ბევრ უკრაინელს ეშინია, რომ მომავალი ზამთარი შესაძლოა, ყველაზე მძიმე იყოს. ზოგიერთი შეშასა და სანთლებს იმარაგებს. სხვები აგარაკებს ყიდულობენ, რათა დაბომბვის ქვეშ მყოფ ქალაქს გაერიდონ. მაღალსართულიანი კორპუსების მცხოვრებნი ცდილობენ სასწრაფოდ დაამონტაჟონ ენერგიის დამატებითი წყაროები.
პორტატიული გენერატორები სწრაფად იყიდება. ხელისუფლება დნეპრზე პონტონის - მოტივტივე ხიდების გადებაზე, მის ქვეშ გვირაბის გაყვანასაც კი ფიქრობს.
უკრაინის დამორჩილებისკენ მიმართული რუსეთის საჰაერო კამპანია ძლიერდება - ის სულ უფრო სასტიკი ხდება.
14 ოქტომბერს კიევის დიდი ნაწილი სიბნელეში აღმოჩნდა - მოსკოვმა ზედიზედ მეორე ღამეს, უკრაინის დედაქალაქს რაკეტებით და დრონებით შეუტია.
უკრაინელები ემზადებიან, ბევრის აზრით, ყველაზე უარესი ზამთრისთვის 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ფრონტის ხაზზე უკრაინის თავდადებულმა ბრძოლამ რუსული ძალები პრაქტიკულად შეაჩერა - ბოლო თვეებში კიევის ძალებმა განახორციელეს მოულოდნელი კონტრშეტევა.
თუმცა მისი შესაძლებლობა, მოიგერიოს რეაქტიული დრონები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები და შედარებით ნელი, პროპელერიანი დრონების ლეგიონები, სულ უფრო მცირდება რუსული იარაღის უზარმაზარი რაოდენობის გამო, რომლებითაც უკრაინის ქალაქების შენობებსა და ხიდებს ურტყამენ.
რუსეთმა კიევის ხიდებს დაარტყა
რუსეთმა არაერთხელ მიიტანა იერიში უკრაინის დედაქალაქის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების დამაკავშირებელ ხიდებზე, რასაც მდინარე დნეპრზე გამავალ მთავარ სატრანსპორტო მარშრუტების პარალიზება მოჰყვა:
ხოლო უკრაინისთვის იარაღის ყველაზე დიდმა ერთადერთმა მომწოდებელმა, აშშ-მა, შეანელა იარაღის დიდი ნაწილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - Patriot-ის ანტისარაკეტო სისტემები.
„რეალისტური სცენარი ის არის, რომ შესაძლოა გასული ზამთრის განმეორება მოხდეს. ეს ნიშნავს დარტყმებს გათბობის და კომუნალურ ინფრასტრუქტურაზე“, - განუცხადა Current Time-ს უკრაინის კომუნალური მომსახურების მომხმარებელთა კავშირის ხელმძღვანელმა, ოლეგ პოპენკომ. - „ჩვენ ამისგან აბსოლუტურად დაუცველნი ვართ - არავინ არის დაცული“.
კიევში რესტორნის ტერასას თოვლისგან წმენდენ
თავშესაფარი სარდაფში
უკრაინელი ოფიციალური პირები ცდილობენ გამოსავალი ნახონ საჰაერო თავდაცვის რაკეტების ამ დანაკლისის პირობებში. ევროპელმა მოკავშირეებმა მიაწოდეს კიევს ანტისარაკეტო სისტემების გარკვეული რაოდენობა, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით, აცხადებენ ოფიციალური პირები.
აშშ-ის მიერ შექმნილი სისტემა ერთადერთი საიმედო დაცვაა სწრაფი ჰიპერბგერითი და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. აშშ-ის მარაგები სახიფათოდ დაბალ ნიშნულამდე შემცირდა, რადგან ამ რაკეტების დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთში გააგზავნეს ირანთან თებერვალში დაწყებული ომში თეირანის საპასუხო თავდასხმების მოსაგერიებლად.
