მოკლედ
- ირანში ერთკვირიანი არეულობა არნახული ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს.
- პროტესტებში მონაწილეობენ ბაზრის მოვაჭრეები, სტუდენტები და სხვადასხვა ქალაქის მცხოვრებლები.
- Human Rights Activists News Agency-ის ცნობით, დაღუპულია მინიმუმ 20 ადამიანი, დაკავებულია 1000-მდე.
- ეკონომიკური პრობლემების მიზეზად ითვლება სანქციები, რომლებიც ირანს ბირთვული პროგრამის გამო დაუწესდა.
ცეცხლწაკიდებული მანქანები, შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის - ირანში უკვე ერთი კვირაა არეულობა გრძელდება. არნახული ინფლაციის გამო (წლიური 52%) ამჯერად ქუჩაში არა ქალები, არამედ ბაზრის მოვაჭრეები გამოვიდნენ. მათ სტუდენტებიც აჰყვნენ. საპროტესტო აქციები, სხვადასხვა მასშტაბის, 200-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართა.
Human Rights Activists News Agency (HRANA)-ის ცნობით, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 51 კი - დაიჭრა, უმეტესობა რეზინის ტყვიებით ან საფანტით. დაკავებულია პროტესტის 1000-მდე მონაწილე.
დემონსტრანტებს რომელიმე ერთი მოთხოვნა არა აქვთ, ისინი უკმაყოფილებას სიდუხჭირისა და უუფლებობის გამო გამოთქვამენ. დეკემბერში ირანში მკვეთრად დაეცა ეროვნული ვალუტის კურსი. ხელზე 1 დოლარი 1,4 მილიონი რიალი ღირს, როცა შარშან 800 000 ღირდა. ეკონომიკური პრობლემების მთავარი მიზეზი სანქციებია, რომლებიც ირანს ბირთვული პროგრამის გამო ჯერ კიდევ წლების წინ დაუწესდა.
ქვეყანას უხვად აქვს ნავთობი, მაგრამ მის გაყიდვას ემბარგოს გამო ვერ ახერხებს, რაც პერიოდულად ფასების ზრდაზეც აისახება, უმუშევრობაზეც და ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნაზეც.
აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი
„თუ ადრე ქუჩაში სტუდენტობა და ახალგაზრდობა გამოდიოდა, ახლა პროტესტი წვრილი და საშუალო ბიზნესით დაიწყო. ამით ეს გამოსვლები მეტად ორგანიზებულია, რადგან თეირანის ბაზარში ყველა ერთმანეთს იცნობს. გამოსვლები მოიცავს ირანის სპარსულენოვან ნაწილს. ჯერ არ გადასულა იმ რეგიონებზე, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ამასთან თეირანში შეზღუდულია ინტერნეტი და სრულ სურათს, რაც იქ ხდება, შესაძლოა ვერ ვხედავდეთ“, - ამბობს აღმოსავლეთმცოდნე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ზურაბ ბატიაშვილი.
„ფიზიკურ პირებს შეუძლიათ მიიღონ ერთი მილიონი თუმნის (დაახლოებით 7 აშშ დოლარი) ეკვივალენტური თანხა ერთ ადამიანზე თვეში. ეს თანხა მათ ანგარიშებზე ოთხ თვეს ჩაირიცხება“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა ფათემე მოჰაჯერანიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გამოსვლისას 4 იანვარს.
ირანში, რომლის მოსახლეობაც 85 მილიონს აჭარბებს, მინიმალური ხელფასი დაახლოებით 100 დოლარია, ხოლო საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 200 დოლარი.
„7 დოლარი რამდენად შეძლებს სიტუაციის გადატეხვას? თუმცა იმ ემბარგოს ფარგლებში, ირანს მეტის საშუალება მართლაც არა აქვს. უახლოეს მომავალში არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ირანში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან სანქციები არის ძალიან მძიმე, ამ სანქციებს თავში ამერიკა უდგას და ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში არავინ აპირებს მათ შემსუბუქებას“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.
ამერიკა-ირანის ურთიერთობა საპროტესტო გამოსვლებმა კიდევ უფრო დაძაბა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანის ხელისუფლება „პროტესტის მონაწილეების ხოცვას" გააგრძელებს, დემონსტრანტების დასახმარებლად ზომებს მიიღებს. ირანიდან კი უპასუხეს, რომ რეგიონში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაარტყამენ.
ასევე ნახეთ როგორ იქცა ირანი თეოკრატიულ სახელმწიფოდ და რა შეიძლება მოხდესროგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უახლოეს მომავალში? ზურაბ ბატიაშვილი ამბობს, რომ ახლანდელი გამოსვლები არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც ადრე იყო. ქუჩაში მოსახლეობის კრიტიკული მასა ჯერ არ ჩანს, თუმცა რა მოხდება შემდეგ დღეებში, ძნელი სათქმელია.
ფაქტია, რომ მსგავსი საპროტესტო გამოსვლებით რუსეთი თავისი გავლენის სფეროებს კარგავს და „და ეს არც „ქართული ოცნებისთვის“ იქნება კარგი, თუ გავიხსენებთ იმას, რამდენჯერ იყო ირაკლი კობახიძე ირანში ჩასული“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.
რადიო თავისუფლების ირანული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ „პროტესტი ირანელი ხალხის მრისხანებას ირეკლავს, ეს მრისხანება კი გამოწვეულია საკუთარი ხელისუფლების ხელმოცარულობითა და იმითაც, რომ ისინი კიდევ თავს იმართლებენ“. ამავე განცხადებაში ითქვა, რომ ირანის რეჟიმი ქვეყნის სიმდიდრეს მთელ მსოფლიოში ტერორიზმის დაფინანსებაში ფლანგავს და ასევე იმ ირანელების გასაჩერებლად, რომელთაც უკეთესი ცხოვრება სურთ და იმსახურებენ.
„ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურ ზეწოლას რეჟიმზე", - აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.