"იგლ ჰილსის" უბანი ნაკრძალში - როგორ დავათვალიერეთ კრწანისის ჭალები

კრწანისის ჭალის ტყე

მოკლედ

  • კრწანისის ტყეპარკი, რომელიც 1958 წელს დაარსდა, 200 ჰექტარზეა გაშლილი და მდიდარია უნიკალური ფლორითა და ფაუნით.
  • მთავრობა გეგმავს "თბილისი სანაპიროს" მშენებლობას, რომელიც ჭალის ტყის 590 ჰექტარს დაიკავებს.
  • ბუნების დამცველები და ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ეს იდეა თბილისსა და რუსთავს შორის შემორჩენილ ხელუხლებელ ტყეს მოსპობს.
რატომ არის თბილისთან შემორჩენილი ბოლო ხელუხლებელი ჭალის ტყის ფრაგმენტის დაცვა ასე მნიშვნელოვანი? ადგილისა, სადაც არაბული ინვესტიციით, ახალი, დიდი, მდიდრული უბანი უნდა გაშენდეს? რას გვიამბობს კრწანისის ტყე?

კრწანისში, მტკვრის ჭალის ტყეში რომ მოხვდე, თბილისს უნდა გასცდე და რუსთავის გზას დაადგე. ჩიტების და თევზების გამოსახულებიან რკინის ჭიშკარში შეხვიდე. რეინჯერების ჯიხურს გასცდე, იქაურობას შეჩვეული რამდენიმე ძაღლის კონტროლი გაიარო და ტყისკენ გზას დაადგე - სწორედ აქაურობას ეძახიან კრწანისის ტყეპარკს.

გზა ასფალტისაა, ამ სეზონზე - შემოდგომის ფოთლებით მოფენილი. ერთ ნაბიჯი და ნამდვილ ტყეში ხარ: ჩამოტეხილ ტოტებში, წაქცეულ ხეებში, აბურდულ ბალახში, კოდალებთან, ბუებთან, ბუდეების გარემოცვაში. ცოტაც და, პირველი ტბაც გამოჩნდება. ტბაში კი იხვები.

ეს იხვები აქ გამოიზამთრებენ

ხალხიც შეგხვდება - დიდები. ბავშვები. ველოსიპედებით სეირნობენ, დარბიან, ზოგი ფოტოებს იღებს, ფრინველებს აკვირდება, თევზაობენ. მოხუცები ტბას გაჰყურებენ.

კრწანისის ტყეპარკი, რომელიც 1958 წელს დაარსდა, 200 ჰექტარია. მისი ჭალის ტყე თბილისსა და რუსთავს შორის ბუნებრივი რეკრეაციული ტერიტორიის ნაწილია.

ასეთია ჭალის ტყე, სადაც ასეთ წაქცეულ ხეებს ხშირად შეხვდებით

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს აღწერით, მტკვრის ჭალის ეკოსისტემა, მრავალფეროვანი ფლორით და ფაუნითაა მდიდარი. 100-ზე მეტი სახეობის მობინადრე თუ გადამფრენ ფრინველს შორისაა წითელ ნუსხაში შესული კოლხური ხოხობიც.

იხვი, ყანჩა, არწივი, ძელქორი, კაკაჩა, მიმინო, კირკიტა, მარჯანი, წყლის ქათამი, მელოტა, ტბის თოლია, თევზიყლაპია, ქედანი, გვრიტი, ბუ, ჭოტი, კვირიონი, ოფოფი, კოდალა - დღეს ეს ჭალის ტყის ფრინველების მხოლოდ ერთი ნაწილია.

“ქართული ოცნების” მთავრობის განცხადებით, სწორედ აქ, ამ ტყეშია დაგეგმილი “არნახული არაბული ინვესტიციით” გათვალისწინებული ახალი უბნის “თბილისი სანაპიროს” მშენებლობაც, რომელიც 2026 წლიდან უნდა დაიწყოს, ხუთი წელი გაგრძელდეს და ამ ჭალის ტყის 590 ჰექტარი დაიკავოს, რაც ამ ტყის საერთო ფართობის თითქმის ნახევარია.

