ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი ავალიანის მობილურზე ექსპერტიზის დანიშვნას აპირებს

ავალიანის საქმეზე 22 სექტემბერს დაიწყო 2 არასრულწლოვანი გოგოს საქმის არსებითი განხილვა. ფოტოკოლაჟი: გიორგი ლეკიშვილი, ადვოკატი; ქეთი სონიძე, პროკურორი

გარდაცვლილი პედაგოგის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვანი გოგოს, ნ.ი.-სა და ა.ბ.-ის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 სექტემბერს დაიწყო. ისინი ბრალს არ აღიარებენ. საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე განიხილავს.

წაქეზების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი გოგოს [ინიციალებით ნ.ი.] ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი, ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის მობილური ტელეფონის ექსპერტიზას მოითხოვს.

გიორგი ლეკიშვილის თქმით, ის აპირებს საქართველოში ჩამოიყვანოს ექსპერტები ისრაელიდან, რომლებიც გიგა ავალიანის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებენ.

რას ამბობს ადვოკატი

„ამ დრომდე არ არის გახსნილი და დათვალიერებული გიგა ავალიანის კუთვნილი მობილური ტელეფონი, - იმ მოტივით, რომ აღნიშნული მობილური ტელეფონი ვერ გაიხსნა. დაცვის მხარე ატარებს აღნიშნულ საქმეზე სრულყოფილ გამოძიებას, მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ დაგვენიშნა ექსპერტიზა მობილური ტელეფონის გახსნის მიზნით ისრაელში...

... ისრაელელი ექსპერტები უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და აღნიშნული წერილობითი კორესპონდენცია, რომელიც დაკავშირებული იყო ექსპერტიზის ჩატარებასთან, წარვადგინეთ სასამართლოში“, - თქვა ადვოკატმა. მისივე ცნობით, მოსამართლემ მათი წარდგენილი დოკუმენტაცია საქმეს დაურთო.

ადვოკატისვე თქმით, პროკურატურამ ვერ გახსნა გიგა ავალიანის ტელეფონი და მიზეზად „პაროლი დაასახელა, რომელიც რთული მათემატიკური ფორმულა იყო“.

რას ამბობს პროკურორი

პროკურორი ქეთი სონიძე აცხადებს, რომ გამოძიებამ უკვე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, მათ შორის დანიშნა ექსპერტიზებიც და მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატს უფლება აქვს, დანიშნოს ალტერნატიული ექსპერტიზა, საქმისთვის მნიშვნელოვან სხვა დამატებით ინფორმაციას მაინც ვერ მოიპოვებს.

„ტელეფონების უმრავლესობიდან ექსპერტიზის შედეგები უკვე მოსულია, ნაწილი არ მოსულა... ნ.ი.-სა და ა.ბ.-ს [ დაკავებული არასრულწლოვანი გოგოები] მობილურებიდან გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია, თუმცა ყველაზე საინტერესო ინფორმაცია წაშლილი იყო... ბრალდებულების მობილურ ტელეფონებში იყო დარჩენილი მინიმალური ინფორმაცია, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა კონკრეტული დასკვნების გასაკეთებლად“, - თქვა პროკურორმა.

რატომაა გიგა ავალიანის ტელეფონის ექსპერტიზა მნიშვნელოვანი? - ამ კითხვაზე ადვოკატი ასე პასუხობს: „ეს არის მტკიცებულება, რომელიც ერთვის საქმეს და აუცილებელია სრულყოფილი კვლევის ჩატარებისთვის“.

რას ედავებიან გოგოებს?

ნ.ი. და ა.ბ. სამართალდამცველებმა 5 აგვისტოს, გვიან ღამით, საკუთარ სახლებში დააკავეს.

ნ.ი.-ს გამოძიება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავება. დანაშაული 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ა.ბ.-ს კი ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი. ამ დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურის ვერსიით, ნ.ი.-მ თავის მეგობარ ბიჭს, ამ საქმეზე უკვე მსჯავრდადებულ ა.გ.-ს, უთხრა, რომ მათემატიკის მასწავლებელი გიგა ავალიანი მის მიმართ „ზედმეტ ყურადღებას იჩენდა“.

