რით მტკიცდება „დანაშაულის წაქეზება“? - რა (ვერ) გავიგეთ პროკურორისგან გიგა ავალიანის საქმეზე

28 წლის პედაგოგის საქმეს ორი ახალი ბრალდებული ჰყავს. ერთ-ერთ არასრულწლოვანს ავალიანზე თავდასხმის „წაქეზებას“ ედავებიან.

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ერთ-ერთმა ახლადდაპატიმრებულმა არასრულწლოვანმა, ნ.ი.-მ, როდესაც მეგობარ ბიჭს ა.გ-ს უთხრა, რომ მასწავლებელი „ზედმეტ ყურადღებას იჩენდა“, ამით იგი დანაშაულისკენ წააქეცა, რადგან „იცოდა“, რომ ის „პედოფილებს ებრძოდა“.

მოკლული ახალგაზრდა პედაგოგის დედა, ეკა კუპატაძე კატეგორიულად უარყოფს იმის შესაძლებლობას, რომ მისი შვილი ვინმეს ავიწროვებდა. ამ ვერსიას დაცვის მხარის სტრატეგიას უკავშირებს და ამბობს, რომ ფულად ჯილდოს გადასცემს მას, ვინც დაამტკიცებს, რომ ავალიანს იგი შეუვიწროებია.

პროკურორის თქმით, საქმეში დევს ფარული მიყურადების შედეგად 2026 წლის თებერვალში მოპოვებული აუდიოჩანაწერი, სადაც ბრალდებული არასრულწლოვანი გოგო საკუთარ მამასთან ერთად განიხილავს ავალიანზე ა.გ-ის თავდასხმას, ამართლებს მეგობარ ბიჭს და ეუბნება, რომ „სხვანაირად არ გამოვიდოდა“.

ნ.ი-ის ადვოკატი ამბობს, რომ მტკიცებულებები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ბრალდება დადასტურდეს, ფაქტები კი სხვანაირად იყო: გოგომ მხოლოდ მეგობარი ბიჭის დაკავებისას გაიგო, რომ ის თავს დასხმია პედაგოგს, წასაქეზებლად არაფერი უთქვამს, ხოლო მისი წარსული ჩხუბების შესახებ არაფერი იცოდა.

პროკურორმა ისიც თქვა, რომ 16 წლის ნ.ი-მ მეგობარ ბიჭამდე ჯერ მშობლებსა და კლასის დამრიგებელს უთხრა, რომ მათემატიკის მასწავლებელი მის მიმართ „ზედმეტი ყურადღებას“ იჩენდა, თუმცა ამაზე უფროსებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

2 ივნისს მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ ერთ-ერთი განაჩენის გამოცხადებისას თქვა, რომ „სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არ დგინდება გიგა ავალიანის მხრიდან რამე სახის ზედმეტი კომუნიკაციის არსებობა, რაც სასამართლოს შეფასებით, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთდამოკიდებულებას გასცდებოდა“.

ბრალდების საკვანძო მომენტები

7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა პედაგოგ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ არასრუწლოვანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

არაერთი ფიგურანტი კი უკვე დაკავებული და მსჯავრდადებულია. მათ შორის „მთავარი“ მსჯავრდადებულია ნ.ი-ის მეგობარი ბიჭი, ინიციალებით ა.გ.

ახლადაკავებულთაგან ერთ-ერთი სწორედ ნ.ი. არის - მას წაუყენეს „ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების“, ხოლო მეორეს, ა.ნ.-ს - „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის“ ბრალდება.

  • ბრალდება, თუ ის დამტკიცდება, პირველ შემთხვევაში 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მეორე შემთხვევაში კი - 3-დან 7 წლამდე პატიმრობას. სასჯელის დანიშვნისას, არასრულწლოვანებს სასჯელის მეოთხედი მოაკლდებათ.
  • დაცვის მხარე ბრალდებებს უარყოფს.

ნ.ი-ს საქმე: „წაქეზება“

გამოძიების ვერსიით:

  • „2025 წლის სექტემბრის თვეში ნ.ი.-მ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან“;
  • მალევე მან თავის მეგობრებს - ა.გ.-სა და გ.მ.-ს უთხრა, რომ „თითქოსდა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ“.

პროკურატურა 6 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა [თავისი მეგობარი ბიჭი ა.გ.] წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს“.

