როგორ გახდა “იანდექსის” გადახდების ბიზნესის მფლობელი “ოცნების” დეპუტატთან დაკავშირებული კომპანია

ვაკო თურნავა

ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში შეიტყობთ, რა აკავშირებს “ქართული ოცნების” დეპუტატ ვახტანგ თურნავას, კომპანიასთან რომელმაც საქართველოში რუსული იანდექსის გადახდების მომსახურება დაიწყო. მრავალმილიონიანი ბიზნესი იქამდე ეროვნული ბანკის საბჭოს უკვე ყოფილ წევრს ნანა ყეინიშვილს ეკუთვნოდა. 2024 წლის პარლამენტში „ქართული ოცნების” სიით მოხვედრილი თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათესავია.

სარჩევი:

ყეინიშვილიდან თურნავამდე?
იანდექსი საქართველოში - რა ვიცით
ვინ არის ვაკო (ვახტანგ) თურნავა?
იანდექსი, ქიფზი და ვახტანგ თურნავა
“კალა ფეიდან” - თბილისის მერიის პროექტის განხორციელებამდე


ყეინიშვილიდან თურნავამდე?

სარჩევზე დაბრუნება

როდესაც თქვენ საქართველოში, იანდექს ტაქსით მგზავრობის ფულს ბარათით Yandex Go-ს აპლიკაციით იხდით, ქვითარში თანხის მიმღებად ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ციფრული მარკერი ჩნდება - LTD KEEPZ.ME*YANDEX GO - ჩანაწერი, რომელიც ინახავს მრავალმილიონიანი ფინანსური ნაკადების შესაძლო გადაბარებისა და ბიზნეს გავლენების შესაძლო გადანაწილების ისტორიას.

“რადიო თავისუფლების” მოპოვებული ათეულობით საფინანსო დოკუმენტი ადასტურებს, რომ რუსული ტექნოლოგიური გიგანტის “იანდექსის” საბარათე გადახდების მიღება და დამუშავება - ექვაირინგი საქართველოში რამდენიმე თვეა ემსახურება კომპანია, რომლის დამფუძნებელიც მმართველი პარტიის დეპუტატი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ნათესავი, პარლამენტარი ვაკო (ვახტანგ) თურნავა იყო.

Keepz-ის გამოყენებით Yandex-ის მომსახურების გადახდის ქვითრები

სულ მცირე, 2026 წლის სექტემბრამდე იანდექსის გადახდების ბიზნესს ნანა ყეინიშვილის ოჯახი ფლობდა.

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტურმა გამოძიებამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის შესაძლო უკანონო ბიზნეს საქმიანობის შესახებ პროკურატურის გამოძიების დაწყება გამოიწვია, ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკი დატოვა.

„ვიპ ფეი 2022 წელს დავიწყე. ზუსტად ერთ წელიწადში, იანდექსი უკვე გაშვებული იყო. 300 მილიონი ბრუნვა ჰქონდა... ბაზარზე გავასწარით ყველას….” - ამბობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ჟურნალისტური გამოძიებისას შეისწავლა.

Your browser doesn’t support HTML5

ნანა ყეინიშვილი საუბრობს მისი კომპანიის და Yandex-ის პარტნიორობაზე

სწორედ კომპანია “ვიპ ფეი” (Vip Pay*Yandex Go, Georgia ), 2023 წლიდან ნანა ყეინიშვილის ოჯახზე, კერძოდ მისი შვილზე გაფორმებული კომპანია არის მითითებული იანდექსსა და ქართულ ბანკს შორის შუამავალ რგოლად საბანკო გადარიცხვების დოკუმენტებში.

ამ დოკუმენტების გარდა, “რადიო თავისუფლებას” აქვს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ნანა ყეინიშვილის ოჯახის კომპანიის იანდექსთან კავშირის შესახებ სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის ეროვნულმა ბანკმაც იცოდა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ეკრძალება კომერციული საქმიანობა და ბანკის რეგულირებულ სფეროში ბიზნესის ფლობა.

როგორ გადააფორმა ვიპ ფეის ბიზნესი შვილზე, ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევის შემდეგ,

შპს „ვიპ ფეი“ 2022 წლის ივლისში დაფუძნდა. კომპანიის იურიდიულ მისამართად თავიდანვე ავლაბარში, ნიაბის ქუჩის №50 მიეთითა სწორედ ის სახლი, სადაც ნანა ყეინიშვილი ცხოვრობს. 2022 წლის ნოემბერში ამ კომპანიამ ეროვნული ბანკისგან საგადახდო პროვაიდერის, როგორც ფარულ ჩანაწერში ხშირად მოიხსენიებს - PSP (Payment Service Provider) სტატუსი მიიღო, იმ პერიოდში მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თავად ნანა ყეინიშვილი იყო.

