ჯერ კერძო სკოლა, შემდეგ უცხოეთი - რამდენს იხდიან მინისტრები და დეპუტატები შვილების განათლებაში?

ფოტოზე გამოსახულ ყველა მაღალი თანამდებობის პირებს შვილები კერძო სკოლაში დაჰყავთ და არამხოლოდ მათ (ილუსტრირებული ფოტო).

რადიო თავისუფლებამ შეისწავლა მაღალი თანამდებობის პირების - მინისტრებისა და დეპუტატების - 2026 წლის ქონების დეკლარაციები და დაითვალა, წლიდან წლამდე რამდენს ხარჯავენ ისინი შვილების განათლებაში და რომელ სკოლებს ირჩევენ. 

მონაცემების დამუშავებამ აჩვენა, რომ მინისტრთა კაბინეტის 14 წევრიდან 11-ს შვილები კერძო სკოლაში დაჰყავს, რაც ასიათასობით ლარი უჯდებათ. ყველაზე დიდი ფული 60 000 ლარზე მეტი დახარჯული აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილს.

101 დეპუტატიდან კი ყოველი მეოთხე შვილებს ან კერძო განათლებას აძლევს ან საერთაშორისოს. ყველაზე ცოტას წელიწადში 4 000-ლარს იხდიან, ყველაზე ბევრს კი 210 000-ს. ხარჯებს ზრდის შვილების რაოდენობაც.

შენიშვნა: ამ სტატიაში მოცემული თანხები მხოლოდ 2025 წლის განმავლობაშია გადახდილი.

პრემიერ-მინისტრი და მინისტრები

ასე გამოიყურება მინისტრების ის პირველი სამეული, რომლებიც შვილების განათლებაში ყველაზე ბევრ ფულს ხარჯავენ:

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის დეკლარაციის თანახმად, 2026 წელს შვილების სწავლაში 32 917,07 ლარი გადაიხადა.

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ - 5 000 ლარი;

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა - 24 000 ლარზე მეტი, მას სამი შვილი ჰყავს.

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად ესწრება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. 26 მაისი, 2026 წელი

სამი შვილი ჰყავს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძეს და მათი სწავლა-განათლება თითქმის 21 000 ლარი უჯდება. ის ერთ შვილს სწავლაში 15 000 ლარს უხდის, მეორეს - 5 000-ს დოლარს, მესამეს - 3 000-ს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილის შვილი უცხოეთში სწავლობს, მამამ ქალიშვილს ერთი წლის განმავლობაში 15 045 ევრო გადაუხადა. მინისტრს კიდევ ორი შვილი ჰყავს და მათი სკოლის ხარჯებმა 14 749 ლარი შეადგინა.

განათლების მინისტრს გივი მიქანაძეს ოთხი შვილი ჰყავს, მათგან სასკოლო ასაკის ჯერ მხოლოდ ორია და ორივე საჯარო სკოლაში დადის. საჯარო სკოლაში დაჰყავს შვილი ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესაც.

ძველი დეკლარაციების შესწავლამ აჩვენა, რომ კერძო სკოლაში ატარებდნენ შვილებს „ქართული ოცნების“ განათლების ყოფილი მინისტრები:

  • თამარ სანიკიძე;
  • ალექსანდრე ჯეჯელავა;
  • მიხეილ ბატიაშვილი;
  • გიორგი ამილახვარი.


მართალია, დეკლარაციაში ხარჯები მითითებული არ არის, თუმცა რადიო თავისუფლებას რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურში დაუდასტურებს, რომ კერძო სკოლაში სწავლობენ მამუკა მდინარაძის შვილებიც:

„კერძო სკოლაში სწავლობენ... ერთიანად რადგან არ შეაქვთ, შეტანილი თანხა არ შეადგენს ხოლმე გასავლის იმ რაოდენობას, რომელიც დეკლარაციაში უნდა აისახოს და გარდა ამისა, უმეტესწილად ამ თანხასაც ოჯახის სხვა წევრები იხდიან, ამიტომ არ მოხვდა დეკლარაციაში წლის თვეების განმავლობაში გადახდილი სწავლის საფასური“.

