდა, აქამდე არ არსებობდა, ჩვენს ფილმში კი სწორედ ასეთი სტალინია”, - განაცხადა ვლადიმირ ბორტკომ.

სერიალში სტალინი ძილის წინ კითხულობს წიგნებს, ესაუბრება თავის დიასახლის ვარვარა ისტომინას, მომდევნო კადრში კი უკვე ლავრენტი ბერიას ხვდება და მას ატომური პროექტის ხელმძღვანელად ნიშნავს.

სერიალის რეჟისორი იმასაც ამბობს, რომ, დროა, ვოლგოგრადს დაუბრუნდეს სტალინის სახელიო.

„ეს ხალხი არასდროს მოისვენებს, - დაწერა ფილმის შესახებ სოციალური ქსლების ერთ-ერთმა მომხმარებელმა, - მათ სტალინი უნდათ, ოღონდ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენთვის“.

ასევე ნახეთ

პუტინი VS სტალინი - „ჩანაცვლების ოპერაცია“