2024 წლის 15 ოქტომბერს, ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში მდებარე სასტუმროს საბანკეტო დარბაზში, ვაშინგტონიდან მდინარე პოტომაკის გაღმა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ყოფილი აგენტი იდგა ტექნოლოგიების ექსპერტთა აუდიტორიის წინაშე და მძლავრი კომპიუტერული პროგრამის სარეკლამო პრეზენტაციას მართავდა.
კომპანია Oxygen Forensics-ის მიერ შექმნილი ეს პროგრამა მონაცემებსა და ფაილებს იღებს მობილური ტელეფონებიდან, კომპიუტერებიდან და სხვა
ელექტრონული მოწყობილობებიდან მაშინაც კი, თუ ისინი პაროლითაა დაცული.
მას იყენებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი, საიდუმლო სამსახური, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო. ფაქტობრივად, ათობით ფედერალური და ადგილობრივი პოლიციის სააგენტო მთელ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებულ პრეზენტაციის ვიდეოჩანაწერში ყოფილი აგენტი, კონსტანტინოს „გას“ დიმიტრელოსი, Oxygen-ის პროგრამული უზრუნველყოფის მძლავრ შესაძლებლობებს ასხამს ხოტბას. ის, მაგალითად, ტრაბახობს, რომ ეს პროგრამა გამოიყენა აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის - ჰანტერ ბაიდენის კუთვნილი ლეპტოპის დისკის ასლიდან ათიათასობით ფაილის ამოსაღებად.
"Oxygen-ი ჩემი ნომერ პირველი იარაღია. ეს ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელსაც ვიყენებ. ეს ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელსაც ვასწავლი. მიყვარს იგი. მიყვარს“, - ამბობს დიმიტრელოსი. და ეს - „ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იგი ავთენტიკაციის საშუალებას მაძლევს. ასე რომ, მე შევძელი ამ ლეპტოპიდან მონაცემების აღდგენა.“
„ორიოდე წლის წინ მირეკავენ და მეუბნებიან: „ლეპტოპი მაქვს“, - უამბობს აუდიტორიას დიმიტრელოსი. - „რა ლეპტოპია?“ „ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპია“. მე მივუგე: „ოჰ, მართლა ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპია?“
Your browser doesn’t support HTML5
October 2024 Oxygen Forensics Presentation Video
დიმიტრელოსი მიანიშნებდა სკანდალზე, რომელმაც აშშ-ის პოლიტიკა შეაზანზარა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, რომელშიც ჰანტერ ბაიდენის მამამ, ჯომ, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხა.
ორი წლის შემდეგ 2026 წლის 23 სექტემბერს იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაცხადა ბრალდებები Oxygen-ის ორი ხელმძღვანელი პირის წინააღმდეგ - კომპანიის ნამდვილი მფლობელობისა და მისი კონტროლის შესახებ სავარაუდო სიცრუის გამო.
Oxygen Forensics-ი სინამდვილეში, როგორც ფედერალური ხელისუფლება ამტკიცებდა, რუსეთის მფლობელობაშია და რუსეთის მიერ კონტროლდება.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი იყო აშშ-ის მთავრობის იმ რამდენიმე სააგენტოს შორის, რომლებიც Oxygen Forensics-ის პროგრამას იყენებდნენ.
დიმიტრელოსის პრეზენტაცია ერთგვარი სარკმელია იმის დასანახად, თუ რამდენად ფართოდ გამოიყენებოდა Oxygen-ის პროგრამა - ყოველ შემთხვევაში, ბოლო დრომდე, - რომელსაც აღიარებდნენ ციფრული კრიმინალისტიკის სფეროს ექსპერტები, ასევე პოლიციისა და სადაზვერვო სააგენტოები შეერთებულ შტატებში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში.
ახალმა სისხლის სამართლებრივმა ბრალდებებმა, რომლებიც სათავეს პროგრამული უზრუნველყოფის მფლობელობიდან იღებს, გააღვივა შიშები მისი გამოყენების - ან შესაძლო ბოროტად გამოყენების - შესახებ.