სტატიის გამოქვეყნებამდე მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლაზე განაცხადა. გაუქმდა რეგიონული მინისტრის თანამდებობაც.

დეკლარაციის შევსების წესის თანახმად, მაღალი თანამდებობის პირი ვალდებულია ქონების დეკლარაციაში ასახოს წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მისი ან მისი ოჯახის წევრის ხარჯი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 5 000 ლარს და არ არის მითითებული დეკლარაციის სხვა ფურცლებზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს ზრდასრული შვილი ჰყავს. იქამდე, სანამ ის უნივერსიტეტში სწავლობდა, დედა შვილის სწავლაში წელიწადში 3 000 ლარს იხდიდა.

თბილისის კერძო სკოლების მნიშვნელოვანი ნაწილი 3 500–7 500 ლარის ფარგლებშია, თუმცა მაღალი კლასის/საერთაშორისო სკოლებში გადასახადი 10 000–20 000 ლარსაც აჭარბებს.

2025 წლის TBC Capital-ის მიმოხილვის მიხედვით, თბილისის კერძო სკოლების დაახლოებით 27%-ში წლიური გადასახადი 6 000 ლარზე ნაკლებია, 46%-ში - 6 000-12 000 ლარია, ხოლო 27%-ში - 12 000 ლარზე მეტი.

ასევე ნახეთ

„რად უნდათ ამდენი ქეში?“ - მინისტრების და დეპუტატების შენახული ნაღდი ფული

ამ ეტაპზე საჯაროდ დადასტურებული და გამოქვეყნებული მონაცემებით ყველაზე ძვირადღირებული ეს სამი სკოლაა:

  • QSI International School of Tbilisi - დაახლოებით $28 100 წელიწადში. სკოლის ოფიციალური საიტი ამჟამად ფასს საჯაროდ აღარ უთითებს და სწავლის საფასურისთვის პირად დაკავშირებას ითხოვს.
  • British International School of Tbilisi (BIST) - $20 300-მდე წელიწადში. 2026–27 წლისთვის სკოლა კვლავ მოქმედებს და აცხადებს tuition scholarship-ებს, რომლებიც სწავლის საფასურის 30–100%-ს ფარავს.
  • გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია - 29 500 ₾ წელიწადში IX–XII კლასებისთვის. VIII კლასისთვის საფასური 18 000 ლარია.
  • ზოგიერთი კერძო სკოლა გადასახადზე საჯაროდ არ წერს.

დეპუტატები

პარლამენტი, რომლის ლეგიტიმაციასაც საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, 101 დეპუტატითაა დაკომპლექტებული. მათგან 26 დეკლარაციებში საჯაროდ უთითებს თანხებს, რომლებსაც შვილების განათლებაში ხარჯავს. წლიური ხარჯი ათიათასობით ლარია, ცალკეულ შემთხვევებში კი 100 ათასსაც აჭარბებს.

თუ მაღალი თანამდებობის პირს შვილების განათლებაში დახარჯული ფული დეკლარაციაში მითითებული არ აქვთ, ეს რამდენიმე რამეს შეიძლება ნიშნავდეს:

  • არ ჰყავს შვილი;
  • არ ჰყავს სასკოლო ასაკის შვილი;
  • საჯარო სკოლაში დაჰყავს;
  • კერძოში დაჰყავს, თუმცა ხარჯი 5 000 ლარს არ აღემატება [მაგალითად, ნაწილ-ნაწილ იხდის].


ყველაზე დიდი თანხა „ქართული ოცნების“ დეპუტატს შოთა ბერეკაშვილს აქვს მითითებული - 2026 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი შვილების განათლებაში ჯამში 210 345 ლარი დახარჯა.

