უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტექნოლოგიური გიგანტის, „იანდექსის“ (Yandex) მონაცემთა ცენტრებზე უკრაინის მიერ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შედეგად შემცირდა კრემლის მომხრე იმ ინტერნეტ-ბოტების რაოდენობა, რომლებიც სიძულვილს ავრცელებენ. ამ მოსაზრებას ტექნოლოგიების მრავალი მკვლევარი ეჭვქვეშ აყენებს. მათი აზრით, ზელენსკის მტკიცებულებები ჯერჯერობით არცერთი მყარი მონაცემით არ დასტურდება.
მართლაც შეზღუდა თუ არა „იანდექსზე“ უკრაინული დრონების დარტყმებმა რუსეთის ბოტების ქსელი სოციალურ მედიაში?
ბოლო დღეებში უკრაინამ დაარტყა „იანდექსის“ - რომელსაც ხშირად „რუსულ Google-ს“ უწოდებენ - მონაცემთა სამ ცენტრს, რამაც კომპანიის მრავალი სამსახურის, მათ შორის ტაქსის გამოძახების, გადახდების, საკვები პროდუქტების შეკვეთის, cloud-ზე გამოთვლის და ჩეტ-ბოტების აქტიურობის მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია.
ბოლო თავდასხმა 11 ოქტომბერს მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 180 კილომეტრში, ვლადიმირში მოქმედ „იანდექსის“ ობიექტს მოხდა, რასაც ოპერაციების სრული შეჩერება მოჰყვა.
დრონებით კიდევ ორი დარტყმის სამიზნე კვირის დასაწყისში იყო „იანდექსის“ მონაცემთა სხვა ცენტრები: 8 ოქტომბერს - მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 315 კილომეტრში მდებარე ქალაქ სასოვოში, ხოლო მომდევნო დღეს მეორე - კალუგის რეგიონში, ფედერაციის დედაქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით.
12 ოქტომბერს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის გახსნის დღეზე გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მონაცემთა ცენტრებზე უკრაინის თავდასხმების შემდეგ „ბევრ სოციალურ მედიაპლატფორმაზე უეცრად, ცოტათი გაადვილდა სუნთქვა“.
„ნაკლები სიძულვილი, ნაკლები დაპირისპირება და ნაკლები პროვოკაცია იყო, რადგან ნაკლები ბოტი იყო - და სრულიად ნათელია, საიდან მოდიოდნენ ეს ბოტები“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მთელ მსოფლიოში ინტერნეტში აქტიურობის მეთვალყურე საჯარო ინსტრუმენტის, Cloudflare Radar-ის თანახმად, მონაცემთა ცენტრებზე უკრაინის დარტყმები, როგორც ჩანს, დაემთხვა „იანდექსის“ ქსელიდან ავტომატიზებული მოძრაობის ბოლო უმაღლესი მაჩვენებლის დაახლოებით 0.4 პროცენტის შეჩერებას.
რუსული სოციალური მედიის ბოტები
დრონებით დარტყმების, განსაკუთრებით კი ვლადიმირის ობიექტზე ბოლო თავდასხმის, შემდეგ, სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა მტკიცებები, რომ თავდასხმებმა მკვეთრად შეამცირა სოციალურ მედიაში იმ კრემლის მხარდამჭერი ბოტების რაოდენობა, რომლებიც გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის „AfD“-ს, მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის „Reform UK“-ისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოძრაობა „MAGA“-ს მხარდასაჭერად აქვეყნებდნენ პოსტებს. ზოგიერთმა მომხმარებელი იმასაც ვარაუდობს, რომ ამ შეფერხებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს აშშ-ის ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე.
ჩეხმა პოლიტიკოსმა და ევროპარლამენტის წევრმა, ტომაშ ჟდეხოვსკიმ, X-ზე დიაგრამის გამოქვეყნებისას აღნიშნა: „თუ დადასტურდა, სურათი ნათელია: რუსეთის მონაცემთა ცენტრებს დაარტყეს და უეცრად AfD-ის ირგვლივ ონლაინაქტივობა მკვეთრად ეცემა“.
თუმცა ტექნოლოგიების მრავალი ექსპერტი და მკვლევარი აცხადებს, რომ სოციალური მედიის ბოტებზე სავარაუდო ზემოქმედება, როგორც ჩანს, არასწორად განიმარტა და ძირითადად, ცალკეულ, არაოფიციალურ მონაცემებს ეფუძნებოდა.
„იანდექსის“ „ბოტების ტრაფიკის“ მკვეთრი ვარდნა, ტექნოლოგიების მკვლევრების თქმით, სინამდვილეში ძირითადად მოდის თავად „იანდექსის“ "ვებკრაულერებიდან" (web crawlers) - ავტომატიზებული პროგრამებიდან, რომლებიც საძიებო სისტემებში ინდექსირების მიზნით ასკანერებენ საჯარო ვებგვერდებს. და ეს ხდება არა იმ ანგარიშებიდან, რომლებიც X-სა და სხვა სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციას აქვეყნებენ.
RFE/RL-თან საუბრისას მკვლევარმა, რომელიც მართავს X-ის ანგარიშ @antibot4navalny-ს, - და რომელიც თვალყურს ადევნებს ქსელებში პროპაგანდისტულ ძალისხმევასა და ტროლებს, რომლებსაც მთავრობა უჭერს მხარს, - განაცხადა, რომ Cloudflare-ის დიაგრამას „მცირე კავშირი აქვს სოციალურ მედიაში არსებულ მავნე პროპაგანდისტულ ბოტებთან. იგი ზომავს ავტომატიზებულ მოთხოვნებს ვებგვერდებზე (ნებისმიერი სახისას, რომელთა შორის სოციალური მედიის წილი უმნიშვნელოა)“.
XenoSpectrum-მა, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების გაშუქების იაპონურმა ვებგვერდმა დაწერა: „ის, რაც Cloudflare Radar-მა მკვეთრად დაცემული აჩვენა, იყო HTTP მოთხოვნები AS13238-დან, - „იანდექსის“ მიერ მართული ქსელიდან, - რომლებიც, სავარაუდოდ, ავტომატიზებულ “ტრაფიკს” წარმოადგენდა... შესაბამისად, ეს მონაცემები არც სრულიად რუსეთში ინტერნეტტრაფიკის მოცულობას აჩვენებს და არც რომელიმე კონკრეტულ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეტყობინებების რაოდენობას“.
სავარაუდოა, რომ მომდევნო კვირებში მეტი მონაცემი გამოჩნდება, რაც უფრო მოჰფენს ნათელს სოციალურ მედიაში მოქმედ, კრემლის მხარდამჭერ ანგარიშებზე უკრაინული დრონების დარტყმების გავლენას.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარტყმები იყო პასუხი უკრაინულ მონაცემთა ცენტრებზე რუსეთის თავდასხმებზე, რომლებიც სექტემბერში გაძლიერდა და გავლენა იქონია ინტერნეტსა და მობილურ სამსახურებზე მთელ უკრაინაში. რუსულ მონაცემთა ცენტრებზე თავდასხმები უკრაინის დრონების კამპანიის გაფართოებას ნიშნავს, რომელსაც მანამდე რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ჰქონდა სამიზნეში ამოღებული.
12 ოქტომბრის მონაცემებით, „იანდექსი“ კვლავ იტყობინებოდა სერვისების შეფერხების შესახებ, სანამ სიმძლავრეების აღდგენაზე მუშაობდა. რუსეთის თავდაცვისა და ციფრული განვითარების სამინისტროები განიხილავენ ზომებს მონაცემთა ცენტრების დრონების თავდასხმებისგან დასაცავად, - იტყობინებოდა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი 12 ოქტომბერს, ციფრული განვითარების მინისტრ მაქსუტ შადაევზე დაყრდნობით.
Yandex Go-ს - ტექნოლოგიური გიგანტის მთავარი მობილური აპლიკაციის, რომელიც ფართოდ გამოიყენება ტაქსის გამოძახების, მიტანისა და სხვა საქალაქო სამსახურებისთვის რუსეთის ფარგლებს გარეთაც, - სერვისების შეწყვეტის შესახებ ასევე იტყობინებოდნენ სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში.
„მეგობრებო, ჩვენს ზოგიერთ სერვისს ამჟამად აქვს ტექნიკური პრობლემები, რამაც შესაძლოა დროებით დაარღვიოს მათი მოქმედება. ვიცით ამ სიტუაციის შესახებ. ჩვენი სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ ამ სამსახურების რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის“, - მიმართავდა Yandex Go, ტაქსისა და მიტანის სამსახური ყაზახეთში თავის მომხმარებელს, 11 ოქტომბერს.
მომსახურება 12 ოქტომბერს აღდგა, თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ იგი აგრძელებს მუშაობას მათი სტაბილიზაციისთვის.