სასამართლოს შემდეგ პროკურორმა ქეთი სონიძეც იგივეს იმეორებს - გოგომ „წააქეზა თავისი შეყვარებული ა.გ. დანაშაულის ჩადენისკენ“.

ასევე ნახეთ

პროკურატურა: ნ.ი.-მ მეგობრებს უთხრა, რომ ავალიანი „ზედმეტ ყურადღებას“ იჩენდა, რითაც წააქეზა დანაშაული

რა არის არგუმენტი „წაქეზების“ ბრალდებისთვის?

დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რითი მტკიცდება „წაქეზება“, პროკურორმა „გარემოებებს“ გაუსვა ხაზი:

„ჩვენ ამას ვამტკიცებთ შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით. უნდა გავითვალისწინოთ, ვინ არის მსჯავრდებული ა.გ., მისი წარსული ისტორია და მისი პიროვნება“, - თქვა პროკურორმა და განაგრძო:

„ეს არის ე.წ „პედოფილებთან მებრძოლი“ პირი. მას ამ კვალიფიკაციითაც ედავებოდა ბრალდება და ამაშიც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა [დიღმის ჩხუბების ეპიზოდებზე]; ზოგადად, ებრძვის ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გარკვეული ხასიათის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს არასრულწლოვანთა მიმართ“, - თქვა პროკურორმა.

  • „მწერდა, პირად სივრცეს მიზღუდავდა, სახლში გაცილება შემომთავაზა“, - ეს არის გოგოს მეორედ მიცემული ჩვენების მოკლე აღწერა;
  • იგი გამოძიებამ სამჯერ დაკითხა. მოსწავლე მასწავლებლის მხრიდან სავარაუდო შევიწროებაზე მხოლოდ გამოძიებასთან მეორე შეხვედრაზე ლაპარაკობს;
  • პირველ ჩვენებაში ის არ ახსენებს შევიწროებას ან რაიმე არასასურველ ქცევას მასწავლებლის მხრიდან. ახასიათებს ავალიანს კარგ და ყურადღებიან პედაგოგად.
  • ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის საჯარო პოზიციით, ნ.ი-ის ადვოკატებმა დაცვის სტატეგია იმგვარად შეიმუშავეს, რომ დაებრალებინათ გიგა ავალიანისთვის „შევიწროება“, - რაც, მისი თქმით, იმაშიც ვლინდება, რომ გოგოს პირველ ჩვენებაში ამაზე არაფერი უთქვამს.
  • „ეს ინფორმაცია არ შესაბამება სინამდვილეს“, - ამბობს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი.

პროკურორის მტკიცებით, „ასეთი ინფორმაციის მიწოდება, - რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, - ადამიანისთვის, რომელსაც მსგავსი წარსული გამოცდილება ჰქონდა და „ნადირობდა“ ასეთი პიროვნებების გამოვლენაზე, ფაქტობრივად, წაქეზება იყო“.

იცოდა გოგომ, რომ ბიჭი „პედოფილებს ებრძოდა“?

„დიღმის ძალადობების“ ეპიზოდი ავალიანის გარდაცვალებიდან მხოლოდ თვეების შემდეგ გახდა ცნობილი და პროკურატურამ ბრალიც წაუყენა ა.გ-სა და სხვა არასრულწლოვნებს.

კითხვაზე, იცოდა თუ არა არასრულწლოვანმა გოგომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ავალიანზე თავდასხმამდე, პროკურორმა ასეთი პასუხი გასცა:

„მათ ჰქონდათ საკმაოდ ინტენსიური კავშირი ერთმანეთთან. მოგეხსენებათ, რომ ისინი შეყვარებულები იყვნენ“.

დაცვის მხარისათვის ეს მტკიცებები არადამაჯერებელი და უზუსტოა.

ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება: „ნ.ი-მ მაშინ დამატებითი ბრალდებების შესახებ ა.გ-ის მიმართ, როცა გაიგეთ თქვენ“.

ასევე ნახეთ

ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს ძალადობის სხვა ოთხ ეპიზოდთან დაკავშირებითაც შეუფარდეს პატიმრობა

დაცვის მხარის არგუმენტია მთავარ მსჯავრდებულ ა.გ.-სა და მის კიდევ ერთ მეგობარ გოგოს, ა.ნ-ს შორის 29 სექტემბრიდან დაწყებული მიმოწერა.

