სარეცხი თოკზე, ანუ ნუ შეგაშინებთ ჯარიმა

თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სარეცხის გაფენის გამო არც მიმდინარე წელს, არც გასულ წელს და არც წინა წლებში მერიის ზედამხვედველობის საქალაქო სამსახურს არავინ დაუჯარიმებია.

ჯარიმის შესახებ ჩანაწერი

  • ჯარიმის შესახებ ჩანაწერი ჯერ კიდევ 2007 წლის 8 მაისს გაჩნდა, კოდექსის 150-ე პრიმა მუხლში, რომელიც თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებურ შეცვლას ეხება.
  • კოდექსის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში შენობების ფასადებზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, გისოსების, ჯიხურების, დახლების ან სხვა მსუბუქი კონსტრუქციების და, მათ შორის, სარეცხის საშრობის განთავსება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ზონაში შენობების ფასადზე სარეცხის გაფენისთვის ჯარიმაა დაწესებული, არ არის ახალი ამბავი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ამ ჯარიმის შესახებ ჩანაწერი ჯერ კიდევ 2007 წლის 8 მაისს გაჩნდა. კოდექსის 150-ე პრიმა მუხლში, რომელიც თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებურ შეცვლას ეხება, ვკითხულობთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში შენობების ფასადებზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, გისოსების, ჯიხურების, დახლების ან სხვა მსუბუქი კონსტრუქციების და, მათ შორის, სარეცხის საშრობის განთავსება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

გიორგი ბაგრატიონი, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სამსახურს წლების განმავლობაში ჯარიმა სარეცხის საშრობის გამო არავისთვის გამოუწერია:

„პრაქტიკასაც რომ გადავხედოთ, გაჭიმული თოკის გამო ადამიანი თავს არ დაგაჯარიმებინებს. მიხვალ, გააფრთხილებ, რომ ჩამოხსნას თოკი. ჩამოხსნის, მაგრამ მეორე დღეს ისევ გააკეთებს. ჩვენ ყოველდღე ხომ ვერ შევამოწმებთ, ვინ გაჭიმავს თოკს და ვინ არა?“

მერიის ზედამხედველობის სამსახურისავე განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის ზონად მიიჩნევა რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, აღმაშენებლის გამზირის, მთაწმინდისა და თბილისის ძველი უბნების ტერიტორია.

ძველი თბილისი

რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას სარეცხის საშრობის გამო არსებულ სანქციებზე სოციალურ ქსელში მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. მათი პროტესტის მიზეზი, პირველ რიგში, ძველი თბილისის ტერიტორიაზე არსებული აკრძალვა გახდა. მოქალაქეების აზრით, თოკებზე გაფენილი სარეცხი ძველი თბილისის სახლებისა და ეზოების ერთ-ერთი მთავარი ხიბლია.