სახლი მავთულხლართებით - რა გავიგეთ ბავშვთა ახალ, დახურულ ცენტრზე

მავთულხლართები ბავშვთა დახურული ცენტრის ღობეზე

მოკლედ

  • საქართველოში 10-14 წლის ბავშვებისთვის პირველი დახურული ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა;
  • დაწესებულებაში დღემდე სამი ბავშვი მოხვდა;
  • ბავშვებს ცენტრის დატოვება არ შეუძლიათ, მათი იქ ყოფნა კი შესაძლებელია ორ წლამდე გაგრძელდეს;
  • ცენტრში 139 ადამიანია დასაქმებული, მის შექმნასა და მუშაობაზე კი 3,4 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი;
  • ხელისუფლება ამბობს, რომ მიზანი ბავშვების რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციაა და არა დასჯა;
  • ბავშვთა უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ რეაბილიტაციის სახელით ბავშვებისთვის თავისუფლების აღკვეთის ახალი მექანიზმი შექმნა.
14, 13 და 11 წელი - ეს იმ სამი ბავშვის ასაკია, რომლებიც ახლადგახსნილ დახურულ ცენტში პირველები მოხვდნენ. ადგილს, რომელსაც სახელმწიფო კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების სარეაბილიტაციო სივრცედ წარმოაჩენს და სახლს უწოდებს, უფლებადამცველები თავისუფლების აღმკვეთ სადამსჯელო დაწესებულებად მიიჩნევენ.

სარჩევი:

3 445 000 ლარი, 139 თანამშრომელი

კიდევ რა ვკითხეთ და რა გვიპასუხა იუსტიციის სამინისტრომ

რა წერია კანონში?

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, განრიდება და რეფერირება

„სახლს დავარქმევთ თუ სასახლეს, მაინც დახურული დაწესებულებაა“

რატომ იუსტიციის სამინისტრო და არა ბავშვზე ზრუნვის სისტემა?

როგორ შეიძლება იმოქმედოს იზოლაციამ ბავშვის ფსიქიკაზე?

დასჯის ნაცვლად დანაშაულის პრევენცია

როგორ მუშაობს ბავშვთა დახურული დაწესებულებები ევროპაში

„არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი“, 10-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 1 ივლისიდან ამუშავდა.

დაწესებულების გახსნიდან დღემდე, იქ სულ სამი ბავშვი მოხვდა, თითოეული ორი თვით. ერთმა მათგანმა ცენტრი 31 ოქტომბერს დატოვა, ორი კი კვლავ იქ რჩება.

იუსტიციის სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ სამივე ბავშვი ცენტში ქურდობის გამო მოხვდა.

პროკურატურის 2026 წლის ანგარიშის თანახმად, ყველაზე ხშირად არასრულწლოვან ბრალდებულებს ქურდობას (სსკ-ის 177-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული) ედავებიან. 2025 წელს ასეთი იყო 386 ბავშვი 588 არასრულწლოვანიდან - ანუ ყოველი სამი ბავშვიდან თითქმის ორი.

„კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ შესასვლელი კარი. 18 ნოემბერი, 2026 წელი

ამ დაწესებულებაში მოხვედრილ ბავშვებს ტერიტორიის დატოვება არ შეუძლიათ. იქ ცხოვრობენ და იქვე სწავლობენ. მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან შეხვედრებს სპეცგანაწესი ადგენს.

მოზარდების ცენტრში დარჩენის ხანგრძლივობას მოსამართლე წყვეტს. მაქსიმალური ვადა ორი წელია.

„კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ყოფილ სააკაძის სასწავლო ბაზაზე, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს.

სარეაბილიტაციო ცენტრთან მისასვლელი გზა. 18 ნოემბერი, 2026 წელი

იქ მისასვლელი გზა უმეტესად ორივე მხარეს გაშლილ, ხრიოკ მინდვრებზე გადის. ერთფეროვან, თითქმის უკაცრიელ ტერიტორიაზე ჯერ აბრა ჩნდება, რომ 400 მეტრში რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრია.

მარცხნივ გადახვევის შემდეგ, შორიდანვე მოჩანს მძიმე, ნაცრისფრად შეღებილი, ბორბლებზე შემდგარი რკინის ჭიშკარი. ჭიშკრის გარშემო, ბეტონის მაღალ ღობეს თავზე მავთულხლართები აქვს შემოვლებული, ზუსტად ისე, როგორც საპატიმრო დაწესებულებების გარშემო. სიჩუმეა. ღობის გასწვრივ ათობით ავტომობილი დგას - სავარაუდოდ, ცენტრის თანამშრომლების.

სარეაბილიტაციო ცენტრის ღობე. 18 ნოემბერი, 2026 წელი

ნახევრად შეღებული რკინის ჭიშკარი ჩვენი მიახლოებისთანავე იხურება.

რეაბილიტაციის ცენტრის შესასვლელი. 18 ნოემბერი, 2026 წელი

ცოტა ხანში ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გამოდის, ვინაობას გვეკითხება და გვეუბნება, რომ დახურული ტიპის სახლთან და მის ბენეფიციარებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურს უნდა მივმართოთ.