გამოძიება მიიჩნევს, რომ გოგომ იცოდა ა.გ.-ს დამოკიდებულების შესახებ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ის „პედოფილებად“ მიიჩნევდა და სწორედ ამ ცოდნის ფონზე აწვდიდა მას ინფორმაციას მასწავლებლის შესახებ.

„ნ.ი.-მ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ა.გ.-ს, მასწავლებლის მხრიდან ვითომდა არასათანადო ქცევის შესახებ. აღნიშნული აღქმული იქნა ა.გ.-ს მიერ არასწორად და შემდეგ ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. საზოგადოებისთვის უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რომ არ ყოფილიყო ნ.ი., არ მოხდებოდა აღნიშნული დანაშაული და შესაბამისად გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა“, - ამბობს ქეთი სონიძე.

„თავდასხმა არ უთხოვია“ - ადვოკატი

ნ.ი. გიგა ავალიანთან ემზადებოდა მათემატიკაში. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის მსჯავრდადებული ა.გ. მისი შეყვარებული იყო.

დაცვის მხარის ვერსიით, ნ.ი.-ს ა.გ.-სთვის პედაგოგზე თავდასხმა არ უთხოვია, მის წარსულ ჩხუბებსა და დაჯგუფებებზე არაფერი იცოდა და მხოლოდ მეგობარი ბიჭის დაკავების შემდეგ გაიგო, რომ გიგა ავალიანზე თავდასხმაში ის მონაწილეობდა.

„წაქეზება ამ შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, არის კონკრეტული პირის დაყოლიება. ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ კონკრეტული პირი კანონთან კონფლიქტში მყოფმა ადამიანმა დაიყოლია. ამ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს რაიმე სახის კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაყოლიების ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს არც მესიჯი, არც სიტყვიერი მითითება, არც სხვა გარემოებები, რაც დაკავშირებული იქნებოდა ნ.ი.-ს მხრიდან ვინმეს დაზიანების სურვილთან, შესაბამისად, მეტს ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ“, - განაცხადა გიორგი ლეკიშვილმა.

ასევე ნახეთ

რით მტკიცდება „დანაშაულის წაქეზება“? - რა (ვერ) გავიგეთ პროკურორისგან გიგა ავალიანის საქმეზე

ა.ბ., რომელსაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მსჯავრდადებული მეორე მოზარდის - გ.რ.-ს - შეყვარებულია.

ა.ბ.-ს ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი კავშირი არ აქვს იმ მოვლენებთან, რომლებიც 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე განვითარდა; მას არ ჰქონია კავშირი გიგა ავალიანის საქმეზე უკვე მსჯავრდადებულ სხვა არასრულწლოვანებთან.

„...არც გიგა ავალიანს იცნობდა, არც მისი სახელი, გვარი არ გაეგო, უბრალოდ ერთ-ერთმა პირმა, მოდი ასე ვთქვათ, მისმა შეყვარებულმა აჩვენა, რომ მოხდა ასეთი რამ, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს ხელი გაარტყა, გაითიშა და გამოიძახეს სასწრაფო. რვა თვის მერე აკავებენ ანასტასია ბერუაშვილს შეუტყობინებლობის ბრალდებით“, - ამბობს ადვოკატი.

ის მოიხმობს კანონს და განმარტავს, რომ როცა ადამიანს შეუტყობინებლობას ედავებიან, ასეთ დროს ბრალდებულმა დანამდვილებით უნდა იცოდეს, რომ მომხდარია განზრახ მძიმე დანაშაული, თუმცა პოლიციას ამის შესახებ არ ატყობინებს.

ასევე ნახეთ

რა ვიცით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის 16 წლის დაკავებულ ვაჟზე გიგა ავალიანის საქმიდან?

