რუსეთ-საქართველოს ჭიდილი ჟენევაში

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივამ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატი უფრო მაღალ დონეზე წარიმართოს და თავადაც მზად არის ჩაერთოს ამ პროცესში, მხარდაჭერა პოვა „ქართული ოცნების“ გუნდის როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ფლანგზე. „უნდა ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე, რადგან ჟენევის ფორმატი თავიდანვე, მე ვფიქრობ, არაეფექტურად იქნა ჩაფიქრებული თუ განხორციელებული. საჭიროა, რომ უფრო მაღალ დონეზე იყოს შეხვედრა - ქვეყნის პირველი პირების დონეზე იქნებოდა სასურველი“, - უთხრა ჟურნალისტებს 11 მარტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა. თუმცა ამ მიდგომამ და ზოგადად, ფორმატის დონის ამაღლების იდეამ, კრიტიკის გარდა, არაერთი შეკითხვა წარმოშვა პოლიტიკური ოპოზიციისა და ანალიტიკოსების რიგებში. ხაზი ესმება რისკებსაც.