„პროგრამული უზრუნველყოფის ყველა კომპანია, რომელსაც რუსი მფლობელები ჰყავს, არ აკეთებს საეჭვო საქმეს. ამასთან, ისტორიულად, ლეგიტიმური კომპანიები საკუთარ სტრუქტურას ამგვარად არ აყალიბებენ.“
დიმიტრელოსი, რომელმაც კომენტარის თხოვნით გაგზავნილ წერილს არ უპასუხა, გაზეთ Washington Examiner-მა დაიქირავა ბაიდენის კომპიუტერის დისკის ნამდვილობის დასადასტურებლად. მისი მცდელობა პირველი არ ყოფილა: გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ ლეპტოპის მფლობელობა მან უფრო ადრე გადაამოწმა. გაზეთმა Washington Post-მა გარე ექსპერტები ჩართო მონაცემთა ნაწილის საკუთარი ანალიზის ჩასატარებლად.
თუმცა დიმიტრელოსი ერთადერთი ცნობილი პირია, რომელმაც ლეპტოპზე Oxygen Forensics-ის პროგრამა გამოიყენა. იგი ამტკიცებდა, რომ ბაიდენის დისკიდან უფრო მეტი ფაილი აღადგინა - მათ შორის ათიათასობით წაშლილი ფაილი, - ვიდრე სხვებმა შეძლეს.
პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული ვერსია რუსული ვერსიის იდენტურია, - აცხადებენ როგორც რუსი აქტივისტები, ისე Oxygen-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც აშშ-ის მთავრობაში მამხილებლის საჩივრები შეიტანა.
ფაქტობრივად, ეს არის იგივე პროგრამა, რომლითაც Oxygen-ი (მან თავისი რუსული სახელი MKO-Systems-ით შეცვალა) ამარაგებს უშიშროების ფედერალურ სამსახურს, რუსეთის მთავარ სადაზვერვო სააგენტოს და სხვა რუსულ უწყებებს.
ხელისუფლების ბრალდების თანახმად, MKO-Systems-ის მფლობელები, რუსეთის ხუთი მოქალაქე - რომლებიც სასამართლო მასალებში მოხსენიებულნი არიან, როგორც „თანაშეთქმულები“ - იგივე ხუთი პირია, რომლებიც Oxygen Forensics-ის უკან დგანან.
ერთ-ერთი მათგანია კომპანიის ტექნოლოგიური დირექტორი, რუსეთის მოქალაქე, სახელად ოლეგ დავიდოვი, რომელიც ლონდონის Heathrow-ს აეროპორტში დააკავეს და შეერთებულ შტატებში მოსალოდნელი ექსტრადიციის მოლოდინში, პატიმრობაში დატოვეს. Oxygen-ის ამერიკელი გენერალური დირექტორი, ლი რაიბერი იმავე დღეს, 20 სექტემბერს აიდაჰოში დააკავეს და გირაოთი გაათავისუფლეს.
თებერვალში საიდუმლო სამსახურმა გააუქმა ხუთწლიანი კონტრაქტი, რომელიც Oxygen-თან ჰქონდა გაფორმებული, მიზეზად „უსაფრთხოების რისკი“ დაასახელა. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი, თავის მხრივ, ახალი ხელშეკრულება აგვისტოში გააფორმა - სისხლის სამართლებრივი ბრალდებების გამოცხადებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე.
ბრიტანული და ევროპული პოლიციის უწყებები ახლა გამალებით ცდილობენ შეაჩერონ „Oxygen“-ის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ინფორმაცია მისი რუსული წარმომავლობის შესახებ.
„რისი თქმა გინდათ, რომ “ფარულ კარს” არ იტოვებენ?“
სფეროს ექსპერტების თქმით, Oxygen-ის პროგრამა მძლავრია და ნაწილობრივ ამის გამოცაა პოპულარული.
გაურკვეველია ის, თუ რამდენად სახიფათოა იგი. მაგალითად, შეიცავს თუ არა მავნე კოდს ან „ფარულ კარს“, დატოვებულ “ხვრელს” - მოგვიანებით თავისუფლად შეღწევის მიზნით, რათა ჰაკერებს ან გარეშე პირებს მოპოვებულ მონაცემებზე წვდომის საშუალება მიეცეთ.
„პროგრამული უზრუნველყოფის ყველა კომპანია, რომელსაც რუსი მფლობელები ჰყავს, საეჭვო რამეებს არ აკეთებს“, – განაცხადა რუნა სანდვიკმა, ციფრული უსაფრთხოების ნორვეგიელ-ამერიკელმა ექსპერტმა. - „ჩვენ არ გვაქვს არანაირი მყარი მტკიცებულება, რაც მიანიშნებდა, რომ ეს პროგრამა აკეთებდა კიდევ რაღაც სხვას, იმის გარდა, რაც მას უნდა გაეკეთებინა.“
„ამასთან, ისტორიულად, ლეგიტიმური კომპანიები საკუთარ სტრუქტურას ამგვარად არ აყალიბებენ“, – დასძინა მან.
