„ზღვის დონემდე“ - რას ცვლის ქერჩის ხიდზე დარტყმა რუსეთ-უკრაინის ომში?

პუტინი და დანგრეული ქერჩის (ყირიმის) ხიდი უკრაინის თავდასხმის შემდეგ - ფოტოკოლაჟი

„ეს კიდევ ერთი კოზირია ზელენსკის ხელში. კაცი, "რომელსაც კარტი არ ჰქონდა", იქცა ლიდერად, რომელსაც სახელოები კოზირებით აქვს სავსე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა დენის გორდიენკომ ქერჩის ხიდზე უკრაინის ბოლო დარტყმების შეფასებისას.

უკრაინელ ექსპერტებს ჩინეთში, სამი ლიდერის, დონალდ ტრამპის, ვლადიმირ პუტინის და სი ძინპინის შეხვედრამდე ველაპარაკეთ, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს რუს კოლეგასთან მოკლე ორმხრივი შეხვედრაც ჰქონდა. კრემლის ცნობით საუბრებისას ლიდერებმა უკრაინასთან ომი განხილეს - მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის გარეშე, თუმცა გორდიენკო მიიჩნევს, რომ ხიდზე შეტევამ კიევს ომთან დაკავშირებულ ყველა მოლაპარაკებაში პოზიციები გაუმყარა.

„ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინას, კაპიტულაციის ნაცვლად, ძლიერი პოზიცია ექნება“, - ამბობს ის.

უკრაინის პარლამენტის ყოფილი წევრი, ანალიტიკოსი ოლექსანდრ ბრიგინეცი კი მიუთითებს, რომ „ის „დარცხვენილი“ პუტინი, რომელიც ყირიმის ხიდზე დარტყმის შემდეგ სი ძინპინთან მოლაპარაკებებზე ჩადის, სულ სხვა პუტინია, ვიდრე ის, რომლის წარმოჩენაც მსოფლიოსთვის კრემლს სურს“.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი APEC-ის ლიდერებისთვის გამართულ ვახშამზე მისვლისას, 18 ნოემბერი, 2026 შენჭენი, ჩინეთი.

3 დარტყმა 4 დღეში - რა დაზიანდა ქერჩის ხიდზე?

16, 17 და 19 ნოემბერს უკრაინამ პუტინის სიამაყედ და მისი მმართველობის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ სიმბოლოდ ქცეულ ყირიმის ხიდს სამჯერ დაარტყა.დაახლოებით 19-კილომეტრიან ხიდს, რომელიც საზეიმოდ 2018 წელს სატვირთო ავტომობილის საჭესთან მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა გახსნა, თაღი და სავალი ნაწილის მონაკვეთი ჩამოენგრა. ჩამოშლის შედეგად საავტომობილო კავშირი გაწყდა, რუსული ძალების სამხედრო მომარაგება კი დამატებითი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა.

უკრაინული დრონის შეტევა ქერჩის ხიდზე. ყირიმი, უკრაინა, 2026 წლის ნოემბერი

უკრაინის თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის ექსპერტი, პოლკოვნიკი ვიქტორ კევლიუკი, სამხედრო ზიანის მასშტაბს რადიო თავისუფლებასთან ასე აღწერს:

„წარმოიდგინეთ, რომ აფეთქებამ ფეხი მოგგლიჯათ. რას იტყვით, რამდენად სერიოზული დაზიანება მიგიღიათ? ხიდის შემთხვევაშიც ასეთივე ვითარებაა: საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია, თუმცა სარკინიგზო მონაკვეთი ნაწილობრივ დატვირთვას თავს ჯერ კიდევ ართმევს“, - ამბობს ის.

ეს განსხვავება არსებითია: ფაქტია, რომ ხიდი მთლიანად არ არის გამოსული მწყობრიდან, ყირიმში ტვირთის შესატანად კი სხვა მარშრუტებიც კვლავ არსებობს. ამის მიუხედავად, კევლიუკი ხაზს უსვამს, რომ ხიდის დაზიანება რუსეთის სამხედრო ძალებისთვის საჭირო მარაგების მიწოდებას მნიშვნელოვნად გაართულებს.