ამ მიმოწერისას ბიჭი მეგობარ გოგონას სთხოვს, თუ კიდევ რამეს გაიგებს, არ დაუმალოს, და ეუბნება, რომ თუ შეყვარებული, ნ.ი [ავალიანზე თავდასხმის] გეგმის შესახებ გაიგებს, დაშორდება.

ასევე ნახეთ

ვის მიუსაჯეს პატიმრობა და რატომ? - ყველაფერი, რაც გიგა ავალიანის საქმეზე ამ დრომდე ვიცით

„ინტენსიური კონტაქტი“

პროკურორის თქმითვე, „შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ანალიზითაც დასტურდება, რომ ისინი სისტემატურად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს“:

  • „ხვდებოდნენ საათების განმავლობაში, მათ შორის დანაშაულის წინა პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურად;
  • 26 სექტემბრის ფაქტია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ სწორედ ამ დღეს ჩამოტვირთა ა.გ-მ გიგა ავალიანის ფოტო სოციალური ქსელიდან, რათა უკეთ დაემახსოვრებინა და თავს დასხმოდა;
  • სწორედ ამ პერიოდში, 26 სექტემბერსაც, შემდგომ დღეებში, დანაშაულის ჩადენის მეორე დღესაც, 2 ოქტომბერსაც, 7 ოქტომბერსაც, ისინი ფაქტობრივად სულ ერთად არიან... იმ მომენტში ხდება მათ შორის ამ დანაშაულთან დაკავშირებით საუბარი და კომუნიკაცია, მათ შორის ჯგუფის საერთო ჩატში, კონკრეტული მესიჯების დაწერა, - რაც ემთხვევა იმ პერიოდს, როცა ისინი ერთად უნდა ყოფილიყვნენ და შეუძლებელი იყო, ამ საკითხებზე საუბარი არ ჰქონოდათ“.


დამაზუსტებელ კითხვაზე, ვარაუდია, რომ ნ.ი-მ იცოდა ა.გ-ის „კრიმინალური წარსული“ თუ, - ვარაუდს მიღმა, - დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს, პროკურორმა თქვა:

„... ნასამართლევი არ ყოფილა ა.გ.. ოფიციალური მხარე შესაძლებელია, მან არ იცოდა, თუმცა მას რომ ინფორმაცია ექნებოდა ა.გ-ის პიროვნებასთან, მის მიდრეკილებებთან და ინტერესებთან დაკავშირებით, ეს ცალსახაა“.

უთხრა მშობლებსაც და სხვა პედაგოგსაც

თუმცა პროკურორმა განაცხადა ისიც, რომ არასრუწლოვანმა გოგომ გიგა ავალიანის მხრიდან „შევიწროების“ შესახებ ორივე მშობელსა და კლასის დამრიგებელსაც უთხრა.

„დედ-მამა, თამარ ნ. და ვალერიან ი. ადასტურებენ, რომ შვილისგან მიიღეს ეს ინფორმაცია შევიწროებასთან დაკავშირებით, რაც შემდგომ დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა“, - თქვა მან.

ქეთი სონიძემ დაასახელა პედაგოგი, ნ.ი-ის კლასის დამრიგებელი, ლაურა დ.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, - თუკი ბავშვმა უთხრა დამრიგებელს, მშობლებს, და მეგობარ ბიჭს, - არასრულწლოვანი გოგოს მხრიდან მეგობარი ბიჭის დანაშაულისკენ „წაქეზება“ რაში გამოიხატა? - პროკურორმა უპასუხა:

„პირველ რიგში, რამდენად შეესაბამებოდა ეს ინფორმაცია [შევიწროების შესახებ] რეალობას, ამაზე, ბუნებრივია, ვერაფერს ვიტყვი, რადგან … არ ყოფილა ამის მტკიცებულებები, თუმაც ნ.ი-მ ეს ინფორმაცია მიაწოდა თავის მშობლებს, კლასის დამრიგებელს.

აღნიშნულ ინფოს ის ასევე აწვდის ასევე ა.გ.-ს, რომელიც ამ დანაშაულის მთავარი ორგანიზატორი და პირველი პირი იყო, ვინც ეს გადაწყვიტა გაეკეთებინა.

