რუსეთიდან წიწიბურას ექსპორტი აიკრძალა – საქართველოს იმპორტში მისი წილი 99,9%-ია

რუსეთს მსგავსი შეზღუდვა 2021 წელსაც ჰქონდა დაწესებული

რუსეთის მთავრობამ წიწიბურის ექსპორტი ექვსი თვით აკრძალა. მთავრობამ 26 ნოემბრის გადაწყვეტილება შიდა სასურსათო ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნების საჭიროებით ახსნა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 4 353 300 აშშ დოლარის ღირებულების წიწიბურა შეიძინა. აქედან 4 348 300 დოლარი რუსეთზე მოდიოდა - წიწიბურას იმპორტის მთლიანი ღირებულების 99,9%.

აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე - სომხეთზე, ბელარუსზე, ყაზახეთსა და ყირგიზეთზე. რუსეთმა გამონაკლისი დაუშვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვისაც – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის. შეზღუდვა არ ეხება არც ჰუმანიტარულ დახმარებასა და მთავრობათაშორისი შეთანხმებებით გათვალისწინებულ მიწოდებას.

2026 წელს რუსეთში წიწიბურა დაახლოებით 708 ათას ჰექტარზე დაითესა. ეს 1990 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რუსეთს მსგავსი შეზღუდვა 2021 წლის 5 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლითაც ჰქონდა დაწესებული. „ჩვენს ბაზარზე ეს არ აისახება“, - ამბობდა მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შეეძლო წიწიბურას სხვა ბაზრებიდან შემოტანა.

ასევე ნახეთ

„ვიყავი გაოცებული და გაოგნებული“ - ზურაბაშვილის თქმით, რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავს

ახალ შეზღუდვაზე თბილისში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.