„სამხედრო თვალსაზრისით, ქერჩის გადასასვლელზე გამავალი გზა იმ ორი მთავარი ლოგისტიკური არტერიიდან ერთ-ერთია, რომლებიც მოწინააღმდეგის ჯარების მომარაგებას ემსახურება. საუბარია დაჯგუფება «დნიპროზე» და დაჯგუფება «ვოსტოკზე», აგრეთვე ყირიმში განლაგებულ საჰაერო ძალების, საჰაერო თავდაცვისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფებზე“, - ამბობს ის.

ასევე ნახეთ

ყირიმის ხიდზე ისევ შეტევა იყო

კიდევ რას ცვლის ქერჩის ხიდის დაზიანება?

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შედეგს უშუალოდ უკრაინაში წარმოებული შეიარაღებით მიაღწიეს - ოპერაციის დროს გამოყენებული იყო უკრაინული წარმოების კამიკაძე დრონები, მათ შორის „დოვბუში“, „ვენდეტა“, „და ვინჩი“, „სიჩენი“, MICH-2000, FP-1/FP-2, An-197, „რუტა“ და „პალიანიცა“. ამავე ოპერაციაში გამოიყენეს ფრთოსანი რაკეტებიც - FP-5 „ფლამინგო“ და R-360 „ნეპტუნი“.

19 ნოემბრის დარტყმის ჩათვლით, სრულმასტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეხუთე ოპერაციაა, რომელმაც ხიდზე მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 2022 წლის ოქტომბერში, ხიდზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ააფეთქეს, 2023 წლის ივლისში საზღვაო დრონებით შეუტიეს, 2025 წლის ივნისში კი წყალქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობები განათავსეს.

უკრაინის არმიისთვის ამ შეტევის მნიშვნელობა რუსული ძალების მომარაგების გზებზე მიტანილი მორიგი დარტყმით არ ამოიწურება - ის მთლიანად ჯარის საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლადაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

გორდიენკოს თქმით, შეტევის შემდეგ ჯარისკაცები „საზეიმო განწყობაზე“ არიან.

„ეს ისტორიული ოპერაციაა, რომელიც თამამად შეგვიძლია ოპერაცია „აბლაბუდას“ შევადაროთ და რომლის შესახებაც მომავალში წიგნები დაიწერება“, - ამბობს ის.

ასევე ნახეთ

უკრაინული თავდასხმების სამი დღე და დადუმებული პუტინი 

გორდიენკოს შეფასებით, ხიდისთვის ამჯერად მიყენებული ზიანი გაცილებით დიდია, ვიდრე წინა თავდასხმების დროს. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა დარტყმებს გააგრძელებს, ეს კი რუსეთს შესაძლებლობას არ მისცემს, ხიდი სრულფასოვნად აღადგინოს.

„ხიდი იმდენად სერიოზულადაა დაზიანებული, რომ დრონებითა და რაკეტებით მუდმივი იერიშების პირობებში მისი აღდგენა, პესკოვის დაპირებების მიუხედავად, პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანს“, - ამბობს გორდიენკო.

„როდესაც წინა დარტყმის შემდეგ ხიდი ნაწილობრივ დაინგრა, რუსეთს მის შესაკეთებლად თითქმის სამი თვე დასჭირდა. ეს მაშინ, როდესაც უკრაინის თავდაცვის ძალებს არც სარემონტო ბრიგადებისთვის და არც მათ მიერ გამოყენებული ტექნიკისთვის განმეორებითი დარტყმები არ მიუყენებიათ. ხიდისთვის მიყენებული ზიანი ამჯერად გაცილებით დიდია“.

პოლკოვნიკ ვიქტორ კევლიუკის თქმით, „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად საბორნე გადასასვლელის გამტარუნარიანობა 75%-ით შემცირდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ სამხედრო ძალების მომარაგება მნიშვნელოვნად უფრო რთული იქნება“.

კევლიუკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ თავდასხმის შედეგები შესაძლოა გაცილებით ფართო აღმოჩნდეს და მხოლოდ იმ სამხედროებსა და ტრანსპორტზე არ აისახოს, რომლებიც ჩვეულებრივ ამ ხიდით სარგებლობენ.

„ქერჩის ხიდის საავტომობილო ნაწილის განადგურებას ჯაჭვური ეფექტი მოჰყვება“, - ამბობს ექსპერტი. მისი პროგნოზით, შეფერხებების მოქმედების არეალი ხიდით არ შემოიფარგლება: ის ქერჩი-ენიკალეს არხსაც შეაფერხებს, რომელიც სრუტეში გამავალი სანაოსნო გზაა.

ასევე ნახეთ

როგორ იქცა ყირიმის ნახევარკუნძული კუნძულად

მიუხედავად იმისა, რომ ქერჩის სრუტის სიგანე რამდენიმე კილომეტრია, ის სანაოსნო ფარვატერი, რომლითაც გემები გადაადგილდებიან, კევლიუკის თქმით, მხოლოდ 120 მეტრს აღწევს. მისი აზრით, ჩამოშლილი კონსტრუქცია ამ გასასვლელით სარგებლობისთვის შესაძლოა კრიტიკულ დაბრკოლებად იქცეს.

„ამ დარტყმის შედეგები შეეხება არა მარტო აზოვის ზღვის პორტებს, არამედ დონისა და ვოლგის გასწვრივ განლაგებულ სამდინარო პორტებსაც, ვოლგა-დონის არხსა და კასპიის ზღვას“, - ამბობს ის.

„არა მხოლოდ ის გემები ვეღარ გავლენ აზოვის ზღვის, დონისა და ვოლგის აკვატორიიდან, რომლებიც «მდინარე-ზღვის» კლასს მიეკუთვნებიან. შავი ზღვის ფლოტისა და კასპიის ფლოტილიის კატარღებსა და მცირე ზომის ხომალდებსაც აღარ ექნებათ საშუალება, ნოვოროსიისკსა და კასპიისკს შორის იმოძრაონ“, - ამბობს კევლიუკი.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ჯარებს მომარაგება არ შეუწყდეთ, რუსეთის სარდლობას რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. თუმცა სრულფასოვან ალტერნატივად არც ერთი არ გამოდგება.

პუტინი "კამაზის" სატვირთო მანქანაში ქერჩის ხიდის საზეიმო გახსნაზე 15 მაისი, 2018 წელი

პირველი ვარიანტია „უკვე არსებული სამხედრო მარაგების გამოყენება, რომლებიც დიდხანს ვერ ეყოფათ“. მეორე ვარიანტი - „ადგილობრივი მოსახლეობისგან საჭირო მარაგების რეკვიზიციის გზით ამოღება“.

ეს კი, მისი თქმით, იმის გარანტია იქნება, რომ „შემდეგი 80-100 წლის განმავლობაში ხალხი მოყვება ამბებს იმაზე, თუ „როგორ გაგვძარცვეს, წაიღეს რძე, ქათმები და კვერცხები“, დაახლოებით ისევე, როგორსაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გერმანელებზე ჰყვებიან“.

სახმელეთო გზით მომარაგება კი, კევლიუკის თქმით, მაღალი რისკის შემცველი იქნება, ვინადიან “R280-ის გზატკეცილზე გამავალ კოლონებს უკრაინელების ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოუწევთ გადაადგილება“.

საზღვაო მარშრუტებით მომარაგება „საგრძნობლად უფრო ძვირი ჯდება, თანაც შავ ზღვაში უკრაინული დრონების დომინირება ამ გზას უკიდურესად სარისკო ვარიანტად აქცევს“, - დასძენს ის. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს „იმ დიდი სადესანტო ხომალდების სიმცირე, რომლებიც საჭირო რესურსების გადასატანად უნდა გამოიყენონ“.