კიევში ოფიციალურ პირებს ასევე ეშინიათ, რომ წინასწარი სადაზვერვო მონაცემებს აღარ მიაწვდიან დასავლეთიდან, აშშ-დან. რუსული რაკეტების გაშვების შესახებ გაფრთხილებას უკრაინა ძირითადად სწორედ ამერიკელებისგან იღებს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ ზედიზედ მეორე ღამეა, კიევს დასავლელი მოკავშირეებისგან არანაირი გაფრთხილება არ მიუღია.
ასევე ნახეთ
ფრონტზე “გაჭედილი” კრემლის ტერორი – რას ბომბავს რუსეთი უკრაინაში და რა მიზნით?კიევის საზრუნავს ემატება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გასულ კვირას გამოცხადებული „ენერგეტიკული ზავი“ რუსეთსა და უკრაინას შორის. ეს კიევისთვის ერთობ მოულოდნელი აღმოჩნდა, და თანაც, როგორც ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ის არაერთხელ დაარღვია.
„საკითხი ასე არ დგას: დაესხმებიან თუ არა ისინი თავს მონაცემთა ცენტრებს ან ავტოგასამართ სადგურებს. ისინი ყველაფერს დაარტყამენ“
ტრამპმა, რომლის რეიტინგიც დიზელისა და ბენზინის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე მკვეთრად დაეცა, მოითხოვა, რომ უკრაინას შეეწყვიტა თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და განაცხადა, რომ აშშ რუსული დიზელის საწვავის შესყიდვას იწყებდა.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ და ზელენსკის მთავრობამ ერთმანეთი დაადანაშაულეს კიევსა და მიმდებარე რეგიონში ზამთრისთვის სამზადისის ტემპებთან დაკავშირებით.
რიგითი უკრაინელები კი, თავის მხრივ, რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ მოსამზადებლად.
ვიტალი კუპჩაკმა, რომელიც კიევის სოლომიანსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ ამხანაგობამ მაცხოვრებლებს დამატებითი გადასახადი დააკისრა და ეს სახსრები მცირე თავშესაფრის მოსაწყობად გამოიყენა სარდაფში, სადაც ადრე „ნაგავსაყრელი“ იყო.
„დაახლოებით ერთ თვეში ყველაფერი დასუფთავდა, კედლები და იატაკი შეიღება და ხალხმა შეიტანა ის, რაც შეეძლო. ზოგმა დივანი მოიტანა, ზოგმა პატარა საწოლი“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.
„როდესაც საჰაერო განგაშია, ხალხი ზოგჯერ ღამეს აქ ატარებს. როგორც ხედავთ, დასაძინებელი ადგილი ბევრი არ არის, ამიტომ ხალხს მოაქვს საკუთარი ლეიბები და საძილე ტომრები და შეუძლიათ უბრალოდ იატაკზე გაშალონ და დაიძინონ“.
კიევში, ჩრდილოეთის ხიდზე რუსეთის დარტყმის შემდეგ. 4 ოქტომბერი, 2026 წელი
ბოლო კვირებში რუსეთმა რამდენჯერმე დაარტყა ხიდებს დნეპრზე, რომელიც უკრაინის დედაქალაქს ორად ყოფს.
ქალაქის სამთავრობო შენობები და მოსახლეობის დიდი ნაწილი დასავლეთ სანაპიროზეა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 40 პროცენტი აღმოსავლეთ სანაპიროზეა.
ლუდმილა პეტროვნამ, რომელიც დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობს, გაიხსენა შარშანდელი ზამთარი, როცა რუსეთის ბომბებს გათბობის გამორთვა მოჰყვა. მან უკვე მოიმარაგა და დერეფანში დააწყო ხუთლიტრიანი სასმელი წყლის ბოთლები, შეიძინა სპირტქურა ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევისთვის. მუყაოს ყუთებში ჩაწყობილი აქვს სწრაფი მომზადების წვნიანის შეკვრები.
„აი, გამათბობელი. წინდები. პაუერბანკი“, - უამბო მან Current Time-ს. მისი თქმით, იგი უფრო თბილი ზამთრისთვის ლოცულობს და უკრაინული სოფლის ფოლკლორს იშველიებს, რომლის თანახმადაც, თუ ამ სეზონზე ხახვს კანი არ აქვს, ზამთარი არ უნდა იყოს ასეთი სასტიკი.