მზის ჩასვლისას მტკვრის ჭალის ტყე გამორჩეულად ლამაზია

ასევე ნახეთ არნახული არაბული ინვესტიცია, 6,6-მილიარდიანი პროექტი, მილიონობით კვ.მ. მიწა და გასაიდუმლოებული კონტრაქტი - რა ვიცით?

“თბილისი სანაპიროს” გარდა, არაბული ინვესტიცია უნდა წავიდეს გონიოშიც, ჭოროხის დელტაში კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. ამ ორი ახალი უბნის საინვესტიციო ღირებულება - 6.6 მილიარდი დოლარია. სახელმწიფო ამ პროექტის თანაპარტნიორი და 33% წილის მფლობელია. არაბი ინვესტორი აპირებს პრემიუმ სასტუმროების და გასართობი ცენტრების, მდიდრული საცხოვრებლების, რესტორნებისა და ბარების მშენებლობას. დაგეგმილია 16 ათასი საცხოვრებელი ბინისა და 1400-ზე მეტი სასტუმროს ნომრის მშენებლობა. კომპანია “იგლ ჰილსში” მოელიან, რომ უძრავი ქონების 60% უცხოელებზე გაიყიდება. საინვესტიციო ხელშეკრულების დეტალები - კომერციული საიდუმლოა.

როგორც სასიცოცხლო სისხლძარღვები

ჭალის ტყეები, როგორც წესი, მდინარეების გასწვრივ ვითარდება. ეს ადგილი, თავისი ხეებით, ბუჩქებით, ბალახით - ქმნის გარდამავალ ზონას წყლისა და ხმელეთის ეკოსისტემებს შორის - ეს ე.წ. ჭალის ტყის ბუფერები კი, გვიხსნის საზოგადოება “ბუნების კონსერვაციისთვის” (საბუკო) დირექტორი ირაკლი მაჭარაშვილი - ზრუნავს მდინარეში წყლის სისუფთავის შენარჩუნებაზე.

ჭალის მცენარეები ნაპირების ეროზიას ამცირებენ, ტყის ჩრდილი მდინარეში დაბალი ტემპერატურის და მეტი ჟანგბადის შენარჩუნებას ეხმარება, რაც თევზებს სჭირდებათ. ამ ტყის როლი შეუცვლელია ბიომრავალფეროვნებისთვის.

იხვები კრწანისის ტყის ერთ-ერთ ტბაზე

ასეთ ადგილები არ არის მხოლოდ დასვენების და ხმაურიანი ქალაქისგან მოწყვეტის შესაძლებლობა - ამ ჭალის ტყეებზეა დამოკიდებული ბევრი რამ, რაც ადამიანს სჭირდება - სარწყავი წყალი, თევზი, სამკურნალო მცენარეები, მერქანი… ეს ყველაფერი ეკოსისტემური სერვისებია - როგორც ეკოლოგები ეძახიან. შეუფასებელი და ხშირად, უხილავი ბუნებრივი სარგებლით.

„ჭალის ტყე მშრალ ეკოსისტემაში იგივეა, რაც ძუძუმწოვარი ორგანიზმისთვის, მაგალითად, ჩვენთვის - სისხლძარღვები“, - გვეუბნება ირაკლი მაჭარაშვილი.

დრონის ამ კადრზე ჩანს კრწანისის ტყე და ფონიჭალის დასახლების ნაწილი

ამ ინტერვიუში ის ჰყვება რამხელა სასიცოცხლო ენერგია აქვს ჭალის ტყეებს. რიცხვების დახმარებით ხსნის რატომ აქვს ყველაფერს ფასი ბუნებაში და რას ვკარგავთ, თუ ამ რესურსებს არ ვუვლით:

“საქართველოს მოსახლეობის ნახევრის წყლით მომარაგება დამოკიდებულია სწორედ იმაზე, რამდენად იქნება ჯანსაღად შემონახული ტყეები არაგვის სათავეებში”.