Your browser doesn’t support HTML5

ნანა ყეინიშვილი საუბრობს, რომ ფლობს სების მიერ რეგულირებულ 300 მილიონიანი ბრუნვის მქონე კომპანიას, „ვიპ ფეის“

ფარულ აუდიოჩანაწერში ყეინიშვილი ჰყვება, რომ ეროვნულ ბანკში „ვიპ ფეის“ PSP -ს (Payment Service Provider) რეგისტრაციაში ბანკის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაეხმარა, რომელსაც დეპუტატობის დროს პარლამენტის კომიტეტში საქმიანობიდან იცნობდა.

2023 წლის 21 სექტემბერს, ნანა ყეინიშვილს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ირჩევენ. ანუ მას, ამ დღიდან მკაცრად ეკრძალება კომერციული საქმიანობა და ბანკის რეგულირებულ სფეროში ბიზნესის ფლობა. ყეინიშვილი კომპანია “ვიპ ფეის” ფორმალურ გასხვისებას იწყებს.

2023 წლის 2 ოქტომბერს, ანუ სების საბჭოში არჩევიდან ორი კვირაც არ იყო გასული, როდესაც ყეინიშვილმა 100%-იანი წილი ლიანა პეტრიაშვილზე 115 ათას ლარად გაასხვისა. ზუსტად 50 დღეში კი ლიანა პეტრიაშვილისგან წილი ზუსტად იმავე ფასად -115 ათას ლარად ნანა ყეინიშვილის შვილმა, ნათია ლოლაძემ გამოისყიდა და ბიზნესი ფორმალურადაც სების საბჭოს წევრის ოჯახში დაბრუნდა.

საჯარო რეესტრის დოკუმენტი, ნანა ყეინიშვილის შვილის, ნათია ლოლაძის მიერ „ვიპ ფეის“ ფლობაზე

საჯარო რეესტრის დოკუმენტი, ნანა ყეინიშვილის შვილის, ნათია ლოლაძის მიერ „ვიპ ფეის“ ფლობაზე.

მოგვიანებით, „ვიპ ფეის“ იურიდიულ მისამართად ვერცხლის ქუჩა №1 დარეგისტრირდა. ეს ფართიც ყეინიშვილის ოჯახს ეკუთვნის ის მისი ყოფილი ქმრის, ნიკოლოზ ლოლაძის კომპანიაზეა გაფორმებული და სწორედ იქაა განთავსებული ყეინიშვილის სხვა ბიზნესკომპანიებიც.

კანონით, საჯარო რეესტრში ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ცვლილებას ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა სჭირდება. თანხმობას ბანკი მხოლოდ შესაბამისი ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების შემდეგ გასცემს. აღწერილ ცვლილებებს მწვანე შუქი სწორედ ეროვნულმა ბანკმა აუნთო: რეესტრში დევს ნათია თურნავას ხელმოწერილი თანხმობები როგორც „ვიპ ფეის“ წილის გასხვისებაზე, ისე მისი ოჯახის მიერ უკან დაბრუნებაზე, მისამართის ცვლილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიზნესის ფლობა ყეინიშვილს კანონით მკაცრად ეკრძალება, ამას ხელი არ შეუშლია, ეროვნული ბანკისგან ყველა საჭირო თანხმობა მიეღო.

სების პრეზიდენტის, ნათელა თურნავას თანხმობა ნანა ყეინიშვილის შვილს, ნათია ლოლაძეს

სების პრეზიდენტის, ნათელა თურნავას თანხმობა ნანა ყეინიშვილის შვილს, ნათია ლოლაძეს

ფარულ ჩანაწერში არის ეპიზოდი სადაც ნანა ყეინიშვილი ჰყვება ვიპ ფეის შექმნის და წარმატების შესახებ. მისი მტკიცებით, "ვიპ ფეი" უწევს ფინანსურ მომსახურებას საქართველოში რუსული ტაქსების კომპანია იანდექსს, „ვიპ ფეი 2022 წელს დავიწყე. ზუსტად ერთ წელიწადში, იანდექსი უკვე გაშვებული იყო. 300 მილიონი ბრუნვა ჰქონდა... ბაზარზე გავასწარით ყველას… გავიჩითე ეროვნულ ბანკში.

“როცა იანდექსია, ბოლტს როგორ იძახებთ. გამოიძახეთ ხოლმე იანდექს კომფორტი, მოდის შავი ახალი მანქანები ვიყიდეთ ეხლა 150 ცალი შიგნით წყალი დგას, სალფეთქია, ორი ლარით მეტი ღირს.” - ამბობს ნანა ყეინიშვილი ფარულ აუდიო ჩანაწერში.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ აუდიო ჩანაწერის გაკეთების მომენტში ყეინიშვილის ოჯახის კომპანია "ვიპ ფეი" მართლაც ემსახურებოდა რუსული იანდექსის ქართულ სერვისებს, (Vip Pay*Yandex Go, Georgia )ამას ადასტურებს რამდენიმე საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი, სადაც შუამავალ კომპანიად იანდექსსა და ბანკს შორის სწორედ "ვიპ ფეია" მითითებული.

