19 ჰექტარი რუსთავთან, ტაქსის გეგმები თბილისში - რუსული Wildberries-ი საქართველოში ფართოვდება

Wildberries-მა საქართველოში გაყიდვები „ტრანსკომ გრუპის“ მეშვეობით 2024 წლის 22 ოქტომბერს დაიწყო.

რუსული ონლაინსავაჭრო პლატფორმის, Wildberries-ის ქართულმა ოპერატორმა რუსთავთან სახელმწიფოსგან 19 ჰექტარზე მეტი მიწა იყიდა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში კი საწყობი იქირავა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) 17 ნოემბრის კვლევის თანახმად, Wildberries-ის ადგილობრივი პარტნიორი, შპს „ტრანსკომ გრუპი“, თბილისის ტაქსის ბაზარზე შესასვლელადაც ემზადება. ოქტომბერში მან ტენდერი გამოაცხადა თბილისში დაახლოებით 150 ავტომობილის WB Taxi-ის ნიშნებით გასაფორმებლად.

კვლევის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, 16 ნოემბერს, ევროკავშირმა Wildberries-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ტატიანა კიმი დაასანქცირა. ევროკავშირის საბჭოს შეფასებით, კომპანია რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელია, მისი პლატფორმა კი რუს სამხედროებს აღჭურვილობის შეძენას უადვილებს.

ასევე ნახეთ

ევროკავშირმა სასანქციო სიას დაამატა რუსეთის კომპანიები, მათი მფლობელები, სატელევიზიო აქტორები და ჰაკერული ჯგუფი

ფალიაშვილის ქუჩაზე გახსნილი პირველი პუნქტიდან რუსთავთან შეძენილ მიწამდე

Wildberries-მა საქართველოში გაყიდვები „ტრანსკომ გრუპის“ მეშვეობით 2024 წლის 22 ოქტომბერს დაიწყო. თავდაპირველად მომხმარებლებს შეკვეთილი ნივთების მიღება მხოლოდ თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შეეძლოთ. მოგვიანებით ამანათების გაცემის პუნქტები სხვა ქალაქებშიც გაიხსნა, 2025 წლიდან კი პლატფორმაზე საკუთარი საქონლის გაყიდვა ქართველმა მეწარმეებმაც შეძლეს.

EPRC-ის მიერ შესწავლილი სარეგისტრაციო მონაცემებით, 2026 წლის იანვარში „ტრანსკომ გრუპმა“ სახელმწიფოსგან ოთხი ნაკვეთი იყიდა. ოთხივე რუსთავთან, თბილისი–წითელი ხიდის გზის მე-17 კილომეტრის მიმდებარედ მდებარეობს. მათი საერთო ფართობი 19,25 ჰექტარია.

ინფორმაცია ნაკვეთებზე საჯარო რეესტრის ამონაწერებში [1], [2], [3], [4]

მკვლევრების ვარაუდით, კომპანიამ შესაძლოა აქ საწყობი ან ლოგისტიკური ცენტრი მოაწყოს. კონკრეტულად რას გეგმავს „ტრანსკომ გრუპი“ ამ მიწაზე, საჯარო დოკუმენტებიდან არ ჩანს.

სოფელ გამარჯვებაში კი „ტრანსკომ გრუპს“ იჯარით აქვს აღებული თითქმის 13 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის საწყობი. იჯარის ვადა 2028 წლის 19 ივნისს იწურება. 28 ოქტომბერს კომპანიამ სწორედ ამ შენობაში მობილური კავშირის გასაუმჯობესებლად გამოაცხადა ტენდერი.

რადიო თავისუფლება ცდილობს, „ტრანსკომ გრუპთან“ გადაამოწმოს კვლევაში მოყვანილი ფაქტები და დააზუსტოს კომპანიის სამომავლო გეგმები. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

საჯარო რეესტრის 2026 წლის ივნისის ამონაწერის მიხედვით, „ტრანსკომ გრუპის“ დირექტორი და ერთადერთი მფლობელი სერგი თვალჭრელიძეა. მან 2025 წელს „ქართულ ოცნებას“ 30 ათასი ლარი შესწირა. იმავე წლის მარტის მონაცემებით, თვალჭრელიძე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ბარვენაშვილი სხვა კომპანიის, „ნამა კონსალტინგის“, წილებსაც ფლობდნენ. მანამდე, 2024 წლის ნოემბერში, ბიზნესრეგისტრში „ტრანსკომ გრუპის“ პარტნიორად ბანკ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლაშა მეგრელიძე იყო მითითებული.