საქმე ცალკე არ გამოიყოფა

„ჩვენ ზუსტად სადაო ეს გვაქვს, რომ ა.ბ.-მ იცოდა თუ არა ის, რასაც ედავებიან და 16 წლის ბავშვს რამდენად უნდა გაეცნობიერებინა და შეეძლო თუ არა გაცნობიერება, რომ მოხდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული“, - ამბობს ადვოკატი.

მტკიცებულებებს შორისაა ა.ბ.-ს 2026 წლის იანვარში გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, რომელშიც ბრალდებული ამბობს, რომ მისმა შეყვარებულმა ნამდვილად მოუყვა, რომ 2025 წლის პირველ ოქტომბერს ვიღაც სცემეს, თუმცა არ უხსენებია გიგა ავალიანის სახელი და გვარი.

„2026 წლის იანვარს აქვს მიცემული ეს ჩვენება და დააპატიმრეს აგვისტოში, რვა თვის მერე, 2026 წლის აგვისტოში“, - ამბობს ადვოკატი.

მამუკა ჭაბაშვილმა ა.ბ.-ს საქმის ცალკე გამოყოფა მოითხოვა, თუმცა მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ასევე ნახეთ

გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენი ცნობილია

ასევე ნახეთ

„მაინც მოგიწევთ ჩემი მოსმენა“ - რა დაამატა გამოძიებამ ავალიანის საქმეს

პროკურორ ქეთი სონიძის თქმით, ნ.ი.-სა და ა.ბ.-ს საქმეში გამოსაკითხ პირთა სიაში გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდადებული სხვა არასრულწლოვანებიც წერია. „თუმცა მათ აქვთ უფლება, უარი თქვან ჩვენების მიცემაზე“, - განმარტავს პროკურორი.

ადვოკატის თანაშემწე ვიდეოჩამწერით

22 სექტემბრის სასამართლო პროცესს არ დასწრებია გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე. წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც 10 სექტემბერს გაიმართა, მოვლენები ისე განვითარდა, რომ საქალაქო სასამართლოში სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

გიგა ავალიანის დედა შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ნ.ი.-ს ადვოკატის თანაშემწე ქალი სასამართლოს დერეფანში გიგა ავალიანის ოჯახის წევრებისა და მათი მხარდამჭერების გადაღებას სპეციალური გადამღები საშუალებით აღჭურვილი სათვალით ცდილობდა.

ის, რომ ნ.ი.-ის ადვოკატის თანაშემწე 10 სექტემბერს სასამართლოს დერეფანსა და შემდეგ უკვე ეზოში ნამდვილად იღებდა სპეციალურად აღჭურვილი სათვალით, არ უარყო ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა.

ის ირწმუნება, რომ ბრალდებულის დაცვის მხარემ მას შემდეგ გადაწყვიტა ვიდეოგადაღება, რაც მათ „საფრთხე იგრძნეს“.

ასევე ნახეთ

ხმაურიანი სხდომა გიგა ავალიანის საქმეზე - „გადაღება შავი სათვალით“, სასწრაფო სასამართლოსთან

გიგა ავალიანის საქმე - გარემოებები მოკლედ

  • მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, არაერთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
  • 28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
  • გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირის დაკავების პირობას დებს, მათ შორის ექიმების, პროკურორებისა და გამომძიებლების.
  • ნ.ი. არის ამ საქმეზე მთავარი მსჯავრდადებულის, არასრულწლოვანი ა.გ.-ის მეგობარი. ის ავალიანის მოსწავლე იყო.
  • მთავარი მსჯავრდადებული დამნაშავედ ცნეს ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია.

ასევე ნახეთ

„განაჩენი სოციალურ ქსელში გამოგვიტანეს“ - ინტერვიუ გიგა ავალიანის საქმის მთავარი ბრალდებულის მამასთან

ასევე ნახეთ

ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს ძალადობის სხვა ოთხ ეპიზოდთან დაკავშირებითაც შეუფარდეს პატიმრობა

ასევე ნახეთ

„ყველა ასე ხომ ვერ იყვირებს?“ - სისტემის სისუსტე და ხარვეზები გიგა ავალიანის საქმეში