თავისუფლებამ გაარკვია, რომ იანდექსის მრავალმილიონიანი გადახდების მომსახურების (ექვაირინგის) ბიზნესს ყეინიშვილის ოჯახი სულ მცირე 2026 წლის სექტემბრამდე ფლობდა.

მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, იანდექსის მგზავრთა გადაყვანის სერვისს, Yandex Go, Georgia-ს 2026 წლის სექტემბრიდან მომსახურებას KEEPZ.ME უწევს. იგივე შპს “ქიფზ საგადახდო სისტემა”.
ნანა ყეინიშვილმა არ უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას “იანდექსის” მომსახურების ბიზნესის სხვა კომპანიაზე გადაცემის შესახებ.

"არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია და ვერ გიპასუხებთ… გთხოვთ, ამ თემაზე აღარ დამეკონტაქტოთ…- მოგვწერა ყეინიშვილის კომპანიის “ვიპ ფეის” დირექტორმა.

რადიო თავისუფლების მიმოწერა ნანა ყეინიშვილთან და მისი კომპანიის დირექტორთან

იანდექსის ახალი მომსახურე კომპანიის “ქიფზ.მის” დამფუძნებლად წლების განმავლობაში საჯარო წყაროებში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვაკო ( ვახტანგ) თურნავა იყო მითითებული. ის გარკვეული პერიოდი ამ კომპანიის მნიშვნელოვან წილებსაც აკონტროლებდა, მფლობელი კომპანიის (შპს "ქიფზ ინტერნეიშენალის") მეშვეობით, რომელიც 2024 წლის ნოემბერში დეპუტატად არჩევის შემდეგ მეგობარს - გიორგი მარიამიძეს მიჰყიდა. მარიამიძე “ქიფზ.მის” 2026 წლის სექტემბრამდე მართავდა. დღეს ამ ბიზნესს სხვა მმართველი და მფლობელი ყავს. “ქიფზის ერთ ერთი დამფუძნებელი ვიყავი, რაც პოლიტიკაში მოვედი, ბიზნესიდან გავედი” გვპასუხობს დეპუტატი ვახტანგ თურნავა.

იანდექსი საქართველოში - რა ვიცით

სარჩევზე დაბრუნება

საქართველოს ბაზარზე რუსული წარმოშობის „იანდექსი“ (Yandex Go) პირველად 2016 წელს გამოჩნდა.

2022 წლის მაისში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 2 თვეში, დაფუძნდა შპს „რაიდტექ ჯორჯია“, რომელიც დღემდე საქართველოში იანდექსის ტაქსის სერვისს მართავს.

„რაიდტექ ჯორჯიას” 100%-იან წილს დღეს არაბეთის საემიროებში რეგისტრირებული Y.E. HOLDING LIMITED ფლობს, დირექტორი სომხეთის მოქალაქე არამ მხითარიანია.

Yandex Go-ს რეკლამა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე

„რაიდტექს“ არაბული კომპანია ფლობს, რომელსაც ქართულ საჯარო რეესტრში რუსეთის მოქალაქე ევგენი პავლოვი წარმოადგენდა. ევგენი პავლოვი არაბეთში რეგისტრირებული კომპანიის დირექტორია და საჯარო წყაროებში წარმოდგენილია როგორც YANGO ADS (იანდექსის საერთაშორისო სარეკლამო და ტექნოლოგიური მიმართულების) აღმასრულებელი დირექტორი.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2025 წლის ბაზრის მონიტორინგით, „იანდექსი“ ტაქსით მომსახურების სფეროში საქართველოში “აბსოლუტური ლიდერია” და თბილისში, ბათუმსა და რუსთავში მისი წილი ბაზრის 40%-ს აჭარბებს.

კიდევ ერთი სახელმწიფო უწყების “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, „იანდექსის“ მმართველი ქართული “რაიდტექ ჯორჯია” მე-2 კატეგორიის საწარმოა - რაც მას ზომით მსხვილ ბიზნესს მიაკუთვნებს. ამ კატეგორიაში, როგორც წესი, ხვდებიან კომპანიები, რომელთა საქმიანობის მასშტაბი რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღწევს, ხოლო შემოსავლის ზღვრული მაჩვენებელი 100 მილიონ ლარს არ აღემატება.

ამავე დროს, დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ბაზრის ლიდერი კომპანია სახელმწიფო მარეგულირებელმა 2026 წელს ორჯერ დააჯარიმა - ჯამში 15 000 ლარით. მიზეზი იყო ის, რომ მრავალმილიონიანი ბრუნვის „რაიდტექ ჯორჯიამ“ არ წარადგინა ფინანსური ანგარიშები, რაც კანონდარღვევაა.