ხიდთან შედარებით ბევრად უფრო ძვირია საჰაერო გზით მიწოდებაც, რომელიც ამასთანავე „მხოლოდ მოქმედი აეროდრომებით შემოიფარგლება და შემდეგ ტვირთის სახმელეთო გზით გადატანასაც მოითხოვს“.

„არჩევანი ნათელია: 4 ცუდი ვარიანტიდან ყველაზე ნაკლებ უარესია ისევ სახმელეთო გზით მომარაგება, რომელსაც საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტვირთისა თუ იმ რესურსების გადასაზიდად დაემატება, რომლებიც დაუყოვნებლივ სჭირდებათ“, - ამბობს კევლიუკი.

“დარცხვენილი” სხვა პუტინი

უკრაინის პარლამენტის ყოფილი წევრი და პოლიტიკური ანალიტიკოსი ოლექსანდრ ბრიგინეცი კი მოვლენებს პოლიტიკური კუთხით აფასებს. მისი აზრით, გეოპოლიტიკური დამცირების ფასი შესაძლოა, მიყენებულ სამხედრო ზიანზე უფრო მაღალი აღმოჩნდეს.

„უკრაინას დიდი ხანია სურს ხიდი საბოლოოდ გამოიყვანოს მწყობრიდან. ეს ახალი ამბავი არ არის. მაგრამ ასეთ ოპერაციებს უაღრესად რთული მომზადება, ზუსტი სადაზვერვო ინფორმაცია, საჰაერო თავდაცვის გადალახვის უნარი და სწორად შერჩეული მომენტი სჭირდება. უკრაინამ ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა, კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ, თუ რა ძალუძს კიევს“, - ამბობს ბრიგინეცი.

მისი აზრით, ზედ შენჭენის სამიტის წინ მიტანილი დარტყმა ამერიკის პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედებს.

„ჩემი ვარაუდია, რომ ბოლო დროს არსებული უთანხმოების მიუხედავად, უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები და ამერიკის პოლიტიკური ინტერესები ამ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა“, - ამბობს ის.

„ტრამპს ხელს აძლევს სამიტზე ისეთი პუტინის ჩამოსვლა, რომელსაც სულ ახლახან მტკივნეული, დამამცირებელი დარტყმა მიაყენეს, რომლის განცხადებები საკუთარი უძლეველობის შესახებ უკვე ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს“.

„მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წინ ფსონების გაზრდა პუტინის საფირმო, ტრადიციული მანევრია“, - ამბობს ის. „მას, ცხადია, იმედი ჰქონდა, რომ საკუთარი ძალის დემონსტრირებას შეძლებდა“.

„მოსკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია და ნებისმიერი შეთანხმება სწორედ მის პირობებს უნდა ეფუძნებოდეს“.

„ამ კუთხით თუ შევხედავთ, ქერჩის ხიდზე უკრაინის დარტყმამ შესაძლოა მოლაპარაკებებზე ვაშინგტონის პოზიციებიც გაამყაროს“, - ამბობს ის.

„ის „დარცხვენილი“ პუტინი, რომელიც ყირიმის ხიდზე დარტყმის შემდეგ სი ძინპინთან მოლაპარაკებებზე ჩადის, სულ სხვა პუტინია, ვიდრე ის, რომლის წარმოჩენაც მსოფლიოსთვის კრემლს სურს“.

კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი პირობას დებს, რომ ხიდი აღდგება და, როდესაც სარემონტო სამუშაოები დასრულდება, ის „უწინდელზე უკეთესიც“ იქნება.

ბრიგინეცის დასკვნა მოსკოვისთვის ნაკლებად დამაიმედებელია: „უკეთესის რა გითხრათ - მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ხიდი ახლა გაცილებით დაბალია, ვიდრე აქამდე იყო. ადგილ-ადგილ - ზღვის დონემდეც კი“.

ასევე ნახეთ

ტრამპის, პუტინისა და სის მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის მოკავშირეები ბერლინში იკრიბებიან