პრევენციული სამუშაოები ებოლის წინააღმდეგ

Your browser doesn’t support HTML5

ებოლის ვირუსმა მსოფლიოში 4 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა. გამკაცრდა კონტროლი საქართველოს საზღვრებზეც, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან შემოსული ხალხის მიმართ, სადაც ებოლის ვირუსია გავრცელებული. ესენია ლიბერია, სიერა-ლეონე, გვინეა და ნიგერია. დღეს საქართველოში ასეთ 13 ნიგერიელს აკვირდებიან. დანარჩენებმა უკვე გაიარეს 21-დღიანი საინკუბაციო პერიოდი. საქართველოს მთავრობამ სპეციალური განკარგულებაც გასცა ებოლასთან დაკავშირებული მზადყოფნის შესახებ, სადაც სხვადასხვა უწყების პასუხისმგებლობებია გაწერილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უკვე სამი კვირაა, დაიწყო ლექციების ციკლი ჰემორაგიული ცხელებების შესახებ, რომელშიც ებოლაც შედის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ებოლის წამალი არ არსებობს, ზოგადი თერაპიისთვის კი საქართველოს ინფექციური საავადმყოფო მზად არის.