მძიმე ჭიშკარი პერიოდულად იღება - მანქანა შედის. ნახევრად ღია კარიდანაც ჩანს, რომ ვრცელი ტერიტორიის გზის გასწვრივ ლამპიონები და ბუჩქნარია. შენობები სიღრმეში დგას.

რეაბილიტაციის ცენტრი. 18 ნოემბერი, 2026 წელი

3 445 000 ლარი, 139 თანამშრომელი

სარჩევზე დაბრუნება

“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულების თანახმად, რომელიც 2026 წლის ოქტომბრით თარიღდება, 2026 წლის ბოლომდე „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ შექმნისა და მუშაობისთვის 3 445 000 ლარი დაიხარჯება.

განკარგულებაში წერია, რომ ცენტრში, რომლის ბაზაზეც დახურული ტიპის სახლი გაიხსნა, 139 ადამიანია დასაქმებული.

„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ ახალი კანონი პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო. სწორედ ამ კანონის საფუძველზე შეიქმნა „არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი“.

ამ სახლის შექმნას საფუძვლად დაედო კანონის ინიციატორების, „ქართული ოცნების“ დეპუტატების განმარტება, რომ „საქართველოში 14 წლამდე ბავშვების მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირებისა და მათი პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი არ არსებობდა“.

მათი შეფასებით, ეფექტური ბერკეტების არარსებობა ბავშვებში კანონსაწინააღმდეგო ქცევას ახალისებდა, ხოლო ქვეყანაში არ არსებობდა დაწესებულება, სადაც მათი რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია მოხდებოდა.

კანონის თანახმად, რომელიც გასული წლის ბოლოს დაამტკიცა პარლამენტმა, ამ ცენტრში გამწესება არ არის ბავშვების დასჯა.

სახლი მარტყოფში, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ, ყოფილი სააკაძის სასწავლო ბაზის ტერიტორიაზე შეიქმნა.

სააკაძის სასწავლო ცენტრის პრეზენტაცია. 2023 წლის 2 ნოემბერი

სააკაძის სასწავლო ბაზა, რომელიც 2023 წლის 3 ნოემბერს გაიხსნა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის თანამშრომლებს ამზადებდა - დაახლოებით ხუთ ჰექტარზე მოწყობილი იყო ავტოდრომი, სასროლეთი, სპორტული მოედნები, საკონფერენციო და სასწავლო დარბაზები. შენობაში არსებობდა პატიმრის საკნის იმიტაციაც.

სასწავლო ბაზის გახსნიდან სამი წლის თავზე კი ის „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრმა“ და დახურული ტიპის სახლმა ჩაანაცვლა.

18 ნოემბერი, 2026 წელი

ამ სივრცის საპროექტო დოკუმენტის თანახმად, ცენტრალური შენობის ერთ ფლიგელში ექვსი ოთხადგილიანი ოთახის მოწყობა იყო დაგეგმილი, ხოლო მეორე ნაწილში - სამი ორადგილიანი ოთახის.

ცალკე, ყოფილ სიმულაციურ შენობაში, სადაც ადრე პატიმრების საკნების იმიტაციები იყო მოწყობილი, საპროექტო დოკუმენტის თანახმად, უნდა შექმნილიყო საოჯახო ტიპის საცხოვრებელი სივრცე ოთხი ან ხუთი საძინებლით. ამ მონაცემებით, მხოლოდ ცენტრალურ შენობაში 30 ბავშვისთვის განკუთვნილი ადგილებია აღწერილი, თუმცა დოკუმენტი არ განსაზღვრავს დაწესებულების საბოლოო საერთო ტევადობას.

საპროექტო დოკუმენტით გათვალისწინებულია უსაფრთხოების მკაცრი ინფრასტრუქტურაც: საცხოვრებელი შენობების ერთმანეთისგან და დანარჩენი ტერიტორიისგან გამიჯვნა 3,2 მეტრი სიმაღლის, დაახლოებით 500 მეტრის ლითონის ღობით. შემოღობილ ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო ხუთი საგუშაგო, ხოლო სახლის მეორე სართულის აივნებზე - გისოსები.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სპეციალური რბილი მასალით მოპირკეთებულ „დეესკალაციის ოთახს“, რომელიც ბავშვის მწვავე ემოციური მდგომარეობის სამართავად გამოდგებოდა.

კითხვაზე, რამდენ ბავშვზეა გათვლილი სახლი, იუსტიციის სამინისტროში ასე გვიპასუხეს:

„სახლში არასრულწლოვანთა ერთდროული განთავსების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება განთავსების საჭიროებების შეფასების საფუძველზე, კანონით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად, რომლის თანახმადაც სახლი მცირე საოჯახო ტიპის უნდა იყოს. რაოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება არასრულწლოვანთა საჭიროებები და განთავსების თავისებურებები, რათა თითოეულ მათგანს ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული მხარდაჭერა მიეწოდოს. სახლის დებულების თანახმად, ერთ საცხოვრებელ ოთახში შეიძლება განთავსდეს არაუმეტეს სამი არასრულწლოვანი“.

კიდევ რა ვკითხეთ და რა გვიპასუხა იუსტიციის სამინისტრომ

სარჩევზე დაბრუნება

რადიო თავისუფლება: რა სარეაბილიტაციო პროგრამები მოქმედებს დაწესებულებაში, რომელ საერთაშორისო მოდელს ეფუძნება ისინი და ვინ მუშაობს ბავშვებთან?

„არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემა ეფუძნება ბავშვის უფლებებზე და ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებულ მულტიდისციპლინურ მიდგომას. მისი სამართლებრივი და ინსტიტუციური საფუძვლები ასახავს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით განმტკიცებულ ფუნდამენტურ პრინციპებს...

ცენტრში ხელმისაწვდომი სარეაბილიტაციო და მხარდამჭერი ღონისძიებები მიმართულია არასრულწლოვანთა სოციალური და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაზე, ემოციების მართვასა და თვითრეგულაციაზე, საკუთარი ქცევისა და მისი შედეგების გააზრებაზე, სოციალური გადაწყვეტილებების მიღების უნარების გაძლიერებასა და ძალადობის პრევენციაზე. ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემოქმედებითი და თერაპიული მიდგომებიც“.

იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ სარეაბილიტაციო და მხარდამჭერი პროგრამების პარალელურად, სახლის საქმიანობა ითვალისწინებს არაფორმალური განათლების, შემეცნებითი, შემოქმედებითი, სპორტული და სოციალური აქტივობების ორგანიზებას.

მათივე თქმით, ამ პროცესში მუშაობენ არასრულწლოვანთა ოჯახებთანაც, რაც გულისხმობს მშობლებისა და აღზრდაზე პასუხისმგებლების მხარდაჭერას:

„არასრულწლოვანებთან მუშაობაში მონაწილეობენ ცენტრის სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და სახლის აღმზრდელები. სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები უზრუნველყოფენ არასრულწლოვანთა საჭიროებების შეფასებას, შესაბამისი სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, ხოლო აღმზრდელები უშუალოდ არიან ჩართული არასრულწლოვანთა ყოველდღიური ზრუნვის, მხარდაჭერისა და სოციალური უნარების განვითარების პროცესში“, - გვპასუხობს იუსტიციის სამინისტრო.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, როგორ ფასდება, რა სჭირდება თითოეულ ბავშვს და როგორ აფასებენ რეაბილიტაციის ეფექტურობას, იუსტიციის სამინისტრო გვპასუხობს:

„პროკურატურის მიერ არასრულწლოვანის ცენტრში გადმომისამართების შემდეგ, შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით არასრულწლოვანის საჭიროებებსა და რისკებს აფასებს შემთხვევის მმართველი. შეფასების საფუძველზე სოციალური მუშაკი ამზადებს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს და ინდივიდუალური გეგმის პროექტს, რომლებიც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარედგინება ცენტრთან არსებულ მულტიდისციპლინურ ჯგუფს. მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები“.

იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ სახლის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში ცენტრი ინარჩუნებს მოზარდზე ზედამხედველობას:

„თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა არასრულწლოვანის მდგომარეობის გაუარესება, ახალი რისკები ან დამატებითი საჭიროებები, საკითხი შემდგომი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით კვლავ წარედგინება მულტიდისციპლინურ ჯგუფს“.

სარეაბილიტაციო ღობეზე რკინის ცხაური. 18 ნოემბერი, 2026 წელი

ფსიქოლოგებს, ბავშვთა უფლებადამცველებს, სოციალურ მუშაკებს, იურისტებს აინტერესებთ, როგორ უნდა დაეხმაროს ბავშვს იზოლაცია, რატომ არჩია სახელმწიფომ ბავშვების დახურულ დაწესებულებაში გამოკეტვა, ნაცვლად მხარდაჭერისა და დანაშაულის პრევენციის მექანიზმების გაძლიერებისა.

რა წერია კანონში?

სარჩევზე დაბრუნება

„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონი, რომელიც პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო, სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი ბავშვები სპეციალურ დაწესებულებაში მოათავსოს.

საქართველოში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 14 წლიდან იწყება. ახალი კანონი კი ეხება ბავშვებს, რომლებმაც 10-დან 14 წლამდე ჩაიდინეს სისხლის სამართლით განსაზღვრული დანაშაული.

კანონი რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლს მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებად განსაზღვრავს და აცხადებს, რომ იქ გაგზავნა დასჯა არ არის.

გაგზავნას წინ რამდენიმე ეტაპი უძღვის. თავდაპირველად პროკურორი აფასებს დანაშაულის სიმძიმეს და ბავშვის საქმეს რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრში აგზავნის.

შემდეგ მულტიდისციპლინური ჯგუფი აფასებს საჭიროებებს და რეაგირების მექანიზმებს.

თუ ჯგუფი მიიჩნევს, რომ ბავშვის ცენტრში მოთავსების საფუძველი არსებობს, სასამართლოს მიმართავს. საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს.

კანონი დაწესებულებაში მოთავსების რამდენიმე საფუძველს ითვალისწინებს. მათ შორისაა:

  • შემთხვევები, როდესაც ბავშვი უკვე სახელმწიფო ზრუნვაშია, მაგრამ სერვისს ვერ იღებს;
  • როდესაც ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი არ ასრულებს ბავშვის სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებას;
  • ან როდესაც ბავშვი კვლავ არღვევს კანონს;
  • განსაკუთრებით მძიმე ქმედების შემთხვევაში, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით ხუთ წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული, შესაძლებელია სასამართლოსთვის მიმართვა მანამდეც, სანამ ბავშვს სხვა სარეაბილიტაციო სერვისს შესთავაზებენ.