Your browser doesn’t support HTML5

ირაკლი მაჭარაშვილი - რას გვაძლევს ჭალის ტყეები?

ირაკლი მაჭარაშვილი ჰყვება, რომ დღეს მსოფლიოში ეკოსისტემებისგან მიღებული სარგებელი შეფასებულია წელიწადში 125-140 ტრილიონ დოლარად, რაც ერთნახევარჯერ აღემატება გლობალური ეკონომიკის მაჩვენებელს.

„წარმოიდგინეთ, რასაც ადამიანი აწარმოებს, იმაზე ერთნახევარჯერ მეტს ვიღებთ ბუნებისგან, მაგრამ არ ვითვლით ამას. სამაგიეროდ, ძალიან მარტივად ვანადგურებთ ყველაფერს და შედეგად, ბუნებას ვკარგავთ უფრო სწრაფად, ვიდრე მას თვითაღდგენა შეუძლია. ამიტომ შეთანხმდა მსოფლიო იმაზე, რომ ეს უნდა გამოსწორდეს”.

ევროპული „მწვანე შეთანხმების” მიხედვით, 2050 წლამდე სრულად უნდა აღდგეს ევროპის დაზიანებული ბუნება, მათ შორის ჭალის ტყეები, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი და დაზიანებული ეკოსისტემა - 2030 წლის ბიომრავალფეროვნების სტრატეგიის მიზანი კი ევროპაში მდინარეების მინიმუმ 25 000 კმ მანძილზე ბარიერებისგან გათავისუფლება, ბუნებრიობის დაბრუნება, ჭალებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების აღდგენაა.

დღეს ევროპაში ჭალის მხოლოდ 10-30 პროცენტია ბუნებრივ მდგომარეობაში.

ასე გამოიყურება დრონის კადრში მტკვრის ჭალის ტყე

ტყე, რომელიც გამყინვარებასაც გადაურჩა

მტკვრის ჭალის ეს ტყე ამ ტერიტორიაზე უძველესი ჭალის ტყეების ბოლო შემონახული ფრაგმენტია.

რამდენი წლის იქნება? ვკითხეთ ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, ეკოლოგ დავით თარხნიშვილს, რომელმაც ასე გვიპასუხა:

„ეს არის ტყე, რომელიც გადაურჩა გამყინვარებას. ეს არის ტყე, რომელიც არსებობდა მიოცენის (დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის ერთ-ერთი დიდი მონაკვეთი) ბოლოს - დაახლოებით შვიდი-ექვსი მილიონი წლის წინ. შესაძლოა, უფრო ადრეც".

ჭალის ტყეს შუაში მტკვარი ჩამოუდის, რომელიც მეთევზეების თავშეყრის ადგილიცაა.

სწორედ ჭალის ტყეში ცხოვრობდა, მაგალითად, ვეფხვი - ბოლო კასპიური ვეფხვი თბილისთან ახლოს 1921 წელს მოკლეს. დავით თარხნიშვილი გვიყვება, რომ ამ გარემოსთვის ასევე ტიპურია გარეული ღორი, ირემი.

„რომ დავინახოთ, ისტორიულადაც რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადგილი, შეგვიძლია გავიხსენოთ ლეგენდა თბილისის დაარსებაზე, რომ თითქოს, ვახტანგ გორგასალმა მოკლა იქ ხოხობი, რომელიც ცხელ წყალში მოიხარშა - რეალურად, ხოხობზე ნადირობა სწორედ ამ ჭალის ტყის ამბავია, რადგან ხოხბები ჭალის ტყეებში ცხოვრობენ“.