შოთა ბერეკაშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი. იყო ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე.

განათლებაში დანახარჯებით მეორე ადგილზეა დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ბარვენაშვილი - 129 583 ლარით. მართალია, ახალი დეკლარაცია ცარიელი აქვს, მაგრამ 2024 წელს იძებნება ჩანაწერი განათლებაში გაწეული ხარჯის შესახებ.

ამ ჩანაწერის თანახმად, მისი შვილი შვეიცარიაში იღებდა უმაღლეს განათლებას, რაშიც ერთი წლის განმავლობაში 40 000 შვეიცარიული ფრანკი გადაიხადა.

საზღვარგარეთ სწავლობს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატის დავით მათიკაშვილის ქალიშვილი. დეპუტატმა მას 14 095,5 ევრო გადაუხადა.

შემდეგ მოდიან:

  • ალუდა ღუდუშაური - 35 216 ლარი;
  • მაია ბითაძე - 34 500 ლარი;
  • გიორგი ხახუბია - 32 812 ლარი;
  • იოსებ ჯორბენაძე - 31 922 ლარი;
  • გოდერძი ჩანქსელიანი - 28 132 ლარი;
  • ნინო წილოსანი - 26 128 ლარი;
  • გიორგი კახიანი - 25 222 ლარი.

დეკლარაციებში შედარებით მაღალი საგანმანათლებლო ხარჯები აქვთ ასევე ედიშერ თოლორაიას - 24 322 ლარი, ვახტანგ თურნავას - 18 802 ლარი და ალექსანდრე ტაბატაძეს - 16 650 ლარი.

იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც შვილებს კერძო სკოლაში ატარებენ, მოხვდა ოპოზიციური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი ქეთევან ბაკარაძეც. მან ერთი წლის განმავლობაში 12 900 ლარი გადაიხადა.

შენიშვნა: რადიო თავისუფლება ფლობს ინფორმაციას, თუმცა არ უთითებს საჯარო მოხელეების შვილების სკოლის დასახელებებს.

იმ დეპუტატებიდან, რომლებსაც შვილები კერძო სკოლაში დაჰყავდათ ან დაჰყავთ, რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არავინ უპასუხა, გარდა დავით მათიკაშვილისა, მანაც მოუცლელობა მოიმიზეზა და ტელეფონი გათიშა.

საჯარო სკოლაში მიჰყავს შვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატს, მარიამ ლაშხს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, გრძნობს პასუხისმგებლობას შვილი ატაროს იქ, „რის გაუმჯობესებაზეც თავად მუშაობს“.

„საჯარო სკოლა ვარჩიე, რადგან უშუალო შეხება მაქვს იმ პრობლემებთან რომლის მოგვარებაზეც ვმუშაობ... ტერიტორიული განაწილების პრინციპით მოვხვდით სკოლაში, ჯერ ფორმა არ შემიძენია... სკოლის მითითებებს ველოდებით“, - გვითხრა მან სატელეფონო ინტერვიუში. საჯარო სკოლაში დადის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შვილიც.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები სხვადასხვა დროს ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში მაგისტრისა თუ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სწავლობდნენ.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის 2024 წლის კვლევის თანახმად:

