„ასტროლინგვისტიკისა და ასტროარქეოლოგიის“ პროგრამა KIU-ს აღარ ექნება - დადგენილება

ფოტოკოლაჟი

ცვლილების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2026-27 სასწავლო წელს არ ექნება „ასტროენათმეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის“ პროგრამა.

უნივერსიტეტებში პროგრამების კვოტირების შესახებ მთავრობის დადგენილება 12 თებერვალს გამოქვეყნდა.

ამ დოკუმენტის თანახმად, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (KIU-ს) დაგეგმილი ჰქონდა პროგრამაზე, „ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგია“, 20 სტუდენტის მიღება (საბაკალავრო საფეხურზე).

ჯამში ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა 21 300 ადგილით განისაზღვრა.

26 თებერვალს დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს, რის შედეგადაც:

  • მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა გაიზარდა 21 574-მდე (274 ადგილით);
  • KIU-ს საერთოდ აღარ აქვს მიღება „ასტროენათმეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის“ პროგრამაზე.

KIU უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაფინანსებით 6 წლის წინ გაიხსნა.

ასევე ნახეთ „აშორებს ქრისტიანულ შეხედულებებს“ - საპატრიარქოში სავარაუდოდ ასტროლინგვისტიკის სწავლებაზე იმსჯელებენ

„ეზოთერიკა“? - ანდრია ჯაღმაიძე

ასტროლინგვისტიკის სწავლების გეგმამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ყურადღებაც მიიქცია.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში თებერვალში არ გამორიცხა, რომ ეს საკითხი მღვდელმთავართა მსჯელობის საგნადაც კი იქცეს.

დეკანოზის შეფასებით, დარგი, რომელიც განათლების სამინისტროს თანახმად, ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ინერგებოდა, „არც მეცნიერებაა და არც რელიგია“. „ეზოთერიკა? - შეიძლება ასეც განისაზღვროს. სრულიად გაუგებარია ამის საჭიროება“, - გვითხრა მან.

„მოწყვეტილია რეალობას“ - რას ამბობდა ცინცაძე

ქუთაისის უნივერსიტეტში ახალი საბაკალავრო პროგრამის დანერგვის დაანონსებას წინ უსწრებდა ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე 2025 წლის სექტემბერში „იბერიის კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრის“ შექმნა.

ეს ცენტრი ფონდ „ქართუსა“ და მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა. ცენტრის გახსნაზე სიუჟეტები გადაიღეს „იმედმა“, „პოსტივიმ“ და „რუსთავი 2-მა“.

„იბერიის კულტურული მემკვიდრეობის კვლევით ცენტრს“ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ალიკო ცინცაძე ხელმძღვანელობს.

რადიო თავისუფლება ცდილობს ალიკო ცინცაძისგან კომენტარის მიღებას მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შესახებ.

„ამათი[მათი, ვინც აკრიტიკებს - რ.თ.] ინტერპრეტაცია სრულიად მოწყვეტილია რეალობას“, - მოგვწერა ალიკო ცინცაძემ გასულ კვირაში.