კომპანია 2024 წელს 4000 ლარით დააჯარიმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურმაც. ოფიციალური განცხადების მიხედვით „რაიდტექ ჯორჯია“ , იანდექსის ქართველი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს თავის სერვერებზე, რუსეთში აგზავნიდა, ეს ინფორმაცია მაშინ “რაიდტექ ჯორჯიამ” უარყო და საქმე დღემდე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.

2026 წელს ნიდერლანდების მონაცემთა დაცვის მარეგულირებელმა 100 მილიონი ევროთი დააჯარიმა კომპანია, რომელიც დაკავშირებულია იმ ნიდერლანდურ სტრუქტურასთან, რომელმაც 2022 წელს საქართველოში შპს „რაიდტექ ჯორჯია“ დააფუძნა. მარეგულირებლის განცხადებით, ჯარიმა უკავშირდებოდა ტაქსის სერვისის მომხმარებლებისა და მძღოლების პერსონალური მონაცემების რუსეთში გადაცემას.

ასევე ნახეთ

"იანდექს გოუს" სკუტერები - სწრაფი ტრანსპორტი თუ უსაფრთხოების გამოწვევა?

რუსეთში 2023 წლის სექტემბრიდან მოქმედებს რეგულაცია, რომელიც ტაქსის სერვისის გამცემ კომპანიებს და ცხადია, მათ შორის "იანდექსსაც", ავალდებულებს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს, FSB-ს, მისცენ ავტომატური წვდომა შეკვეთების საინფორმაციო სისტემებსა და მონაცემთა ბაზებზე, რომლებიც მოიცავს როგორც მძღოლების, ისე კლიენტების პირად მონაცემებს რუსეთში და მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამ რეგულაციამ გამოიწვია ევროპელი მარეგულირებლების შეშფოთება, რომ რუსეთში გადაცემულ მონაცემებზე შესაძლოა რუსეთის სახელმწიფო ორგანოებსაც ჰქონდეთ წვდომა.

ნიდერლანდების სახელმწიფო უწყებამ, იქაური იანგოუ რუსული ტექნოლოგიური გიგანტის იანდექსის ნაწილად მიიჩნია და ჯარიმის თანხაც იანდექს ჯგუფის წლიური ბრუნვიდან გამოუთვალა.

Yandex Go-ს ტაქსი თბილისში

2026 წლის ივლისში ევროკავშირმა Yandex Bank-ი დაასანქცირა. ევროკავშირის სანქციების დოკუმენტებში ბანკი მოხსენიებულია, როგორც რუსეთის ეკონომიკისა და ფინანსური სექტორისთვის მნიშვნელოვანი სუბიექტი. საჯარო წყაროების მიხედვით, Yandex Bank-ი სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებას უწევდა Yandex-ის ეკოსისტემაში შემავალ სერვისებს, მათ შორის ტაქსის პლატფორმასთან დაკავშირებულ მიმართულებებს.

რადიო თავისუფლებას საფინანსო სფეროში ინფორმირებული ადამიანები ეუბნებიან, რომ იანდექსის სერვისის გადარიცხვებთან პირდაპირ კავშირს ქართული ბანკები სარისკოდ მიიჩნევენ და ამიტომაც ტაქსის საბარათე გადახდებს შუამავალი კომპანია ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საგადახდო პროვაიდერი ( PSP) დღეს “ქიფზის საგადახდო სისტემა” ემსახურება. სწორედ ამ კომპანიის კვალი მიდის ქართული ოცნების დეპუტატ ვაკო თურნავასთან.

ასევე ნახეთ

Yandex GO-ს მფლობელი კომპანია რუსეთისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემის გამო დააჯარიმეს

საქართველოში იანდექს ტაქსის სერვისის მმართველ კომპანიაში ამბობენ, რომ გადახდების პროვაიდერის შეცვლის შესახებ ინფორმაცია არასწორია: “ონლაინ სერვისები, რომლებიც გადახდების დიდ მოცულობას ამუშავებენ - მათ შორის Yandex Go - როგორც წესი, თანამშრომლობენ გადახდის რამდენიმე პროვაიდერთან, რაც საერთაშორისო სტანდარტული პრაქტიკაა.”

იანდექსის წარმომადგენლობა არ ამხელს ემსახურება თუ არა მათ ქართული ოცნების დეპუტატთან დაკავშირებული შპს “ქიფზის საგადახდო სისტემები”.

რადიო თავისუფლების შეკითხვები და იანდექს.გოუს პასუხები სრულად ნახეთ აქ.


ვინ არის ვაკო (ვახტანგ) თურნავა?

სარჩევზე დაბრუნება

38 წლის დეპუტატი ვაკო თურნავა მე-11 მოწვევის პარლამენტის დეკლარირებული მილიონერია. 2026 წლის თებერვალში შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, ის ფლობს 1.4 მილიონ ევროდ შეძენილ ბინას მილანში, 7 ძვირადღირებულ Rolex-ისა და Audemars Piguet-ის საათს, 13 ერთეულ Bitcoin-ს. წილებს რამდენიმე ბიზნეს კომპანიაში.