ასეთ ბანერებს წარწერით "დამიცავი" ან "ნადირობა აკრძალულია" კრწანისის ტყეპარკში ბევრგან შეხვდებით

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში დავით თარხნიშვილი უფრო დეტალურად ჰყვება კრწანისის ტყესა და ზოგადად, ჭალის ტყეების თავისებურებებზე, მის ბინადრებზე - ტბორის ბაყაყებსა თუ მწვანე გომბეშოებზე, მწვანე და ჭრელ კოდალებზე, იმაზე, თუ როგორ დაიყო ეს ტყეები მცირე კუნძულებად საუკუნეების განმავლობაში და რა ელის ტყეს დიდი მშენებლობის შემდეგ. ვინ და რა გადარჩება? ვინ და რა ვერ გაუძლებს?

Your browser doesn’t support HTML5

დავით თარხნიშვილი კრწანისის ტყის ბიომრავალფეროვნებაზე

სპორტსმენი მეთევზე, ლევან თასოშვილი აქ გაიზარდა, ამ ტყეში, ამ ტბებთან, აქ მოსვლა და თევზაობა მისი უცვლელი რიტუალია - საქმეც და ჰობიც. ეს ჭალა მისი სახლია. აქ ის ყველა კუთხეს იცნობს. ამბობს, რომ ბოლო წლებში, რაც თბილისი-რუსთავი ავტობანი გააკეთეს, ტბებში წყლის დონემ საგრძნობლად იკლო.

ტბას, სადაც ახლა ლევანი თევზაობს, „ბოლო ტბას“ უწოდებენ, ის უფრო რუსთავის მხარესაა, აქ თევზაობა „დაიჭირე-გაუშვის“ პრინციპით დაშვებულია. ტყის ყველა ტბაში ვერ ითევზავებ.

ამ ტბაზე თევზაობა "დაიჭირე-გაუშვის" პრინციპით დაშვებულია.

„ამ ტყესთან ახლოს ვცხოვრობდი და ბავშვობის ნახევარი აქ გავატარე. მახსოვს, რომ უფრო ხშირი ტყე იყო. შველიც მახსოვს. კოლხური ხოხობიც იყო ადრე... ველური ბუნების სააგენტოს რომ გადაეცა აქაურობა, მახსოვს, გაგვიხარდა - ვიფიქრეთ, რომ ვიღაც აქ კორპუსს არ ააშენებდა. სინამდვილეში, თურმე კორპუსს კი არა ქალაქს აშენებენ”.

ამ ტბებზე არაერთი სპორტული თევზაობის ტურნირი გამართულა. საქართველოს ჩემპიონატის რამდენიმე ეტაპიც. ახლა ლევანს აინტერესებს, ისევ შესაძლებელი იქნება თევზაობა? მხოლოდ თევზაობა კი არა, გასეირნებაც?..

“სულ მეფიქრება, რომც შემოგვიშვან, აქ თუ დიდი დიღომი ან რამე მსგავსი დაგვხვდა, რაღა აზრი აქვს მოსვლას? ზუსტად ისიც კი არ ვიცით, რა იქნება. ალბათ, რაღაც ელიტურ უბანს ააშენებენ, სადაც ჩვენი ადგილი აღარ იქნება. ეს ხეებიც ხომ მოიჭრება? ფაქტია, ეს ვეღარ იქნება ის ხელუხლებელი მტკვრის ჭალები, რაც ახლაა”.

ლევან თასოშვილი ამ ტყეში და ტბებზე ბავშვობიდან დადის - ის სპორტსმენი მეთევზეა.