ბავშვს ცენტრიდან გასვლა მხოლოდ დროებით, სპეციალური ნებართვით და თანხლებით შეუძლია.

მშობლებთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრების წესს იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს.

ბავშვები განათლებასაც დაწესებულების შიგნით, სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამით იღებენ.

სწორედ ეს შეზღუდვები აჩენს კითხვას, რამდენად განსხვავდება ახალი დაწესებულება თავისუფლების აღკვეთის სხვა ფორმებისგან.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, განრიდება და რეფერირება

სარჩევზე დაბრუნება

11 წელია, საქართველოში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მოქმედებს. ის განსაზღვრავს, რომ 14 წლის მოზარდი უკვე აგებს პასუხს სისხლისსამართლებრივი კოდექსით, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისთვის – 16 წელია განსაზღვრული.

არასრულწლოვანის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე უნდა იყოს და იმ პირობით დადგენილი, რომ გადაიხედება.

მოზარდის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა.

პროკურატურის 2026 წლის სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს განრიდების მექანიზმით ისარგებლა 581-მა არასრულწლოვანმა.

რაც შეეხება იმ 14 წლამდე მოზარდებს, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა სახის კრიმინალურ საქმიანობაში, მათთვის პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მოქმედებს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და კოორდინაციას უწევს 14 წლამდე (ანუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი) ბავშვების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

ამ ცენტრის სამიზნე ჯგუფი 7-დან 14 წლამდე არასრულწლოვანები არიან, რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულები.

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, ცენტრში არასრულწლოვანთა 199 საქმე შევიდა და მომზადდა 192 არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში.

2026 წლის პირველ ექვს თვეში კი რეფერირების ცენტრში შევიდა 103 ბენეფიციარის საქმე, ხოლო სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვის ხელშეკრულება 64 ბენეფიციართან გაფორმდა.

იმის გათვალისწინებით, რომ რეფერირების ცენტრი დღესაც ფუნქციონირებს და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებს რეაბილიტაციას სთავაზობს, ბავშვთა უფლებადამცველებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს უჩნდებათ კითხვა, რატომ გახდა საჭირო დამატებით დახურული დაწესებულების შექმნა? მათი თქმით, სახელმწიფოს არ განუმარტავს, რა ხარვეზები ჰქონდა არსებულ სისტემას და რატომ არ იყო ის საკმარისი.

„სახლს დავარქმევთ თუ სასახლეს, მაინც დახურული დაწესებულებაა“

სარჩევზე დაბრუნება

„უხერხულიც კია, ამას კანონი ვუწოდოთ, რადგან რეალურად აუარესებს ბავშვების სამართლებრივ მდგომარეობას. ეს ინიციატივა პირდაპირ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებების სამართალს“, - გვეუბნება თამარ გაბიძე. ის ხელმძღვანელობს ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და წლებია, ბავშვთა უფლებების საკითხებზე მუშაობს.

თამარი მიიჩნევს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი ბავშვების დასჯის მექანიზმია და ტერმინები - „რეაბილიტაცია“, „მხარდაჭერა“, „სახლი“ - ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ ბავშვებს ამ დაწესებულებაში თავისუფლება აქვთ შეზღუდული.

თამარ გაბოძე, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი

„ეს არანაირად არ არის არც მხარდაჭერის სახლი და არც ბავშვის სარეაბილიტაციო დაწესებულება. ეს თავისუფლების აღკვეთის ფორმაა. ბავშვს როდესაც არ შეუძლია დახურული დაწესებულების დატოვება და ოჯახის წევრებთან საკუთარი სურვილის შესაბამისად ურთიერთობა, ამას სახლს დავარქმევთ თუ სასახლეს, მაინც დახურული დაწესებულებაა და ბავშვს თავისუფლება მაინც აღკვეთილი აქვს“.

თამარ გაბოძისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება დაწესებულება ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ სივრცედ ჩაითვალოს, როდესაც ბავშვს ოჯახთან ყოველდღიური ურთიერთობის შესაძლებლობა ეზღუდება.

იმავეს გვეუბნება სოციალური მუშაკი და „ქართული ოცნების“ ოპონენტი ნელი აკობიაც. ის წლებია, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებთან და ბავშვებთან მუშაობს.

მისი თქმით, მართალია, საერთაშორისო პრაქტიკაშიც არსებობს დახურული ან ნახევრად დახურული ტიპის დაწესებულებები, თუმცა ისინი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება:

ნელი აკობია, სოციალური მუშაკი

„ამოსავალი ის კი არ არის, რომ ბავშვმა დანაშაული ჩაიდინა, არამედ ის, რომ ის საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის ისეთ საფრთხეს წარმოადგენს, რომლის მართვაც სხვა გზით შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაშიც დახურულ დაწესებულებაში მოთავსება უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, რაც შეიძლება მოკლე ვადით და მკაფიო სარეაბილიტაციო მიზნით“, - გვეუბნება ნელი აკობია.

მისი შეფასებით, საქართველოში შექმნილი სისტემა, პირველ რიგში, ბავშვის საქციელზე რეაგირებს და არა მის მიზეზებზე.