ელექტროგენერატორი კიევის ცენტრში მდებარე რესტორნის გარეთ, ელექტრომომარაგების შეწყვეტის დროს (საარქივო ფოტო)
კიევის სულ უფრო მეტი მცხოვრები ყიდულობს აგარაკებს ქალაქგარეთ, თუ ამის საშუალება აქვთ, იმ იმედით, რომ იქ დაცული იქნებიან და თავიდან აიცილებენ მოსალოდნელი დარტყმების უარეს შედეგებს.
ოლენამ, რომელმაც თავისი მხოლოდ სახელი გვითხრა, ახლახან იყიდა სახლი ბაღით კიევის სამხრეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში. მას არ უწევს სამსახურში სიარული, რაც ქალაქგარეთ გადასვლას ამარტივებს. ის გვიამბობს, რომ მთავარ ოთახებს აქვთ ინდივიდუალური გაზის გამათბობლები, ასე რომ, არ იქნება დამოკიდებული მუნიციპალურ გათბობაზე.
„პირველი, რაც გავაკეთეთ, შეშა შევიტანეთ. მუხა. 3 500 გრივნა ($78) გადავიხადეთ კუბურ მეტრში და სულ ექვსი [კუბური მეტრი] ვიყიდეთ“, - თქვა მან. სხვებს არ სურთ წასვლა, ან ცოტა არჩევანი აქვთ.
„უბრალოდ წასასვლელი არასად არის, ეს არის და ეს. ასე რომ, არ ვგეგმავ წასვლას“, - განუცხადა ერთმა კაცმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს. - „ალბათ, წასასვლელი ადგილი რომ მქონდეს, ვიფიქრებდი, მაგრამ არ მაქვს”.
ხიდი გაზაფხულამდე
ამ თვის დასაწყისში, რუსულმა დრონებმა დაარტყა კიევის სამხრეთ და ჩრდილოეთ ხიდებს, რამაც ხელისუფლებას აიძულა შეეჩერებინა ან შეეზღუდა მოძრაობა ამ და სხვა ხიდებზე. ამ ზომებმა გამოიწვია დიდი საცობები, შეაფერხა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გაჭირდა გადაადგილება მთელ ქალაქში. ზოგიერთმა ფეხით სიარული გადაწყვიტა.
მთავრობა ახლა განიხილავს დროებითი პონტონის - მოტივტივე ხიდების მომზადებას იმ შემთხვევისთვის, თუ არსებული ხიდები, დაზიანების შემთხვევაში, სწრაფად ვერ შეკეთდება.
ეს დროებითი გამოსავალი კიდევ უფრო რთულია იმის გათვალისწინებით, რომ მკაცრ ზამთარში დნეპრი შეიძლება გაიყინოს.
ტრანსპორტის მინისტრმა ნიკოლა კალაშნიკმა ასევე განაცხადა, რომ დნეპრის ქვეშ გვირაბის გაყვანის საკითხიც განიხილება.
თბოელექტროსადგურის მუშები, რომლებიც მის შეკეთებას ცდილობენ 2024 წლის ნოემბერში რუსეთის დარტყმის შემდეგ
როგორც ბევრი ქალაქი, რომელიც საბჭოთა ეპოქაში სწრაფად გაფართოვდა, კიევის გათბობის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ცენტრალიზებულია მასშტაბურ საქვაბეებში, რომლებიც ათასობით სახლს ათბობს.
უკრაინის ხელისუფლება ცდილობს ამ სისტემის დეცენტრალიზაციას, უფრო მცირე საქვაბეების მშენებლობას, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს პროცესი გრაფიკს ჩამორჩება.
„თუ მტერი გაანადგურებს სამ დიდ მუნიციპალურ თბოელექტროსადგურს, დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი შეიძლება დარჩეს გათბობის გარეშე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ომელჩენკომ, კიევის ანალიტიკური ცენტრის, რაზუმკოვის ცენტრის ენერგეტიკული პროგრამების დირექტორმა.