სწორედ ა.გ-სთვის გადაწყვიტა მიეწოდებინა...ვინ იყო ა.გ. და რას წარმოადგენდა? ეს იყო 17 წლის არასრულწლოვანი, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, კანონისმიერი ღონისძიებები გაეტარებინა მსგავსი შევიწროების რეალურად არსებობის შემთხვევაში“.

ასევე ნახეთ

„ყველა ასე ხომ ვერ იყვირებს?“ - სისტემის სისუსტე და ხარვეზები გიგა ავალიანის საქმეში

„მშობლებს არავისთვის მიუმართავთ“

პროკურორმა გაიმეორა, რომ გოგოს ეს ინფორმაცია „ა.გ-სთვის კი არ უნდა მიეწოდებინა, არამედ სხვა პირებისთვის, რომლებიც განახორციელებდნენ რეაგირებას“.

მაგრამ გოგომ, - როგორც თავად პროკურორმაც თქვა, - იგივე ინფორმაცია მიაწოდა მშობლებსა და პედაგოგს.

„სამწუხაროდ, მშობლებს არავისთვის მიუმართავთ ამასთან დაკავშირებით, ასევე, არავისთვის მიუმართავს კლასის დამრიგებელს“, - თქვა პროკურორმა.

შემდეგ პროკურორს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, პირველად ვის უთხრა ნ.ი-მ ავალიანის მხრიდან „შევიწროებაზე“:

პროკურორმა ჯერ თქვა: „ჯერ უთხრა მშობლებსა და დამრიგებელს, შემდეგ ა.გ“-ს.

შემდეგ განაცხადა: „იცით, რა არის… დროის საკმაოდ ახლო პერიოდში მოხდა და რომელი იყო ერთი დღით ადრე და რომელი ერთი დღით გვიან, ამის გამოყოფა… ძველი ფაქტია ეს და მოვლენების გახსენება მშობლებსაც უჭირთ და მასწავლებელსაც, კონკრეტულად თარიღი, მე მითხრა 25-ში და ვიღაცას 26-ში, არ გამოვა სწორი“.

„დააგვიანეს“ - რატომ არ ჰქონდათ მშობლებს რეაგირება?

ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება:

  • „16 წლის გოგომ მხოლოდ და მხოლოდ თქვა თავისი გასაჭირი, მიმართა დახმარებისთვის ჯერ მამას, მერე მასწავლებელს, მერე დედას და ამ შემთხვევაში ეს ამბავი როგორღაც მივიდა სხვადასხვა ყურამდე და აქედან გამომდინარე დატრიალდა ეს უბედურება“.
  • „თორემ ამ ბავშვმა საშველად ყველას მიმართა, თუმცა შველა ვერ დადგა შესაბამისი ფორმით, და ამასობაში სანამ კონკრეტულ ინსტანციებზე მოხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, დატრიალდა ეს ტრაგედია“, - ამბობს ადვოკატი.


დამაზუსტებელ კითხვაზე, მშობელს რატომ არ ჰქონდა რეაგირება, ადვოკატმა თქვა:

„მშობლის მხრიდან მოხდა ყველანაირად ადეკვატურად ამ გარემოებების შეფასება. მშობელი მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა [ყველა]. მშობელი ვალდებული არის, რომ რაიმე სახის მსგავს ინფორმაციასთან დაკავშირებით მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. დაგვიანებულია… როდესაც ამ ინფორმაციას იგებ, ამ ინფორმაციაზე მივარდე ადამიანს და მახდინო მასზე რაიმე სახის აგრესიული ქმედება [არ შეიძლება]. ამას უნდა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა… როდესაც გარემოებები გაირკვა, როცა მიდგომებზე ეს ადამიანები ჩამოყალიბდნენ, ტრაგიკული შემთხვევა უკვე მომხდარი იყო“.

„რაც შეეხება მასწავლებლის ქმედებას, - ჩემი აზრით, მან გამოიჩინა გულგრილობა“, - ამბობს ადვოკატი.