Your browser doesn’t support HTML5

ვახტანგ თურნავას წარდგენა „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატად

დეკლარაციის შევსებისას მის საბანკო ანგარიშებზე 286 ათასი აშშ დოლარი და 170 ათასი ევრო იყო, 430 000 ევრო კი ნაღდი ფულით ჰქონდა შენახული.

საჯარო დოკუმენტების მიხედვით, გასულ წელს ვაკო თურნავამ 3 მილიონ ლარზე მეტის ხარჯი და გადახდა დაადეკლარირა. მათი ნაწილი რემონტზე, მოგზაურობასა და ქველმოქმედებაზე მოდიოდა.

ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით პროფესიით ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის, პირველი საჯარო სამსახური 2009 - 2010 წლებში პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში უფროსი სპეციალისტის პოზიცია იყო. 2011 წლიდან რამდენიმე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი გახდა ციფრული გადახდების და საგადახდო სისტემების სფეროში.

ვახტანგ თურნავა და კახა კალაძე, 2023 წლის მაისი.

წყარო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თურნავა თბილისის მერის და ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახი კალაძის მეგობარია და 2024 წელს მმართველი პარტიის საპარლამენტო სიაშიც მისი მხარდაჭერით მოხვდა. ის ოცნების მე-8 ნომერი იყო.

ვახტანგ თურნავამ არ უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას კახა კალაძესთან მეგობრობის შესახებ.

ამავე დროს ვახტანგ თურნავა არის ნათია (ნათელა) თურნავას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათესავი - ბიძაშვილის შვილი.

საქართველოს პარლამენტში თურნავა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

იანდექსი, ქიფზი და ვახტანგ თურნავა

სარჩევზე დაბრუნება

რადიო თავისუფლების ხელთ არსებულ გადახდის დოკუმენტებში კომპანია “ქიფზი” (KEEPZ.ME) 2026 წლის სექტემბრის დასაწყისში გამოჩნდა იანდექსის ტაქსის ქართული სერვისის საბარათე გადახდებში. ზუსტი თარიღი, უცნობია.

ამონაწერებში ჩანს, რომ 2026 წლის, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში იანდექსის საბარათე გადახდებს ატარებს კომპანია ქიფზი - KEEPZ.ME * YANDEX GO. ბოლო თვეების გადახდებში, აღარ ჩანს ყეინიშვილის ოჯახის კომპანია “ვიპ ფეი”.

როგორ და რატომ ჩაანაცვლეს ყეინიშვილის კომპანია ახლით? რადიო თავისუფლების შეკითხვას ნანა ყეინიშვილმა არ უპასუხა. ამ კითხვას ცხადად არც იანდექსის ქართული ოფისი პასუხობს, არც ვაკო თურნავასთან დაკავშირებული “ქიფზი”.

კომპანია „ქიფზ.მი“, ის ასეა მითითებული იანდექსის ტაქსის ქვითრებში, 2023 წლის მაისშია დაფუძნებული. 2024 წლის ივლისში, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ვახტანგ თურნავა BMG- ს ერთ-ერთ გადაცემაში მოწვეული იყო როგორც ქიფზის დამფუძნებელი.

Yandex-ის ტაქსის სერვისი საქართველოში

ეროვნული ბიბლიოთეკის და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში ვახტან თურნავას კავშირზე ქიფზის ფლობასთან და დაფუძნებასთან არაფერი წერია, ეს კავშირი საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ჩანს.

„ქიფზ.მი“ საჯარო რეესტრში 2023 წლის 2 მაისს დარეგისტრირდა. კომპანიის დამფუძნებლები ნინო ოკრიბელაშვილი (70%) და თენგიზ ლაშხი (30%) იყვნენ, იურიდიულ მისამართად კი თამარაშვილის ქუჩა N13 განისაზღვრა, ამ ფართს შპს "თამარაშვილის 13" ფლობდა, რომლის 71% ვაკო თურნავას დეიდას ეკუთვნოდა.

დაფუძნებიდან სულ რამდენიმე თვეში, 2023 წლის აგვისტოში, „ქიფზ.მი“-ს 100%-იანი წილი კომპანიამ „ქიფზ ინტერნეიშენალმა“ იყიდა. ქიფზ ინტერნეიშენალის დამფუძნებელიც ნინო ოკრიბელაშვილი იყო იურიდიული მისამართი აქაც თამარაშვილის 13 - ვაკო თურნავას დეიდის კომპანიის ფართია.

მალევე, 2023 წლის ნოემბერში, კომპანიის 100%-იანი წილი სიმბოლურ ფასად, 300 ლარად იყიდა თავად ვაკო თურნავამ.

ვახტანგ თურნავა „ქიფზ ინთერნეიშენალის“ 2023 წელს 100%-ს ფლობდა

იმავე პერიოდში, საქპატენტში ვახტანგ თურნავას სახელზე გაფორმდა სასაქონლო ნიშანი “keepz”. (2025 წლის ნოემბრამდე თურნავას სახელზე იყო.)