ციფრული კრიმინალისტიკის სფეროს სხვა მსხვილ კომპანიებს შორის არის Cellebrite - ისრაელის ფირმა, რომელმაც 2015 წელს Oxygen-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლა. იმ სარჩელში Cellebrite ასევე ამტკიცებდა, რომ Oxygen Forensics-ს სინამდვილეში რუსი მფლობელები აკონტროლებდნენ.
„თქვენ მეუბნებით, რომ რუსები, რომლებსაც ეკუთვნოდათ ეს ოხრობა და მის პროგრამულ ენას ქმნიდნენ, არ იყენებენ მას, არ იტოვებდნენ ფარულ ხვრელებს? არ იყენებენ მას საკუთარი მიზნებისთვის? სისულელეა“, - განაცხადა მან. - „ბოდიში უხეში გამოთქმისთვის”.
"Oxygen-ს ხელშეკრულებები ჰქონდა მრავალ ქვეყანასთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ამ სფეროს სხვა მოთამაშეებს. ასე რომ, აქედან გამომდინარე, ვიტყოდი, მისი, როგორც მძლავრი პროგრამული უზრუნველყოფის დახასიათება, ზუსტია“, – განაცხადა სანდვიკმა.
თავის განცხადებაში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს არ უთქვამს, რომ პროგრამული უზრუნველყოფა მავნე კოდს შეიცავდა ან უნებართვო წვდომის მოსაპოვებლად გამოიყენებოდა. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლებრივი საჩივარი ამას „არ ამტკიცებს“.
რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ განცხადებაში “საიდუმლო სამსახურმა” გვაცნობა, რომ Oxygen-ის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება „სააგენტოს მიერ უსაფრთხოების რისკების გამოვლენისთანავე, 2026 წლის თებერვალში შეწყდა. ეს პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ იზოლირებულ (air-gapped) გარემოში გამოიყენებოდა და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რაიმე საიდუმლო ინფორმაცია საფრთხეში აღმოჩნდა“.
Air-gap-ი გულისხმობს კომპიუტერულ ქსელებს, რომლებიც იზოლირებულია დაუცველი ქსელებისგან, როგორიცაა ინტერნეტი, რათა ჰაკერებს ან კიბერთავდამსხმელებს არ მიეცეთ წვდომის მოპოვების საშუალება, ან თავიდან აიცილონ მავნე პროგრამების გავრცელება.
სკრინშოთი რუსი აქტივისტების ვიდეოპრეზენტაციიდან, სადაც განმარტებულია, თუ როგორ არის „Oxygen“-ის ინგლისური და რუსული პროგრამული ვერსიები იდენტური.
„თქვენ მეუბნებით, რომ რუსები, რომლებსაც ეკუთვნოდათ ეს ოხრობა და მის პროგრამულ ენას ქმნიდნენ, არ იყენებენ მას, არ იტოვებდნენ ფარულ ხვრელებს? არ იყენებენ მას საკუთარი მიზნებისთვის? სისულელეა.”
თავდაცვის დეპარტამენტმა კომენტარის თხოვნას არ უპასუხა.
რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელმაც აგვისტოში ახალი კონტრაქტი გააფორმა, უარი თქვა პასუხზე, აგრძელებს თუ არა ამ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას, ან შეშფოთებულია თუ არა მისი უსაფრთხოების მხრივ.
მარიან მიგერმა, რომელიც საგამოძიებო/სასამართლო ექსპერტიზის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Oxygen Forensics-ის ფედერალურ სააგენტოებზე გაყიდვებს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ კომპანიას რუსეთის მოქალაქეები ფლობდნენ და აკონტროლებდნენ.
