სროლის ხმა გაისმა შუადღისას, მოძრაობა გაჩერდა, პანიკა იყო გამვლელებს შორის - ეს უკრაინაში, ზღვისპირა ოდესაში მოხდა, მანქანების სავსე გზისპირას. ნიღბიანმა კაცებმა ტყვიაგაუმტარი ჟილეტებით, თეთრი მიკროავტობუსიდან გადმოიყვანეს, ტროტუარზე დაყარეს და ურტყამდნენ კაცებს, არ გაინძრეთო - უყვიროდნენ.
ნიღბიანი კაცები უკრაინის უშიშროების სააგენტოს, SBU-ს წარმომადგენლები იყვნენ. დაკავებულები - სამხედრო სამსახურში გაწვევის რეგიონული ოფისის თანამშრომლები. უწყების ამოცანაა სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლებისა და ფრონტის ხაზისთვის ვარგისი ახალწვეულების მოძებნა.
ზოგიერთი გამვლელი კმაყოფილი იყო.
ხელისუფლების განცხადებით, 21 აპრილის დაპატიმრებები კორუმპირებული გადამბირებლების რეკრუტერების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ნაწილი იყო. ეს პირები ქრთამს სძალავენ და აშანტაჟებენ ადამიანებს, რომლებსაც ან არ სურთ ჯარში წასვლა, ან არ აქვთ ამის უფლება.
ეს არ არის ცალკეული შემთხვევა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ, უკრაინის თავდაცვა, რაც შეეხება ადამიანურ ძალას, კვლავაც არასრულყოფილია. კიევმა წლები დახარჯა უკეთესი სისტემის შემუშავებაზე, რათა ფრონტის ხაზზე თუ სხვაგან სამსახურისთვის ხალხის მოზიდვა, შერჩევა და დაქირავება-გადაბირება შეძლოს.
ეს კვლავ დიდი პრობლემაა. რეკრუტერებს შორის კორუფცია ნამდვილად არ ეხმარება უკრაინას.
„ერთი მხრივ, ყველა ამბობს, რომ გამარჯვებამდე უნდა ვიბრძოლოთ, მეორე მხრივ კი, ყველა გაურბის მობილიზაციას“, - წუხდა ამ თვეში უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ყოფილი უფროსი კირილო ბუდანოვი. - „ეს უზარმაზარი, უზარმაზარი პრობლემაა“.
„ომს ხალხის გარეშე ვერ მოიგებ. ადამიანის გარეშე ომებს აგებენ. ასეა. მაგრამ ხალხის გარეშე გამარჯვება - ეს უბრალოდ არ ხდება“, - თქვა ბუდანოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმთან“ ინტერვიუში.
„უკრაინის მთავრობა ცდილობდა რეკრუტირების სისტემის იმიჯის გამოსწორებას, მაგრამ კიდევ ბევრი სამუშაოა“, - ნათქვამია კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის მიერ გასულ თვეში გამოქვეყნებულ ანალიზში.
„ქრთამისა და კორუფციის მთავარი რეცეპტი ისაა, რომ მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილს არ აქვს სურვილი, შეასრულოს სახელმწიფოს დაცვის კონსტიტუციური მოვალეობა, როცა აქვთ ფინანსური საშუალებები იყიდოს ასეთი შესაძლებლობა“, - თქვა ვიქტორ კევლიუკმა, კიევში დაფუძნებული თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის სამხედრო ანალიტიკოსმა და ანალიზის თანაავტორმა.
„ჩვენი ბიჭები წინა ხაზზე არიან და ისინი ვიღაცამ უნდა შეცვალოს“
2022 წლის თებერვლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კვირებში უკრაინამ ჩაფუშა ის, რასაც ბევრი მოელოდა: რუსეთის არმიის მარტივი გამარჯვება. ეს მოხდა უკრაინელების გამბედაობის, ოსტატობისა და სიმამაცის ნაზავის - ასევე ზოგიერთი რუსი მეთაურის არაკომპეტენტურობის მეოხებით.
უკრაინულმა ძალებმა 2022 წლის ბოლოს ორი წარმატებული კონტრშეტევით უკან დაახევინეს რუსი ჯარისკაცებს.
რუსეთმა ომის გაჭიანურებით ისარგებლა იმ მხრივ, რომ უფრო დიდი ზომისაა, განვითარებული თავდაცვითი ბაზა აქვს და ბრძოლაში მეტი ადამიანი ჩართო.