2024 წელს ვახტანგ თურნავა ქიფზის საკონტროლო პაკეტს აკონტროლებდა მფლობელი კომპანიის ("ქიფზ ინტერნეიშენალის") მეშვეობით, როცა 21 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკისგან საგადახდო პროვაიდერის (PSP) სტატუსი მიიღო, ამ დოკუმენტს ხელს მისი ნათესავი, ნათია თურნავა აწერდა.

იმავე პერიოდში ქიფზში დაახლოებით 2 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო და სანაცვლოდ კომპანიის 23% მიიღო ს.ს. კრედო ბანკმა. რამაც კომპანიის ღირებულება მკვეთრად გაზარდა.

მოგვიანებით დამატებითი ინვესტიციებით "კრედოს" წილი ქიფზში 49%-მდე გაიზარდა.

„კრედო ბანკის“ ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2025 წლის ბოლოსთვის „ქიფზ.მი“-ს (KEEPZ.ME) აქტივები დაახლოებით 7.5 მილიონ ლარს შეადგენდა.

2025 წლის დეკემბრის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დაფუძნებული კრედო ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტს, გერმანიაში რეგისტრირებული Access Credo GmbH, დარჩენილი წილის მსხვილი ნაწილიც უცხოელ მფლობელებზე ნაწილდება, დაახლოებით 2%-ს ფლობს ბანკის დირექტორთა საბჭო.

2026 წელს წარდგენილი ფინანსური ანგარიშის მიხედვით კრედო ბანკის 2025 წლის შემოსავალი დაახლოებით 645 მლნ ლარი იყო, სუფთა მოგება კი 90 მილიონ ლარზე მეტი.

2024 წლის ნოემბერში, ვაკო თურნავამ, პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგ ქიფზმის საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანიის "ქიფზ ინტერნეიშენალის" 95%-იანი წილი საბაზროზე ბევრად ნაკლებ ფასად 10 ათას დოლარად დაუთმო მეგობარს და ბიზნეს პარტნიორს გიორგი მარიამიძეს, თანმდევი პირობით, რომ თუ მომდევნო წელს მარიამიძე ამ წილს გაყიდდა, მიღებული თანხის 60%-ს ვახტანგ თურნავას გადაუხდიდა.

ფრაგმენტი ვახტანგ თურნავასა და მის მეგობარს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან

ამ გარიგებაშიც როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს ერთი და იგივე პირი - სოფიკო დეკანოზიშვილი წარმოადგენდა.

2025 წლის იანვარში "ქიფზ ინტერნეიშენალის" მეწილეებში ლიეტუვური კომპანია (UAB City Pay) გამოჩნდა, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში გიორგი მარიამიძემ თავისი წილის 90% დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ კომპანიას - Keepz Global Limited-ს (რომელიც მოგვიანებით K Founders Vehicle Limited გახდა) უსასყიდლოდ, ყოველგვარი დამატებითი ღირებულების გარეშე მისცა.

ამ პროცესშიც დოკუმენტები თურნავას მრავალგზის წარმომადგენელმა სოფიკო დეკანოზიშვილმა გააფორმა. ვახტანგ თურნავას მეგობარი გიორგი მარიამიძე 2026 წლის სექტემბრამდე აკონტროლებდა ორივე ქიფზს (“ქიფზს საგადახდო სისტემები” და "ქიფზ ინტერნეიშენალი." 12 ოქტომბრიდან საჯარო რეესტრში ახალი ხელმძღვანელი დარეგისტრირდა. დღეს შეცვლილია კომპანიების მფლობელებიც.

ამ კომპანიების ახალი ხელმძღვანელი ნიკა კილაძეა. მასაც მივწერეთ როდიდან, რა პირობებით ჩაანაცვლა ქიფზმა ყეინიშვილის კომპანია იანდექსის გადახდებში და რომელი კომერციული ბანკის მეშვეობით ხდებოდა მათი გავლით შესრულებული ტრანზაქციების დამუშავება და საბოლოო ადრესატამდე მიტანა. “კონკრეტულ კლიენტებთან თანამშრომლობისა და კომერციული ურთიერთობების დეტალებს საჯაროდ არ განვიხილავთ. “ მოგვწერა ნიკა კილაძემ.

რადიო თავისუფლების შეკითხვები და ქიფზის დირექტორის პასუხები სრულად ნახეთ აქ.

რადიო თავისუფლებამ ქიფზის მიერ იანდექსის მომსახურების შესახებ შეკითხვები “კრედო ბანკსაც” გაუგზავნა. ვკითხეთ შეთანხმებული იყო თუ არა მათთან, როგორც ქიფზის 49% წილის მფლობელთან იანდექსის გადახდების მომსახურების საკითხი და ამაში ხედავდნენ თუ არა საერთაშორისო სანქციების კუთხით საფრთხეს. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად კრედო ბანკმა ამ დრომდე არ გვიპასუხა.