„ეს პროგრამული უზრუნველყოფა იმდენად დახვეწილია. თუ მისი გამოყენებით ნებისმიერ ადგილას ყველაფერში შეღწევა შეგიძლია... და თან რუსების მფლობელობაში ხარ?..“ - თქვა მან ინტერვიუში. - „ეს პრობლემურია.“
„გინდათ მითხრათ, რომ რუსები, რომლებიც ამ ნაგავს ფლობდნენ და კოდს წერდნენ, უკანა კარს არ ტოვებენ? ამას საკუთარი მიზნებისთვის არ იყენებენ? სისულელეა,“ - განაცხადა მან. - „მაპატიეთ ჩემი უხეშად ნათქვამი.“
„ძალიან ცუდია, რომ Oxygen-მა ფედერალებს მოატყუა, მაგრამ აქ ბევრად, ბევრად უფრო დიდი სურათია,“ - დასძინა მან.
უკანა კარის ჩაშენება „ტექნიკურად შესაძლებელი რამ არის,“ - თქვა სუნდვიკმა, - „თუმცა ვივარაუდებდი, რომ აშშ-ის ხელისუფლებას ექნება ამის შემოწმებისა და თავიდან აცილების შესაძლებლობა.“
რადიო მოსკოვი
Oxygen Software 2002 წელს რუსეთში დააფუძნეს დავიდოვმა და ფიოდოროვმა.
თანადამფუძნებლად ასევე მითითებული იყო მოსკოვის რადიოკომუნიკაციების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - ყოფილი სახელმწიფო უწყება, რომელიც, სხვა პროდუქტებთან ერთად, აწარმოებს სანავიგაციო და თანამგზავრულ საკომუნიკაციო სისტემებს და სარაკეტო ელექტრონიკას. ინსტიტუტის პრივატიზება 1990-იანი წლების დასაწყისში მოხდა.
ფიოდოროვი ამ ინსტიტუტში მუშაობდა, მამამისთან, საბჭოთა პერიოდში სამხედრო რადიოკომუნიკაციების სისტემების ცნობილ სპეციალისტ ევგენი ფიოდოროვთან ერთად.
2015 წლამდე Oxygen Software-ი ფიზიკურად ინსტიტუტის ტერიტორიაზე მდებარეობდა. იმ წელს კომპანიამ ოფისები სხვაგან გადაიტანა და ფირმას სახელი MKO-Systems-ით შეუცვალა - თავისი წამყვანი პროდუქტის, Mobile Forensic Detective-ის რუსული შემოკლებით.
სოციალური ქსელებიდან აღებულ ამ დაუთარიღებელ ფოტოზე, ოლეგ დავიდოვი (მარცხნივ), ოლეგ ფიოდოროვი (მარჯვნივ) და Oxygen Software-ის სხვა თანამშრომლები ჩანან კომპანიის ღონისძიებაზე
ორი წლით ადრე, დავიდოვმა დააფუძნა Oxygen Forensics-ი, რომელსაც ვაშინგტონის გარეუბანში, ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში მდებარეობს. რაიბერი, აიდაჰოს შტატის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც მობილური მოწყობილობებიდან მონაცემების გამოტანის გამოცდილება ჰქონდა, კომპანიას 2015 წელს შეუერთდა.
რუსეთის შიგნით Oxygen-ი ამ სფეროს ლიდერი გახდა. ის პოპულარული იყო ისეთ სამართალდამცავ სააგენტოებში, როგორებიცაა საგამოძიებო კომიტეტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების ფედერალური სამსახური - ეფესბე.
გაურკვეველია, ზუსტად როდის შეწყვიტა მოსკოვის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა თანამესაკუთრედ ყოფნა.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ინსტიტუტი 2022 წელს გაკოტრდა, ის იყიდა ინვესტორთა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა ედუარდ ბენდერსკი, ეფესბეს სპეცრაზმის ყოფილი ოფიცერი. ბენდერსკის სიძეა მაქსიმ იაკუბეცი, პროგრამისტი, რომელმაც შექმნა გამოსასყიდის მოთხოვნის პროგრამის (ransomware) ცნობილი სახეობა, სახელწოდებით Evil Corp-ი.
აშშ-ის ხელისუფლებამ იაკუბეცს ბრალი 2019 წელს წაუყენა და იგი ახლა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყველაზე მეტად ძებნილთა სიაშია.
2024 წელს აშშ-ისა და ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბენდერსკის კიბერდანაშაულებრივი ჯგუფ „Evil Corp-ის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი“ უწოდა.
რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო ბენდერსკისა და Oxygen Software-ს შორის ზუსტი კავშირის დადგენა.