რატომ იუსტიციის სამინისტრო და არა ბავშვზე ზრუნვის სისტემა?

სარჩევზე დაბრუნება

ბავშვთა უფლებადამცველები კიდევ ერთ პრინციპულ პრობლემაზე მიუთითებენ: რატომ ექვემდებარება 14 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი დაწესებულება იუსტიციის სამინისტროს და არა ბავშვზე ზრუნვის სისტემას - ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური ზრუნვის სააგენტოს.

როგორც ნელი აკობია გვიხსნის, საერთაშორისო პრაქტიკაში ასეთი დაწესებულებები, როგორც წესი, ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის ნაწილია. მათ საქმიანობაში შეიძლება სხვა უწყებებიც მონაწილეობდნენ, თუმცა წამყვანი როლი ბავშვის ზრუნვასა და მხარდაჭერაზე პასუხისმგებელ სისტემას ეკისრება.

„მე ვერ ვხედავ ამ დაწესებულების აღწერაში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს როლს. როგორ შეიძლება ასეთი ასაკის ბავშვებზე ვსაუბრობდეთ და გადაწყვეტილებას მათ გადამისამართებაზე დაწესებულებაში იღებდეს პროკურორი, მოსამართლე ან სხვა პირები ისე, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო არ იყოს ჩართული? ჩემთვის ეს სრულიად წარმოუდგენელია. ასეთი დაწესებულება ზრუნვის სისტემის ქვეშ უნდა იყოს“, - ამბობს ნელი აკობია.

ამ პოზიციას იზიარებს იურისტი და უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილიც. მისი თქმით, ინსტიტუციური დაქვემდებარება მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხი არ არის - მას შეუძლია გავლენა მოახდინოს დაწესებულების შინაარსსა და იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ მას ბავშვები.

გოგა ხატიაშვილი, იურისტი

„ეს სარეაბილიტაციო სახლი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ზუსტად ისევე, როგორც პენიტენციური სამსახური, სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა უწყებები. შესაბამისად, ამგვარმა ინსტიტუციურმა მოწყობამაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს ამ დაწესებულების სადამსჯელო ფუნქციასთან დაკავშირებული აღქმა და მან შეიძლება ნამდვილად შეიძინოს სადამსჯელო ფუნქცია“.

ბავშვთა უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ დაწესებულების შექმნამდე, ამ საკითხის გარშემო არ გამართულა პროფესიული დისკუსია:

„საერთოდ არ გვქონია საჯარო დისკუსია, როგორი უნდა იყოს მიდგომა, როგორ უნდა მოხდეს ბავშვის რეაბილიტაცია, რა იქნება მისი ასაკისა და განვითარებისთვის შესაფერისი მიდგომები. უცებ ვიგებთ, რომ უნდა შეიქმნას ასეთი დაწესებულება და ის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება“, - გვეუბნება ნელი აკობია.

სოციალური მუშაკის თქმით, მისთვის და ასევე მისი კოლეგებისათვის უცნობია, რა სარეაბილიტაციო მოდელით მუშაობს დაწესებულება, როგორ ხდება ბავშვების საჭიროებების შეფასება და რამდენად არის უზრუნველყოფილი დამოუკიდებელი პროფესიული მონიტორინგი:

„საერთოდ არ ვიცით, იქ რა ხდება, როგორ მუშაობენ, რას აკეთებენ. პროფესიულ წრეებსა და საზოგადოებას გადაწყვეტილებებზე გავლენის შესაძლებლობა არ გვაქვს, აბსოლუტურ ვაკუუმში ვართ“.

როგორ შეიძლება იმოქმედოს იზოლაციამ ბავშვის ფსიქიკაზე?

სარჩევზე დაბრუნება

დახურულ დაწესებულებაში გატარებული თვეების შესაძლო შედეგებია კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც რადიო თავისუფლებასთან საუბრობენ ბავშვთა უფლებადამცველები და ფსიქოლოგები.

ისინი მიიჩნევენ, რომ 10–14 წლის ასაკში ოჯახთან, სკოლასთან და თანატოლებთან ყოველდღიური ურთიერთობის შეზღუდვამ, შესაძლოა ბავშვის განვითარებაზე ხანგრძლივი და უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

„ბავშვს ართმევ განვითარების, განათლების, თანატოლებთან სოციალიზაციისა და ოჯახთან ყოფნის შესაძლებლობას. ეს თავისთავად იმდენად მძიმე მდგომარეობაში აყენებს მას, რომ თითქმის გარდაუვალია, რომ დაწესებულებიდან უფრო მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაში გამოვიდეს, ვიდრე იქ მოხვედრამდე იყო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნელი აკობია.

ფსიქოლოგი ნინო ტყეშელაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდადებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს.

როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, როდესაც ბავშვი დახურულ გარემოში ხვდება, იძულებულია ამ გარემოს მოერგოს და საკუთარი ემოციური უსაფრთხოების დაცვის გზები მოძებნოს. ამან კი შესაძლოა მის ქცევაზე უარყოფითად იმოქმედოს:

ნინო ტყეშელაშვილი, ფსიქოლოგი

„წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი, რომელიც დახურულ დაწესებულებაში ხვდება. მას რაღაც როლში შესვლა უწევს, რომ ემოციურად გადარჩეს. ამ დროს მისი სოციალიზაციის უნარები კი არ უმჯობესდება, პირიქით, იზრდება რისკი, რომ უფრო ხისტი, უხეში და დაუმორჩილებელი გახდეს, ვიდრე დაწესებულებაში მოხვედრამდე იყო“.