ასევე ნახეთ

ვის მიუსაჯეს პატიმრობა და რატომ? - ყველაფერი, რაც გიგა ავალიანის საქმეზე ამ დრომდე ვიცით

„მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას“

დამაზუსტებელი შეკითხვის კიდევ ერთხელ გამეორებისას, - „ბრალდებაში, რაც საჯაროდ გახდა ხელმისაწვდომი, საუბარია, რომ ნ.ი-მ მიაწოდა ინფორმაცია შეყვარებულს და ამით წააქეზა. გარდა ამისა, არის თუ არა სხვა ნაბიჯები ნ.ი-ს მხრიდან, რაშიც გამოიხატა წაქეზება“, - პროკურორმა თქვა:

„იცით, ახლა ისეთ რამეს მეკითხებიც, რაც შეუძლებელია, რომ რამდენიმეწამიან საუბარში ჩავატიოთ. მოგეხსენებათ, წინა მსჯავრდებულების საქმეზე, როდესაც დასკვნით სიტყვას ვამბობდი, 5-დან 7 საათამდე პერიოდი დამჭირდა იმისთვის, რომ მოსამართლე დამერწმუნებინა“.

რეპლიკაზე, რამდენიმე მაგალითი მაინც თქვას, გვიპასუხა: „ისე, რომ მტკიცებულებები ჩამოვთვალო, - ვინმეს გამოკითხვის ოქმი ან ექსპერტიზის დასკვნა, ეს არ იქნება სწორი იმიტომ, რომ ძალიან მოცულობითი და რთული საქმეა, არის უკვე 40 ტომამდე და ბევრი ელექტრონული ინფორმაცია… აქ იმაზე საუბარი, რომ ერთი მტკიცებულება ვთქვა და ამით დავამთავრო, იქნება ზედაპირული მიდგომა.“

„მტკიცებულებების შინაარსში ვერ შევალ. დარწმუნებული ვარ, არც მსმენელი გვეყოლება და ქუჩაში გასარჩევი საქმეც არ არის… დასკვნით სიტყვაში ვეტყვი სასამართლოს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას“, - თქვა მან.

„არ იცოდა“

„ადამიანი, რომელმაც არაფერი არ იცოდა, რომ [იგეგმებოდა] რაიმე სახის დანაშაული, როგორ შეიძლებოდა იყოს ასეთი დანაშაული წამქეზებელი“? - ამბობს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, მომხდარის შემდგომ შეხვედრებისას გოგო-ბიჭს ნუთუ არ უსაბრია მომხდარზე, ადვოკატი ამბობს: „არაფერი… ნ.-მ არასოდეს არაფერი არ იცოდა მომხდართან დაკავშირებით“.

ადვოკატს ვკითხეთ 21 ოქტომბერზეც, - იმ დღეზე, როცა ა.გ-მ ავარიანის ფოტო გადმოწერა და როცა, პროკურატურს ცნობით, ნ.ი მასთან ერთად იყო:

„ეს კონკრეტული გარემოება არის აბსურდული. როდესაც შევისწავლით საქმის მასალებს, გავაკეთებთ ზუსტ კომენტარს“, - თქვა ადვოკატმა.

„ამართლებს“ - რას აჩვენებს ფარული ჩანაწერები?

პროკურორის თქმითვე, საქმეში პროკურატურას აქვს ფარული ჩანაწერები, რომელიც ამ არასრულწლოვანი გოგოს ბინის ერთთვიანი ფარული მიყურადებით მოიპოვეს.

სონიძე ამბობს, რომ მართალია, იქ „სიტყვა „წაქეზება“ არ ისმის, მაგრამ „შინაარსობრივად რომ განვიხილოთ“, საინტერესო დეტალები იკვეთებაო:

  • ეს არის ნ.ი-ს ოჯახის ბინის „ფარული აღჭურვის შედეგად მოპოვებული“ ინფორმაცია;
  • „გოგო ესაუბრება თავის მამას, ვალერიან ი.-ს, - და ოჯახის სხვა წევრებიც არიან ადგილზე;
  • ის განიხილავს ა.გ-ის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ა.გ კი არის მთავარი მსჯავრდებული პირი;
  • [გოგო] ამართლებს [ბიჭის] საქციელს; ამბობს, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ასეც უნდა მოქცეულიყო და ა.შ.. კონკრეტულ დეტალებზე საუბრობს“.

ჩანაწერი მოპოვებულია 2026 წლის თებერვალში.