რას გეგმავს WB Taxi თბილისში?

„ტრანსკომ გრუპმა“ WB Taxi-ის ავტომობილების გასაფორმებლად ორი ტენდერი გამოაცხადა - 16 და 21 ოქტომბერს. მეორე ტენდერის პირობებით, გამარჯვებულ კომპანიას უნდა დაემზადებინა WB Taxi-ის ნიშნებიანი ფირი და თბილისში დაახლოებით 150 ავტომობილზე გადაეკრა. საჯარო ჩანაწერებიდან არ ჩანს, გაფორმდა თუ არა ხელშეკრულება. ჯერჯერობით არც ის დასტურდება, რომ WB Taxi-მ თბილისში მგზავრების გადაყვანა დაიწყო.

თუ სერვისი თბილისშიც ამოქმედდება, ეს სამხრეთ კავკასიის მეორე დედაქალაქი იქნება, სადაც მგზავრებს WB Taxi-ის გამოძახება შეეძლებათ. EPRC-ის ცნობით, 22 სექტემბერს სერვისი ერევანში საცდელ რეჟიმში ამოქმედდა. ნოემბრის დასაწყისისთვის WB Taxi მუშაობდა ბელარუსში, ყირგიზეთსა და უზბეკეთშიც, მათ შორის მინსკში, ბიშკეკსა და ტაშკენტში.

საქართველოში ტაქსის გამოძახების რუსული სერვისი Yandex Go უკვე მუშაობს.

დარტყმები რუსეთში და ევროკავშირის სანქციები

უკრაინამ რუსეთში Wildberries-ის საწყობებსა და ლოგისტიკურ ცენტრებზე დარტყმები ივლისის შუა რიცხვებში დაიწყო. 18 ივლისს, მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში კომპანიის ობიექტებზე დრონებით შეტევის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ამ ქსელს სამხედრო დრონების კომპონენტებისა და სხვა აღჭურვილობის გადასაზიდად იყენებდა. კრემლმა საწყობების სამხედრო მიზნებით გამოყენება უარყო.

ასევე ნახეთ

რატომ უტევს უკრაინა Wildberries-ის საწყობებს და რა საფრთხეს უქმნის ეს რუსეთის ეკონომიკას?

29 ივლისს რუსული გამოცემა „კომერსანტი“ უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთში საწყობებზე დარტყმების შემდეგ Wildberries-ის ჯგუფმა დამატებითი სასაწყობე ფართების ძებნა ყაზახეთში დაიწყო. გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ჯგუფი დაახლოებით 100 ათასი კვადრატული მეტრის დაქირავებას განიხილავდა. თავად კომპანია ყაზახეთში ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობას წინასწარ დაგეგმილ პროექტად აღწერდა.

სომხეთში კომპანიამ სასაწყობე ქსელი ჯერ კიდევ დარტყმების დაწყებამდე გააფართოვა - მარტში ერევანში გახსნა დაახლოებით 23 ათასი კვადრატული მეტრის ლოგისტიკური ცენტრი.

ტატიანა კიმი ორმაგი დანიშნულების საქონლის გაყიდვის შესახებ ბრალდებებს ივლისში გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი ნივთების ყიდვა Amazon-სა და Alibaba-ზეც შეიძლება. ნოემბერში, კიმისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, კომპანიამ განაცხადა, რომ ევროკავშირში არც საქმიანობს და არც აქტივებს ფლობს, ამიტომ ბრიუსელის გადაწყვეტილება მის მუშაობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

ასევე ნახეთ

რუსული სანქცირებული Wildberries-ის ქართული რეკლამა - ინფლუენსერები, ტელეწამყვანები და ბილბორდები ქალაქში

რა გაარკვია რადიო თავისუფლებამ აგვისტოში?

25 აგვისტოს რადიო თავისუფლება წერდა, როგორ უწევდნენ რეკლამას Wildberries-ს საქართველოში იმ დროს, როცა უკრაინა რუსეთში მის საწყობებს უტევდა. იმ დროისთვის პლატფორმას საქართველოში ამანათების გაცემის 100-მდე პუნქტი ჰქონდა. კომპანიის ბანერები თბილისისა და ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტზე გამოჩნდა.

სოციალურ ქსელებში Wildberries-ს რეკლამას უწევდნენ ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე, სტილისტი დალი ჩიტალაძე, მსახიობი სალომე შარვაძე და სხვები.

უკრაინამ თავად კომპანიას სანქციები ჯერ კიდევ 2021 წელს დაუწესა.