MKO-Systems-მა მიიღო ელექტრონული წერილი რადიო თავისუფლებისგან კომენტარის თხოვნით, თუმცა პასუხი არ გაუცია. ფიოდოროვს ასევე არ უპასუხია ელექტრონულ წერილზე. დავიდოვთან, რომელიც ბრიტანეთის პატიმრობაში რჩება შესაძლო ექსტრადიციის მოლოდინში, კომენტარისთვის დაკავშირება ვერ მოხერხდა.
ამერიკული ინვესტიციები
აქტივისტებისა და ექსპერტების ცნობით, რუსეთში პროგრამული უზრუნველყოფა Mobile Forensic Detective ფართოდ გამოიყენება ელექტრონულ მოწყობილობებში შეღწევისთვის, ხშირად პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში.
მის სამიზნეებს შორის მოხვდა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა. კურმაშევა 2023 წელს მშობლიურ რუსეთში, თათრეთში, სტუმრობისას დააკავეს და 6 ½ წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბრალდებებით, რომლებსაც მან და რადიო თავისუფლებამ უსაფუძვლო უწოდეს. იგი 2024 წლის აგვისტოში პატიმართა გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.
აშშ-ში Oxygen Forensics-მა მოგებიანი კონტრაქტები გააფორმა სამთავრობო სააგენტოებთან, მათ შორის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან, რომელიც ზედამხედველობს ძალებს, რომლებიც აშშ-ის საზღვრებს იცავენ და საიმიგრაციო კანონებს აღასრულებენ. საიდუმლო სამსახურმა ეს პროგრამა თავისი კომპიუტერული ექსპერტიზის ეროვნული ინსტიტუტისთვის შეიძინა.
შიდა გაყიდვების დიაგრამებმა, რომლებიც რადიო თავისუფლებას გაუზიარეს, აჩვენა, რომ კომპანიას ჰქონდა კონტრაქტები ათობით სააგენტოსთან, ფედერალურ და შტატების დონეზე, და მრავალ სუბიექტთან მთელ მსოფლიოში.
სასამართლო მასალების თანახმად, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში ფართო მასშტაბიანი ომი დაიწყო, Oxygen-ი ცდილობდა თავისი რუსული მფლობელობა დაემალა, რადგან შიშობდა აშშ-ის სამთავრობო კონტრაქტების დაკარგვას. კომპანიამ კვიპროსზე დააფუძნა შუამავალი სახელწოდებით, Oxygen Cyprus-ი.
რადიო თავისუფლების საგამოძიებო მასალების საპირისპიროდ, რომლებმაც დაადგინა, რომ Oxygen-მა თავის რუსულ სუბიექტს სახელი MKO-Systems-ით 2015 წელს შეუცვალა, იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ცვლილება 2022 წლის შემდეგ მოხდა.
ამასობაში ხუთი რუსი მფლობელი გაქრა რუსული კორპორაციული ჩანაწერებიდან, თუმცა პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი აგრძელებდნენ კომპანიაში გადაწყვეტილებების მიღებას, გადახდების კონტროლს და ინარჩუნებენ კორპორაციულ საბანკო ანგარიშებზე ზედამხედველობას.
რაიბერმა, რომელთანაც დაკავშირება კომენტარისთვის ვერ მოხერხდა, სავარაუდოდ, დაუდასტურა აშშ-ის მთავრობას 2022 და 2023 წლებში, რომ Oxygen Forensics-ს სხვა მფლობელები არ ჰყავდა, რაც ფედერალური სამთავრობო კონტრაქტების ძირითადი მოთხოვნაა.
2023 წლის ნოემბერში MKO-Systems-ზე საკუთრება გადაეცა უცნობ ტექნოლოგიურ კომპანიას, სახელწოდებით Prostranstvo IT-ი. კომპანია, როგორც ჩანს, არ ავრცელებს თავისი აქციონერების ვინაობას და რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო მათი იდენტიფიცირება.
რუსეთის სისხლის სამართლის საქმის ოქმის ფოტოსურათი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას საქმეზე, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოიყენებოდა Oxygen-ის პროგრამა მისი ელექტრონული მოწყობილობებიდან მონაცემებისა და ფაილების ამოსაღებად
სასამართლო დავა
2023 წლის დეკემბერში Oxygen Forensics-მა დაიქირავა რუსულენოვანი ამერიკელი მამაკაცი, სახელად მაქს ვისბერგი, კომპანიის მარკეტინგში დახმარების მიზნით, სხვათა შორის, სარეკლამო ვიდეოების დასამზადებლად.