“კალა ფეიდან” - თბილისის მერიის პროექტის განხორციელებამდე

სარჩევზე დაბრუნება

„იანდექს გოუს - იანდექს ტაქსის“ გადახდების მომსახურება არ არის „ქიფზისა“ და ვახტანგ თურნავას ტაქსის გადახდებთან პირველი შეხება. „2023 წელს „ქიფზი“ თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით. A კლასის, ე.წ. თეთრ ტაქსებში QR გადახდებს უზრუნველყოფდა. იმ დროს დედაქალაქში უკვე ათასობით თეთრი ტაქსი გადაადგილდებოდა.

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის მერი წარადგენს Keepz-ის QR გადახდების სისტემას

„ქიფზისა“ და თბილისის მერიის თანამშრომლობა ასე დაიწყო: 2023 წლის 3 მაისს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ოფიციალურად დააანონსა, რომ დედაქალაქის ტაქსებში მგზავრობის საფასურის QR კოდით გადახდა დაინერგებოდა. თბილისის მერმა პროექტის იდეის ავტორი კომპანია დაასახელა: „დღეის მდგომარეობით, ტაქსიში საფასურის გადახდა მხოლოდ ნაღდი ფულითაა შესაძლებელი... კომპანია BKN301 Georgia-მ შემოგვთავაზა საინტერესო წინადადება. ეს გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდია QR კოდის გამოყენებით, რომელიც შესაძლებელია მიებას ნებისმიერი პირის ანგარიშის ნომერს“, - განაცხადა კალაძემ და QR გადახდების დაწყების თარიღად 22 მაისი დაასახელა.

BKN301 Georgia საჯარო რეესტრში თავიდან „კალა ფეის“ / Kala Pay LLC სახელწოდებით, მერიის ინიციატივამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, 2022 წლის 30 ივნისს დაფუძნდა, სახელი “კალა ფეიმ” კახი კალაძის მთავრობის სხდომაზე იმ გამოსვლის წინ შეიცვალა, რომელშიც თბილისის მერმა BKN301 Georgia-ს საინტერესო ინიციატივაზე ისაუბრა - ასე გახდა „კალა ფეი“ - BKN301 Georgia

შპს „კალა ფეის“ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, 2022 წლის ივლისი

მისი დამფუძნებელი და დირექტორი რეესტრში იმ დროს გიორგი აგლაძე იყო, რომელიც არაერთი საჯარო წყაროს მიხედვით დეპუტატ ვახტანგ თურნავას ბიზნესპარტნიორია (ეს დეტალი თურნავას ქონებრივ დეკლარაციაშიც იკვეთება).

კალაძის ინიციატივას ტაქსებში QR გადახდების დანერგვაზე ფართო მედიაგაშუქება მოჰყვა. თბილისის მერი პერსონალურად უწევდა რეკლამირებას პროექტს და ვრცელი ვიდეოჩართვაც მიუძღვნა გადახდის ამ მეთოდის დემონსტრირებას საკუთარი ტელეფონით.

იმ დროს, როცა თბილისის მერი ამ პროექტს ქალაქის მთავრობის სხდომაზე აპიარებდა, შპს „ქიფზ საგადახდო სისტემა“ (ქიფზ.მი) რეესტრში ერთი დღის დაფუძნებული იყო (ის 2023 წლის 2 მაისს შეიქმნა). მოგვიანებით შექმნიდან 3 კვირაში „ქიფზის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ მათი კომპანია თბილისის ტაქსებს ემსახურება და მათი QR გადახდის სისტემის დემონსტრირება თავად ქალაქის მერმა მოახდინა.

„რადიო თავისუფლებას“ თბილისის მერიაში უთხრეს, რომ კახა კალაძის მიერ QR გადახდების პროექტის რეკლამირება მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებს ემსახურებოდა. მერიის პრესსამსახურში ასევე გვითხრეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია ვახტანგ თურნავასა და თბილისის მერის შესაძლო მეგობრობის შესახებ.

„რადიო თავისუფლების“ შეკითხვები და თბილისის მერიის პასუხები სრულად ნახეთ აქ.

მალევე „ქიფზი“ ავრცელებს სარეკლამო ვიდეორგოლს, სადაც თბილისის მერიის შიდა სივრცეში ტაქსის მძღოლების „ქიფზის“ აპლიკაციაში რეგისტრაციაა ასახული. თბილისის მერიის პროექტში „ქიფზის“ მონაწილეობა მოგვიანებით განცხადებით დაადასტურა კომპანია BKN301-ის ხელმძღვანელმაც.