ნინო ტყეშელაშვილის თქმით, პრობლემა დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს. ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს სკოლაში დაბრუნება, თანატოლებთან ურთიერთობის აღდგენა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება.

ამას ემატება სტიგმის საფრთხეც - ბავშვმა შესაძლოა თავი საზოგადოებისგან გარიყულად ან დამნაშავედ იგრძნოს, მიუხედავად იმისა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევია.

მსგავს რისკზე გვესაუბრება იურისტი გურამ იმნაძეც.

გურამ იმნაძე, იურისტი

„როგორი კარგი მექანიზმიც არ უნდა შეიქმნას, ძალიან დიდი შანსია, რომ იძულებითმა იზოლაციამ მოზარდის ფსიქიკაზე უკვალოდ არ ჩაიაროს, დატოვოს სტრესი, წნეხი და მათ შორის გამოიწვიოს ისიც, რომ მოზარდმა საკუთარი თავის იდენტიფიცირება, როგორც დამნაშავემ, ასე მოახდინოს. ამ რისკებზეც უნდა იფიქროს სახელმწიფომ“.

თამარ გაბოძე რადიო თავისუფლებას უზიარებს იმ ბავშვების მოსაზრებებს, რომლებსაც ის ცოტა ხნის წინ ესაუბრა და სთხოვა, გაეზიარებინათ თავიანთი აზრი დახურული ტიპის სახლთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბავშვებმა ასეთი პერსპექტივა არა დახმარებად, არამედ დასჯად აღიქვეს.

„ბავშვები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს არის დასჯა და ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება მხარდაჭერა. მათთვის ყველაზე დამთრგუნველი იქნებოდა ოჯახისა და მეგობრებისგან მოწყვეტა. ამბობდნენ, რომ ასეთი გამოცდილების შემდეგ ექნებოდათ შიში და პროტესტის განცდა. ბავშვები ხვდებიან, რომ შიშით პრობლემა არ გვარდება“.

უფლებადამცველების კრიტიკის კიდევ ერთი მიმართულება სამართლებრივ პროცედურებს უკავშირდება.

თამარ გაბოძის განმარტებით, 14 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს, რომელსაც დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი, აქვს სასამართლოში თავის დაცვის, ადვოკატის დახმარებისა და მტკიცებულებების წარდგენის უფლება. მისი დამნაშავედ ცნობა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია, როდესაც ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება.

ახალი კანონის მიხედვით კი, 14 წლამდე ბავშვის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შესახებ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას პროკურორი იღებს, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით.

მისი შეფასებით, 10–14 წლის ბავშვები შესაძლოა უფრო არახელსაყრელ სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე 14–18 წლის არასრულწლოვანები, რომლებსაც სისხლის სამართლის პროცესში მეტი საპროცესო გარანტია აქვთ.

„ახალი კანონი პროკურატურას სასამართლოს როლს ანიჭებს. დასაბუთებული ვარაუდი სისხლის სამართლის პროცესში ყველაზე დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტია. ამ ეტაპზე ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება. მხოლოდ სასამართლოს შეუძლია, მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეების მოსმენის შემდეგ მიიჩნიოს ადამიანი დამნაშავედ.

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ბავშვს ეხება ან მასზე გავლენას ახდენს, მისი მონაწილეობით უნდა მიიღებოდეს. ბავშვებს უნდა მოუსმინონ და მათი აზრი გაითვალისწინონ“, - ეუბნება თამარ გაბოძე რადიო თავისუფლებას.

გურამ იმნაძე გვესაუბრება იმ ფაქტების შესახებაც, როდესაც 14 წლამდე ბავშვებს დანაშაულის ჩასადენად ზოგჯერ ზრდასრულები იყენებენ - ქმნიან არასრულწლოვანთა დაჯგუფებებს და რთავენ დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც ძირითადად სხვადასხვა ობიექტის - მარკეტების, ტექნიკის მაღაზიების, აფთიაქების, მანქანების - ძარცვას გულისხმობს.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში, სახელმწიფოს უკვე აქვს სამართლებრივი მექანიზმები იმ ზრდასრულთა პასუხისგებაში მისაცემად, რომლებიც ბავშვებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში რთავენ:

„როდესაც ზრდასრული ადამიანი 14 წელს მიუღწეველ პირს დანაშაულის ჩასადენად ინსტრუმენტად იყენებს, ეს ჩვეულებრივი დანაშაულია. სამართალდამცავებს აქვთ ყველანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რომ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ის ზრდასრული ადამიანი დაისაჯოს და ჯოხი 10-12 წლის ბავშვებზე არ გადატყდეს“.

დასჯის ნაცვლად დანაშაულის პრევენცია

სარჩევზე დაბრუნება

სარეაბილიტაციო ცენტრთან მისასვლელი გზა. 18 ნოემბერი, 2026 წელი

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ბავშვების მართლსაწინააღმდეგო ქცევაზე რეაგირება აუცილებელია, მაგრამ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა არა ბავშვების დასჯა და დახურულ დაწესებულებაში მოთავსება, არამედ ამ ქცევის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა უნდა იყოს.

