არის თუ არა სახიფათო რუსეთის სამხედრო გააქტიურება საქართველოსთვის

სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე

ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნის - „კავკასია 2016“-ის - დაწყებამდე რუსეთის ხელისუფლება „გენერალურ რეპეტიციას“ ატარებს და შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნას ამოწმებს. მოულოდნელი სამხედრო შემოწმება დაიწყო 25 აგვისტოს, გათენებისას, და ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც მოიცავს. რა მესიჯს უგზავნის რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობას და რას აგრძნობინებს ის საქართველოს?

Your browser doesn’t support HTML5

არის თუ არა სახიფათო რუსეთის სამხედრო გააქტიურება საქართველოსთვის

შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის მორიგი მოულოდნელი ფართომასშტაბიანი შემოწმება რუსეთის ხელისუფლებამ 25 აგვისტოს, დილის 7 საათზე, წამოიწყო. პროცესი მოიცავს სამხრეთის, დასავლეთის, ცენტრალურ სამხედრო ოლქებსა და ჩრდილოეთის ფლოტს. პროცესში ჩართულია ასევე საჰაერო–კოსმოსური ძალების სარდლობა და საჰაერო–სადესანტო ჯარების სამეთაურო შტაბი. ერთი სიტყვით, შემოწმება შეეხება როგორც ხმელეთს, ასევე წყალსა და ჰაერს. პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება საზოგადოებას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გააცნო და აღნიშნა, რომ საუბარია ძალებისა და შესაძლებლობების საფუძვლიან შემოწმებაზე. შემოწმების პროცესი 31 აგვისტომდე გასტანს:

„(უნდა) განხორციელდეს შეიარაღებული ძალების უშუალო მომზადების სრული ციკლი რუსეთის ფედერაციის ინტერესების დასაცავად – უსაფრთხოების რისკების გაზრდის ფონზე“.

როგორც 25 აგვისტოს, სერგეი შოიგუს ბრიფინგის შემდეგ, იუწყებოდა რუსეთის მედია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამხრეთი ოლქის მზადყოფნის შემოწმებას, რომლის პირადი შემადგენლობა 70 ათას სამხედროს ითვლის. ეს კი იმიტომ, რომ სწორედ ეს ოლქი შეასრულებს მთავარ როლს მოსკოვის მიერ სექტემბრისთვის დაგეგმილ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნაში „კავკასია 2016“. შესაბამისად, რუსი ექსპერტების ერთი ნაწილი შეიარაღებული ძალების მოულოდნელ შემოწმებას „კავკასია 2016“–ის გენერალურ რეპეტიციად განიხილავს. იმის გამო, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს, პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან თბილისიდანაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კომენტარი გააკეთა:

„რა თქმა უნდა, ამ პროცესებს ვაკვირდებით. ნებისმიერი ასეთი ტიპის აქტივობა, რა თქმა უნდა, არ უწყობს ხელს მშვიდობას და უსაფრთხოებას რეგიონში და ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად გავაგრძელოთ მშვიდობიანი გზებით კონფლიქტის დარეგულირების პროცესი, შევინარჩუნოთ სტაბილურობა და საერთაშორისო ფორმატებში შევძლოთ ამ საერთაშორისო კონფლიქტის დარეგულირება“.

რუსეთი ამით საერთაშორისო თანამეგობრობას უგზავნის სიგნალს იმისა, რომ ის სამხედრო კუთხით კვლავ ძლიერია და მზადყოფნაშია. გარდა ამისა, ის სიგნალს უგზავნის თავის უახლოეს მეზობლებს, განსაკუთრებით, ვფიქრობ, ეს უკრაინას უნდა ეხებოდეს...
ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირება ბევრს ცუდ მოლოდინს უჩენს, ბოლო პერიოდში რუსეთიდან წამოსული მუქარანარევი სიგნალების ფონზე. ასე მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ არცთუ შორეულ წარსულში გაკეთებული განცხადება, რომ სირიის მსგავსი შეიარაღებული კონფლიქტები შესაძლოა აღმოცენდეს ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაშიც და რომ რუსეთი ადეკვატურად იმოქმედებს ასეთი საფრთხეების წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილებაც მწარეა და აგვისტოს ომის წინ რუსეთმა სწორედ მსგავსი სამხედრო წვრთნა – „კავკასია 2008“ - ჩაატარა, ამჯერად, „კავკასია 2016“–ის პირობებში,რეალურ და კონკრეტულ საფრთხეს ვერ ხედავს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის იხსენებს, რომ ბოლო წლებში რუსეთმა კიდევ არაერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა თუ მოულოდნელი სამხედრო შემოწმება ჩაატარა, მაგრამ მათ გართულებები არ მოჰყოლია. ამასთან, ანალიტიკოსის აზრით, რუსეთს ამ ეტაპზე ომი ხელს არ აძლევს და გააქტიურება მხოლოდ „კუნთების თამაშს“ წააგავს. მოსკოვის მესიჯის ძირითადი ადრესატები დასავლეთი და მისი პარტნიორები არიან:

„რუსეთი ამით საერთაშორისო თანამეგობრობას უგზავნის სიგნალს იმისა, რომ ის სამხედრო კუთხით კვლავ ძლიერია და მზადყოფნაშია. გარდა ამისა, ის სიგნალს უგზავნის თავის უახლოეს მეზობლებს, განსაკუთრებით, ვფიქრობ, ეს უკრაინას უნდა ეხებოდეს... გარდა ამისა, ალბათ, ეს არის გარკვეული გზავნილი საქართველოსთვისაც, თუმცა არაპირდაპირი მნიშვნელობით“.

როდესაც არაპირდაპირ მესიჯებზე ლაპარაკობს, ზაალ ანჯაფარიძე გულისხმობს რუსეთის პოლიტიკური კლასის ჩვევას იარაღის ჟღარუნითა და კუნთების დემონსტრირებით დიდ ქვეყნებს მესიჯები, მათ შორის, პატარა ქვეყნების გასაგონადაც გაუგზავნოს, მით უმეტეს, თუ ეს პატარა ქვეყნები, საქართველოს მსგავსად, არ მალავენ სწრაფვას ნატოსკენ. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ, თუკი სამხედრო გააქტიურება რუსეთში მოახლოებული არჩევნების წინ მომგებიანი იქნება რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, საქართველოში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში ეს ვერაფრით წაადგება რუსეთის ინტერესებს საქართველოში, რადგანაც რუსეთის მხრიდან აგრესიის დემონსტრირება, საქართველოში პროდასავლური ძალების წისქვილზე დაასხამს წყალს.