როცა კახა კალაძემ პროექტის პრეზენტირება მოახდინა, კომპანია BKN301 Georgia-ში ვახტანგ თურნავას წილი ოფიციალურად არ ეკუთვნოდა, თუმცა ამ პროექტის დაწყებიდან ზუსტად ორ თვეში თურნავამ სიმბოლურ ფასად - 500 ლარად მიიღო BKN301 Georgia-ს 15%-იანი წილი. იმ დროს რეესტრის დოკუმენტების მიხედვით ამ წილის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 250-ჯერ მეტი, 126-128 ათასი ლარი იყო (გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის 85% მაშინ 255 ათას ევროდ გაიყიდა).

რეესტრის დოკუმენტებშივე წერია, რომ ვახტანგ თურნავა ამ კომპანიის („კალა ფეი“ - იგივე BKN301 Georgia) შექმნასა და განვითარებაში თავიდანვე იყო ჩართული, ის დაეხმარა კომპანიას ეროვნულ ბანკში პროვაიდერად რეგისტრაციაში და სწორედ ამიტომ დაუთმეს წილი სიმბოლურ ფასად.

ფრაგმენტი თურნავას მიერ წილის სიმბოლურ ფასად შესყიდვის ხელშეკრულებიდან

აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტის მიერ არჩეული იყო ვახტანგ (ვაკო) თურნავას ნათესავი, ნათია თურნავა (რომელიც სების საბჭოს წევრი 2022 წლის ივნისიდან იყო, ხოლო მოგვიანებით სების ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა).

გადახდების მომსახურებას, იმავე ექვაირინგს - ეროვნული ბანკის თანხმობა სჭირდება. “ქიფზ.მიმ” ეროვნული ბანკის თანხმობა იმ დროს მიიღო, როცა მისი მფლობელი კომპანიის მესაკუთრე ვახტანგ თურნავა, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ( ახლა კი უკვე პრეზიდენტი) ნათია თურნავა იყო. მან მოაწერა ხელი ნათესავის კომპანიისთვის პროვაიდერის სტატუსის მინიჭებას.

მერიის პროექტის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ვახტანგ თურნავამ „ქიფზის“ 100%-იანი წილიც სიმბოლურ ფასად სულ რაღაც 300 ლარად მიიღო. „ქიფზთან“ მისი კავშირების ქრონოლოგია სრულად ზედა თავშია განხილული.

რადიო თავისუფლებამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს წერილობით ჰკითხა ხომ არ დაეხმარა ნათესავთან, ვახტანგ თურნავასთან დაკავშირებულ კომპანიებს („ქიფზ საგადახდო სისტემას“ და „ჰაივ ფეის“ (ყოფილი BKN301 Georgia / „კალა ფეი“) ეროვნული ბანკისგან ავტორიზაციების მოპოვებაში?

ეროვნული ბანკიდან გვიპასუხეს, რომ ნათია და ვახტანგ თურნავებს “შორის არსებობს შორეული ნათესაური კავშირი, რაც კანონმდებლობის შესაბამისად, არ განეკუთვნება ახლო ნათესაურ წრეს და ვაკო თურნავასთან დაკავშირებულ კომპანიებთან მიმართებაში ყველაფერი “საქართველოს ეროვნულ ბანკში განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.”

რადიო თავისუფლების შეკითხვები და ეროვნული ბანკის პასუხები სრულად ნახეთ აქ.

„ნათია თურნავასთან შორეული ნათესაური კავშირი მაქვს, თუმცა არც მაშინ როცა ბიზნესში ვიყავი და არც შემდეგ როცა პოლიტიკაში მოვედი, ამ კავშირს ჩემს პროფესიულ ცხოვრებაზე გავლენა არ ჰქონია.” მოგვწერა ვახტანგ თურნავამ.

თურნავები გვწერენ, რომ ისინი ერთმანეთის შორეული ნათესავები არიან. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ვახტანგ თურნავა ნათია თურნავას ბიძაშვილის შვილია. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე ასევე ჩანს მათი მონაწილეობა საერთო ოჯახურ შეკრებებში. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელზეც ნათია თურნავაც არის აღბეჭდილი, ვაკო თურნავას ოჯახის წევრები ჩანან წარწერით - „ოჯახობა“.

ვახო და ნათია თურნავების ერთობლივი ფოტოები, 2019 და 2023 წლები.

რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ პასუხებში ქართული ოცნების დეპუტატი ვახტანგ თურნავა ამბობს, რომ ქიფზის მიერ იანდექსის გადახდების მომსახურების შესახებ არაფერი იცის: „ქიფზის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი. მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოვედი, ბიზნესიდან გავედი. 2024 წლიდან არც ამ კომპანიაში და არც თქვენს მიერ ნახსენებ სხვა კომპანიებში წილი არ მაქვს და მათთან არანაირი ურთიერთობა არ მაკავშირებს. შესაბამისად, მათ კლიენტებსა და კომერციულ ურთიერთობებზე ინფორმაცია არ გამაჩნია.

რადიო თავისუფლების შეკითხვები და ვახტანგ თურნავას პასუხები სრულად ნახეთ აქ.