2022 წლის სექტემბერში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანებით ათიათასობით ადამიანი მიიზიდა მთავრობამ. მან შეიმუშავა არაფორმალური გაწვევის სისტემა, რომელიც მოიცავდა არაჩვეულებრივ ხელფასებსა და შეღავათებს, რომლებიც ფედერალური და რეგიონული ბიუჯეტებიდან იფარება.
შედეგად, ფრონტზე გაგზავნილი კაცების ნაკადი მუდამ იზრდებოდა - დანაკარგების შემაშფოთებელი მაჩვენებლით. დასავლეთის ქვეყნების დაზვერვისა და ექსპერტების შეფასებით, რუსეთს 1,5 მილიონ დაღუპული და დაჭრილი ჰყავს უკრაინის ომში. გასაოცარი რიცხვია, რომელიც აღემატება 1945 წლიდან მოყოლებული მოსკოვის დანაკარგს ყველა ომში ერთად.
ამასობაში, უკრაინის დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი ნახევარ მილიონს აჭარბებს, რაც პროპორციულად კიდევ უფრო დიდი პრობლემაა მისი მცირე მოსახლეობის გათვალისწინებით.
„ჩვენი ბიჭები ფრონტის ხაზზე არიან და ისინი ვიღაცამ უნდა შეცვალოს“, - განაცხადა ბუდანოვმა, რომელიც ამჟამად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსია, ინტერვიუში. - „და ისინი, ვინც სამსახურს თავს არიდებენ, ამას ნამდვილად ვერ ხვდებიან“.
უკრაინის მთავრობა ცდილობდა სამხედრო სამსახურში მიზიდვისა და შენარჩუნების სისტემის გამარტივებას და ჯარისკაცების შენარჩუნებას. 2024 წლის აპრილში ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც შემცირდა მობილიზაციის მინიმალური ასაკი და ყველა კაცი ვალდებული გახდა, განეახლებინა გაწვევის მონაცემები.
კანონმდებლობამ ასევე გაზარდა მოხალისეებისთვის ხელფასი და ზოგიერთ მსჯავრდადებულს სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლება მისცა.
გასულ გაზაფხულზე ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს წახალისების პროგრამა, რომელიც მოიცავდა ფულად ჯილდოებს, სუბსიდირებულ იპოთეკურ სესხებს, უფასო საუნივერსიტეტო განათლებას და სამსახურის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ გამგზავრების უფლებას.
2025 წლის იანვრის მონაცემებით, დაახლოებით 800 ათასი ჯარისკაცი მსახურობდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და სხვა შენაერთებში, როგორიცაა ტერიტორიული ბრიგადები და ეროვნული გვარდია.
უკრაინის საომარი მდგომარეობის შესახებ კანონი 18-დან 60 წლამდე ასაკის კაცების უმეტესობას ქვეყნის დატოვებას უკრძალავს.
პარლამენტის მიახლოებითი გამოთვლით, რომელიც 2024 წელს ჩატარდა, უკრაინაში 25-დან 60 წლის ასაკამდე 4,35 მილიონი კაცია, რომლებიც სამხედრო სამსახურისგან არ იყვნენ გათავისუფლებული ოჯახური ან პროფესიული მიზეზების გამო. მათ ჯერ არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური, არ იყვნენ ინვალიდები და არ ცხოვრობდნენ რუსეთის ოკუპაციის პირობებში ან საზღვარგარეთ. სხვა შეფასებით, ეს რიცხვი ოდნავ მეტია და დაახლოებით 5 მილიონს შეადგენს.
ამჟამინდელი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების სტაბილურ ნაკადს სამხედრო სამსახურში, ეფუძნება ე.წ. დაკომპლექტებისა და სოციალური დახმარების ტერიტორიულ ცენტრებს. ეს ცენტრები არა მხოლოდ კაცების გაწვევით, არამედ იმ პირების დევნითაც არის დაკავებული, რომლებიც სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ.
ეს მცდელობა კამათის საგანი გახდა და, შეიძლება ითქვას, ღია სიძულვილისაც. ერთ-ერთ ცნობილ შემთხვევაში, კიევში ქვეყნის ყველაზე პოპულარული როკ-ჯგუფის კონცერტზე სამხედრო რეკრუტერები გამოჩნდნენ, რომლებმაც სამხედრო უწყებები დაარიგეს და ტროტუარზე გაათრიეს კაცი, რომელიც პროტესტის ნიშნად ყვიროდა, ხოლო იქ მყოფნი რეკრუტერების მისამართით ყვიროდნენ: „სირცხვილია!“.
23 აპრილს გადაღებულ კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ებრძვის დასავლეთ უკრაინაში რეკრუტერი კაცს სახურავზე, სანამ ორივე ძირს ჩამოვარდება.
