მძღოლების კომენტარები აზერბაიჯანსა და საქართველოში მოქმედმა რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა.
„დაელოდეთ“
მძღოლები ამბობენ, რომ პრობლემები ძირითადად „სარფისა“ და „წითელი ხიდის“ გამშვებ პუნქტებზე, ასევე თბილისში მდებარე საბაჟო გაფორმების ცენტრში შეიქმნა. მათი თქმით, ხანგრძლივი ლოდინის მიუხედავად, მათ არ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა პროცედურების გავლა ან დამატებითი დოკუმენტების წარდგენაა საჭირო გადაადგილების გასაგრძელებლად.
გამოცემა Report-ი რამდენიმე მძღოლის, მათ შორის თეიმურ სულთანოვის კომენტარს ავრცელებს. მძღოლი ამბობს, რომ პრობლემა „სარფის“ საბაჟოზე შეექმნა - მისი ავტომობილი შეაჩერეს, პასპორტი, მართვის მოწმობა და სხვა დოკუმენტები კი ჩამოართვეს.
„უკვე 15 დღეა საბაჟოს ტერიტორიაზე ვიმყოფები. მხოლოდ ერთს გვეუბნებიან: „დაელოდეთ“. როცა მიზეზს ვკითხულობ, პასუხს არავინ მცემს. არავინ გვიხსნის, პრობლემა დოკუმენტებშია, ტვირთში თუ მის წონაში“, – აცხადებს სულთანოვი.
მძღოლებმა ბაჰადურ ალიევმა და იმან ალიევმაც განაცხადეს, რომ საბაჟო პროცედურების გაჭიანურების გამო უკვე რამდენიმე დღეა ბათუმში იმყოფებიან. მათი თქმით, არც მათ არ აძლევენ ოფიციალურ განმარტებას შეფერხების მიზეზებზე.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში თავდაპირველად განაცხადეს, რომ „ტვირთების გადაადგილება ყველა გამშვები პუნქტის მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება“. მოგვიანებით უწყებამ პრესრელიზი გაავრცელა, რომელშიც საუბარი, სავარაუდოდ, თეიმურ სულთანოვის შემთხვევას ეხებოდა.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ამავე ქვეყნის მოქალაქე მართავდა, „სარფის“ საბაჟოზე 24 ივლისს შემოვიდა. უწყების ცნობითვე, დადგინდა, რომ თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით ევროპული წარმოშობის საქონლის გადატანა ხდებოდა:
„ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციის აღსრულების ფარგლებში, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება უკან, თურქეთის რესპუბლიკაში გაბრუნდა“.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე საათის შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება კვლავ შემოვიდა „სარფის“ კონტროლის ზონაში, თუმცა მძღოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში საქონლის წარმოშობის ქვეყნად ამჯერად თურქეთი იყო მითითებული.
„ეჭვის საფუძველზე, მებაჟე-ოფიცრების მიერ განხორციელდა ტვირთის ნაწილობრივი ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ტვირთზე დატანილ ქარხნულ ეტიკეტებზე წარმოშობის ქვეყნებად გერმანია და ხორვატია იყო მითითებული. ვინაიდან გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაზიდვის მცდელობა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურს სხვა მძღოლების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტა გადასცა.
საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია „მიეწოდათ საქართველოს შესაბამის უწყებებს, რომლებიც გამოვლენილ დარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებენ“.
ასევე ნახეთ
აზერბაიჯანის საგარეო მინისტრი კიევს ეწვია და ზელენსკის, ბუდანოვსა და სიბიჰას შეხვდა- 2025 წლის დეკემბერში აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ „უსაფუძვლოდ მაღალი“ ტარიფი მოითხოვა სომხეთში საწვავის ტრანზიტისთვის. თბილისში პასუხად განაცხადეს, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის „ერთჯერად იმპორტს“ სახელმწიფო „სრულიად უსასყიდლოდ“ განახორციელებდა. მოგვიანებით მხარეებმა ტრანზიტის საფასურზე შეთანხმებას მიაღწიეს.
- სომხურ მედიაშიც პერიოდულად ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ქართული მხარე „ლარსის“ საბაჟოზე სომხურ სატვირთო მანქანებს აფერხებდა. თბილისში ინფორმაციას უარყოფდნენ და გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზად საბაჟო პუნქტების გადატვირთულობას ასახელებდნენ.