პროკურორი ამბობს, რომ ბრალდება მას „განზრახი დანაშაულის ჩადენას“ ედავება „და არა შემთხვევით, გაუფრთხილებლობით ჩადენილს“. სონიძემ თქვა:

  • „საუბარი მიმდინარეობს ნ.ი-სა და მამამისს, ვალერიანე ი.-ს შორის, თუმცა იქ ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებიან…
  • განიხილავდნენ, რომ ა.გ-მ როგორ ჩაიდინა დანაშაული;
  • მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა, თუმცა არასრულწლოვანი გოგო ეუბნება, რომ ა.გ სხვანაირად უბრალოდ ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში ცოტა სხვანაირად ხდება გადაწყვეტილების მიღება და ის არის ძველი თაობის წარმომადგენელი და ასე იმიტომ ფიქრობს“.

„მამა-შვილს შორის მიმიდნარეობს კამათი და შეფასება ჩადენილი ქმედებისა ა.გ-ს მხრიდან და მიმდინარეობს ამ საკითხზე ნ.ი.-ს მიერ აზრის გამოხატვა, რაც დემონსტიტებას ახდენს, რომ ის არამხოლოდ ეთანხმება იმას რაც მოხდა, არამედ გარკვეულ წინსმწრებ ინფორმაციასაც ფლობდა“, - განაცხადა პროკურორმა.

დღის ბოლოს გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ მედიაში კვლავ განაცხადა: „ჩვენ არ ვედავებით ნ.ი-ს იმას, რომ ეუბნება: „წადი მოკალი“. ეს დაკვეთაა. ჩვენ ვამბობთ წაქეზებას, მანიპულირებას“.

„უნდა შევაფასოთ ქმედება“ - ადვოკატი

ნ.ი.-ის ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ამ ჩანაწერში როგორ აფასებენ მომხდარს:

„მოდით ვთქვათ: თუ ვინმე რაღაცას ამბობს, ვიღაცას რაღაც უნდა გაეკეთებინა ან არ გაეკეთებინაო, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უნდა შევაფასოთ ქმედება: იცოდა თუ არა ადამიანმა რაიმე [წინსწრებით]?.. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დანაშაულს ჩავდივართ“? - გვითხრა მან.

„და კიდევ საკითხავია, რამდენად ზუსტად არის გადმოცემული [პროკურორის მხრიდან] ამ ჩანაწერის შინაარსი“, - გვითხრა ადვოკატმა. თუმცა ასევე გვითხრა, რომ ეს ჩანაწერი არ მოუსმენია.

პატიმრობა საჭირო იყო?

რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ ნ.ი. ავალიანის გარდაცვალების შემდეგ ათი თვის განმავლობაში თავისუფალი იყო და ეს ხელს არ უშლიდა გამოძიებას, ახლა რატომ მოითხოვეს პატიმრობის შეფარდება და არა გირაოსი - პროკურორმა თქვა:

„დანაშაულის კატეგორიის გათვალისიწნება მოხდა ამ შემთხვევაში - ეს არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

ასევე დაამატა: „გავითვალისწინეთ მტკიცებულებების განადგურების ნაწილში ის, რომ მას წაშლილი და განადგურებული ჰქონდა ყველა ის ინფორმაცია - მობილურის „დარესეტებას“ უწოდებენ, ეს ჰქონდა გაკეთებული და, შესაბამისად, იქ არსებული სრული ინფორმაცია იყო წაშლილი და განადგურებული. მივიჩნიეთ, რომ შესაძლებელია მომავალშიც გაენადგურებინა ეს ინფორმაცია. ვგულისხმობთ არა მხოლოდ ინფორმაციის წაშლას მობილურიდან, არამედ შესაძლებელია მას ჰქონდა ამ საკითხებზე კომუნიკაცია სხვა პირებთან - კლასელებთან, მეგობრებთან და ა.შ.. შესაძლოა, მათ უფრო მეტი იცოდნენ ამ ფაქტებზე, ვიდრე აქამდე თქვეს“.

  • მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, არაერთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
  • 28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
  • გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირის დაკავების პირობას დებს, მათ შორის ექიმების, პროკურორებისა და გამომძიებლების.
  • ნ.ი. არის ამ საქმეზე მთავარი მსჯავრდადებულის, არასრულწლოვანი ა.გ.-ის მეგობარი. ის ავალიანის მოსწავლე იყო.
  • მთავარი მსჯავრდადებული დამნაშავედ ცნეს ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია.