ელჩმა მუსტაფა თურქერ არიმ, – რომელიც 2026 წლის გაზაფხულიდან არის ელჩი საქართველოში, – 21 ნოემბერს კომენტარი მისცა ახალი ამბების თურქულ სამთავრობო სააგენტოს, Anadolu Ajansı-ს.
Anadolu წერს, რომ ელჩმა „ინიციატივის, „დავასრულოთ აფხაზეთის იზოლაცია“, ბოლოდროინდელი აქტივობების კონტექსტში შეაფასა თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები“.
„პრინციპული პოზიცია უცვლელია“
„გაიხსენა, რომ 1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თურქეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა“, – წერს სააგენტო.
ელჩის კომენტარის თარგმანს საქართველოში თურქეთის საელჩოს ოფიციალური ფეისბუკ-გვერდი აქვეყნებს.
მუსტაფა თურქერ არიმ, ამავე წყაროს თანახმად, საქართველოს უწოდა „სტრატეგიული პარტნიორი, ახლო მეზობელი და თურქეთის ძველი მეგობარი“, რის შემდეგაც განაცხადა:
„ჩვენი ქვეყანა ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე მუდმივად უჭერდა და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის პრინციპული პოზიცია უცვლელია“.
ელჩი ეუთოს სტამბოლის სამიტს ახსენებს
ელჩმა ასევე ახსენა 1999 წლის ეუთოს სტამბოლის სამიტი და „კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება“:
„იმის გათვალისწინებით, რომ 1999 წელს ჩვენმა ქვეყანამ სტამბოლის სამიტს უმასპინძლა, იგი ყოველთვის ემხრობოდა სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას“, – თქვა მან.
- სამიტის ფარგლებში, 1999 წლის 17 ნოემბერს, რუსეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების მომავლის შესახებ;
- რუსეთმა აიღო ვალდებულება, 2001 წლამდე დაეშალა თავისი სამხედრო ბაზები ვაზიანსა და გუდაუთაში;
- 2001 წლის 30 ივლისს – ვადის ამოწურვიდან ერთი თვის შემდეგ – საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც აღნიშნა, რომ რუსეთმა დაარღვია ეს შეთანხმება და გუდაუთის ბაზა არ დახურა;
- ცნობილი ქართველი დიპლომატი გელა ჩარკვიანი წიგნში, „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“, წერდა: „ეს უკვე ისტორიული გარღვევა იყო. ორი საუკუნის თავზე საქართველოს ეძლეოდა საშუალება თავად განესაზღვრა ესაჭიროებოდა თუ არა რუსის ჯარის ყოფნა საკუთარ ტერიტორიაზე“;
- ამავე სამიტზე მოაწერეს ხელი ევროპული უსაფრთხოების ქარტიას, გაფორმდა მთავრობათაშორისი შეთანხმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე და გაკეთდა განცხადება მის მხარდასაჭერად – ცერემონიას დაესწრო აშშ-ს პრეზიდენტი ბილ კლინტონიც.
კიდევ რა თქვა ელჩმა?
თურქეთის ელჩის თქმით, ბოლო პერიოდში თურქეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის შეხვედრები გახშირდა და გაიხსენა:
- სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეხვედრა;
- ანტალიაში COP31-ის სამიტზე ერთმანეთს ერდოანის შეხვედრა ქართველ კოლეგა მიხეილ ყაველაშვილთან, სადაც „ხაზი გაესვა ურთიერთობების სტრატეგიულ განზომილებას“.
ელჩი არის თქმით, ორ ქვეყანას შორის „მაღალი დონის ვიზიტები მომავალშიც გაგრძელდება“.
„ვხედავთ, რომ ორივე ქვეყნის მოსახლეობა კმაყოფილია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებით ლიდერების დიპლომატიის მეშვეობით“, - განაცხადა მან.
თურქეთი ელჩი მუსტაფა თურქერ არი
მისი თქმითვე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ყოველდღიურად ვითარდება და თურქი ბიზნესმენების დაინტერესება კი საქართველოს მიმართ კვლავ მაღალია.
„მიმაჩნია, რომ ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაზრდის მიზნით, სასარგებლო იქნება, თუ ჩვენი ბიზნესმენები ხშირად დაუკავშირდებიან საქართველოში თავიანთ პარტნიორებს. ამ მიმართულებით, თურქეთის საელჩო თბილისში მზად არის, უზრუნველყოს ყველა საჭირო ინიციატივა და ხელშეწყობა, როგორც ინფორმაციის გაზიარების, ისე ბიზნესკავშირების დამყარების თვალსაზრისით“, - განაცხადა მუსტაფა თურქერ არიმ.
„აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი“ თურქეთში
2026 წლის 17 ნოემბერს ანკარაში, სასტუმრო InterContinental Grand Ankara-ში, „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის“ პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას თურქეთის შვიდი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის წევრები, თურქეთში მცხოვრები აფხაზური და ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები და აფხაზური დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
ჯგუფის შექმნა უკავშირდება თურქეთში რამდენიმე თვით ადრე დაწყებულ კამპანიას, „დავასრულოთ აფხაზეთის იზოლაცია“. კამპანია თურქეთის ხელისუფლებისგან შემდეგ ნაბიჯებს მოითხოვს:
- თურქეთის სასაზღვრო პუნქტებზე „აფხაზური პასპორტების“ სამგზავრო დოკუმენტებად მიღებას;
- თურქეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი საბორნე და საჰაერო მიმოსვლის დაწყებას;
- აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას.
ფოტო ანკარაში „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის“ პრეზენტაციიდან
პრეზენტაციაში თურქეთის შვიდი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ესენია:
- „ახალი პარტია“ (Yeni Parti);
- სახალხო თანასწორობისა და დემოკრატიის პარტია (DEM Parti);
- ახალი გზის პარტია (Yeni Yol);
- დემოკრატიისა და პროგრესის პარტია (DEVA);
- შრომის პარტია (EMEP);
- თურქეთის მუშათა პარტია (TİP) და
- ბედნიერების პარტია (Saadet Partisi).
ასევე ნახეთ
„საგარეო პოლიტიკის ჩავარდნაა“ - ვინ და რატომ შექმნა თურქეთში „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი“იმ ექსპერტების თანახმად, ვისაც რადიო თავისუფლება მიმდინარე კვირაში ესაუბრა, თურქეთის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში პროაფხაზური განწყობები არახალია, ხოლო ახლადაარსებული ჯგუფის უკან მდგომ პოლიტიკურ ძალებს თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვთ.
ამის მიუხედავად, სპეციალისტები საუბრობენ ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკის ჩავარდნაზე.
რადიო თავისუფლების შეკითხვებზე პასუხად საგარეო უწყებაში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. რადიო თავისუფლების შეკითხვებისთვის არ უპასუხია არც თურქეთის საელჩოს საქართველოში.