ვისბერგი 22 თვის შემდეგ, 2025 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს, იმ სარჩელის თანახმად, რომელიც Oxygen-მა მის წინააღმდეგ შეიტანა ორი ლეპტოპის და სხვა ციფრული ფაილების დაბრუნების მოთხოვნით. კომპანია ვისბერგს ადანაშაულებდა „ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებაში, თითქოს Oxygen Forensics-ს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფლობდა და აკონტროლებდა“.
ვისბერგმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ 2024 წლის აპრილში იგი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც შეხვდა Oxygen-ის რამდენიმე რუს თანამშრომელს, მათ შორის დავიდოვსა და ფიოდოროვს. მისი დახასიათებით, დავიდოვი და მოსკოვში მყოფი სხვა თანამშრომლები გულთბილნი იყვნენ, ხოლო ფიოდოროვი უხეში და უჟმური.
„არა მგონია, რომ ეფესბეს თანამშრომელი იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად ჰყავს მეგობრები და, შესაბამისად, ხელშეუხებელია“, - განაცხადა ვაისბერგმა და დაამატა - „ძალიან თავდაჯერებულია“.
ვისბერგი ამბობს, რომ მან გასულ წელს, 2025 წლის ოქტომბერში, სახელმწიფო დეპარტამენტში შეიტანა მამხილებლის საჩივარი, სადაც ამტკიცებდა, რომ Oxygen-ი თავის მფლობელობის შესახებ სიმართლეს არ ამბობდა.
მას შემდეგ, რაც იუსტიციის დეპარტამენტმა სისხლის სამართლებრივი ბრალდებები გამოაცხადა, მეორე დღეს, 2026 წლის 24 სექტემბერს, ვისბერგმა განაცხადა, რომ შეხვდა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის გამომძიებლებს, რომლებმაც კომპანიის თანამშრომლების შესახებ დამატებითი დეტალები გამოჰკითხეს.
მათ ასევე აცნობეს ვისბერგს, რომ კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება თავდაპირველად წინა წელს, 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო.
"პოლიტიკური ლეპტოპი"
დიმიტრელოსის დაქირავებამდე ბევრად ადრე, სანამ იგი Oxygen-ის გამოყენებით მონაცემებს გამოიტანდა, ჰანტერ ბაიდენის Apple-ის ლეპტოპი აშშ-ის პოლიტიკაში მწვავე სკანდალის ცენტრში მოექცა.
ბაიდენმა, რომელიც ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულებას ებრძოდა, დაზიანებული ლეპტოპი 2019 წელს სარემონტოდ სახელოსნოში დატოვა, რის შემდეგაც მისი მონაცემები და შიგთავსი - რომელთაგან ზოგიერთი ვულგარული იყო ან საეჭვო საქმიან გარიგებებზე მიუთითებდა, - გადასცეს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის იურისტებსა და აქტივისტებს. აშშ-ის რამდენიმე საინფორმაციო გამოცემამ სტატიები გამოაქვეყნა.
ჰანტერ ბაიდენი (მარჯვნივ), ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის (მარცხნივ) ვაჟი, ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულებას ებრძოდა იმ დროს, როდესაც მან ნებაყოფლობით გადასცა თავისი ლეპტოპი დელავერის სახელოსნოს.
სოციალური მედიის მსხვილმა კომპანიებმა საბოლოოდ შეზღუდეს სტატიების გავრცელება, იმ ბრალდებებზე მითითებით, რომ შესაძლოა მონაცემები რუსეთს შეეცვალა.
ჰანტერ ბაიდენს 2023 წლის სექტემბერში, იმ დროს, როდესაც იგი ნარკოდამოკიდებული იყო, იარაღის უკანონო ფლობის ბრალდება წაუყენეს, რაც აშშ-ის კანონმდებლობით, მძიმე დანაშაულია. ცხრა თვის შემდეგ იგი ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესის დროს მისცა ჩვენება გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომელმა და სააგენტომ ლეპტოპის ავთენტიკურობა დაადასტურა.
რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო დაედგინა, გამოიყენა თუ არა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ Oxygen-ის პროგრამული უზრუნველყოფა ამ ლეპტოპის შესამოწმებლად.