“შეხედეთ ამ სამ ხეს”, - გვეუბნება ნიკა წიკლაური, კინოდოკუმენტალისტი (ფილმები “ჯარა” და “სხვა მეზობლები”) და ველური ბუნების ფოტოგრაფი, და კრწანისის ტყეში უზარმაზარი წაქცეული ხისკენ გვითითებს, რომელიც მეორე, ჯერ კიდევ ცოცხალ ხეს ეყრდნობა - მესამე კი მიწაზეა გართხმული:

"ეს ჭალის ტყის საუკეთესო განმარტებაა. ვეებერთელა ხე დაეცა. ცა გაიხსნა და მაშინვე ახალი ხე წამოვიდა. დაცემული ხე კი რას აკეთებს? აი, ერთი ფუღურო, მეორე, მესამე… ისინი უამრავ კოდალას თუ ბუს აქვს ათვისებული. ამ დაცემული ხის ქვეშ კი უამრავი მწერია - ფრინველების და სხვა მწერების საკვები. იცით, ეს რამხელა ეკოსისტემაა? მხოლოდ ეს სამი დაცემული ხე”.

რა ტერიტორიად გარდაიქმნება აქაურობა მშენებლობის მერე, ნიკასთვისაც ძნელი წარმოსადგენია. ახალი გზები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა, უამრავი მანქანა და ა.შ.

“ბიომრავალფეროვნებას რომ თავი დავანებოთ, რას გვიკეთებს ეს პატარა რეკრეაციული ნაკუწები ჩვენ, ადამიანებს? რისთვის გვჭირდება? ამაზე არასოდეს ვფიქრობთ. არადა, ჯერ კიდევ წარმართულ კულტურებში არსებობდა წმინდა მთა ან წმინდა ტყე, სადაც არ შეიძლებოდა ხის მოჭრა ან რამის მოკვლა. იცით, რატომ არის ასეთი ადგილების არსებობდა კარგი ადამიანისთვის, რომელიც თავისი ბუნებით შემგროვებელი მონადირეა?

იმიტომ, რომ სადაც მას ეს აკრძალული აქვს, მეტი დრო რჩება თავის თავთან, მასთან სალაპარაკოდ, რაღაცების აღმოსაჩენად, სიმართლის სათქმელად… და თუ ასეთი ადგილები აღარ გვექნება, ძალიან ბევრ რამეს დავკარგავთ. სამწუხაროდ, ინვესტორებთან ამაზე საუბარს აზრი არა აქვს, რადგან მათთვის ესაა რესურსი, რაც აქაა”.

ნიკა წიკლაური ფოტოს უღებს იხვებს, რომლებიც ამ ზამთარსაც აქ გაატარებენ, ასეთი ტბები არ იყინება და თან აქ მათზე არ ნადირობენ.

კრწანისის ტყეს რამდენიმე დღის განმავლობაში ვიღებდით - რეინჯერებმა გვითხრეს, რომ ბოლო დროს ხალხის ნაკადმა იმატა: “ეტყობა, იმ მშენებლობის გამო დაინტერესდნენო”.

არაბული ინვესტიციის ამბავმა ამ ტყემდე ის ადამიანებიც მიიყვანა, ვისაც ეს ჭალები აქამდე არასოდეს ენახა და აქ ტყის ძველი სტუმრებიც დააბრუნა, ვისაც ეს ადგილები ბავშვობას ახსენებს.

შევხვდით მათ, ვინც ახალი უბნის მშენებლობის ამბავს მოჰკრა ყური და იქაურობის მონახულება გადაწყვიტა. ისეთებსაც, ვისთვისაც ეს ტყე დღემდე სახლია და ვისაც გულწრფელად ეშინია, რომ მალე ეს სივრცე დაიკარგება. ზოგს საერთოდ არ სჯერა, რომ იქ რამე აშენდება.

თუმცა, ყველა, ვისაც კრწანისის ტყეპარკში შევხვდით და გამოველაპარაკეთ, თანხმდება ერთ რამეზე - ამ ტყის დაკარგვა როგორც თბილისის, ისე რუსთავის ისედაც რთულ ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო დააზიანებს.

ასევე ნახეთ კინო რუსთაველი და კითხვები იგლ ჰილსი - ფენოვანი 4.0