გურამ იმნაძის თქმით, ბავშვების მართლსაწინააღმდეგო ქცევას ხშირად სიღარიბე, ოჯახში არასაკმარისი ზრუნვა, ყურადღების ნაკლებობა და საგანმანათლებლო სისტემის პრობლემები უდევს საფუძვლად.

ამიტომ, მისი თქმით, სახელმწიფომ ჯერ უნდა გააძლიეროს ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერის სისტემა და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს იძულებითი ღონისძიებების აუცილებლობა.

„თუ სახელმწიფოს აქვს სრულყოფილი მხარდაჭერის სისტემა, არსებობს სპეციალური ინტერვენციის მექანიზმები და ეს ყველაფერი მაინც არ არის საკმარისი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ, გამართლებულია თუ არა იძულებითი ღონისძიებების გამოყენება. როდესაც სახელმწიფო გვეუბნება, რომ ყველაფერი დასჯით უნდა დავიწყოთ, აქ უკვე სერიოზული კითხვები ჩნდება“.

სოციალური მუშაკი ნელი აკობია მიიჩნევს, რომ დანაშაულის პრევენცია ბავშვის დაბადებამდე იწყება - ოჯახების მატერიალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით, მშობლობის უნარების გაძლიერებით, ხარისხიანი განათლებითა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობით.

მისი შეფასებით, წლების განმავლობაში დანაშაულის პრევენციაზე არასაკმარისი მუშაობის კომპენსირებას სახელმწიფო ახლა დახურული დაწესებულების შექმნით ცდილობს.

ამავე პრობლემაზე საუბრობს გოგა ხატიაშვილიც. მისი თქმით, საქართველოში 14 წლამდე ბავშვებთან მუშაობის ინსტიტუციური მექანიზმი უკვე არსებობდა - არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომლის მიზანიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი და რთული ქცევის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია იყო.

გოგა ხატიაშვილისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო დახურული დაწესებულების შექმნა ისე, რომ საზოგადოებისთვის უცნობია, რა ხარვეზები ჰქონდა უკვე არსებულ - რეფერირების სისტემას.

ფსიქოლოგი ნინო ტყეშელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ახალი ცენტრისა და დახურული დაწესებულებისთვის გამოყოფილი ფინანსური და ადამიანური რესურსებით შესაძლებელი იყო უკვე არსებული რეფერირების სისტემის გაძლიერება, რეგიონებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დამატება და ბავშვებისთვის დახმარების დროულად შეთავაზება:

„შეეძლოთ გაეძლიერებინათ ის რგოლი, რაც აქამდე გვქონდა - რეფერირება, განრიდება, მხარდაჭერის პროგრამები. ამის ნაცვლად კი მივიღეთ დახურული დაწესებულება. ამ გადასახედიდან, სახელმწიფო უფრო მეტად დასჯაზეა ორიენტირებული, ვიდრე იმაზე, რომ ბავშვმა დანაშაული საერთოდ არ ჩაიდინოს“.

ბავშვის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, პირველ რიგში, დახმარების საჭიროების ნიშანი რომ უნდა იყოს, ამაზე გვესაუბრება თამარ გაბოძეც:

„როდესაც ბავშვი მაღაზიიდან რაღაც ნივთს იღებს, ეს არ ნიშნავს, რომ მისი საქციელი მისაღებია. ეს არის სიგნალი, რომ ბავშვს დახმარება სჭირდება. უნდა გავარკვიოთ, რატომ იქცევა ასე, ხომ არ არის ძალადობის ან უგულებელყოფის მსხვერპლი, რა სჭირდება მას“.

სპეციალისტების შეფასებით, სიღარიბეზე, ოჯახურ ტრავმებზე, სოციალურ მოწყვლადობასა და მხარდაჭერის სერვისების ნაკლებობაზე რეაგირების ნაცვლად, სახელმწიფომ შექმნა სისტემა, რომელიც ბავშვების იზოლაციის შესაძლებლობას გულისხმობს:

„თუ ვინმე კანონთან კონფლიქტშია, ეს ამ კანონის მიმღები და შემსრულებელია, რადგან ბავშვების მხარდაჭერის ნაცვლად, მათ წინააღმდეგ დასჯის ალტერნატიულ მექანიზმებს იყენებს“, - გვეუბნება თამარ გაბოძე.

არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის მონიტორინგის უფლებამოსილება კანონით საქართველოს სახალხო დამცველსა და მის სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს აქვს მინიჭებული. სახალხო დამცველის ოფისში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ რეაბილიტაციის ცენტრი და სახლი სულ რამდენიმე თვეა ამოქმედდა და იქ ჯერ მონიტორინგი არ ჩატარებულა: "მიმდინარეობს პროცესი, მონიტორინგზე ჯერ არ შესულა შესაბამისი ჯგუფი", - გვითხრა სახალხო დამცველის ოფისის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

სარეაბილიტაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია. 18 ნოემბერი, 2026 წელი

როგორ მუშაობს ბავშვთა დახურული დაწესებულებები ევროპაში

სარჩევზე დაბრუნება

10–14 წლის ბავშვების დახურულ დაწესებულებაში მოთავსების საფუძველი ქვეყნებს შორის განსხვავდება. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი სახელმწიფოებს ურჩევს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, სულ მცირე, 14 წლამდე გაზარდონ, ამ ასაკს მიუღწეველ ბავშვებს კი საჭიროების შესაბამისი დახმარება გაუწიონ.

ბავშვთა მართლმსაჯულების კონტექსტში კომიტეტი სახელმწიფოებს ასევე მოუწოდებს, დააწესონ ასაკი, რომლის ქვემოთაც თავისუფლების აღკვეთა დაუშვებელი იქნება, მაგალითად, 16 წელი. ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლით, ბავშვის დაკავება ან პატიმრობა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა და რაც შეიძლება მოკლე ვადით.

  • გერმანიაში სოციალური ზრუნვის დაწესებულებაში თავისუფლების შეზღუდვას, როგორც წესი, საოჯახო სასამართლოს ნებართვა სჭირდება. ეს ზომა შეიძლება გამოიყენონ, მაგალითად, როცა ბავშვს ან სხვებს მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრებათ და მისი თავიდან აცილება სხვა გზით შეუძლებელია. დაწესებულებებს საჯარო და არასახელმწიფო ორგანიზაციები მართავენ, ზედამხედველობა კი რეგიონულ უწყებებს ეკისრებათ.
  • შვედეთში სპეციალურ ახალგაზრდულ სახლებს სოციალური საკითხების სამინისტროს სფეროში მოქმედი სახელმწიფო სააგენტო მართავს, იძულებით ზრუნვაზე გადაწყვეტილებას კი ადმინისტრაციული სასამართლო იღებს. იქ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზოგადი ასაკი 15 წელია, თუმცა 2026 წლის სექტემბრიდან ზოგიერთი მძიმე დანაშაულისთვის ზღვარი 14 წლამდე დაწიეს.
  • საფრანგეთში დახურულ საგანმანათლებლო ცენტრებში სასამართლო მოზარდებს 13 წლიდან ათავსებს. ცენტრებს იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა სამსახური ან უფლებამოსილი არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ. 2026 წლის სექტემბერში დაიწყო მათი ეტაპობრივი გარდაქმნა ახალ ერთეულებად, რომლებიც ინდივიდუალურ საგანმანათლებლო გეგმებსა და განთავსების უფრო მოქნილ ფორმებს ითვალისწინებს.
  • იტალიაში 14 წლამდე ჩადენილი ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია, თუმცა კანონით განსაზღვრულ მძიმე შემთხვევებში, ახალი მძიმე დანაშაულის ჩადენის კონკრეტული საფრთხისას, სასამართლოს შეუძლია ბავშვი უსაფრთხოების ზომის ფარგლებში საცხოვრებელ ზრუნვის დაწესებულებაში მოათავსოს. ასეთ დაწესებულებებს იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა სამსახური ან ასოციაციები და კოოპერატივები მართავენ. თერაპიულ დაწესებულებაში განთავსებისას რეგიონული ჯანდაცვის სამსახურიც მონაწილეობს.
  • ნიდერლანდში სისხლისსამართლებრივი დევნა 12 წლიდანაა შესაძლებელი. დახურული ზრუნვის პროგრამაში მოთავსებას ცალკე სასამართლო ნებართვა სჭირდება. დახმარების ორგანიზება მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობაა, დაწესებულებებს კი ჯანდაცვისა და ახალგაზრდობის ინსპექცია ამოწმებს.

ნიდერლანდის მთავრობის გეგმაა, დიდი დახურული დაწესებულებები მცირე ზომის სერვისებად გარდაქმნას და 2030 წლისთვის დახურული განთავსებების რაოდენობა მინიმუმამდე შეამციროს. 2026 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ ამ სისტემაში ახალგაზრდებისთვის მიყენებული ზიანის გამო ბოდიში მოიხადა. მათი განცხადებით, დახურული ზრუნვის დაწესებულებებში ბავშვები, რომლებსაც დაცვა და დახმარება სჭირდებოდათ, ძალადობასა და მკაცრ იზოლაციას ექვემდებარებოდნენ - ბევრ მათგანს დიდი ხნით კეტავდნენ სამარტოო საკანში ან საძინებლად გამოყენებულ საკანში. ბავშვები განიცდიდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ, ზოგ შემთხვევაში კი სექსუალურ ძალადობას. ეს აღიარება ეხებოდა დახურული ზრუნვის დაწესებულებებში დაზარალებულებს, მათ შორის ბავშვებს, რომლებიც 2008 წლამდე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დაწესებულებებში ზრუნვისა და დაცვის მიზნით იყვნენ მოთავსებული.

ნიდერლანდის ხელისუფლებამ 2026 წლის სექტემბერში დაადასტურა, რომ დახურულ ზრუნვას შეამცირებს და უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელი გამონაკლისებისთვის ახალ სამართლებრივ წესებს მოამზადებს.

ასევე ნახეთ

სახლს თუ დაარქმევ, კოლონია აღარ იქნება? - რა გზა იპოვა „ოცნებამ“ იმ ბავშვების წინააღმდეგ, რომლებიც დანაშაულს სჩადიან