რძის გადამამუშავებელი საწარმოები დახმარებას ითხოვენ

სულგუნის წარმოება დედოფლისწყაროში

კახეთში რძის გადამამუშავებელ საწარმოებს არარეგისტრირებული კომპანიები თუ ფიზიკური პირები, რომლებიც ყველსა და სხვა პროდუქციას ამზადებენ, პრობლემებს უქმნიან. ირკვევა, რომ 2020 წლამდე შეჩერებულია კანონის ის ნორმა, რომელიც არარეგისტრირებულ კომპანიებს გააკონტროლებს. არსებობს თუ არა გამოსავალი?

Your browser doesn’t support HTML5

რძის გადამამუშავებელი საწარმოები დახმარებას ითხოვენ

მცირე და საშუალო საწარმოებს კახეთში პრობლემები აქვთ. ბესიკ თოფჩიშვილი რძის გადამამუშავებელი საწარმო „დედოფლისწყაროს ნობათის“ ხელმძღვანელია. გვეუბნება, რომ მომრავლდა საწარმოები, რომლებიც ოფიციალურად არ არიან დარეგისტრირებული. თოფჩიშვილის თქმით, არარეგისტირებული საწარმოები არც გადასახადს იხდიან, არც სახელმწიფო სტანდარტის და სხვა რეგულაციების დაცვის ვალდებულება აქვთ. შესაბამისად, მათ მიერ დამზადებული პროდუქტი ბაზარზე გაცილებით იაფად იყიდება, ეს კი მათ პრობლემას უქმნის. მეწარმე თოფჩიშვილი ამბობს, რომ არარეგისტრირებული საწარმოსა და რეგისტრირებული საწარმოს მიერ მომზადებული, მაგალითად, სულუგუნის ფასი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, მომხმარებელი კი იაფ პროდუქტს ყიდულობს.

ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანია, „ჰექს-ეპერი“, კახეთში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობაზე მუშაობს. ისინი ფერმერებს სხვადასხვა სახის ტექნიკით ეხმარებიან. ნესტან მერმანიშვილი, მედიაკოორდინატორი „ჰექს-ეპერის“ პროექტისა „მოლი კახეთში“, ამბობს, რომ მათი ბენეფიციარები მუდმივად არარეგისტრირებული საწარმოების მიერ შემქნილ პრობლემაზე ლაპარაკობენ, რაც დარგის განვითარებასაც აფერხებს.

პრობლემაზე ლაპარაკობს თავად სახელმწიფოც, თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსი კახა სოხაძე გვეუბნება, რომ ფიზიკურ პირებზე სახელმწიფო კონტროლი 2020 წლამდე შეჩერებულია. სოხაძის თქმით, მიუხედავად ამისა, მათ აქვთ უფლება, ფიზიკური პირების მიერ წარმოებული პროდუქტი, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე ხვდება, შეამოწმონ და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება მოახდინონ.

არარეგისტრირებული საწარმოებისგან პრობლემის წარმოქმნას აღიარებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ამბობს, რომ სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მეწარმეების მიერ წამოჭრილ პრობლემებზე რეაგირებს, თუმცა ვერც ერთი უწყება ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, როდის მოგვარდება პრობლემა.