  • გოჩა ენუქიძის შვილმა, თინათინ ენუქიძემ, ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით გერმანიაში, ბრემენში, Constructor Universityში მიიღო;
  • მაკა ბოჭორიშვილის შვილი, ნინო რამიშვილი, Collège Saint-Michel (Bruxelles)ში სწავლობს და დღემდე ბრიუსელში ცხოვრობს. ამასთან, თავად მაკა ბოჭორიშვილს, 2018-2020 წლებში, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიცია ეკავა;
  • ზაზა ლომინაძის უფროსი შვილი, ეკა ლომინაძე, გერმანიაში ცხოვრობს. ეკა ლომინაძემ განათლება გერმანიაში სამედიცინო მიმართულებით მიიღო და იდარ-ობერშტეინის საავადმყოფოშია დასაქმებული;
  • დეპუტატი გიორგი(გია) ვოლსკი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისმა შუათანა შვილმა, სანდრო ვოლსკიმ ნიუ-იორკში უმაღლესი განათლება მიიღო. სტუდია ,,მონიტორის’’ ინფორმაციით, სანდრო ვოლსკი აშშ-ს მთავრობის კონტრაქტორ კომპანია CULMEN INTERNATIONAL-ში უფროს მრჩევლად მუშაობს;
  • გიორგი სოსიაშვილის შვილი, ნათია სოსიაშვილი სამაგისტრო პროგრამაზე ტუშის უნივერსიტეტში, ქალაქ ვიტერბოში (იტალია) სწავლობს.


„რატომ უნდა გიპასუხოთ, სად ვასწავლე და სწავლობენ ჩემი შვილები? რამე ვალდებულება მაქვს? რაში გაინტერესებთ? სხვა უფრო საინტერესო თემებზე იმუშავეთ“, - ეს თქვა გიორგი სოსიაშვილმა, როცა მისი შვილის საშუალო და უმაღლესი განათლების გზის შესახებ დეტალების გარკვევას შევეცადეთ.

გიორგი სოსიაშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი

2026 წლის დეკლარაციების თანახმად საზღვარგარეთ სწავლობენ/სწავლობდნენ „ქართული ოცნების“ ამ მაღალჩინოსნების შვილებიც:

  • გიორგი ბარვენაშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი;
  • დავით მათიკაშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი;
  • ნინო წილოსანი, „ქართული ოცნების" დეპუტატი;
  • მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი;
  • ზაალ დუგლაძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი;
  • დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.


კერძო სკოლაში დაჰყავს შვილები თბილისის მერს კახა კალაძესაც, თუმცა სწავლის საფასურს დეკლარაციაში ცალკე არ უთითებს. ის საოჯახო ხარჯებშია გაერთიანებული. თბილისის მერიის პრესსამსახურს მივმართეთ კითხვით, დაეზუსტებინათ რამდენს იხდის მერი ვაჟების სწავლაში, „ვერაფერს გეტყვით ამ საკითხზე“, - გვიპასუხეს.

ფოტოზე: კახა კალაძე ოჯახთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე

საქსტატის 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისში 644.2 ათასი მოსწავლე სწავლობდა. მათი 88.8% - დაახლოებით 572 ათასი ბავშვი საჯარო სკოლებში ირიცხებოდა, ხოლო 11.2% -დაახლოებით 72 ათასი კერძო სკოლებში.

ქვეყანაში სულ 2 292 სკოლაა, მათგან 2 086 საჯაროა და 206 კერძო.

ასევე ნახეთ

„ქირით ვცხოვრობ“ - მაღალჩინოსნები, რომელთა დეკლარაციებშიც უძრავი ქონება არ ჩანს 

იმ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომლებსაც შვილები კერძო სკოლებში დაჰყავთ გვინდოდა გვეკითხა:

  • რა მიზეზით არ აირჩიეს შვილისთვის საჯარო სკოლა?
  • რა არის ის, რასაც კერძო სკოლა მათ შვილს აძლევს და საჯარო სკოლა ვერ აძლევს?
  • მათი აზრით, საჯარო სკოლაში მიღებული განათლება საკმარისი არ იქნებოდა მათი შვილებისთვის წარმატების მისაღწევად?
  • თუ არჩევანი მხოლოდ განათლების ხარისხზე იყო დამოკიდებული და არა სხვა ფაქტორებზე, რა კონკრეტული მაჩვენებლებით შეადარეს რჩეული სკოლა საჯარო სკოლას?
  • ენდობიან თუ არა საქართველოს საჯარო განათლების სისტემას?


პასუხების მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.