სამხედრო რეკრუტერები ხშირად დადიან ქალაქებში მიკროავტობუსებით და ეძებენ კაცებს. ხშირად, ისინი ძალის გამოყენებით აკავებენ მათ, ვინც წინააღმდეგობას უწევს, შემდეგ კი მანქანებით გადაჰყავთ. ამ პროცესს „ავტობუსიფიკაციას“ (укр. Бусифікація ) უწოდებენ.
ამასობაში, შეიქმნა ძლიერი პარალელური სისტემა, რომელიც ადამიანებს სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავის დაღწევაში ეხმარება.
უკრაინელი მესაზღვრეების თქმით, ისინი, ვინც სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ, დაახლოებით 15 000 დოლარს უხდიან კონტრაბანდისტულ ჯგუფებს, რომლებიც ხშირად ადგილობრივ ბავშვებს ქირაობენ იმისთვის, რომ მიიყვანონ ისინი - რუმინეთში ან სხვა ქვეყანაში მალულად მიმავალნი, საზღვართან.
„უკრაინულ საზოგადოებაში [ამ საკითხთან დაკავშირებით] განხეთქილება არ არის“, - განუცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვოლოდიმირ ფესენკომ Current Time-ს. თუმცა, - „არსებობს დაძაბულობა სამხედრო მოსამსახურეთა გაწვევის ცენტრებთან, მობილიზაციასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ეს დაძაბულობა იზრდება... სამწუხაროდ, აშკარაა კორუფცია და ძალადობის გადაჭარბებული გამოყენება“.
„მობილიზაცია აუცილებელია. ვიღაცამ უნდა იბრძოლოს“
ოდესაში - თავისი კრიმინალური სამყაროთი ცნობილ შავი ზღვის ცნობილ საპორტო ქალაქში - საჩივარს წერს უამრავი ადამიანი, რომლებიც აცხადებენ, რომ რეკრუტერები მათ რეგულარულად სძალავენ ქრთამს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა სამსახურმა განაცხადა, რომ გასულ წელს დაახლოებით 200 საჩივარი მიიღო სამხედრო რეკრუტერების მიერ უფლებების დარღვევის შესახებ.
21 აპრილს მომხდარი ინციდენტის დროს, რომელიც რამდენიმე გამვლელმა გადაიღო და Telegram-სა და სხვა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა, ესბეუს (უკრაინის უშიშროების სამსახური) თანამშრომლებმა დევნის შემდეგ მიკროავტობუსი გააჩერეს, ცეცხლი გახსნეს და იარაღის მუქარით დააკავეს რვა მამაკაცი, რომლებიც აიძულეს პირქვე დაწოლილიყვნენ ასფალტზე, სადაც მანქანები მოძრაობდნენ.
ერთ-ერთი ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემის ცნობით, რეკრუტერებმა, პოლიციელთან ერთად, 30 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამი მოსთხოვეს ყოფილ ჯარისკაცს, რომელიც ოფიციალურად გათავისუფლებული იყო სამხედრო სამსახურიდან. მამაკაცი ძალით შეათრიეს მიკროავტობუსში და იარაღით დაემუქრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ესბეუს თანამშრომლებმა მიკროავტობუსიდან ხელკეტები, კასტეტები, დანები და უნებართვო იარაღი ამოიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელების დიდი უმრავლესობა კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს საომარ მოქმედებებს, უკრაინული საზოგადოების დიდი ნაწილი ასევე გადაღლილია და მოუთმენლად ელის რაიმე გადაწყვეტას, რაც დაასრულებს საბრძოლო მოქმედებებს. ომში შესაბამისი კაცების გაწვევის მცდელობებს ძირითადად მხარს უჭერენ, მაგრამ კორუფცია, მექრთამეობა, გამოძალვა და ძალადობრივი ტაქტიკა, რომელსაც ხშირად იყენებენ გადამბირებლები, საყოველთაო სიძულვილს იწვევს.
„ამის თავიდან აცილება შეუძლებელია. მობილიზაცია აუცილებელია. ვიღაცამ უნდა იბრძოლოს“, - უთხრა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს ერთმა ოდესელმა ქალმა, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა. - „და ვინც სამხედრო სამსახურს თავს არიდებს, უნდა აიძულონ, რომ იმსახუროს. თუმცა ეს ცივილიზებული მეთოდებით უნდა მოხდეს, [წამების] გარეშე. ასეთი ინციდენტები კი დამაფიქრებელია“.