კლიჩკო ამბობს, რომ იგი არ აპირებს ქალაქის ევაკუაციის ბრძანების გაცემას, თუმცა გაიმეორა მოწოდებები, ვისაც შეუძლია, ქალაქი დროებით დატოვეთო.
„რამდენადაც კარგად უნდა მოვემზადოთ, თუ საჰაერო თავდაცვა არ იმუშავებს, შეიძლება ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ“, - განუცხადა მან AFP-ს.
„ისინი ყველაფერს ამოიღებენ მიზანში“
რუსული სტრატეგია, რომელიც უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას შეიცავს, ომის პირველივე სრული ზამთრიდან მოქმედებს. მაშინ კრემლმა გააცნობიერა, რომ თავისი ძალები უბრალოდ ვერ გადალახავდნენ უკრაინის თავდაცვას, როგორც ამას მოსკოვში ბევრი მოელოდა.
მოგვიანებით, 2022 წელს პუტინმა სირიის ომში თავისი სასტიკი მოქმედებით ცნობილ გენერალს დაავალა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ისეთი ობიექტების დაბომბვის სისტემატური კამპანიის ზედამხედველობა, როგორიცაა ელექტროსადგურები და ელექტროქსელი.
2024 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბრალი წაუყენა ორ მაღალი რანგის რუს სარდალს საჰაერო დარტყმების კამპანიაში მათი როლის გამო.
მას შემდეგ უკრაინა ცდილობს თავდაცვის გაძლიერებას, ენერგოსისტემის გამაგრებას და მოსახლეობის დახმარებას მკაცრი ზამთრის გადატანაში. გასული ზამთარი განსაკუთრებით სასტიკი იყო.
ასევე ნახეთ
რუსეთის საიდუმლო „ზამთრის გეგმა“ - 60 სამიზნე უკრაინის გასატეხადფართომასშტაბიანი ომის მეხუთე სრული ზამთრის წინ, რუსული დოკუმენტი, რომელიც, უკრაინის განცხადებით, მან ხელში ჩაიგდო, შეიცავს კიევში, ხარკოვსა და ოდესაში ელექტროენერგიის მიწოდების 90 პროცენტამდე შემცირების კამპანიის პოტენციურ გეგმას. ის შეიცავს ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებში ელექტროენერგიის, სითბოსა და წყლის მიწოდების მკვეთრად შეზღუდვისა და კანალიზაციის სისტემებზე დარტყმებს.
დოკუმენტი, რომლის ასლიც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო განყოფილება „სხემიმ“ უკრაინის თავდაცვის ძალების წყაროებიდან მოიპოვა, განსაზღვრავს 60 „საკვანძო მიზანს“, მათ შორის სადგურებს, რომლებიც ელექტროენერგიას გადასცემენ უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფი სამი მოქმედი ატომური ელექტროსადგურიდან, 10 ჰიდროელექტროსადგურიდან და სხვა ობიექტებიდან.
28 სექტემბერს რუსული დრონით განხორციელებული დარტყმის შედეგად კიევის ცენტრში უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის შენობა იწვის
ელექტროსადგურებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გარდა, დოკუმენტი მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მიზანი იქნება დასავლეთ საზღვართან მდებარე ქვესადგურების, გადამცემი ხაზებისა და ინტერკონექტორების მწყობრიდან გამოყვანა, რომელთა მეშვეობითაც ხდება ელექტროენერგიის იმპორტი ევროპიდან და მისი გავრცელება უკრაინის სიღრმეში.
„რუსები შეეცდებიან უკრაინას ყველაზე სუსტ ადგილებში დაარტყან... მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად არიან მომზადებული უკრაინელები...“ - განაცხადა ვაშინგტონში მდებარე ჯორჯ ბუშის საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის უკრაინელმა მკვლევარმა, კატერინა შინკარუკმა.
„საკითხი ასე არ დგას: დაესხმებიან თუ არა ისინი თავს მონაცემთა ცენტრებს ან ავტოგასამართ სადგურებს", - განაცხადა მან ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის (CNAS) პოდკასტში. - "ისინი ყველაფერს დაარტყამენ.“